ნინუცა კომახიძე – აზარტული თამაშების მანია

0
241

აზარტი რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, დაკავშირებული მოგების, გამარჯვების წინასწარ მოლოდინთან. ჭარბი აზარტულობისას ადამიანი ვეღარ აკონტროლებს ვერც საკუთარ მოქმედებებს და ვერც გარემოს. ხოლო როდესაც აზარტულობა ნაკლებია, ადამიანი მოშვებული, მოთენთილია, არ შეუძლია ჩაერთოს რაიმე შეჯიბრში, ან თუნდაც მიზნებზე იყოს ორიენტირებული. შესაბამისად, ზედმეტი არც ერთი მდგომარეობა ვარგა და არც მეორე. გაკონტროლებული აზარტი კი ძალიან სასარგებლო და საჭირო რამ არის, რადგან გამარჯვების მოლოდინი აუცილებელი და მნიშვნელოვანი სტიმულია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად.

ამ შემთხვევაში განვიხილავთ არა ცხოვრებისეულ, მრავალი სხვადასხვა გამოწვევისკენ მიმართულ, ჯანსაღად გაშლილ აზარტს, როგორც სასიცოცხლო, წინმსწრაფვ ენერგიას, არამედ კონცენტრირებულს, შეკუმშულს ერთი აკვიატებული ქმედებისკენ – თამაშისკენ.

რა ხდება როდესაც აზარტის სადავეები ხანგრძლივად გვისხლტება ხელიდან და გაღვივებულს, გამძაფრებულს საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებთ? ამ დროს აზარტი გადადის მანიაში, დამოკიდებულებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა ქცევითი აშლილობა, (ადიქცია) რომლის დროსაც იმპულსი და ლტოლვა გვაკონტროლებს და არა პირიქით.

აზარტომანია, იგივე გემბლინგი შეიძლება ჩამოუყალიბდეს ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, სოციალური მიკუთვნებულობის მიუხედავად.

აზარტული თამაშები შეიძლება დაიწყოს მარტივი, უბრალო გართობით და გადაიზარდოს სერიოზულ, არაჯანსაღ მოლოდინებში და მდგომარეობაში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად და რას თამაშობთ – ონლაინ, კაზინოში თუ ტოტალიზატორში. ყველა დაავადება იწყება სუსტად გამოხატული ნიშნებით და დროთა განმავლობაში ხარისხობრივად მძიმდება.

აზარტული თამაში, როგორც ნებისმიერი აკვიატებული, დესტრუქციული ქცევა, რომელიც არღვევს ცხოვრების რიტმს და ქმნის სირთულეს, ფასდება პრობლემად, მიუხედავად იმისა, მოთამაშე ხშირად თამაშობს ფულზე თუ იშვიათად, კონტროლი სრულად აქვს დაკარგული თუ ნაწილობრივ. პირველი სიმპტომები იმისა, რომ თამაში გასცდა უბრალოდ გართობის ზღვარს, არის, როდესაც ჩნდება სურვილი დავმალოთ ჩვენი ქცევა და დრო, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტი გვეხარჯება თამაშზე,.

გემბლინგის უარყოფითი შედეგები არ განისაზღვრება მხოლოდ ფინანსური დანაკარგებით. ის იწვევს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ფიზიოლოგიურ გართულებებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ აზარტომანი არ იღებს რაიმე კონკრეტულ ნივთიერებას, ნარკოტიკს, რომელსაც ცნობიერების შეცვლა შეუძლია.

განმეორებითი, აკვიატებული ქცევა და ფსიქიკური აღგზნებისას გამოყოფილი ჰორმონების სიხშირე, მათი სწრაფი მონაცვლეობა, რომელიც თამაშის პროცესს ახლავს თან, თავისთავად იწვევს ტვინის ემოციური ცენტრის – ლიმბური სისტემის ცვლილებას. შედეგად ხდება ზუსტად ისეთივე ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებები თავის ტვინში, როგორც ნარკოტიკების მიღებისას. აგრეთვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვა დამოკიდებულებების მსგავსად, გემბლინგი ხშირად კავშირშია სხვა სახის ემოციის დარღვევასთან და აშლილობებთან – შფოთვა, დეპრესია, პოლინარკომანია და სხვა.

უმეტესწილად, ადიქცია მეორადი დიაგნოზია, ის წყვილშია რაიმე სხვა სახის ფსიქიკურ მდგომარეობასთან, ამიტომ, იმისთვის რომ ეს მეორადად დაშენებული სენი გადაილახოს, აუცილებელია აღმოიფხვრას ის ძირითადი ბაზისური პრობლემებიც, რაც აქვს ადამიანს.
თუ აზარტული თამაშებისკენ ლტოლვა დაავადებად ჩამოყალიბდა, მას შეუძლია დაძაბოს ურთიერთობები, არიოს სამსახური, მიიყვანოს ადამიანი ფინანსურ გაკოტრებამდე, ჩაადენინოს ისეთი ქმედებები, რომლებსაც თავადაც ვერასდროს იფიქრებდა რომ ჩაიდენდა და ამგვარად სრულად დასახიჩრდეს პიროვნების სოციალური სხეული, ადამიანი ყოველდღე დარჩეს უფრო მარტო, მეტი ახლობლისგან ხელნაკრავი და უარყოფილი. მათში, კი ვინც არ კრავს ხელს დაავადებულ ახლობელს, ხდება როლის ცვლილება, როცა ნებისმიერი მანამდე თანაბარი მეგობარი თუ ნათესავი იძენს დამრიგებლის, გამკიცხავის, “უფრო ჭკვიანის” როლს და თანდათან სიტუაციის ამგვარ ცვლილებას თვიშეფასების განულებამდე მიყავს “გზააბნეული” მოთამაშე, რომელიც თავადაც არაცნობიერად მიელტვის ერთი მხრივ ამ ინფანტილურ, “ცუდი ბავშვის” როლს, მეორე მხრივ ბრალეულობის, დანაშაულის მტანჯველ გრძნობას.

როდესაც გემბლინგი ბოლომდე იპყრობს მოთამაშეს, ის მიდის განცდამდე, რომ ყველაფერი მორჩა, გაჩერება შეუძლებელია, ხშირად თვითმკვლელობის იდეაც კი აქტიურდება.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ეს შეემთხვა. მთავარია სახელი დაარქვათ მდგომარეობას და ნაბიჯი გადადგათ მასთან ბრძოლაში.
ბევრმა შეძლო ამ სენის დამარცხება.

თუ მოინდომებთ, სწორი მიდგომის, დახმარების შემთხვევაში თქვენც შეძლებთ თავის დაღწევას და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გავხდეთ თქვენი თანამებრძოლი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი