ნონა ხიდეშელი:,,ჩვენ საკუთარი ილუზიებისა და წარმოსახვების ტყვეობაში ვიმყოფებით”

0
936

ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი სირთულე იმაშია, რომ მუდმივად შექმნილი გვაქვს რაღაც იმიჯი საკუთარ თავზე და გვეშინია, რომ ჩვენივე წარმოსახვით შექმნილი სამყარო თავზე არ ჩამოგვენგრეს, რადგანაც აქ გარკვეული სახელი და მდგომარეობა გვაქვს და თუ ის აღარ იარსებებს, ჩვენც აღარ ვიქნებით ის, რაც ახლა ჩვენი აზრით ვართ, ეს კი ჩვენს ამბიციებს პირდაპირ სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს. ამიტომაა რომ რეალურად სულაც არ გვსურს საკუთარი თავის გაშიშვლება, უბრალოდ ზედაპირულად ვაღიარებ, რომ ვარ ამპარტავანი, ცოტა ეგოისტი, უსამართლო და სუბიექტური, მაგრამ იქვე თავს დავიმშვიდებ, რომ ეს ყველაფერი ადამიანურია და ცოტ-ცოტა ნაკლი ყველას აქვს და ა.შ.

რელიგიური ადამიანი, რომელიც მართალია უკვე დიდი ხანია სასულიერო კანონებით ცხოვრობს, მაგრამ მაინც მუდამ ვიღაცას განიკითხავს,  განსჯის, აღსავსეა ისევ ისე შურითა და ამბიციებით, მაგრამ პრობლემად ეს სულაც არ მიაჩნია, მთავარია ხომ ინანიებს ამას სისტემატურად, რაც უკვე ნიშნავს რომ ოდესმე ღმერთი გაათავისუფლებს მათგან……

ჩვენ საკუთარი ილუზიებისა და წარმოსახვების ტყვეობაში ვიმყოფებით, სინამდვილეში რომ გვაწუხებდეს ჩვენი მანკიერი თვისებები, გნებავთ ცოდვები, აუცილებლად მოვახერხებდით მათგან თავის დაღწევას და მუდმივად მომავალში არ გადავდებდით ყველაფერს. დავანებოთ დროში ხეტიალს თავი და მყარად დავდგეთ აწმყოში, მოცემულ წუთში. გავაშიშვლოთ ჩვენი ცნობიერება, რეალურად დავინახოთ რა პროცესები მიდის მასში, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში, როგორია ჩვენი რეალური სახე, რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია და მომავალი თვითონ იზრუნებს საკუთარ თავზე, როგორც იესო ქრისტემ ბრძანა:,,ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე, ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავის საზრუნავი”.

დიდი გერმანელი მოაზროვნე მაისტერ ეკჰარტი წერდა:,,ადამიანები ასე ბევრს არ უნდა ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, არამედ უნდა გაიაზრონ ის, თუ თავად რას წარმოადგენენ. თავად ისინი თავიანთი გზებით კეთილნი რომ ყოფილიყვნენ, მათი საქმეებიც დიდებულად გაბრწყინდებოდა, არ იფიქრო რომ სიწმინდის დაფუძნება რაიმეს კეთებაზე შეიძლებოდეს, პირიქით, სიწმინდე უნდა დაეფუძნოს ყოფიერებას, რადგან არა საქმენი გაგვაწმიდანებენ ჩვენ, არამედ ჩვენ უნდა გავაწმიდანოთ ისინი”.

ჩვენ ვგეგმავთ და ვაშენებთ  წარმოსახვაში მომავალს, თუმცა არ ვიცით შეგვწევს თუ არა ძალა მიზნის მისაღწევად. შეხედეთ ზოგიერთ პოლიტიკურ ან სასულიერო მოღვაწეს, პირდაპირ საცოდაობაა მათი ყურება, რაღაც გზებით მოახერხეს ამ მდგომარეობამდე მიღწევა, მაგრამ არა თუ თავს ვერ ართმევენ საკუთარ საქმეს, ვერც კი ხვდებიან სად იმყოფებიან და რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ, არც საკუთრ თავს არგიან და არც სხვას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი