მერაბ მამარდაშვილი:,,ამას იმიტომ გიყვებით, რომ ეს გრძნობა გადმოგედოთ”

1
1028

დღევანდელი შეხვედრის მოლოდინში ისეთ რამეებზე ვფიქრობდი, რომლებიც თქვენ მოგხიბლავდათ და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ყველა ადამიანი, რომელსაც რაღაც უყვარს, თუკი ის ნორმალურია, რა თქმა უნდა, სურს, თავისი სიყვარულის საგანი სხვასაც გაუზიაროს, რომ ეს რაღაც სხვებსაც უყვარდეთ. და მომეჩვენა, რომ პრუსტის ტექსტს ისე უნდა მივუდგეთ, როგორი დამოკიდებულებაც მას ჰქონდა ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების მიმართ, – შემდეგი თვალსაზრისით – რომანში ერთ ადგილას არის ასეთი სცენა: მარსელი მაღალ მთებში ბილიკზე ცხენით მიდის. ამ გზით წასვლა მას ჰერცოგის ასულმა გერმანტმა ურჩია და უთხრა, რომ ეგზოტიკურ პეიზაჟს ნახავდა; და, მართლაც, კლდეებში ცხენით მიდის და კლდეებს შორის ხან გამოჩნდება ზღვა, ხანაც – მიიმალება; და ამ ხან ხილულ და ხანაც თვალსმიფარებულ ზღვაში ის ელსტირის პეიზაჟებს ამოიცნობს (პრუსტის მიერ გამოგონილი მხატვარი; თანაც პრუსტმა არა მარტო მხატვარი გამოიგონა, არამედ ამ მხატვრის ნახატიც, რომელიც სხვა ნახატებთან ერთად აღწერილია რომანში).

ელსტირის პეიზაჟებში (აშკარაა, რომ პრუსტმა შექმნა ერთ-ერთი პირველი წარმოსახვითი იმპრესიონისტის ოდნავ გაუმჯობესებული სახე) ყოველთვის ერთმანეთს ერწყმოდა ზღვა, შუა საუკუნეების ქალაქები, მიწა, ისე, რომ რთული გასარჩევი იყო, სად იყო მიწა, სად – წყალი და სად – ქვის სახლები.

მარსელი, თითქოს, კლდეებს შორის ნაპრალიდან ხედავს ამ პეიზაჟებს და უცბად მოულოდნელი ხმა ცხენს დააფრთხობს. მარსელი ძლივს იჭერს ცხენსაც და საკუთარ თავსაც, რომ არ ჩამოვარდეს და იქით იხედება, საიდანაც ხმა ესმის და – ასეთი რამ მის ცხოვრებაში პირველად ხდება – პირდაპირთავს ზემოთ აეროპლანს დაინახავს. აეროპლანი მის თავზე, დაახლოებით, ას მეტრში ლივლივებს. ილივლივებს, ფრთებს დააქნევს და გაუჩინარდება. მარსელის სული კი განსხვავებული ცხოვრების გაურკვეველი და, იმავდროულად, ცხადი შეგრძნებით ივსება. არა ისეთი ცხოვრების შეგრძნებით, როგორითაც თვითონ ცხოვრობდა, რომელიც მისთვის ჩვეულებრივი იყო და არც ისეთი ცხოვრების შეგრძნებით, რომლის გამოცნობაც შესაძლებელია, ვინაიდან ჩვენ ჩვენი წარმოსახვით გამოვიცნობთ ხოლმე იმას, რასაც სხვა ცხოვრებას ვუწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არა სხვა ცხოვრება, არამედ ჩვენი წარმოსახვის გაგრძელებაა. ჩვენს წარმოსახვას, როგორც ხშირად ამბობდა პრუსტი, ვერ წარმოუდგენია უცნობი სიტუაცია, რადგანაც ჩვენი უცნობი წარმოსახვა ნაცნობი ელემენტებისგან შედგება და ჩვენ, არსებითად, არ ძალგვიძს, რომ ნაცნობი ელემენტების ხლართებს თავი დავაღწიოთ (ბუნებრივად არ ძალგვიძს თავის დაღწევა; რაღაც უნდა დაგვეხმაროს, ან საკუთარ თავს თვითონვე უნდა დავეხმაროთ).

ასე რომ, ეს წარმოსახვა „სხვა“ არ არის. იმ შეგრძნებაში კი, რომელიც მარსელმა მოლივლივე თვითმფრინავის ხმას დაუკავშირა, სრულიად აბსტრაქტული, გაურკვეველი, მაგრამ უზომო სიხარულის მომგვრელი სხვა ცხოვრება, სხვა „მე“, ანუ განსხვავებული საკუთარი თავი წარმოიდგინა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ ეს გრძნობა გადმოგედოთ – პრუსტის, ან, შესაძლოა, ჩემი უგერგილო და, რასაკვირველია, პრუსტის ტექსტთან შედარებით, უნიჭო მონათხრობის საშუალებით, – იმის შეგრძნება, რომ, შეიძლება სხვა ადამიანი ყოფილიყავით. და, თუკი სხვა ადამიანად არ იქცევით, თვითონ ამ შეგრძნებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს იმაზე, რაც ამ ცხოვრებაში თქვენს თავს ხდება.

ბოლოს ხომ გეუბნებოდით, რომ „ცხოვრებას“ სრულიად განსხვავებულ რამეებს ვუწოდებთ, თუმცა, სიტყვა „ცხოვრებას“ საკმაოდ ზუსტი მნიშვნელობა აქვს, რასაც ზოგიერთ განსაკუთრებულ, გადამწყვეტ წუთებში ვწვდებით. პირობითად მათ გამოუთქმელის მომენტები დავარქვი – როდესაც მტკიცედ ვგრძნობთ, რომ ეს ასეა, მაგრამ ამის გამოთქმა შეუძლებელია. და სწორედ ის, რისი „გამოთქმაც შეუძლებელია“, გვაგრძნობინებს თავს ცოცხალ არსებად. ანუ ცოცხალ არსებებად ვგრძნობთ თავს ჭეშმარიტებაში, რომელიც სიცრუეს ჰგავს, როგორც დანტეს ციტირებისას მოგახსენეთ – იმ ჭეშმარიტებაში, რომელსაც ბაგედამუწულები უნდა გავუფრთხილდეთ, რადგანაც პირის დაღება უშედეგოა, მაინც ვერაფერს იტყვით. თქვენი ნათქვამი სიცრუეს დაემსგავსება.

ცხოვრების ამგვარი შეგრძნება კი თავისთავად ფასეულია. ის არაფრისთვისაა. ის ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის და ყველაფერში, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, სწორედ ამ შეგრძნებას ვეძებთ. თუკი იმაში, რასაც ვაკეთებთ ან განვიცდით, ეს შეგრძნება მონაწილეობს, მაშინ ამას აზრი ჰქონია. ერთი სიტყვით, ჩვენს ყველა სურვილს შორის უდიდესია, რომ ცოცხალი ვიყოთ. სიცოცხლე გვინდა. სიცოცხლის ორი მნიშვნელობა არსებობს. ს

იცოცხლე, პირველი გაგებით, არის გამოუთქმელი; არსებობს სიცოცხლე მეორე გაგებით, რომელიც პირველს ჰგავს, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებისეული საზრისის ამ შეგრძნებას მოკლებულია. პრუსტი, მე ვიტყოდი, სიცოცხლითაა შეპყრობილი. და ყველა ფერში, რასაც აღწერს, ყოველთვის ცხოვრების ამ შეგრძნების ძიებაა მოცემული; იმის ძიება, რომ ცოცხალი ხარ. ამიტომაც, ხშირად შეხვდებით ფრაზას: ყველაფერი, რაც მე ვიცი, არ ვარ მე, ყველაფერი, რაც საკუთარი გამოცდილებიდან არ მიმიღია – ჩემი გაგება არ არის; ანუ – არ არის ცხოვრება.

პრუსტთან ყოველთვის წარმოდგენილია გარკვეული ტოლობები, განტოლებები (განტოლებები – მათემატიკური გაგებით). ვთქვათ, სიტყვა „ცხოვრება“: თვით ცხოვრების ფაქტი უცნაურად უტოლდება იდეას; ანუ ცხოვრება იდეის ტოლია. ცხოვრება არსის ტოლია, ცხოვრება კანონის ტოლია. ძალიან უჩვეულო განტოლებებია. მაგრამ ერთ პატარა განმარტებას გავაკეთებ.

არის ერთი მაგალითი, რომლის მოხმობაც მიწევდა ხოლმე (პირადად მე, ამგვარი განმეორებები მეზიზღება, მაგრამ არსებობს ინტუიციური თვალსაზრისით ზუსტი მაგალითები, მათი შეცვლა შეუძლებელია, რაც არ უნდა ტვინი ვიჭყლიტოთ, ვერაფერს მოვიფიქრებთ). იცით, ერთხელ, როგორღაც ცხოვრების ძალიან მარტივი, ინტუიციური განმარტება მოვიფიქრე, ანუ ცოცხალი მკვდრისგან, არაცოცხლისგან გავმიჯნე. ცოცხალი არაცოცხალისგან იმით განსხვავდება, რომ მას ყოველთვის შეუძლია რაღაც სხვა. მკვდარს კი უკვე აღარაფერი შეუძლია იმის გარდა, რაც არის. ამიტომაც, საბრალო პუშკინი, სხვათა შორის, თავის დროზე ამბობდა, რომ რუსეთში მხოლოდ მკვდრები უყვართო.

შეამჩნევდით, რომ, თუკი ვინმე უყვართ, მხოლოდ მკვდარი პოეტებია. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს – მკვდარი პოეტები ვეღარ აუხირდებიან მათ; ვეღარ „უხიმანდრებენ“, როგორც რუსები იტყვიან. მარტივია. ცოცხალს კი ყოველთვის სხვა რაღაც შეუძლია. მაშასადამე, ისევ დავუბრუნდი იმას, რისთვისაც მინდოდა განმეწყვეთ; პრუსტთან უმთავრესი შეგრძნება, რომელიც უნდა მოიხელთო და საკუთარ თავსა და ტექსტზე გადაიტანო, – ბგერაში, მუსიკაში, ყვავილში, ადამიანის საქციელში ან ადამიანის სახეში იმის დანახვაა, რომ სხვა ცხოვრებით ცხოვრება შესაძლებელია.

ანუ – იმის შესაძლებლობა, რომ ცოცხალი ხართ. ამიტომაც, როდესაც პრუსტი თავის ტიპურ შთაბეჭდილებებს ჩამოთვლის (ისინი ხომ ყველას აქვს), ვთქვათ, ნამცხვარი „მადლენი“, მარტენვილის სამრეკლოს ხედი, ვენეციაში ხიდის ფილები, – ეს ყველაფერი გაანალიზებულია თვითმფრინავის სიმბოლური გაფრენისგან განსხვავებით, რომელიც მგრძნობიარე პოეტისთვის სხვა ცხოვრების, სხვაგვარად ცხოვრების კოდის მატარებელი აღმოჩნდა. და როდესაც ვამბობდი, რომ არსებობს ცხოვრება შთაბეჭდილების გაგებით და არსებობს ცხოვრება (სიტყვის სხვა მნიშვნელობით), რომელიც ცხოვრებას ჰგავს, მაშინ ჩემ მიერ ჩამოთვლილი განტოლებების გასაშიფრავად ვიტყვი, რომ იყო ცოცხალი, სიტყვის პირველი მნიშვნელობით, ანუ იყო ნამდვილად ცოცხალი, ძალიან რთულია.

ეს, პირველ რიგში, გულისხმობს (ის, რაზეც სულ დასაწყისში ვსაუბრობდი), რომ ცხოვრება დროში ძალისხმევაა. ძალიან ზუსტი განსაზღვრებაა. კიდევ დავუმატებ – ახლა უკვე პრუსტისეული განტოლების განსამარტავად: ცხოვრება იდეის ტოლია, ცხოვრება არსის, კანონის ტოლია, – ცოცხალი არსება კანონებით ან არსით სულდგმულობს. გარკვეული ასოციაციები რომ გაგიჩნდეთ და უცბად არ დაგაფრთხოთ ამ ფრაზამ, მინდა შეგახსენოთ ფიზიკოსი, გვარად შრედინგერი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი; თავის დროზე, როდესაც გენეტიკა (მხედველობაში მაქვს ბიოლოგიური თეორია) ჯერ კიდევ ფეხზე დგებოდა, მან თავის სხვა წიგნებს შორის, ასევე, დაწერა წიგნი გენეტიკის შესახებ; წიგნი მიზნად ისახავდა იმ დროისთვის, 40-იანი წლებისთვის გენეტიკის ახალი მიღწევების პოპულარიზაციას.

წიგნს ასე ეწოდებოდა: „რა არის სიცოცხლე?“. ენტროპიისა და მოწესრიგებულობის (არსებობს ორი დაპირისპირება – მოუწესრიგებელი მდგომარეობები, რომელთაც ახასიათებს ენტროპია ან მაქსიმუმ-ენტროპია და მოწესრიგებული მდგომარეობები) საკითხთან დაკავშირებით სიცოცხლეზე მსჯელობისას, შრედინგერს გაუჩნდა კითხვა: აი, ამბობენ, რომ სიცოცხლე ნივთიერებათა ცვლაა. სიცოცხლეს განსაზღვრავენ, როგორც ნივთიერებათა ცვლას. მაგრამ რა აზრი აქვს, ვთქვათ, ჟანგბადის ერთი ატომის ჩანაცვლებას ჟანგბადის მეორე ატომით, ისინი ხომ საკმაოდ იგივეობრივი და ერთნაირი არიან? როგორც ჩანს, გაცვლის პროცესი ამას არ გულისხმობს, თუკი ეს პროცესი სიცოცხლის არსია. როგორც ის ამბობს, აშკარაა, რომ ცხოვრება მართლაც მაინც გაცვლას გულისხმობს და ცხოვრებისეული არსი პროცესია, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ სიცოცხლე წესრიგით იკვებება; ანუ სიცოცხლე წესრიგის მოპოვების პროცესია – ცოცხალი ცოცხლობს წესრიგის მოპოვების გზით და, თუკი სიცოცხლე არ გულისხმობს წესრიგს, ის არ ცოცხლობს.

სიტყვა „წესრიგის“ ნაცვლად ჩასვით სიტყვა „არსი“ ან „კანონი“. ვუბრუნდები ჩვენს თემას: პრუსტის ღრმა რწმენით, ამიტომაცაა საჭირო მხატვრის მთელი ის „ანალიტიკური“ სამუშაო, რომელსაც ის თავის მოწოდებად თვლიდა, აუცილებელია სიცოცხლის აქტის აღდგენა დროის მომდევნო მონაკვეთში. სიცოცხლის აქტის აღდგენა დროის მომდევნო მონაკვეთში თავისთავად არ იგულისხმება; სიცოცხლის აქტის აღდგენა დროის მომდევნო მონაკვეთში გულისხმობს შრომას ან წესრიგის დასამყარებლად გაწეულ შრომას. მათ შორის, მნიშვნელობების, კანონების, არსის გარკვევას; ხოლო ამ ყველაფერს თუ ჩვენს ენაზე გადმოვიტანთ (რომელიც უკვე შემოვიტანეთ), ეს ნიშნავს იმაში გარკვევას, რაც ჩვენს თავს ხდება.

რას ვგრძნობ სინამდვილეში? იმიტომ, რომ ჩვენ ხომ საკუთარ თავთან მიმართებაში ვკვდებით. მაგალითად, ვერ ვცნობ მეგობარს. ჩემი ენით რომ გამოვთქვა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ „სული საკუთარი თავის მიმართ მოკვდა“. საკუთარი თავისთვის მოკვდა. ანუ ეს არის ერთგვარი ცოცხალი ოპერაცია, რომელიც სულს ეხება, – და ჩვენც, პრუსტთან ერთად, ვვარაუდობთ, რომ სული, ან გონება, ასევე არის სიცოცხლე, ცოცხალი რამ, – და ის მოკვდა საკუთარ თავთან მიმართებაში. ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაბნეულობის და დაცემის მდგომარეობაში, ან შრედინგერისეულ ენტროპიაში აღმოჩნდა.

მაშასადამე, გვაქვს ორი პოლუსი: ცოცხალი, ანუ მოწესრიგებული იმ გაგებით, რომ ცოცხალია წესებიდან და კანონებიდან დასკვნების გამოტანის ფასად, მეორე მხრივ კი, გვაქვს გაბნეულობა და რღვევა – ის, რაც არ არის ცოცხალი. ახლა კი დავუბრუნდეთ იმ თემას, რომელიც წინა ჯერზე ჰაერში გამოკიდებული დავტოვეთ.

ჩვენ იმ აზრამდე მივედით, რომ გვაქვს ცნობიერების უცნაური ფენომენი. ის, რაც უდავოდ არსებობს და არავითარი გარეგანი ეკვივალენტი არ აქვს, – თუკი გარეგან ეკვივალენტად მივიჩნევთ სიტყვას, – რომელსაც სახელი არ აქვს. აი, ჩვენ ერთსა და იმავეს ვუყურებთ, ანუ იმას, რასაც ჩვენთვის ერთი და იგივე სახელი ჰქვია, და ის, რითაც განსხვავდება ჩემი დანახული და ამ სიტყვაში არ თავსდება, არის კიდეც ცნობიერება. ერთი სიტყვით, ის, რასაც ეკვივალენტი არ გააჩნია, ცხადია, მაგრამ გამოუთქმელია. ამასთანავე, გაფრთხილებდით, რომ ნურავითარ ასოციაციას ნუ მიუსადაგებთ. ინტუიცია, ირაციონალური და ა.შ., სანამ ეს ყველაფერი არ გვაქვს და არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით – ცხადია, მაგრამ ეკვივალენტი არ გააჩნია. ახლა მას ცხოვრებას დავუკავშირებ და ციტატას წაგიკითხავთ (სამწუხაროდ, ისევ ფურცლიდან მომიწევს თარგმნა) და გაფრთხილებთ, კითხვის შემდეგი წესით უნდა იხელმძღვანელოთ: საკუთარ თავში შეაჩერეთ, დაბლოკეთ სილამაზეზე რეაგირების ბუნებრივი, უნებლიე ზრახვები, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩემი კი არა, პრუსტის ტექსტი იწვევს, ვინაიდან გამონათქვამის სილამაზე აზრის შემჩნევის საშუალებას არ გვაძლევს.

პრუსტი დამაბრმავებელ სინათლეზე საუბრობს, რომელიც მას ეწვია; კერძოდ კი იმას ამბობს, რომ „ხელოვნების ნაწარმოები“ – დაკარგული დროის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა“. დასაწყისისთვის პირველ გაფრთხილებას მოგცემთ, რაც სიტყვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას ეხება. თითქოს, გასაგები ფრაზაა, არა? დაკარგული დრო – მაშასადამე, რაღაც დაგავიწყდათ. ხომ ასეა? ან – დაკარგული დრო ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ გუშინ გემუშავათ, არაფერი გაგიკეთებიათ. ან – იმის ნაცვლად, რომ ჭკვიანურად გესაუბრათ, პაემანზე წახვედით, – სხვათა შორის, პრუსტის აზრით, პაემანი დაკარგული დრო არ იქნებოდა. დაკარგული დრო ჭკვიანური საუბარი იქნებოდა (მათ შორის ინტელექტუალური საუბრები) ერთი მარტივი მიზეზის გამო: იქ, სადაც რისკზე არ მივდივართ, სადაც ჩვენს განცდებში, აღქმებში და ბედისწერაში რისკზე არ მივდივართ, დრო დაკარგულია.

თავის დროზე, პრუსტი ამბობდა (ის ძალიან ეწინააღმდეგებოდა სნობიზმს, რომელიც ჭკვიან და შინაარსიან ადამიანებთან შეხვედრისა და, აგრეთვე, მათ გარემოცვაში ყოფნის წადილს გულისხმობს): გონიერ ადამიანებთან საუბარი იგივეა, სტუმრად რომ მიხვიდე და მოსალოდნელი თავგადასავლის ნაცვლად მაღალი საზოგადოების სალონში აღმოჩნდე, სადაც ხელში ოჯახური ფოტოების ალბომს გაჩეჩებენ, რომელიც დაინტერესებული გამო მეტყველებით უნდა ათვალიერო. ან, ვთქვათ, ალბათ, ხშირად გადაგხდენიათ, ბნელ ოთახში დიაპოზიტივების თვალიერება.

ასე რომ, დაკარგული დრო – ყველა უსიცოცხლო მომენტის დროა. სხვაგვარად, დაკარგული დრო არის დრო, როდესაც შეგეძლო გეცხოვრა ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობით, როგორც ადრე აღვნიშნე, მაგრამ ასე არ გიცხოვრია. ნიშანი მოგეცა, მაგრამ ხელიდან გაუშვი. ხელიდან გაუშვი, რადგან არ შეჩერდი და არ შრომობდი. ნიშანი კი ვიცით როგორიცაა, თუკი გახსოვთ. გთხოვთ, ეს ნიშანი ყოველთვის გახსოვდეთ, რადგან ჩირაღდანმა ჩვენი სამუშაო უნდა გაგვინათოს. ვინაიდან ის, რასაც ვაკეთებთ – ჩემი სამუშაოცაა (ყველაფერი თავიდანვე რომ მცოდნოდა, რასაც ვამბობ, მოსაწყენი იქნებოდა), თქვენც უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ საკუთარ თავში ყველაფერი გაარკვიოთ. ნიშანი მარტივია – როგორც წმინდა იოანე იტყოდა: ვიდრე სინათლე გინათებთ – სინათლე სულში არეკლილი ნებისმიერი შთაბეჭდილებაა – ხვალისთვის ან ზეგისთვის არ უნდა გადადოთ. არც სხვებს უნდა გადააბაროთ, რადგან თქვენს გარდა ამაში ვერავინ გაერკვევა.

ჩვენი და პრუსტისეული შრომის ამოსავალი არის ის, რომ შეგვიძლია მხოლოდ მე და თქვენ. ამ შემთხვევაში, „მე“ ჩვენი საერთო „მე“-ა.პრუსტი ასე წერს: „მივხვდი (უკვე მეორე სინათლე, რომელიც პირველ გამონათებას მოჰყვა), რომხელოვნების ნაწარმოები დაკარგული დროის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა“. შესაბამისად, „ხელოვნების ნაწარმოები“ არა ტრადიციული გაგებით, არამედ სამუშაო, რომლის გაკეთება მხოლოდ მე შემიძლია, რომ გავარკვიო, რა მოხდა ჩემს თავს, რას ნიშნავდა შთაბეჭდილება, რას ნიშნავდა ნიშანი, – ღმერთმა მანიშნა და ერთი წამით განათდა, მერე იწყება ქაოსი და სიბნელე და როცა ბნელა, მუშაობა შეუძლებელია. სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, რომ ეს შთაბეჭდილებები შიშისმომგვრელი იყოს, ანუ, შეიძლება, არ შეიცავდნენ მნიშვნელოვან რელიგიურ ჭეშმარიტებას; მაგალითად, ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება აღძრას ტბის ხილვამ.

პრუსტი ასე ამბობს, იმის მსგავსად, როცა მხატვარი მთაზე ადის და მთებს შორის ნაპრალებიდან მის თვალწინ იშლება ტბა, რომელიც მას გარკვეული შთაბეჭდილებით ავსებს, – ის უმალვე იღებს მოლბერტს, ფუნჯს, „მაგრამ უკვე ბნელა და მუშაობაშეუძლებელია“. ასე რომ, წიგნში შესული ეს მასალები (მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ ხელოვნების ნაწარმოები მუშაობის, დაუკარგავი დროის რეკონსტრუქციის შედეგია, როცა ტბა გამოჩნდა – და მან დაბნელებამდე მოასწრო), – ჭეშმარიტების აღმოჩენაა: რომ „ერთნი განცდებში, სხვები – საკმაოდუფერულ სიამოვნებებში“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ყველაფერი საგანგებოდაა ნათქვამი: უფერული სიამოვნებების გზით ჭეშმარიტებების აღმოჩენა; ტანჯვა (ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელსაც ისევ მივუბრუნდებით) – უფერულ სიამოვნებებში; ანუ ჭეშმარიტებების აღმოჩენა არა წიგნების, ჭკვიან ადამიანებთან საუბრის საშუალებით, არამედ ყველაზე ბანალური რამეების გზით, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით: თუკი ადამიანი საკუთარ თავს უღრმავდებოდა, დროს არ კარგავდა და რისკავდა. ყველაზე უბადრუკი ქალიც კი ყველაზე ჭკვიან და გენიალურ თანამოსაუბრეს ჯობია, ვინაიდან გენიალურ თანამოსაუბრესთან სალონური საუბრისთვის დამახასიათებელი ურთიერთობა მაქვს, ხოლო უბადრუკ ქალთან რისკზე მივდივარ და მასთან ურთიერთობისას ერთვება სურვილები და მხოლოდ მათი გზით, მხოლოდ სურვილებისა და ტკივილის გზით შემიძლია შევიცნო სამყარო, სხვები და საკუთარი თავი. უფრო მეტიც, პრუსტი ასეთ შემთხვევებში უმატებდა, რომ ნამდვილად ღრმა და ინტენსიური შინაგანი ცხოვრების მქონე ადამიანებს, ამ მდგომარეობიდან გამოსვლისას, ფრივოლური საუბრების მოთხოვნილება უჩნდებათ (ეს ჭეშმარიტება, ალბათ, საკუთარი გამოცდილებიდან მოგეხსენებათ. თუკი თქვენს არსებაში რაიმე სერიოზული მოხდა და თქვენ საკუთარ თავზე იმუშავეთ, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ფრივოლური საუბრების აუცილებლობას გრძნობთ და არა ჭკვიანური მსჯელობებისას.). ასე რომ, საკმაოდ უფერულ ან ზოგჯერ მდაბალ სიამოვნებათა გზით აღმოჩენილი ჭეშმარიტებანი, მხატვრული ნაწარმოების მთელი ეს მასალა, – ყველაფერი „ეს ჩემი წარსული ცხოვრება გახლდათ“. ანუ ნაწარმოებისთვის განსაზღვრული მასალა ცხოვრებისეული მასალისგან იქმნებოდა, – და აქ ყურადღება, რა თქმა უნდა, გაგვეფანტება (რასაც გაფრთხილებდით კიდეც). მართლაც, მწერალი იმაზე წერს, რომ ის თვალს ადევნებდა სიუჟეტებს, ან, რასაც ხედავდა, სიუჟეტად გარდაქმნიდა; და ის, რისი გადმოცემაც მსურს, ტექსტის კითხვით უნდა გაამყაროთ და მაშინ თქვენს თვალწინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გადაიშლება, – ეს არ მაქვს მხედველობაში. ამ სიტყვის პირდაპირი, მატერიალური მნიშვნელობით – ის, რასაც ნაწარმოები ეწოდება, ჩვენი ცხოვრებისეული მასალისგან შედგება. ეს იყო განვლილი ცხოვრება, რომელშიც – კუნელის ბუჩქთან ჩავლა ან ნამცხვარ „მადლენის“ ჭამა (ცნობილი სცენა), – კუნელის ბუჩქთან უბრალო ჩავლა კი არ იგულისხმება, არამედ მასთან შეჩერება. ეს ეპიზოდი ხელოვნების ნაწარმოებისთვის მასალაა. და, თითქოსდა, უმნიშვნელოა. სხვა კრიტერიუმებით, ის ხელოვნების ვერცერთ ნაწარმოებში ვერ მოხვდებოდა;

დამისახელეთ მწერალი, რომლის რომანშიც ნამცხვრის ჭამის სცენა ასეთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა. ასეთი არ არსებობს.„მივხვდი, რომ ეს მასალა ჩემამდე ფრივოლური სიამოვნებების, სიზარმაცის საშუალებით მოვიდა“ – ეზარებოდა იმაზე წერა, რასაც ყველა ხედავს და რასაც მისი თვალები თავისთავად უმზერენ, წყინდებოდა (რომანის ზოგიერთ ადგილას პრუსტი ამბობს, რომ სიზარმაცემ ის ცუდი რაღაცეების დაწერისგან იხსნა.14). მაშასადამე, „…ჩემამდე სიზარმაცის, სინაზის განცდის დროს, ტკივილისასმოდიოდა, ლაგდებოდა დაილექებოდა ჩემში, ისე, რომ არ მესმოდა ამ მასალების არსი, არც ის ვიცოდი, რომ ეს მასალები იცოცხლებდნენ, ისევე, როგორც არც მარცვალმა იცის, საზრდოს გადანახვისას რომამით მცენარე იკვებება.

მეც შემეძლო მოვმკვდარიყავი, ისევე როგორც მარცვალი კვდება მცენარისაყვავებისას და მაშინ გამოვიდოდა, რომ ამ მცენარისთვის ვცოცხლობდი ისე, რომ არც კი ვიცოდი ეს; ვერც ჩემი ცხოვრება დაუკავშირდებოდა ოდესმე იმ წიგნებს, რომლების დაწერაც მინდოდა დარომელთა გამოც მაგიდასთან ვჯდებოდი ხოლმე, მაგრამ სიუჟეტს ვერ ვპოულობდი“ (ისევ – იმ სიფრთხილეზე საუბრობს, რასაც ნაწარმოების მასალა ეწოდება; ცხოვრებისეული მოვლენები კი არ არის ნაწარმოების მასალა, ვინაიდან მოვლენები რომ ნაწარმოების მასალა ყოფილიყო, მაგიდასთან ჯდომისას, აუცილებლად იპოვიდა სიუჟეტს. ამ დროს ის ვერც კი ხვდება, რომ ნამცხვრის ჭამა არის კიდეც მასალა ხელოვნების ნიმუშისთვის; მას ლიტერატურულ საქმიანობაზე ჯერ კიდევ განსხვავებული წარმოდგენა აქვს; მაგიდასთან ჯდება, თავში კი… სიცარიელეა, არ მოუფიქრებია სიუჟეტი, ან აქვს ისეთი სიუჟეტები, რომელთა ასახვაც ეზარება და ამიტომაც არ აქვს წერის სურვილი.). „და, ამგვარად, მთელი ჩემი ცხოვრება დღევანდლამდე შეიძლებოდა კიდეც და არც შეიძლებოდა, რომშემდეგი სახელწოდებით შეჯამებულიყო: მოწოდება. არ შეიძლებოდა იმ გაგებით, რომ ლიტერატურაარავითარ როლს არ ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში…“

ისევ ჩემს გასაფრთხილებლად, ასეთ რამეს წერს: ლიტერატურა არავითარ როლს არ ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში; ასე რომ, როცა ეს ადამიანი ამტკიცებს, რომ ხელოვნების ნიმუში ერთადერთი რეალობაა, ერთადერთი ნამდვილი ცხოვრებაა და ა.შ., ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; არა ჩვეულებრივი მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ მასში ვდებთ; მაშასადამე, ლიტერატურა, ჩვეულებრივი გაგებით, მის ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებდა. მეორე მხრივ: „…ჩემი ცხოვრება შეიძლებოდა შემეჯამებინა ამ სახელწოდებით, ვინაიდან მრავალი სევდის და სიხარულის მოგონებები ერთგვარ მარაგად იქცეოდა, იმ ცილის მსგავსად, რომელიც მცენარის ჩანასახოვან უჯრედშია და რომელშიც ეს უჯრედი მოიპოვებს თავისთვის საკვებს, რომ მარცვლად იქცეს და, ამავე დროს, არაფერი იცის, რომ ამ მარცვლიდან აყვავდება მცენარე, თუმცაღა, სწორედ ეს მარცვალია ის ადგილი, სადაც ძალზე იდუმალი, მაგრამ აქტიური ქიმიური დამშვინვიერი ფენომენები იყრის თავს (მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო შემდეგ სიტყვათშეთანხმებას, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშეა წარმოდგენილი: „ადგილი“, ლელიენ, და „აქტივობა“, ერთგვარი ფარული და იდუმალი აქტივობა; პრუსტი ამ შემთხვევაში მეტაფორას მიმართავს და ამიტომაც ამბობს – „აქტიური ქიმიური და მშვინვიერი ფენომენები“, მაგრამ ჩვენ გამოვყოთ სიტყვები და ავიღოთ „აქტივობა და ადგილი“.)

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი