მაგდა ფერაძე – ადამიანები მძიმე დიაგნოზით

0
529

იბრძოდე ნიშნავს ცოცხლობდე, ცოცხლობდე ნიშნავს იბრძოდე! – პიერ ბომარშე

მე მივიღე ჩემი დაავადება, დღეს ჩემს გვერდით იჯდა. გაბერილი, გაბღენძილი საცოდავი სახით. დიდი გრძელი მსუქანი ცხვირით და დაძარღვული თვალებით. ხელი ხელში ჩაედო და ქვევიდან ამომხედავდა ხოლმე. ქვევიდან – იმიტომ რომ ჩემზე ბევრად პატარაა. მე დავყურებდი ზემოდან. არ მეზიზღებოდა, არ მეშინოდა და არც გაბრაზებული ვიყავი. უბრალოდ, ერთმანეთის ყურებაში ვხვდებოდით რომ აწი სულ ერთად უნდა გვევლო. საუბარია ჰოჯკინის ლიმფომაზე.

ადამიანის რეაქციას მძიმე დიაგნოზზე, არაერთი მკვლევარი იკვლევდა. ცნობილმა ფსიქიატრმა და თანატოლოგმა ელიზაბეტ კუბლერ – როსმა გამოჰყო ხუთი ეტაპი:

პირველი ეტაპი ეს არის – შოკი და უარყოფა. პაციენტს, რომელმაც შეიტყო მძიმე დაავადების არსებობის შესახებ თავდაპირველად შოკური რეაქცია აქვს და შესაძლოა მკურნალობაზე უარიც კი განაცხადოს.

მეორე ეტაპია – ბრაზი. ისმის კითხვა – რატომ მე? ბრაზი როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროს მიმართ.

მესამე ეტაპი – გარიგება. პაციენტს სწამს რომ თუ ქველმოქმედებას მიმართავს ეს დაეხმარება.

მეოთხე ეტაპი – დეპრესია ამ ეტაპზე პაციენტს იპყრობს უიმედობა და აპათია, ასევე შფოთვა და შიში. ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ღრმა დეპრესია.

მეხუთე ეტაპი- მიღება. ამ ეტაპზე ხდება გაცნობიერება. პაციენტს გადამუშავებული და მიღებული აქვს დიაგნოზი და იწყებს ბრძოლას. ბრძოლას სიცოცხლისათვის.

სამყაროში უამრავი ადამიანი იტანჯება, სხვადასხვა ტიპის დაავადებების მძიმე დიაგნოზით და მისი მიუღებლობით. მოსალოდნელ სიკვდილის შიშს, ფსიქიკა არაცნობიერში დევნის საიდანაც, მოუშუშებელი წყლულების სახით გვახსენებს თავს. ტოქსინებმა, რომლებიც, შიშის სახით აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში მოიცვეს ადამიანის მთლიანი ორგანიზმი. დაამსხვრიეს და დაანაწევრეს.

ფსიქოთერაპია მძიმე დიაგნოზის დროს, მეხუთე ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. სულის სადინარების გახსნას და მომწამვლელი ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. გაცნობიერებას და მიმღებლობას, რის შემდეგაც ადამიანი იწყებს ბრძოლას. ბრძოლას სიცოცხლისათვის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი