ნათია ფანჯიკიძე:,,არასოდეს გავიხადოთ მიზნად ადამიანის შერცხვენა, – ეს შესაძლოა მისი სულის ნაწილების მკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდეს”

1
8648

იყო ჩემს ბავშვობაში ასეთი თამაში.  

ხელჩაკიდებული ბავშვების ორი ჯაჭვი ერთმანეთის პირისპირ, მოშორებით დგებოდა.

“ვისი სული გსურს?”- გაისმოდა ერთი მწკრივიდან, მეორე მხრიდან დაიძახებდნენ სახელს…

არჩეული “სული” თავდაუზოგავად უნდა გაქცეულიყო მოპირდაპირე მწკრივისკენ და გაქანების და დაჯახების ძალით ხელების ჯაჭვი გაეწყვიტა. თუ გაწყვეტდა, ვის “სულსაც” უნდოდა, აირჩევდა და თავის მწკრივში წაიყვანდა, თუ ვერ გაწყვეტდა, რჩებოდა მოწინააღმდეგე ჯაჭვში…

“თვითმკვლელობა თავისი შინაგანი არსით წააგავს სიყვარულს”- ფროიდის ამ სიტყვებს ინდოელი პოეტების შთამომავალი, ფილადელფიელი პროფესორი სალმან ახტარი “პირიქით” იმოწმებს – “უსიყვარულობის გამო ხდება თვითმკვლელობა, უსიყვარულობა იწვევს დეპრესიას”.

დიახ, სიყვარულს გავს. სული გემეტება ამოსაგლეჯად, რადგან მისი ზიდვა აღარ შეგიძლია. მძიმეა და ტკივილით გადავსებული, ისე როგორც არასდროს.

დიახ, უსიყვარულობის გამო გემეტება, რადგან გეჩვენება, რომ ის არავისთვისაა საჭირო და საკმარისად მნიშვნელოვანი. შენი სული მსხვრევადია და ფაქიზი და არ შეუძლია გამკლავება გარესამყაროს უხეშობასთან. მას ყველაფერი ტკივილს აყენებს, როგორც უპასუხოდ დატოვებულ შეყვარებულს.

დეპრესიისკენ მიდრეკილ ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ დასაყრდენები. მათ ყველა ფსიქოტიპზე უფრო იშვიათად შეუძლიათ  საკუთარი სულის დამოუკიდებლად ზიდვა.

“ვისი სული გსურს?”

“ნათიასი!” – უსიტყვოდ კარნახს ცდილობს გული.

ნეტავ ამომირჩიოს..

ან იქნებ სხვებმა ამომირჩიონ… გავიქცევი, ძალიან სწრაფად გავიქცევი და გავწყვეტ ჯაჭვს, ხელს ჩავკიდებ და წამოვიყვან…

ვერა… ვერ გავბედავ ყველას დასანახად მის წამოყვანას…

ნელა გავიქცევი, ვეცდები არ გავწყვიტო ჯაჭვი და დავრჩე მის გვერდით. ხელები გვექნება ჩაკიდებული და ასე ვიქნებით.  შეშინებული მივუგდებ ყურს, ვინმემ ჩვენ ორიდან ერთ-ერთი არ ამოგვირჩიოს და იძულებული არ გავხდე, გავუშვა ხელი და ისევ გავიქცე, ან ის გაიქცეს.

თუ მაინც მომიწევს გაქცევა, ვეცდები აუცილებლად გავწყვიტო ჯაჭვი, გამოვიყოლო საპირისპირო მხრიდან სხვა და დავბრუნდე უკან, სწრაფად, მასთან.

“ისე მრცხვენია თქვენი, მინდა დაგხოცოთ, რომ ვერ დაინახოთ რა არარაობა ვარ და თუ ვერ გერევით, თუ თქვენ ვერ დაგხოცავთ, მაშინ თავს მოვიკლავ! იაპონელი სამურაები სირცხვილის გამო იტარებდნენ ხარაკირს, მხოლოდ სირცხვილის გამო! სირცხვილის გრძნობა იწვევს დეპრესიას!” – ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პაციენტის სიტყვებია. ამ სიტყვებმა მეტი მასწავლა, ვიდრე რომელიმე სახელმძღვანელომ.

არასოდეს გავიხადოთ მიზნად ადამიანის შერცხვენა, – ეს შესაძლოა მისი სულის ნაწილების მკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდეს.

დეპრესიას, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ციკლურობა ახასიათებს, თითქოს პერიოდულად ჩერდები რომელიღაც ზღურბლთან და განვლილი მანძილის შეჯამებას იწყებ.  შეუბრალებელი ფრაზაც – “სინამდვილეში სწორედ ისეთები ვართ, როგორც დეპრესიის დროს ვგრძნობთ თავს”, კვლავ ფროიდს ეკუთვნის.

ეს მდგომარეობა საკუთარი თავისთვის ულმობელი სილის გარტყმას გავს და თუკი ფროიდთან კამათს არ გავმართავთ და ჩავთვლით, რომ ხანდახან თავის ასე გრძნობაც საჭიროა, მაშინ ალბათ მხოლოდ ხანდახან და მხოლოდ ძალიან ცოტა ხნით.

დეპრესია არსებობს მიზეზით, ეგზოგენური: გლოვის მდგომარეობა, გადატანილი გასაჭირი, ხანგრძლივი ფსიქო-სოციალური უარყოფითი ველი, სხვადასხვა სტრესი და უსიამოვნება …

დეპრესია არსებობს “უმიზეზო” – ენდოგენური, ბიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული. ორივე შემთხვევაში ტვინში ცვლილებები ხდება, იცვლება ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის კონცენტრაცია, ნერვულ ქსოვილში ირღვევა იმპულსის გადაცემა. თუმცა ამ ბლოგით სამედიცინო გზით არ მინდა გატაროთ, მინდა დეპრესიის ფაქიზი შინაარსი, მისი ხასიათის თვისებები გავხადო  მეტნაკლებად, გარკვეულწილად საგრძნობი.

“რომ მოვკვდები, იტირებენ. რომ აღარ ვიქნები, მეტად შემიყვარებენ.” – მოზარდული დეპრესიის ერთ-ერთი ხშირი ფიქრი, საკუთარი პანაშვიდის და ატირებული ახლობლების წარმოსახვა თვითონვე იძლევა შინაარსობრივად მოზარდივით გამჭვირვალე პასუხს.

თუ გრძნობთ, რომ თქვენი მოზარდი ხშირად უბრუნდება სიკვდილის თემას, წერს სიკვდილით გაჯერებულ ლექსებს, მოთხრობებს, მას მეტი სჭირდება თქვენგან. მეტი ჩახუტება, მეტი საუბარი, მეტი აღიარება…

“უვარგისი ვარ და არაფერი გამომდის”, – ყველაზე არასწორი აზრი საკუთარი თავის შესახებ ხშირად იმ ადამიანებს უყალიბდებათ, რომლებსაც მშობლები საკუთარ ოცნებებს ახვევენ თავს და უყენებენ ისეთ მოლოდინებს, რაც ბავშვის ძალას აღემატება.

“თუ თევზისგან მოველით ფრენას, მას თავი უძლური ეგონება”. სჯობს ვაცადოთ, თვითონ განსაზღვროს ადამიანმა თავისი ძალა და ინტერესები.

შევამციროთ კრიტიკა. საკუთარი თავის კმაყოფილიც ვერ ვიქნებით ვერასდროს ბოლომდე, მითუმეტეს შევეშვათ სხვების “სრულყოფას”.

დეპრესიის ატიპიური გამოვლენაა, როცა ადამიანი ერთი შეხედვით სახალისო, მაგრამ ზედმეტად სარისკო ქცევას ხშირად იმეორებს, – ეტანება მავნე ნივთიერებებს, ექსტრემალურ სპორტს, დააქროლებს მანქანას სწრაფად, არ უფრთხის სხეულის დაზიანების მაღალ რისკს, ერთვება აზარტულ თამაშებში.

“ღმერთი ზრდილი მეზობელია, საერთოდ არ მაწუხებს, ჩამიჩუმი არ ისმის მისგან”, – ესეც ჩემი ერთ-ერთი პაციენტის სიტყვებია, რაშიც არ გაგიჭირდებათ უნივერსალური მშობლის მიმართ ირონიული საყვედურის ამოკითხვა, სინამდვილეში რომ ბიოლოგიურ მშობლებს და მათი მხრიდან ემოციურ სიცივეს, გრძნობით დეფიციტს აღწერს.

ზოგჯერ კი პირიქით, გადაჭარბებული ზრუნვით, მუდმივად სხვისი მზა ემოციით ავსებით და მუდმივად ჩამორთმეული ინიციატივის გამო ფერხდება ინდივიდუალური განვითარება და ადამიანს მხოლოდ სხვასთან სულიერად ზედმეტად შერწყმის გზით წარმოუდგენია არსებობა. მაშინ მას რელიგიაც პასიურად ესმის, საკუთარი აზრის, ანალიზის და ქცევის არჩევანის გარეშე.

დეპრესია შესაძლოა მიმდინარეობდეს შფოთვითი, აღგზნებული, “ბრაზიანი” ფორმით, ან დაქვეითებული გუნებაგანწყობით. უძილობით ან გადაჭარბებული ძილით, მადის კლებით ან მადის მატებით… ნებისმიერ შემთხვევაში თან ახლავს მძიმე გრძნობები, დანაშაულის, უიმედობის, უვარგისობის, არარაობის განცდა. მძიმე შემთხვევაში აზროვნების პროცესის, სხეულებრივი შეგრძნებების დაქვეითება და თვითმკვლელობის სურვილი.

“მინდა რომ მოვკვდე” – მეუბნება პაციენტი.

“მეც” – ვპასუხობ მე.

სიკვდილი ფინიშია და ფინიში, დასასრული, შინაარსობრივად ყველაზე მნიშვნელოვანია. არათუ მნიშვნელოვანი, ის მიზანია.

მაგრამ მიზნამდე უნდა მიაღწიო, პირდაპირ ფინიშის აბრასთან დადგომა არ შეიძლება. თამაშის წესი ყველამ უნდა დაიცვას.

თამაში უსასრულო არაა. რადგან დავიწყეთ, დავრჩეთ ბოლომდე. დავუძახოთ ერთმანეთს. ავირჩიოთ ერთმანეთი.

ყურადღებით ვითამაშოთ, ვინმე არ გამოგვრჩეს…

დეპრესია იკურნება.

წყარო:liberali.ge

1 გამოხმაურება

  1. ჰაერივით გვჭირედება ნათიას სტატიები,ის თერაპიის კურსს გვიტარებს შორიდან <3

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი