ნონა ხიდეშელი:,,პრობლემა ჩვენი არასწორი აზროვნებაა, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სრული არ ცოდნა”

0
852

კარლ გუსტავ იუნგი წერდა:,,ვიღას ახსოვს, რომ ჩვენი ცნობიერება მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირია, ჩვენი ფსიქოლოგიური არსებობის ავანსცენაა. თავი მარტო ერთი ბოლოა, ცნობიერების უკან კი მერყეობის, უსუსურობის, კომპლექსების, ცრურწმენებისა და მემკვიდრულ მონაცემთა გრძელი ისტორიული კუდი აბია, რომელსაც ანგარიშს არასოდეს ვუწევთ. სულ გვგონია, რომ სერიოზული მიზეზების მიუხედავად, ყოველგვარი ზიგზაგების გარეშე შევძლებთ წინსვლას და ამიტომაა,  ხშირად ლიანდაგებიდან რომ ვვარდებით, _ სწორედ იმიტომ, რომ ამ “კუდს” არ ვეპუებით”.

ვფიქრობ ეს ძალიან ნათელი განსაზღვრებაა იმის, თუ რატომ გვემართება მუდმივი იმედგაცრუებები, ალბათ გასაგებია, რომ როდესაც მწვერვალისკენ მივისწრაფვით ამბიციისგან აღტკინებულნი, არ ვფიქრობთ რამდენად თანხმიერია ჩვენი რეალური შესაძლებლობები ჩვენს სურვილებთან და მისწრაფებებთან.

იქნებ აწმყოში მყარად და მთელი შეგნებით რომ ვმდგარიყავით, გვეფიქრა და გვეაზროვნა სიღრმისეულად, კარგად შეგვესწავლა ჩვენს ცნობიერსა თუ არაცნობიერში მიმდინარე პროცესები, იმედგაცრუებაც ნაკლები იქნებოდა და ცხოვრებაც გაცილებით მარტივი და სასიამოვნო ყოფილიყო.

ადამიანი რომელიც სოფელში ცხოვრობს  და მიწათმოქმედებას ეწევა, თეორიული ცოდნითა და დიდი ამბიციებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ მყარად დგას აწმყოში და აკვირდება ბუნებრივ მოვლენებს, მიწის სტრუქტურას, აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას რა და როდის უნდა გააკეთოს, ხე როდის მოჭრას და როდის დარგოს. იგი ოცნებებით აღტკინებული კი არ დაფრინავს, არამედ მთელი არსებით დღევანდელობაშია, რათა ბუნების კანონზომიერებას ჩასწვდეს და ხვალ სულიერადაც და ფიზიკურადაც კმაყოფილი იყოს.

ჩვენ განვიცდით რაციონალური აზროვნების ნაკლებობას, ჩვენი უბადრუკი სურვილები და ამბიციები ისე გვაბრმავებს, რომ რეალობის დანახვა არ შეგვიძლია. ვერ ვახერხებთ მარტივად, ყოველდღიური სიმშვიდით ვიცხოვროთ, უბრალოდ ვიყოთ ის რაც ვართ, დავტკბეთ ჩვენი ურთიერთობებით, სამყაროს მშვენიერებით, ვიყოთ მადლიერი იმის რაც გაგვაჩნია და კარგად დავაკვირდეთ მოცემულ რეალობას და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ.

ჩვენი უბედურება, ჩვენი თვითშეფასება და მუდმივი იდენტიფიკაციის სურვილია. სულ ვიღაცას ვედრებით, გვინდა ჩვენი სახელი რაღაც დიადთან ასოცირდებოდეს, ყველა გვიცნობდეს, პატივს გვცემდნენ, გვაღიარებდნენ და ა.შ. თუ რაღაც ფორმით ჩვენი ამბიცია წარსულში იყო დაკმაყოფილებული, სულ იმას მივტირით, იქ ვცხოვრობთ, იქიდან ვიყურებით და შესაბამისად დღითიდღე ვცდებით რეალობას, თუ წარსულზე არ ვფიქრობთ,  მაშინ მომავალს გავყურებთ და მთელს ჩვენ აუხდენელ ოცნებებს მას ვუკავშირებთ. ისე ავკიდებთ ხოლმე მომავალს მთელს ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს, არც კი ვუფიქრდებით, მართლაც რომ ასრულდეს ეს ყველაფერი, რა შედეგს მოგვიტანს  ჩვენ, ან იმ ადამიანებს, ჩვენს ირგვლივ რომ არიან.

შეუძლებელია არ შევეხოთ ჩვენს  ზნეობრივი თუ სულიერი სრულყოფის ე.წ. დროში გაწერას. მაგალითად თუ დღეს ხარბი, ანგარებიანი,  ამპარტავანი ამ მოძალადე ვარ, ხვალ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის ან ფილოსოფიური სწავლების მიმდევარი გავხდები და შევიცვლები. დღეს შეიძლება ვაწყენინო ვინმეს, გული ვატკინო, უსამართლოდ მოვექცე, მაგრამ წავალ ეკლესიაში და მოვინანიებ, ან დრო გავა და შევიცვლები და ა.შ.

ალბათ გასაგებია რა აბსურდამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა აზროვნებამ, შესაძლებელია ყოველ დღე ვიაროთ ტაძარში ამ მიზნით, მაგრამ ათი ან ოცი წლის შემდეგაც კი ვერ გათავისუფლდე რეალურად ამ განცდებისგან. საჭიროა კარგად დავფიქრდეთ, რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს ზნეობრივ ცხოვრებასთან, სინამდვილეში რამდენად გვინდა რომ რაიმე შევცვალოთ ჩვენში და რას ვაკეთებთ ყოველივე ამისათვის.

როდესაც ფიქრობ, რომ რაიმე ისეთი თვისება გაქვს, რაც გაწუხებს და ოდესმე უნდა გათავისუფლდე მისგან,  ეს უკვე ნიშნავს რომ ვერასოდეს დააღწევ თავს მას, შენ ის გადადე სამომავლოდ და ეს მომავალი  შეიძლება არასოდეს დადგეს. აუცილებელია ამ საკითხისადმი მიდგომა შევცვალოთ და ყოველი დანახული შემაწუხებელი განცდა მაშინვე გავიაზროთ, ანუ როგორც კი აღმოაჩენ რომ რაიმეს არასწორად ფიქრობ ან აკეთებ, იმ წუთასვე დააკვირდი ამ ფაქტს, კარგად შეისწავლე და გამოიკვლიე, გაცნობიერება უკვე პროგრესი და ცვლილების დასაწყისია.

გუშინ თუ ფიქრობდი რომ ხარბი არ იყავი, მაგრამ დღეს რაღაც მომენტმა, გნებავთ საღმა აზრმა,  ეს თვისება დაგანახა საკუთარ თავში, უკვე ნიშნავს რომ პრობლემის გადაჭრასთან ძალიან ახლოს ხარ.

დააკვირდი ამ თვისებას, საიდან მოდის, საიდან იღებს სათავეს, რა როლს თამაშობს შენი ეგო და “მე” მის არსებობაში და თუ შეძლებ პირისპირ შეხედო მას,  არ გაექცევი და არ უკუაგდებ,  ავტომატურად გათავისუფლდები მისგან, ანუ სიღრმისეულ გაცნობიერებასა და გააზრებას თავისთავად მოაქვს ტრანსფორმაცია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი