ძალადობის ფილმების ყურება და აგრესია

0
224

ბოლო პერიოდში სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა კინოფილმებსა და ტელე ეკრანებზე მოჭარბებული ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. ფსიქოლოგების კვლევის საგანი გახდა , საკითხი თუ რა კავშირია ტელეკრანებზე ძალადობის ფილმების ხშირ ექსპოზიციასა და მაყურებლის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, აგრესიულობის დონეს შორის. უამრავი გამოკვლევა მიეძღვნა ამ საკითხს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს, გაკეთდა დასკვნა, რომ მედიუმების საშუალებით ძალადობის ხშირი ექსპოზიცია წარმოადგენს ერთერთ ფაქტორს, რომელიც განსაზღრავს საზოგადოებაში აგრესიულობის მაღალ დონეს. კვლევების მრავალი განსხვავებული მიმართულება, შესაძლოა განსხვავებული საშუალებებით, თითქოსდა ადასტურებს საკითხის ასეთ ინტერპრეტაციას.

უ.ყ. ასეთ ინტერპრეტაციას ადასტურებს ლაბორატორიული კვლევები. ერთერთ ადრინდელ კვლევაში, ბავშვები უყურებდნენ მოკლე ფილმს, სადაც მოზრდილი წარმოადგენდა აგრესიულ მოდელს (ბანდურა, 1965). ფილმში მოზრდილი რომელიც გარკვეულ საქმიანობას ეწეოდა, გამოხატავდა გამოკვეთილ აგრესიას რეზინის თოჟინის მიმართ. ბავშვების მეორე ჯგუფი ასევე უყურებდა იმავე მოკლე ფილმს, იმ განსხვავებით, რომ ფილმიდან ამოღებული იყო აგრესიის გამომხატველი სცენები. ამის შემდეგ ბავშვებს ტოვებდნენ მარტო და აკვირდებოდნენ მათ ქცევას. სიტუაციაში არსებობდა რეზინის თოჯინა რომლის მიმართ ფილმში ხორციელდებოდა აგრესია. შედეგები აჩვენებდა, რომ ბავშვები რომლებმაც ნახეს ფილმი აგრესიული მოდელით თვითონაც გამოხატავდნენ გამოკვეთილ აგრესიას რეზინის თოჯინის მიმართ. მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფის ბავშვები რეზინის თოჯინის მიმართ ინდიფერენტულები იყვნენ.

მსგავსი ეფექტი დადასტურდა ტელეგადაცემების ყურებისას, სადაც ხდებოდა ძალედობის ფილმების დემონსტრირება. სუბიექტებს ფილმის ყურების შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდათ თვითონ გამოეხატათ აგრესია. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც ნახეს ძალადობის ფილმი ავლენდნენ გაცილებით მეტ აგრესიას ვიდრე ის ბავშვები, რომლებმაც ნახეს არა ძალადობრივი ფილმი. ანალოგიური კვლევა ჩატარდა მოზრდილებზეც, და მიღებულ იქნა იგივე შედეგი.

ერთი სიტყვით, დღეისათვის სოციალურ ფსიქოლოგიაში უფრო მხარდაჭერილია მოსაზრება, რომ სუბიექტები, რომლებიც უყურებენ ე.წ. ძალადობის ფილმებს ძალადობის უფრო მაღალ დონეს ამჟღავნებენ ვიდრე ისინი რომლებიც არ უყურებდნენ ასეთ ფილმებს.

ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული კვლევებიდან, რომელიც განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარდა. ე.წ. ხანგრძლივი ველის კვლევებში, სუბიექტების განსხვავებულ ჯგუფებს ეძლეოდათ შესაძლებლობა ენახათ განსხვავებული რაოდენობის ძალადობის გამომხატველი ფილმები. შემდეგ ბუნებრივ სიტუაციაში აკვირდებოდნენ სუბიექტების ქცევას და ხდებოდა აგრესიის გამოვლენის დონის ფიქსირება..

მაგ. ლეგენსი და მისო კოლეგები (ლეგენს და სხვ. 1975), პრივატ-სკოლის მოსწავლე ბიჭების ორ ჯგუფს უჩვენებდნენ ფილმებს. ერთი ჯგუფი ნახულობდა ძალადობის გამომხატველ ხუთ ფილმს, თითოს ყოველ დღე, მაშინ როცა მეორე ჯგუფი ნახულობდა ხუთ ნეიტრალურ ფილმს, თითოს ყოველდღე. ამის შემდეგ აკვირდებოდნენ ამ ბიჭებს, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი მათ ყოველდღიურ სიტუაციაში- მეგობრებთან ურთიერთობაში პედაგოგებთან ურთერთობაში და ა.შ.

კვლევის შედეგები ადასტურებდა მედიუმებით ძალადობის ფილმების ყურებასა და მაყურებლებში აგრესიას შორის კავშირს იგივე ეფექტი დადასტურდა მოზრდილებშიც. მაგ. აღმოჩნდა, რომ (ფილიპს, 1983) შეერთებულ შტსტებში მკვლელობების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება მძიმე წონის მოკრივეთა შორის მსოფლი ჩემპიონობისთვის ბრძოლის მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ვარაუდობენ, რომ ყოველივე ეს მიუთითებს მედიუმების საშუელებით ძალადობის ფილმების ჩვენების მნიშვნელოვან სოციალურ ეფექტზე.

როგორც ვხედავთ, განსხვავებული მეთოდებით ჩატარებული კვლევები მხარს უჭერენ თვალსაზრისს, რომ მასიური მედიუმებით ძალადობის ხშირი ექსპოზიცია იწვევს მაყურებელში მსგავსი ქცევის განხორციელების ტენდენციას. თუმცა უნდა აღიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, მაგ. (ფეშბახ და ზინგერ,1971; ფრიდმანი 1984). საერთო ჯამში, თუ განვაზოგადებთ კვლევით მონაცემებს, ისინი აშკარად მიუთითებენ ასეთ კავშირზე. ასეთ კავშირს კი, როგორც აღვნიშნეთ დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გასაგებია ფსიქოლოგების ინტერესი გასცენ პასუხი კითხვას, რატომ.

ძალადობის ფილმების ხშირი ექსპოზიცია რატომ ზრდის აგრესიულობის დონეს ადამიანებში? ამასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე თვალსაზრისი:

1.მიუთითებენ, რომ მედიუმებით ძალადობის ექსპოზიცია ასუსტებს მაყურებელში ანალოგიური ქცევის განხორციელების შეკავებას. ასეთი ფილმების ნახვის შემდეგ მაყურებელი ნაკლებად გრძნობს თავს შეზღუდულად მსგავსი ქცევის განხორციელებისათვის. ისინი, როგორც ჩანს ფიქრობენ, რომ ბოლოსდაბოლოს “თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მეც შემიძლია”.

2. ვარაუდობენ, რომ მედიუმებით ძალადობის ექსპოზიცია აიარაღებს მაყურებელს ახალი ტექნიკით თუ როგორ შეუძლია შეუტიოს და ავნოს სხვას უფრო დახვეწილი მანერებით. ერთი სიტყვით მაყურებელი ამით იძენს აგრესიის გამოხატვის ისეთ “დახვეწილ” მანერებს, რომელიც მის დისპოზიციაში მანამდე არ ყოფილა. და რაკი ეს მიღწეულია, ე.ი. თავდასხმის ახალი ხერხია შეძენილი, შემდეგი ნაბიჯი მისი პრაქტიკაში გამოყენება უნდა იყოს, როცა შესატყვისი სიტუაცია გაჩნდება ( როცა პროვოცირებული იქნება).

3. სხვის მიერ განხორციელებული აგრესიული ქცევის ხშირმა ყურებამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს მაყურებლის კოგნიციაზე (ბერკოვიცი,1984). ნავარაუდევია, რომ ძალადობის ხშირმა ყურებამ შეიძლება მოახდინოს საფუძვლის მომზადების (პრაიმინგის) მსგავსი ეფექტი. ძალადობის ხშირმა ყურებამ შეიძლება მაყურებლის კოგნიციაში განსაზღვროს დამატებითი იდეების და აზრების არსებობა. ყოველივე ამის შემდეგ მედიუმებით ძალადობის ხშირი ექსპოზიციის შემდეგ ადამიანები უფრო მიდრეკილნი ხდებიან მოვლენები აღიქვან ნეგატიურად და მტრულად, ან ორაზროვანი სიტუაციის ინტერპრეტაცია მოახდონონ, როგორც ბუნებით უფრო აგრესიული. ასევე, შესაძლოა ინდივიდმა გააზვიადოს მის ირგვლივ სოციალურ სამყაროში აგრესიის სიხშირის შეფასება, შეიძლება აგრესია დაინახოს როგორც ჩვეულებრივი და ამდენად უფრო მისაღები. ასეთმა იდეებმა და აზრებმა თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს სხვის წინააღმდეგ ღია აგრესიის ალბათობა.

4.ბოლოს, ვარაუდობენ, რომ მედიუმებით ძალადობის ხშირმა ექსპოზიციამ შეიძლება შეამციროს ძალადობისა და მისი მტკივნეული შედეგების მიმართ ინდივიდის ემოციონალური მგრძნობიარობა.. მოკლედ, უამრავი მკვლელობების, თავდასხმების და ბრძოლების ყურების შემდეგ, შესაძლოა, ზოგიერთი მაყურებელი არა მგრძნობიერი ხდება ასეთი მასალის მიმართ და შედარებით სუსტ ემოციონალურ რეაქციას გამოავლენს მასზე. ემოციონალური დამოკიდებულების ასეთი გადაწევა ინდივიდს გაუადვილებს თვითონაც განახორციელოს აგრესია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი