ადამიანი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ თავის ბუნებრივ განვითარებას არ გადაუხვევს

0
2641

მენტალურ განვითარების გარკვეულ დონეს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ  დავკმაყოფილდებით იმით, რაც ვართ და ჩვენს რეალურ ცხოვრებას სერიოზულად მივუდგებით. როგორც კ.გ. იუნგი აღნიშნავდა, ნერვოზი უკვე იმის მაჩვენებილია, რომ არასწორად ვითარდები, შენს ბუნებრივ გზას ასცდი და სწორედ ეს წინააღმდეგობა, შენს შინაგანსა და გარეგანს შორის, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის იწვევს ფსიქიკის მოშლას.

ადამიანი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ თავის ბუნებრივ განვითარებას არ გადაუხვევს, რაც არის იმით დაკმაყოფილდება, მიიღებს რეალობას და თავის გზას იპოვის, ანუ თვითრეალიზებას მოახერხებს. სწორედ ეს არის საკუთარი ჯვრის ტარება _ მიიღო ის, რაც ამჟამად ხდება შენს ცხოვრებაში. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რა არის მათი მისია, რისთვის ცხოვრობენ, რადგანაც ჩვენი გონება განპირობებულია სხვა და სხვა იდეალებისგან, გვგონია რაღაც დიდი, ზოგადსაკაცობრიო მისია უნდა გვქონდეს, ეს ერთგვარი კომპლექსია, რომელიც როგორც ინდივიდებს,  ისე ზოგადად ერებს სჭირთ, ასეთი ტიპის ადამიანები (ისევე როგორც ერები) სულ რაღაც საკრალურს ეძებენ საკუთარ არსებობაში, თვლიან, რომ მათ წარსულში,  ისტორიაში, ლეგენდებსა თუ მითებში, რაღაც ისეთი საიდუმლო ინახება, რაც მათ გამოარჩევს სხვა ადამიანებზე ან ერებზე.

ასეთი კომპლექსები ძირითადად არარეალიზებულ, საკუთარ ბუნებრივ გზას აცდენილ და ამბიციურ ადამიანებს უყალიბდებათ, ანუ მე აწმყოში ბევრს ვერაფერს ვქმნი ფასეულს, მაგრამ ჩემი წარსული (გნებავთ ჩემი ერის) ატარებს რაღაც ისეთ დიდ საიდუმლოს,  რაც  მომავალში ფრიად მნიშვნელოვან პერსონად მაქცევს.

ადამიანი მხოლოდ მაშინ განვითარდება, თუ პრაგმატულ აზროვნებას და შესაბამისად მოვლენების პრაგმატულ ხედვას ისწავლის და საკუთარ შესაძლებლობებს კარგად გააცნობიერებს. ასეთი ადამიანები ყველაფერში პროგრესს განიცდიან და შესაბამისად რაღაც ადგილსაც იმკვიდრებენ სამყაროში. წინაპარი თუ დიდი გყავდა, ეს ნიშნავს რომ მან სწორად მოახერხა თავისი შესაძლებლობების გამოყენება და ამიტომაც განვითარდა.

ჩვენ რას გვარგებს სხვა ადამიანის _ თუნდაც სრულყოფილება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ყველა თავის ეპოქას ქმნის, ყველა თავის ცხოვრებაზეა პასუხისმგებელი. თუ იესო ქრისტე უნივერსალური მოვლენა იყო, ცხადია, მარტო იმიტომ, რომ მე თავს  ქრისტიანს ვუწოდებ  უნივერსალური ვერ ვიქნები, მთავარია  შინაგანი მდგომარეობა და არა სახელები და იდენტიფიკაციები. მაშასადამე ჩვენ, ჩვენი რეალობა, აწმყო და ჩვენი ჯვარი გვაქვს, რომელსაც ან სერიოზულად მივიღებთ, ან არადა ჩვენი არსებობაც ისევე უაზროდ ჩაივლის, როგორც ათასების ჩავლილა.

ამიტომაც აუცილებელია დღევანდელი დღით, მოცემული რეალობით ვიცხოვროთ და კარგად გავერკვეთ რა ხდება ჩვენს სულიერ თუ ფიზიკურ არსებობაში. ხომ უნდა დავაღწიოთ ოდესმე თავი ილუზიურ სამყაროს და გონიერ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, მუდმივ წუწუნსა და უკმაყოფილების გამოხატვას, სჯობია დავფიქრდეთ, რატომ გვემართება ესა თუ ის უსიამოვნება და რატომ ვერ ვახერხებთ განვითარებას. მოგვწონს თუ არა, ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა ეს უაზრო დაპირისპირება და ქაოსი დასრულდეს ჩვენს გონებაში და სიმშვიდემ დაისადგუროს.

საკუთარ ამბიციებს თუ კარგად გამოვიკვლევთ და გავაცნობიერებთ, არა ზედაპირულად, არა უბრალოდ ინტელექტუალურად, არამედ სიღრმისეულად და საფუძვლიანად, მათი მოთოკვაც აღარ გაგვიჭირდება, რაც უამრავი კომპლექსისგან და ნეგატიური განცდისგან გაგვათავისუფლებს. შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულება წარსულთან და მომავალთან რადიკალურად შეიცვლება.

აუცილებელია გათავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან, ნიმუშებისგან, ათასი გაუაზრებელი იდეისა და იდეალისგან და ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება, აზრს დაკარგავს ჩვენი იდენტიფიკაციები, კარგად დავინახავთ, რომ ბედნიერების განცდა ან ახლაა ან არასოდეს, მას მომავალთან არაფერი ესაქმება, თუ აწმყოს კარგად გაიაზრებ,  არა მარტო ფიზიკურად, არა მარტო გონებით ან  გრძნობით, არამედ მთელი არსებით, როგორც ერთი მთლიანობა, მიიღებ მას და შეძლებ მასში ცხოვრებას, დრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სრულიად გაქრება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი