დიმიტრი უზნაძე – განწყობა ეპილეფსიის დროს

0
279

ეპილეფსიის შემთხვევაში განწყობის მოქმედების კიდევ უფრო გამოკვეთილ თავისებურებასთან გვაქვს საქმე. ეპილეპტიკის განწყობაც აგზნებადია, ტლანქია და სტატიკური. ამ მხრივ თითქოს არავითარი განსხვავება არ ჩანს მასსა და შიზოფრენიკს შორის. მაგრამ შემდგომი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ განსხვავება მაინც დიდია და ამავე დროს ძალიან დამახასიათებელიც.

საქმე ისაა. რომ ეპილეპტიკის განწყობის ირადიაცია უაღრესად შემოფარგლული აღმოჩნდა. იგი არა თუ ერთი სენსორული არიდან მეორეზე ვერ გადადის, იგი თვით ამ ერთს სენსორულ არესაც ვერ ფარავს. კერძოდ, ეპილეპტიკის რომ განმეორებით მისცე ხელთ შესადარებლად ორი სხვადასხვა მოცულობის ბურთი ერთიდაიმავე წესით და შემდეგ ტოლი ბურთები დაანახო და ერთმანეთს შეადარებინო, იგი მათ, შიზოფრენიკისგან განსხვავებით იმწამსვე ტოლად შეაფასებს.

როგორც ჩანს, აქტიური შეხების არეში შექმნილი განწყობა აქვე რჩება, იგი უფრო შორს არ ვრცელდება. კიდევ მეტი: შეუქმნათ მას ეხლა განწყობა ერთ ხელში. ხოლო ტოლი ბურთები მეორეში მივცეთ შესადარებლად. რა მოხდება? ილუზია არც ეხლა იჩენს თავს. დასკვნა ნათელია: ეპილეპტიკის განწყობა ლოკალურია. აღსანიშნავია, რომ იგი ისევე მტკიცედ კონსტანტური და სტაბილური აღმოჩნდა, როგორც შიზოფრენიკის ირადირებული განწყობა.
რასაკვირველია, ჩვენ შევხვდებით ე. წ. ეპილეპტიკთა შორის ისითებსაც, რომელთა განწყობაც სულ ასეთი არაა; მაგრამ ეს მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა, და გადახრა ამ შემთხვევაში არაა საკმარისი, ზემოაღნიშნული კანონზომიერების ფაქტიურობაში რომ ეჭვი შევიტანოთ, მით უმეტეს, რომ ამ გადახრას თავისი საფუძველი მოეპოვება, რასაც აქ ვერ შევეხებით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი