დამალული განცდებისა და ტკივილების შედეგად ჩამოყალიბებული ყველაზე პოპულარული ფსიქოსომატური დაავადება

0
885
ექიმ ნერვოლოგებს აქვთ ასეთი პოპულარული გამოთქმა: „ადამიანი არის ნერვული სისტემა, დანარჩენი ყველაფერი მისი დანართებია“. ხალხში კი ამბობენ: „ყველა დაავადება ნერვებისგან მოდის, მხოლოდ სიფილისი მოდის სიამოვნებისგან“! რა თქმა უნდა, ამ თემის გარშემო ხშირია კამათი, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი ასეთია: ადამიანის ცხოვრებაში რაც მეტია სტრესული სიტუაცია, მით ხშირად ავადმყოფობს ის და მით ძნელად უმკლავდება დაავადებებს. 

ამასთანავე, ბევრ დაავადებას აქვს ფსიქოსომატური საფუძველი (ბერძნული psyche – სული და soma – სხეული). ჩვეულებრივ დაავადება წარმოიშვება იმის გამო, რომ სული ინახავს თავის განცდებს. მაშინ, როცა ემოცია ვერ პოულობს გამოსავალს, სულის ფიალა (საწყობი) გადაივსება მისით და შიგთავსი ვერ პოულობს გამოსასვლელს, მისი გზა მხოლოდ სხეულზე გადის.

ფსიქოსომატური გაღიზიანების 7 მეტნაკლებად გავრცელებული მიზეზი:

შინაგანი კონფლიქტი – სიტუაცია, როცა ადამიანის სურვილის ერთი ნაწილი გაცნობიერებულია და ზედაპირზე დევს და მეორე – როგორც წესი, საპირისპირო – რაღაც მიზეზით არაცნობიერში იმალება. მაშინ ეს მეორე ნაწილი იწყებს არაცნობიერიდან „პარტიზანულ ომს“, რის გამოც შესაძლებელია წარმოიშვას ფსიქოსომატური სიმპტომები.

სხეულის ენა – სხეული ფიზიკურად გამოხატავს მდგომარეობას, რაც ხშირად გამოიხატება ფრაზებში: „ეს ისეთი თავის სატკივარია!“, „მე ამას ვერ ვხარშავ!“, „მე ამას ვერ ვინელებ!“, „ამის გამო გული საგულეს არა მაქვს!“, „მე ხელფეხშეკრული ვარ!“, „ყელში გამეჩხირა!“, „ამ სიტუაციამ დამანგრია!“ და კიდევ უამრავი… მისახვედრია, ამ ფრაზების გააზრების პარალელურად, როგორ რეაგირებს ჯანმრთელი ორგანიზმი შესაბამის გამუდმებულ პროგრამირებაზე.

მეორადი სარგებელი – ამ კატეგორიას განეკუთვნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც მოაქვთ გარკვეული პირობითი სარგებელი ავადმყოფისთვის. არა, ეს სიმულაცია არ არის, არამედ სრული რეალური დიაგნოსტირებული დაავადებაა. სრულიად შესაძლებელია, რომ ადამიანს ძალიან სჭირდება და უნდა ქონდეს უპირატესობა, რომელსაც ის იღებს მხოლოდ ავადმყოფობის დროს. ამიტომ სურვილები ჩაიფიქრეთ აკურატულად, იოცნებეთ ეკოლოგიურად, რადგან სურვილები ნებისმიერი გზით სრულდება.

წარსულის გამოცდილება – დაავადების მიზეზი ხშირად ხდება წარსულის ტრავმული გამოცდილება – ბავშობიდან წამოსული მძიმე ტრავმები. ეს შესაძლოა იყოს, როგორც ეპიზოდური შემთხვევები, ასევე ხანგრძლივი მოქმედების სულიერი ტკივილი, რომელიც აწმყოშიც აგრძელებს ადამიანზე ფარულ ზეგავლენას.

იდენთიფიკაცია – აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ფიზიკური სიმპტომი შესაძლოა განვითარდეს მეორე ადამიანთან ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობის, მასთან იდენტიფიკაციის დროს. ხშირად ამ პროცესს ახლავს ამ ადამიანის დაკარგვის ძლიერი შიში ან ეს ადამიანი უკვე დაკარგულია ამ დაავადების გამო.

შთაგონება – დაავადებაში დარწმუნებულობის დროს – თუნდაც ეს დაავადება არ დასტურდებოდეს – ადამიანი ზედმიწევნით ცდილობს მასში დარწმუნდეს, წარმოადგინოს მტკიცებულებები და სხვაც დაარწმუნოს. ამ მეთოდით ის არაცნობიერთან შეთანხმებით იწვევს (ეპატიჟება) დაავადებას. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმით ამ დაავადების „საჩუქრად მიღების“ და დანამდვილებით გაარსებითების შანსი დიდია.

თვითდასჯა – ავადმყოფობის დაპატიჟების ეს ფორმა დაკავშირებულია ადამიანის რეალურ, ხშირად დანაშაულის მტანჯველ განცდასთან. თვითსასჯელის მოფიქრება ამსუბუქებს დანაშაულის განცდას ისე, თითქოს გამოესყიდოს ის.

ფსიქოსომატური პრობლემები სრულებით რეალურია და როგორც სტრესული სიტუაციის, რთული ურთიერთობების, ფსიქიკაზე შინაგანი ზემოქმედების და სხვა აბსოლუტურად არაფიზიოლოგიური მიზეზების წარმოშობის დროს გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ბევრი მკვლევარი თვლის, თითქოს ფსიქოსომატური დაავადება წარმოიშვება სხვადასხვა ორგანოების ან სისტემების შიგნით, მისი საწყისია მიშვებული, უყურადღებო ცხოვრების სტილი, არასწორი კვება და დაავადებათა მემკვიდრეობითობაა.

იცნობდეთ ჩიკაგოს შვიდეულს! არა, ეს განგსტერების ცნობილი შვიდეული არ გახლავთ, არამედ ეს არის დაავადებათა ის მთავარი ჯგუფი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.

საუბარია 7 კლასიკურ ფსიქოსომატურ დაავადებაზე, რომლებიც 1950 წელს ფრანც ალექსანდერმა (ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა) ხაზგასმით გამოყო:

  1. ჰიპერტონია
  2. წყლულოვანი დაავადება
  3. ბრონქეალური ასთმა
  4. ნეიროდერმიტი
  5. ჰიპერტენზია
  6. წყლულოვანი კოლიტი
  7. რევმატოიდული ართრიტი

ალექსანდერის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ასევე შეიცვალა ფსიქოსომატური დაავადებების ნუსხა, დღეისათვის ის ძალიან გაზრდილი და მნიშვნელოვნად გაფართოვებულია: 

  1. პანიკური აშლილობა და ძილის დარღვევა
  2. ონკოლოგია
  3. ინფარქტი
  4. ნაწლავური გაღიზიანებები
  5. სექსუალური დარღვევები
  6. სიმსუქნე
  7. ნერვული ანორექსია
  8. ბულემია
ეს თუ სხვა დაავადებები ასევე ერთიანდებიან ფსიქოსომატურ დაავადებათა სიაში. 
რა არის აუცილებელი პირობა გამოჯანმრთელებისთვის?

ამ დაავადებების ფიზიოლოგიურ საფუძველთან ბრძოლის პარალელურად აუცილებელია ვიმუშაოთ მის ფსიქოლოგიურ მიზეზებზე. ზოგიერთი ექიმი დარწმუნებულია, რომ ფსიქოსომატური დაავადების დროს ფსიქოთერაპევტის დახმარება არა მხოლოდ დამხმარე, არამედ აუცილებელი საშუალებაა. თუმცა, რიგ შემთხვევებში დაავადების აღმოფხვრის ერთადერთ გზადაც კი გვევლინება ფსიქოლოგიური მიზეზის აღმოფხვრა, თუ ეს დაავადება ახალი დაწყეულია და კარგად ფეხმოკიდებული არ არის. სხეულებრივ დონეზე კი პროფილაქტიკის და დახმარების მიზნით პირველ რიგში აუცილებელია განვდევნოთ სტრესის თანმდევი მოვლენები და არ დავუშვათ ქრონიკული დაძაბულობები; დაავადებათა პრევენციისთვის, პროფილაქტიკისთვის ხშირად გაახარეთ თქვენი სხეული მასაჟით, ფიზიკური ვარჯიშით, სრულფასოვანი დასვენებით, სწორი და ჯანმრთელი კვებით, ისწავლეთ სტრესის კონტროლი და მოდუნება. რაც მთავარია: თუ სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია, შეცვალეთ თქვენი მისდამი დამოკიდებულება!

ფსიქოლოგები: ვერიკო გოჯიაშვილი, გვანცა ლელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი