დიმიტრი უზნაძე – განწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში

0
150

თუ განწყობა მართლა ესოდენ დიდ როლს თამაშობს ჩვენი ქცევის თუ განცდის მიმდინარეობაში, თუ მართლა ისაა, რომ პირველ რიგში იცვლება სინამდვილესთან ჩვენი ურთიერთობის შეცვლასთან ერთად და ჩვენი განცდის თუ ქცევის თავისებურებას განსაზღვრავს, მაშინ, ცხადია, რომ პათოლოგიურ შემთხვევებში განწყობის შესწავლას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საქმე ისაა, რომ აქ, პათოლოგიურ შემთხვევებში, ქცევის მკვეთრად გამოვლენილი გადახრის ან გამრუდების სხვადასხვა ფორმას ვხვდებით; და ეს გარემოება პირდაპირ გვაფიქრებინებს, რომ, თუ ჩვენი დებულება განწყობის მნიშვნელობის შესახებ სწორია, მაშინ აქ, ამ პათოლოგიურ შემთხვევებში, განწყობის მოქმედების უეჭველად ამდენადვე განსხვავებულ ფორმებთან უნდა გვქონდეს საქმე.

პათოლოგიურმა თავისებურებებმა განსაკუთრებით მკვეთრად სწორედ ფიქსირებული განწყობის მოქმედებაში უნდა იჩინონ თავი. იმიტომ რომ, როგორც ცნობილია. ავადმყოფური ფსიქიკისთვის განსაკუთრებით სხვადასხვაგვარი ფიქსაციის მოვლენებია დამახასიათებელი და მართლაც, სათანადო ცდების შედეგად საბოლოოდ გამორკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფიქსირებული განწყობის მოქმედება პათოლოგიურ შემთხვევებში საზოგადოდ საკმაოდ თავისებურია. და, გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ ეს მოქმედება სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში იმდენად სპეციფიკურია, რომ ამის მიხედვით ამ უკანასკნელთა საკმაოდ შორსმწვდომი დიფერენციაცია ხერხდება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს შემდეგი: ზემოთ. როდესაც განწყობის პროცესის შესახებ გვქონდა საუბარი, ჩვენ დავრწმუნდით, რომ იგი, თეორიულად მაინც, ექვს განსხვავებულ საფეხურს ან ფაზას შეიცავს. მაგრამ პრაქტიკულად, ცალკეული ნორმალური ადამიანების შემთხვევაში, ეს ფაზები არასდროს სისრულით არ გვეძლევა: როგორც წესი, ისინი მჭიდროვდებიან და, ჩვეულებრივ, არსებითად სულ სამს თუ ოთხ ფაზაში ერთიანდებიან.

სულ სხვაა პათოლოგიური პირების შემთხვევაში; რასაკვირველია: ექვსივე ფაზის სრული გამოვლენის ფაქტთან არც აქ გვაქვს საქმე. მაგრამ აქ არც მათ იმგვარ შემჭიდროებას აქვს ადგილი, როგორსაც ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანების შემთხვევაში ვხვდებით.
უფრო დამახასიათებელი აქ შემდეგი გარემოება აღმოჩნდა: ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში წინ იწევს განწყობის მოქმედების რომელიმე ერთი ან მეტი ცალკეული ფაზა, ხშირად ის, რომელიც ჯანსაღი ადამიანის შემთხვევაში იმდენად დაჩრდილულია, რომ მისი არსებობა მხოლოდ თეორიულად თუ შეიძლება იგულისხმო. საინტერესოა, რომ სხვადასხვა დაავადების დროს სწორედ სხვადასხვა ფაზა წამოიწევს ხოლმე პირველ პლანზე. როგორც ვხედავთ, ეს გარემოება იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ განწყობის რეგრესული განვითარების ის ფაზები, რომლის არსებობაც ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში მხოლოდ თეორიულად უნდა იქნეს მიღებული, აქ, პათოლოგიური ქცევის შემთხვევაში, ხელსახებ ფაქტად იქცევა.

მეორე გარემოება, რომელიც დამახასიათებელი აღმოჩნდა, ეს ისაა, რომ პათოლოგიური შემთხვევებისთვის განწყობის მოქმედების სწორედ ის სახეებია სპეციფიკური და, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი, რომელნიც ნორმალური ცდისპირების შემოწმების დროს მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ გვხვდებიან. სანიმუშოდ გავეცნოთ განწყობის მოქმედებას რამოდენიმე განსაკუთრებით ცნობილ დაავადებათა შემთხვევებში, სახელდობრ, ეპილეფსიის, შიზოფრენიისა და ისტერიის შემთხვევებში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი