მერაბ მამარდაშვილი:ფაქტები ვერ აღწევს იმ სფეროში, რომელიც ფაქტებიდან არ მომდინარეობს.

0
430

ერთი სიტყვით, ცვლილება ჩვენთვის მიუწვდომელია, თუკი გარკვეულ პირობებს არ ვასრულებთ. ცვლილება, თავისთავად, მარტივი გზით მიუწვდომელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის, რაზეც ვსაუბრობდი, ჩვენს ნებას და ცნობიერებას არ ექვემდებარება, არამედ – სხვა გზით ხდება; ასევე იმიტომაც (და ამას უხეშად ჩამოვაყალიბებ), რომ იძულებული ვხდებით, უკვე შეცვლილი შევცვალოთ. და „უკვე შეცვლილის“ შეცვლა ძალიან რთულია. ახლა განვმარტავ ამ ბუნდოვან ფრაზას: საქმე ისაა, რომ ადამიანი თავის ცნობიერებასა და წარმოსახვაში გარკვეულ ემპირიულ გარემოებებს თავისი მაღალი იდეალების შესაბამისად ცვლის, გარდაქმნის ისე, რომ იმაში, რასაც ხედავს და უყვარს, რასაც აღიარებს, საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ მისი გარკვეული მოთხოვნები შესრულდეს. ვთქვათ, სენ-ლუმ დაინახა რახილი, ემპირიული რახილი (ქალი ბრტყელი სახით) სენ-ლუს ვნების ობიექტად იქცა, იმიტომ, რომ ის შეიცვალა, გარდაიქმნა მის თვალში; სენ-ლუ რახილს, ასე ვიტყოდი, „მაღალი“, ანუ იდეალების და ოცნებების წერტილიდან უმზერდა, რომელსაც ხელოვნება აღძრავს. სენ-ლუმ ხომ რახილი თეატრში დაინახა. და სამყარომ, რომელსაც თეატრს ვუკავშირებთ – არა შენობას, არა თეატრს, როგორც ასეთს, ამ სიტყვის ფიზიკური გაგებით, არამედ ადამიანური კეთილშობილების, მაღალადამიანური სიყვარულის და ა.შ. შესახებ წარმოდგენებს – ამ ყველაფერმა გარდაქმნა ემპირიულად ხილული. თავის დამოკიდებულებაში მშვენიერი რახილის მიმართ, არა ოცფრანკიანი მეძავის, არამედ მშვენიერი რახილის მიმართ, – სენ-ლუმ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინა ისეთ ადამიანად, რომელთანაც მშვიდობიანად თანაცხოვრება შეუძლია. ანუ მან ეს თავისთვის დაუშვა. რატომ? იმიტომ, რომ ის თვითონ ქველი იდეალების თაყვანისმცემელია, რახილი კი ქველია და მას, რახილის სიყვარულით, სიქველეც უყვარს (ახლა სიტყვა „სიქველით“ ჩავანაცვლე ბევრი სიტყვა, რადგან, როცა აზრის ჩამოყალიბება გინდა, ჩქარობ და ყველა ტერმინს აღარ ეძებ). მაშასადამე, ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ სენ-ლუს დამოკიდებულება რახილისადმი (როგორც თვითონ ხედავს მას), თავისი არსით, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაა. რა გაგებით? ამ ურთიერთობაში უნდა რეალიზდეს და არ დაირღვეს საკუთარ თავთან მშვიდობიანი თანაცხოვრების, საკუთარი თავის პატივისცემის უნარი. ხომ ასეა? შესაბამისად, ის უკვე იქცა ადამიანად. და „უკვე ადამიანის“ „კიდევ ადამიანად“ გარდაქმნა თითქმის შეუძლებელია. შესაძლებელია, მაგრამ რთულია. თუკი გახსოვთ, არისტოტელეს ფრაზა მოვიხმე, რომ მიზეზი, რის გამოც რაიმე მიყვარს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მიყვარს. მაგრამ საქმე ისაა, რომ არსებობს კანონზომიერება და ახლა, ფაქტობრივად, ჩამოვაყალიბე კიდეც ის: ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ცნობიერება და ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია შემდეგ გქონდეს ის, რის გამოც გიყვარს იმის გარეშე, რაც გიყვარს. ანუ, ის, რის გამოც გიყვარს, გაქვს მას შემდეგ, როცა გაქვს ის, რაც გიყვარს. შემდეგ უკვე – რახილის საშუალებით – სენ-ლუს გრძნობები იძენს ფორმას და მოძრაობის სფეროს, რომლებიც მიმართულია ამაღლებულისკენ, მშვენიერისკენ, სიქველისკენ და ა.შ. გასაგებია? და ამ სფეროში ცვლილებით შეჭრა თითქმის შეუძლებელია.

ეს კანონი სოციალურ ცხოვრებაშიც მოქმედებს, ათასგზის ვაწყდებით ამ კანონზომიერების გამოვლინების მაგალითებს. ძალიან ხშირად ამგვარ განუვითარებელ ველურებს ვერაფერს ვუხერხებთ (ისევე, როგორც მარსელი თვლიდა სენ-ლუს ველურად, ვინაიდან მარსელმა იცის, რომ რახილი მეძავია და, ამ გაგებით, თვითონ უფრო მეტად გაცნობიერბულია ვიდრე სენ-ლუ): საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ცივილიზაცია (არაცივილიზებულები ვართ, მართლაც, დაახლოებით ისევე, როგორც რუსები) და ხშირად გვიჩნდება სურვილი, გარკვეული რაციონალური ცვლილებები დავნერგოთ, მაგრამ ეს ცვლილებები ყოველთვის იმ კანონის მოქმედებას უპირისპირდება ხოლმე, რომელსაც ასე გამოვთქვამ: რუსები ვერ ახერხებენ, რომ ადამიანებად იქცნენ, რადგანაც ისინი უკვე იქცნენ ადამიანებად, ისე, როგორც იქცნენ. იმიტომ, რომ ისინი იმად, როგორებიც არიან, ჩამოყალიბდნენ მათთვის მისაწვდომ ფარგლებში (ეს ჩვენც გვეხება, სხვათა შორის, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დავასახელე „რუსები“, მაგრამ მე ხომ სხვა გამოცდილებაც მაქვს – ჩვენი საკუთარი, ქართული) უკვე ჩამოყალიბდნენ. ამას გააჩნია ისეთი ინერცია, რომელიც ძნელად ექვემდებარება ცვილილებას და მით უმეტეს, არ ექვემდებარება გაცნობიერებულ ნებელობით აქტს. იქ, ორგანოებიდან დაბადებული ცვლილების გარკვეული ბუნებრივი პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. მუსკულატურის რეალური სინთეზისა და განვითარების გზით და არა – გარედან. გარედან ნებისმიერი ქმედება იმისთვისაა განწირული, რომ „შეცვლილის“ შეცვლა უკვე რთულია. სწორედ იმიტომ, რომ ის შეცვლილია. და აქ ჩნდება პრობლემა, რომელსაც ფსიქოლოგიაში identity-ს პრობლემას უწოდებენ. საკუთარ თავთან იგივეობა, თუკი ადამიანმა მას მიაღწია, მისი რღვევა შეუძლებელია. ის, თითქოსდა, რაღაც ცეცხლოვან აფეთქებას შეუერთდა და გამოიძერწა; რაციონალური აქტების გზით მისი გამოხსნა, დაშორება შეუძლებელია. ის, რის გამოც მიყვარს, ჩემთვის იმის საშუალებით არსებობს, რაც მიყვარს. მაგალითად, პრუსტთან არის ტერმინი, რომელიც ფრანგულ ტრადიციაში, ძირითადად, სტენდალიდან მომდინარეობს, – გრძნობების კრისტალიზაცია.18 მაშასადამე, თუკი კრისტალიზაციის კანონების თანახმად ისე მოხდა, რომ სინაზე სამყაროში ალბერტინას გზით გახდა ხილული, მაშინ სინაზის შეგრძნობისთვის, მისი განცდისთვის (ადამიანში კი არსებობს ამის განცდის მოთხოვნილება), ამ მოთხოვნილების საგნისგან დამოუკიდებლადაც კი, – სინაზის შესაგრძნობად საჭიროა ალბერტინა.19და მაინც, როგორია ეს ალბერტინა? იქნებ, დემონია და მხოლოდ ალბერტინას საშუალებით განცდილი სინაზის გამო, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ჩემს ცხოვრებაში?! როგორი ჯოჯოხეთური ეჭვიანობის რბოლაა! ჩვენი რომანის გმირი გამუდმებით ეჭვიანობს, სულ უნდა დაადგინოს, ვისთან და სად უღალატა ალბერტინამ; და ყველაზე საშინელია, როცა დანამდვილებით რწმუნდება, რომ ალბერტინა ლესბოსელია და ქალებთან ღალატობს… და აი, ძიების ეს ინფერნალური ციკლი სივრცის და დროის ყველა წერტილში, სადაც შეუძლებელია, რომ იყო და სივრცის და დროის ყველა წერტილი მოიცვა, ამ დროს გარბიხარ. თუ გახსოვთ, დანტეს ჯოჯოხეთში არის მორბენალთა სახე, რომლებიც მუდმივად თავქუდმოგლეჯილი სირბილით არიან დასჯილი. არსებობს ასეთი სირბილი, შინაგანი სირბილი, რომელიც ფიზიკურ, გარეგან სირბილზე მეტად გვაცლის არაქათს.

ის, რომ შეცვლილი შეცვლას, პირდაპირ შეცვლას აღარ ექვემდებარება, კიდევ უფრო ცხადყოფს იმას, რასაც საკუთარ თავთან იგივეობა ვუწოდე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს არის ემპირიულის, ანუ ფაქტების გარდაქმნა. რახილის სახე – როგორია ის სინამდვილეში, როგორი თვალები აქვს და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი გარდაიქმნა წარმოსახვის სხივში, იმ წერტილის სხივში, საიდანაც სენ-ლუ იყურებოდა. ხომ ასეა? შემდეგ გაიგივდა საგანთან, რომლის საშუალებითაც ადამიანის მაღალი მისწრაფებები რეალიზებას პოულობს და ამ გზით საკუთარ თავთან ღირსეული დამოკიდებულებაც ხორციელდება. ისევე, როგორც სამყაროში საკუთარ ადგილთან და ა.შ. ამას იგივეობა, ანუ identity ვუწოდე. და ცხადია, ეს ცვლილების შედეგია, რომ სახეცვლილში საქმე გვაქვს იმასთან, რაც ფაქტებიდან არ გამომდინარეობს. სახეცვლილი რახილი ხომ მისი თვისებების, ფიზიკური თვისებების შედეგი არ გახლავთ?! ფიზიკური თვისებები, როგორც ვიცით, მხოლოდ ბლინივით ბრტყელი სახეა. მაშასადამე, ფაქტების შედეგი არ არის; და აი, უნდა ჩამოვაყალიბოთ კანონზომიერება, რომ ფაქტები ვერ აღწევს იმ სფეროში, რომელიც ფაქტებიდან არ მომდინარეობს. ვიმეორებ: ფაქტები ვერ აღწევს იმ სფეროში, რომელიც ფაქტებიდან არ მომდინარეობს. მაგალითად, ფაქტი, რომ საროსკიპოში რახილი ვნახე, ვერ აღწევს ამ სფეროში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სფერო ფაქტებიდან არ მომდინარეობს. ამიტომ ფაქტებს იქ შეღწევა არ შეუძლიათ. ეს სულ სხვა რამის შესახებაა – ეს სფერო, თუმცაღა, ის მთლიანად ფარავს ფაქტებს. სენ-ლუს უყვარს რახილი, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელსაც ეს სფერო ფარავს და არა თავისთავადი ფაქტი, ეს სფერო ფაქტებიდან არ მომდინარეობს. ის ფაქტებიდან არ დაბადებულა და ფაქტები მას ვერ მოკლავს. რამდენიც გენებოთ, უთხარით სენ-ლუს, როგორია „სინამდვილეში“ რახილი, ვერ გააგებინებ. მაშასადამე, როგორც სხვა კუთხით აღვნიშნეთ, ეს არის ინდივიდუალური განცდის სინგულარული წერტილი, რომლის შიგნითაც სენ-ლუ არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ საკუთარი თავის რეალიზაციაც შეძლო თავის ადამიანურ ღირსებაში, მაღალ კრიტერიუმებში, საკუთარ თავთან გაიგივდა და, როგორც ვთქვი, ამის შეცვლა შეუძლებელია. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, დავრწმუნებულიყავი, რომ აქ ფაქტები ვერ აღწევენ (ფაქტების ნაცვლად შეგვიძლია ვთქვათ: რაციონალური არგუმენტები. რაციონალური არგუმენტები ყოველთვის ფაქტებს უთითებს), უბრალოდ იმიტომ, რომ ფაქტებიდან კი არა, სხვა ფსიქოლოგიური პროცესიდან გაჩნდა. იმ პროცესიდან, რომელსაც საკუთარ თავთან, საკუთარ „მე“-სთან გაიგივება ვუწოდე. საკუთარ თავთან თანხმობაში უნდა ვიცხოვრო და ამ ქვეყნად მხოლოდ ის უნდა მივიღო, რაც საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრების საშუალებას მომცემს. და თუკი ადამიანმა საკუთარ თავთან იგივეობა ფაქტის არ ცოდნით ან გაუაზრებლობის ხარჯზე მოიპოვა, ის ვერასდროს შეძლებს ფაქტის აღქმას; მეტიც, შენში სახიფათო ადამიანს დაინახავს, რომელსაც მისთვის ყველაზე ძვირფასის, კერძოდ – identity-ს დანგრევა სურს. საკუთარ თავთან იგივეობის დანგრევა.

ასეთი რამ ხშირად ხდება ეგრეთწოდებული იდეოლოგიების თუ მსოფლმხედველობების შემთხვევაში. მსოფლმხედველობა, ან იდეოლოგიები, არის სფერო, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან მიმართებაშია შეზრდილი. და ამაშია იდეოლოგიის ძალა, მისი ნგრევის შეუძლებლობა და მომაკვდინებელი ბუნება. ვინაიდან ადამიანისთვის ყველაზე დიდი ხიფათი საკუთარ თავთან თანხმობის, საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვაა. მაგრამ თუკი თავდაპირველად გარკვეულ ფასად მოიპოვე პატივისცემა, მერე ეს ფასი უზრუნველყოფს პატივისცემას. ანუ ის, რის გამოც გიყვარს, ჩაანაცვლებს მას, რაც გიყვარს. რაც გიყვარს, იმის პირობად იქცევა, რის გამოც გიყვარს. ვთქვათ, რახილი სიქველის წინაპირობად იქცევა და სიქველე, თითქოსდა, თავისთავად გიყვარს. გასაგებია? ასე რომ, მსოფლმხედველობების შემთხვევაში ძალიან ხშირად ასე ხდება; ერთხელ, როგორღაც, ჰაიტელებისთვის, ნამდვილი ჰაიტელებისათვის ფილოსოფიის ლექციის ჩატარება მომიწია, ერთგვარი განმანათლებლური ხასიათის ლექცია იყო. თან ფორმალურად იქიდან გამოვდიოდი, რომ საქმე განათლებულ ადამიანებთან მაქვს, რადგანაც საუბარი ფრანგულ ენაზე მიმდინარეობდა და უკვე თვით ფრანგული ენის ცოდნის ფაქტი განათლების გარკვეულ დონეზე და აზროვნების მოქნილი სტრუქტურის გარკვეული მინიმუმის არსებობაზე მიუთითებდა, რაც ადამიანებს, უბრალოდ, ენის ცოდნის წყალობით გამოუმუშავდებათ. თუ კაცმა ფრანგული ლიცეუმი დაამთავრა, ესე იგი, რაღაც უნდა იცოდეს. მე შევეჯახე მაგარ გაქვავებულ პუნქტებს იქ, სადაც ვცდილობდი, უბრალოდ, გარკვეული ფაქტები, მსჯელობები მომეხმო… შემდეგ მივხვდი, რომ აქ მთავარი არც უგუნურება და არც გონიერება არ ყოფილა, არამედ მათ ჰქონდათ სამყაროს უმარტივესი კლასობრივი სქემა, სადაც არსებობენ მდიდრები და ღარიბები, იმპერიალისტები, მუშები და გლეხები; რამდენადაც სქემა ძალიან მარტივია და ადამიანი ძალისხმევის გარეშე ითვისებს მას, მასზე დახარჯული გონებრივი შრომა ისეთია, რომ მან ეს ადამიანები დააკმაყოფილა საკუთარ თავთან მიმართებაში (ისინი სამყაროს გაგების მატარებლები გახდნენ, მათ სამყარო შეიცნეს); და ამიტომაც ისინი ამ სქემაზე უარს არასდროს იტყვიან. მხოლოდ თავიანთი პიროვნების სრულად გარდაქმნის ფასად. ეს კი ძალიან რთული რამ არის ადამიანისთვის. ადამიანი ზარმაცი არსებაა. სამყარო რთულადაა მოწყობილი, ტვინის ჭყლეტა, მუდმივად საკუთარ არსებაში ჩაღრმავება, საკუთარი თავის შეცვლაა საჭირო (აი, ჩვენი რომანი, პრუსტის რომანი, – საკუთარი თავის გარდაქმნის რომანია. და ამაშია ავადმყოფი, უბედური ავტორის გმირობა. პრუსტი საკუთარ თავს გარდაქმნით სამუშაოებს უტარებდა სიმამაცის ზღვარზე. მისი რომანი საკუთარი თავის შეცვლის და საკუთარი რეალური ბედისწერის მოხელთების ორგანოა.) იმ ადამიანებს კი, რომლებზეც ვსაუბრობ, იშვიათი გამონაკლისების გარდა ასეთ შრომაზე წასვლა არ სურთ (ვინაიდან ადამიანი ზარმაცია). სამყარო მათ თავშია მოქცეული, ამ სამყაროში მათ სამყაროს შემმეცნებელი ადამიანის ადგილი უკავიათ და ყველაფერი მარტივად ეჩვენებათ: არსებობენ იმპერიალისტები, არსებობენ სხვები და სხვები. არსებობენ მდიდრები, რადგანაც ღარიბებიც არსებობენ, ღარიბები კი იმიტომ არსებობენ, რომ მდიდრებიც არსებობენ; და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღარიბები აღარ იყვნენ? – უნდა გავანადგუროთ მდიდრები და მორჩა, სამყაროც მოწესრიგდება. და ამ სფეროში ფაქტები და არგუმენტები ვერ მოხვდება. აი, ხომ ხედავთ, რას ვაკეთებ ახლა? შეცვლილის შეუცვლელობის (ან ძნელად შეცვლის) კანონი ჩამოვაყალიბე, რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიურ და ცნობიერ ცხოვრებაში მოქმედებს. უფრო მეტიც, წვრილმანები დავასახელე, რომლის მიღმაც თვალი (ამ შემთხვევაში ფილოსოფოსის თვალი) ფიგურებს ხედავს. ამიტომაც ეს უკვე წვრილმანები კი აღარ არის, არამედ – საკმაოდ მსხვილი ფიგურების ელემენტები, იმ ფიგურების, რომლებსაც დიდი სივრცე და დრო უკავიათ; იმდენად დიდი, რომ ჰაიტიც კი ჩვენი მსჯელობის საგნად იქცა. მაშასადამე, სადღაც არსებობს რაღაც, რაც მოცემულ მომენტში ჰაიტელებთან გვაერთიანებს ან გვაზიარებს მათთან. გაზიარება კი მხოლოდ გაერთიანებულის, რაც შენთვის სულერთი არ არის, იმის შეიძლება. ის, რაც ჰაიტელების თავს ხდება, იმას, როგორც ისინი ცხოვრობენ და აზროვნებენ, მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ისინი ჩინელებივით მილიარდი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ უშუალოდ დავრწმუნდებოდით, რომ ამას მნიშვნელობა აქვს.

ნათქვამის შეჯამების სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ: ჩვენ განვიხილავთ იმას, რასაც პრუსტი ყველაზე ხშირად შთაბეჭდილებას უწოდებს (სიტყვა, რომელიც რომანის თითქმის ყველა გვერდზე მეორდება), მაგრამ ეს შთაბეჭდილება, როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებულია. ის შეიძლება შევუთავსოთ წერტილს, რომელსაც ახლა უკვე შეგვიძლია სინგულარული (ეს ტერმინი უკვე გამოვიყენე) ვუწოდოთ, ანუ ისეთ წერტილს, რომელშიც, მაგალითად, ფაქტები ვერ აღწევს. რომელშიც შეუძლებელია ცოდნის გადატანა: ის შეუვალია, მისი გაერთიანება შეუძლებელია. და აქვე, პრუსტთან, აღმოცენდება სამყაროთა სიმრავლის თემა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი