ნინუცა კომახიძე – შუაღამის საუბრები

0
226

მომზადებულია ფსიქოთერაპიული მოთხრობების მიხედვით

გამარჯობა საყვარელო დედა! როგორ ხარ? რას აკეთებ? მე კარგად ვარ… არა, რა სისულელეა შენთვის ამის კითხვა ,,როგორ ხარ”? ისედაც ვიცი, რომ ცუდად ხარ, ძალიან ცუდად და არაფერსაც არ აკეთებ, მხოლოდ გაუთავებლად ტირი.

ეს წერილიც სისულელეა, შენ ხომ მას მაინც ვერ მიიღებ. იქნებ უბრალოდ დავილაპარაკოთ? თუ ჩემ ხმასაც ვერ გაიგებ? ისევ სისულელეს ვამბობ, რა თქმა უნდა გაიგებ – სულით და გულით.

ოღონდ ნუღარ ტირი, შენ ხომ ძლიერი ხარ, შეწყვიტე ტირილი და წინ და უკან ქანაობა პატარა ბავშვივით. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქე და მერე მთელი სხეულით ამოისუნთქე დაძაბულობა.. აი ასე, ყოჩაღ. ახლა გაუშვი საწოლის კიდეს ხელი, არ წაიქცევი, ნუ გეშინია და მიდი ფანჯრასთან. უბრალოდ მიდი და შეხედე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ხედავ, უსასრულობაში იმ პატარა, მკაფიოდ მოელვარე ვარსკვლავს? ეს მე ვარ! ნახე როგორ ვანათებ და ვბრწყინავ! ეს ნიშნავს, რომ კარგად ვარ. მიხარია, რომ შეგიძლია დამინახო, მომისმინო, მიგრძნო, როგორც ადრე. მიმოიხედე ირგვლივ, ნახე რამდენი პატარა ვარსკვლავია, ისინი ჩემი ახალი მეგობრები არიან. ახლა ყველა შენ გიყურებს და გიღიმის, და შენ? მე ვიცი, შენ ძლიერი ხარ, გთხოვ გაიღიმე. ძალიან მომენატრა შენი თბილი და ლამაზი ღიმილი. გაიღიმე, ჩვენ ხომ ვხედავთ ერთმანეთს.

ეხლა კი მოემზადე, უნდა გაგიბრაზდე, როგორც შენ მიბრაზდებოდი ადრე, ბავშვობაში, გახსოვს? როგორ ვიბუტებოდი და ვიკეტებოდი ოთახში, რა სულელი ვიყავი. უკვე ვიცი, რომ სწორედ მაგ დროს ნერვიულობდი და განიცდიდი ჩემზე ყველზე მეტად. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ესეიგი სულერთი ვიქნებოდი შენთვის, ხომ? აი ხედავ, აქ როგორ დავჭკვიანდი და გავიზარდე? ხოდა სანერვიულოც არაფერია, არაფერი მომივა, კარგად ვარ და უფრო კარგად ვიქნებოდი შენს თავს რომ უვლიდე. ძალიან მიუშვი საკუთარი თავი! სულ მარტო ხარ, ჩაკეტილი ჩაბნელებულ ოთახში, ჩუმად, არავის ეკონტაქტები.

მე ვიცი, შენ ძლიერი ხარ, შენ ამას გადაიტან, ისევე როგორც გადააქვს სხვა უამრავ დედას. იცოდე, ყოველთვის ასე ცუდად, მძიმედ არ იქნები, მწუხარება წავა და დარჩება მხოლოდ ნათელი სევდა.

მე ვიცი, ფიქრები უსასრულო ფირივით ტრიალებენ შენს თავში და უზომო ტკივილს გაყენებენ – ასე რომ არ მომხდარიყო, შენ რომ ის გექნა, ის რომ ისე მოქცეულიყო.. ნუ კიცხავ საკუთარ თავს! რა მოხდა წინა დღეს თუ ვიკამათეთ, ჩვენ ხომ მანამდეც არაერთხელ გვიკამათია, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ნუ ადანაშაულებ ყველას და ყველაფერს მომხდარში და პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ვერ გამიფრთხილდი, ვერ მომიარე, რაღაც დამაკელი, ცოტას მეფერებოდი, ბევრს მეჩხუბებოდი..

ხომ ხედავ, ყველაფერი ვიცი. მე ასევე ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი არ არის მართალი. შენც იცი, უბრალოდ დაგავიწყდა. ყველაფერი კარგი და ნათელი შენი მეხსიერების ამ შავ გვირაბში ჩაიძირა, ხოლო მთელი ნაგავი, როგორც მას ახასიათებს, ზედაპირზე ამოვიდა, გამოსაჩენ ადგილას.

გახსოვს ჩვენი ზაფხული? ზღვა?ყველანი ერთად რომ ვიყავით, რამდენს ვიცინოდით, როგორი კარგი იყო? რატომ იყო? არის! შეხედე ჩვენ ფოტოებს, მე იქ ვიღიმი, ესეიგი ვცოცხლობ. თქვენს მეხსიერებაში ჩემი ცხოვრება გრძელდება. ამიტომ მე არასდროს მოვკვდები, ყოველთვის ვიცოცხლებ თქვენთან ერთად, თქვენში.

აი სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, დედა. ვიცი, გულით და სულით გესმის ჩემი. ისიც ვიცი, რომ ბევრი რამის თქმა გინდა. შეხედე ისევ იმ პატარა ვარსკვლავს, ცის უსასრულობაში რომ ელვარებს, დახუჭე თვალები და მითხარი ყველაფერი რისი თქმაც გინდა..

ახლა კი დამემშვიდობე და გამიშვი, როგორც ჩიტი. მე გავფრინდები უკან ცაში,სადაც ბევრად უფრო მშვიდად და ლაღად ვიქნები, როდესაც მეცოდინება, რომ შენ გულში მხოლოდ თბილი მოგონებები და მსუბუქი, ნათელი სევდა გაქვს. ხოლო როდესაც ჩემი ნახვა მოგინდება, გაიხედე ფანჯარაში და იქ ისევ იმ პატარა, მოელვარე ვარსკვლავს დაინახავ, რომელიც მხოლოდ შენთვის ანათებს.

ხანდახან, ახლობლის სიკვდილის შემდეგ, ადამიანები მთლიანად იძირებიან წარსულში და ცხოვრებას მხოლოდ მოგონებებით აგრძელებენ. ეს გლოვის მდგომარეობაა, რომელიც თავიდან ნორმალურია და ადამიანმა უნდა გაიაროს ეს მძიმე ეტაპი. მაგრამ ეს ეტაპი არ უნდა გრძელდებოდეს წლობით. ამ შემთხვევაში, მგლოვიარე შეიძლება ერთგვარად დამოკიდებულიც კი გახდეს წარსულზე. როდესაც ეს დამოკიდებულება მძაფრდება, მოგონებები ნარკოტიკივით იწყებს მოქმედებას ადამიანზე, მას უკვე მათ გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. ამ დროს ის სცილდება რეალობას და ყველა ამჟამინდელი განცდების, პრობლემების მიზეზს, სწორედ ამ წარსულის ტრავმაში ხედავს. ხშირად არის დანაშაულის შეგრძნება გარდაცვლილი ადამიანის მიმართ. მგლოვიარეს ჰგონია, რომ დროულად არ გამოიძახეს ექიმი, უხეშად თქვა რამე, არასწორად უმკურნალეს, ვერ გამოემშვიდობნენ, სხვანაირად იქცეოდნენ.

ეს მოთხრობა ზუსტად იმისთვის არის დაწერილი, რომ მგლოვიარემ გააცნობიეროს, მას აქვს საშუალება ისევ დაელაპარაკოს, შეიგრძნოს მისთვის ძვირფასი და საყვარელ ადამიანი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი