მერაბ მამარდაშვილი – რომანი უკანასკნელი ილუზიის განადგურებამდე

0
539

მინდა წინასწარ აღვნიშნო, რომ სიტყვა „ილუზიას“ ხშირად გამოვიყენებ, მით უმეტეს, რომ პრუსტის რომანი შეგვიძლია ასე განვსაზღვროთ: რომანი უკანასკნელი ილუზიის განადგურებამდე, ანუ რომანი გულისხმობს ისეთი დასრულებული ან არ დასრულებული გზის გავლას, რომელიც ყველაზე უკანასკნელი ილუზიის განადგურებამდე მიდის…

ილუზია გასაკიცხი სიტყვა არ არის. მაგალითად, ფრანგმა ავტორებმა შესანიშნავად იცოდნენ (იმიტომ, რომ ისინი ყველა სხვაზე უკეთ იკვლევდნენ, ზოგადად, ადამიანის გულს და სულს, სხვებზე მეტი ძალისხმევა დახარჯეს ამაზე და ამ მხრივ, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს), რომ როდესაც ამბობენ „illi-usion amoureuse“ (მაგალითად, ფურიე), სასიყვარულო ილუზია, ამით არ მიუთითებენ, რომ არსებობს სიყვარული და არსებობს ილუზია ან – სიყვარული ილუზიაა.

განსაზღვრების თანახმად, ამ გრძნობის არსი ილუზიისადმი მის მიდრეკილებას გულისხმობს. და ამაში, თავისთავად, არაფერია ცუდი, – თუკი ამ ილუზიის საშუალებით გარკვეულ აზრს გამოვიტანთ და იმ გზას გავივლით, რომელსაც საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან ან სხვა ადამიანების შინაგან სამყარომდე ან ქვეყნიერების ფაქტობრივ მოწყობამდე მივყავართ (ასე რომ, იმის თქმა: სასიყვარულო ილუზია და სიყვარული – ერთი და იგივეაო, – ტავტოლოგიაა). მაგალითად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენამდე ნებელობითი და გაცნობიერებული ძალისხმევისგან დამოუკიდებლად, „რაღაც დიდი კანონის ძალით“ აღწევს. წინაზე გეუბნებოდით: შეიძლება თუ არა, რომ ნების გაცნობიერებით, თუნდაც როცა ვიცით, რომ ჩვენი განცდა ამაოა, საკუთარი თავი ვაიძულოთ, არ განვიცადოთ… ისიც ვთქვი, რომ თუკი სასიყვარულო პაემანზე ქვემეხიდან ნასროლი ყუმბარასავით მივიჩქარით, ცხოვრების მთელი პრობლემა სწორედაც რომ ის გახლავთ, შეგვიძლია თუ არა შევცვალოთ ჩვენი მდგომარეობა.

რასაკვირველია, ის იცვლება, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ, პრუსტის თანახმად, ეს შესაძლებელია კანონის ძალით და არა ჩემი გაცნობიერებული და ნებელობითი ძალისხმევით. შეგრძნების დაოკებისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. ასეთი რამ შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, პრუსტს ჩვენს მდგომარეობებშიც – და ჩვენს ბედისწერაშიც, ანუ იმაში, რაც გვიწერია – ცვლილებების გარკვეული კატეგორია შემოაქვს, რომელიც ცვლილებების ჩვენთვის ნაცნობ კატეგორიაში არ ხვდება.

ისევ უნდა დავადასტურო, უფრო სწორად, გაგაფრთხილოთ ჩვენი ენის თავისებურებების შესახებ. ვთქვათ, „თვითნებურისგან“ განსხვავებით, მზად ვართ (და ამაში მართალი ვართ) გამოვიყენოთ ტერმინი „არათვითნებური“. მაინც რას ვგულისხმობთ „არათვითნებურში“? ჩვენს რომელიღაც ამორფულ სულიერ მდგომარეობებს, ემოციებს და ა.შ. ზოგიერთი ინტუიციას, წარმავალი შეგრძნებები, გრძნობები, რომლებიც არათვითნებურობით ხასიათდება. მაგრამ აქ ამაზე არ ვსაუბრობთ. პრუსტისთვის და, ზოგადადაც, პრინციპში, სწორედ ამგვარი მდგომარეობები – მათ კისელისებურს, ანუ სტრუქტურის არმქონეს ვუწოდებ (ფრანგებს ამ შემთხვევისთვის კარგი სიტყვა აქვთ – velléité) – არაპროდუქტიულია და მათ სულაც არ უწოდებენ არათვითნებურს. მაგრამ ამ ტერმინს გამოვიყენებ იმიტომ, რომ ჩვენს ენაში სხვა სიტყვა არ გვაქვს.

თავისი აზრის ცხადყოფის მიზნით – პრუსტთან (და სხვა ავტორებთანაც) ბევრ ადგილას შეხვდებით ასეთ გამოთქმას: „ჩემი ცხოვრება ან მისი ეპიზოდები, ჩემი ცხოვრების მოვლენები, როგორც აღმოჩნდა, ხელოვნებისთვის მასალა იყო“. როგორ გვესმის ეს? ძალიან მარტივად: რაღაც მოვლენა მოხდა და ეს არის მასალა იმ გაგებით, რომ შემიძლია მისი აღწერა, მასზე თხრობა. ამ გაგებით ის (მოვლენა) რომანის მასალად და რომელიღაც სიუჟეტად იქცევა. მაგრამ საუბარი ამაზე არ გახლავთ. ზუსტად ისევე, როგორც არათვითნებური რაღაც სხვას აღნიშნავს, ვიდრე სიტყვა „არათვითნებური“, ასევეა სიტყვა „ხელოვნების მასალაც“; ისიც დაკავშირებულია არათვითნებურობასთან, – ვთქვათ, ჩემი ცხოვრება, ისევე როგორც თქვენი ცხოვრება, ეპიზოდები, თქვენი ცხოვრებისეული მოვლენები, როგორც მასალა ან მატერია ხელოვნებისთვის არ ნიშნავს იმას, რომ ეს ეპიზოდები არის ის, რის შესახებაც მოყოლა შეიძლება, – ასე, რომ, სიტყვა „მატერიას“, ამ შემთხვევაში, პირდაპირი, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა აქვს.

მისი მოხელთება ძნელია. მატერია ხელოვნებისთვის – ამ სიტყვის სრულიად პირდაპირი გაგებით. არა აღსაწერი სიუჟეტი ან საგანი, არამედ თვით ხელოვნების ნიმუშის მატერია, მისი სხეული. ახლა მხოლოდ გაფრთხილებთ ამის შესახებ, რადგანაც უცბად ამ საკითხის გაშლა და გაგება რთულია. უბრალოდ, მინდა თქვენი ყურადღება თვით ენაში სიტყვების გამოყენების სირთულეზე მივაპყრო – სიტყვის გაგონებისას, არ უნდა ავჩქარდეთ და არ უნდა გავიგოთ ის იმ მნიშვნელობით, რომელიც მას ჩვეულებრივ გააჩნია. ამ მნიშვნელობას მას ვერ წავართმევთ და, სამწუხაროდ, იმ სიტყვებით უნდა ვისარგებლოთ, რომელთა მნიშვნელობასაც ვერ გავაუქმებთ. მაგრამ შეგვიძლია მათგან ისეთი კომპოზიცია გავაკეთოთ, რომელიც მნიშვნელობის თვალსაზრისით, ჩვენს გონებაში გარდაუვლად წარმოქმნილ ასოციაციას გაანეიტრალებს. სხვა ენა არ გაგვაჩნია.

სიყვარულთან დაახლოებულ ენაზე რომ ვთარგმნოთ (და ჩვენც სულ სიყვარულს ვუტრიალებთ, რადგანაც სიყვარული პრუსტის და იმ რომანის, რომელზეც ვსაუბრობთ მთავარი სიუჟეტია), ოდნავ განსხვავებულად გამოვხატავ იმას, რაც ენის შესახებ ვთქვი და ამისთვის ფრანსუა ვიიონის ცნობილ ფრაზას მოვიხმობ, რომელიც პრინცისადმი საბოდიშო მიმართვაა; ეს ფრაზა ასე ჟღერს: Princeon a les amours quon a10. (სამწუხაროდ, რუსულ ენაში სიტყვა „სიყვარულს“ არ აქვს მრავლობითი რიცხვი, რაც არა მარტო ენის სათანადო განვითარების უქონლობაზე, არამედ გრძნობების სათანადო განვითარების უქონლობაზეც მიუთითებს, რაც ენაში ვლინდება). მოდით, ასე ვთარგმნოთ: „პრინცო, ჩვენ ის სიყვარულები გვაქვს, რაც გვაქვს“ (და შემდეგ ვიიონი უმატებს: „მაპატიეთ მცირედის გამო“). On è les mots quon a ჩვენც ის სიტყვები გვაქვს, რომლებიც გვაქვს. სხვა არ გაგვაჩნია.

ის ცვლილება, რომელზეც პრუსტი საუბრობს, ანუ ის ცვლილება, რომელიც ჩვენი მდგომარეობის ცვლილების შედეგად ხდება, გარკვეული კანონის წყალობით ხდება და ჩემი მოქმედებიდან არ გამომდინარეობს. ანუ ჩემში უნდა მომწიფდეს რაღაც კანონი, რომ თვით ჩემი ან ჩემს მიერ გაცნობიერებული და თვითნებური ძალისხმევის მიუხედავადაც კი შეცვალოს ჩემი მდგომარეობა. ფაქტობრივად, პრუსტს იმის თქმა უნდა, რომ ეს რაღაც, რომელიც ამგვარ ცვლილებას იწვევს, ორგანოს მსგავსად ფუნქციონირებს, ნებისა და ცნობიერებისგან განსხვავებით (ამ ჩიბუხის დასანახავად, მე ხომ არ მჭირდება, რომ ცნობიერების და ნების ძალისხმევით მოვაწყო მხედველობის აქტი; თვალი მხედველობის ორგანოს საშუალებით, აღიქვამს იმას, რასაც ვხედავ; ეს ხომ ნათელია, არა?) და აქ, სიღრმეში, იმალება პრობლემა, რომ პრუსტისთვის – ის, რასაც ხელოვნების ნიმუში ან ტექსტი ეწოდება (გახსოვთ, სიტყვა „ტექსტს“ ვიყენებდი), ცოდნა არ არის.

ვთქვათ, სენ-ლუს შეიძლება გადავცეთ იმის ცოდნა, რომ მისი შეყვარებული რახილი საკუთარ სხეულს საროსკიპოში ოც ფრანკად ყიდდა. მაგრამ გაფრთხილებდით, რომ ეს ცოდნა არ არის შეტყობინება და სენ-ლუს გონებისთვის ვერშეტყობინებადია. ეს ცოდნა მის თავში ვერ შევა. მას არ შეუძლია, შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება რახილის მიმართ. მან ხომ იცის, რომ რახილი ოც ფრანკიანი მეძავია (თუკი შევატყობინებთ ამას) და ამ ცოდნის საშუალებით მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფრო მეტიც, იმის ცოდნასა, რომლის თანახმადაც რახილი ოც ფრანკიანი მეძავია, და მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის რეზულტატს (რაც არ ხდება) შორის ის უზარმაზარი სივრცე, უზარმაზარი სამყარო დგას, რასაც, შეგვიძლია ფსიქოლოგიური დამუშავება ვუწოდოთ. ცოდნის ფაქტმა, რომელიც სრულიად უცხოა სენ-ლუსთვის, – ის, რომ რახილი ოც ფრანკად საროსკიპოში სხეულს ყიდდა, – მისთვის შეიძლება (დამუშავების გზით) სრულიად განსაკუთრებული, საიდუმლო მნიშვნელობა და მხოლოდ მისთვის მისაწვდომი შინაგანი, უნიკალური ხიბლი შეიძინოს.

პრუსტი ამბობს, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ყველაზე საზიზღარი არსებაც კი, რომელიც ერთი ვინმესთვის მაინც არ იყოს „ყველაზე მგრძნობიარე სინაზის და მომხიბვლელობის ნიშნით აღბეჭდილი“. მეტიც, სენ-ლუ შეიძლება განსაკუთრებული სიამაყითაც კი აღივსოს – ნახეთ, ესენი როგორ ფიქრობენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ რახილი მშვენიერია… – გეცნობათ, რაზეც ეხლა ვლაპარაკობ? მას შინაგანი ცოდნის, აბსოლუტური შარმის განსაკუთრებული პრეროგატივაც კი ექნება, იმისა, რაც ყველაფრის მიუხედავად იცის. ყველა ხედავს გარეგნულს, მათ არ იციან და არც ესმით რახილის. ისინი გონებრივი წარმოდგენების და ილუზიების სამყაროში ცხოვრობენ, მე კი ვიცი, გარკვეული შინაგანი, განსაკუთრებული ცოდნის, იდუმალი ხიბლის წყალობით. დაახლოებით ისე, როგორც მუზილის ერთ-ერთი ნოველის გმირი იჯერებს უმანკო ორსულობის შესაძლებლობას (მართლაც, ამჟამად რწმენის აქტს ვუტრიალებთ. როდესაც ამგვარი შინაგანი აქტის განხორციელება შესაძლებელია, მაშინ უმანკო ორსულობის დაჯერებაც შეიძლება, თუმცა, აქ ტერმინებს შორის წინააღმდეგობაა.)

მაშასადამე, სწორედ ის, რასაც შეჯამების სახით და ჯერ კიდევ გაურკვევლად ვუწოდებთ ტექსტს, არის კიდეც რაღაც – უკვე გამოვიყენე სიტყვა „ორგანო“, – რაც იწვევს და რასაც შეუძლია ცვლილებების გამოწვევა, რომლებიც სხვაგვარად ჩვენი ძალისხმევისთვის მიუწვდომელია. და აქ პირდაპირ მივადგებით, ზოგადად, რთულ საკითხს, რომელმაც სხვა გზით უნდა მიგვიყვანოს შეპირებულ თემამდე – თემამდე, რომელსაც სულ გპირდებით და ჯერ ვერასგზით ვერ მივუახლოვდი. კერძოდ კი: ცხოვრებისეული შრომის თემა. მოვიხმობ მაგალითს, რომ განგიმარტოთ, რისი თქმაც მინდა. ჩვენ საკუთარი ცნობიერების, ფსიქოლოგიური ცხოვრების ისეთი კანონის წინაშე აღმოვჩნდებით, რომლის თანახმადაც ლოგოსში (იმედი მაქვს, გახსოვთ, რა არის ლოგოსი) კონცენტრირდება გარკვეული ნაკრების მნიშვნელობა.

აი, მაგალითად, არსებობს უამრავი საგანი, რომელიც პრინციპში ამა თუ იმ საქმეს ეხება და ყველაფერი ის, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანია, არის კიდეც „შეკრება“, რომელსაც ლოგოსი ეწოდება (ბერძნულ ენაში თვით სიტყვა „ლოგოსი“, რომელიც „ლეგეინ“-იდან მომდინარეობს, ამგვარი ეტიმოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია). ყველაფერი, რაც საქმეს ეხება, არა მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგოსში. ლოგოსი, როგორც გითხარით, ცალკე ნაკრების არც ერთ წევრში არ არის, ლოგოსი ცალკე მოცემული არ არსებობს, ლოგოსი არის ის, რაც მთელ ნაკრებს მნიშვნელობას ანიჭებს და ის, შესაბამისად, ვერ იქნება ნაკრების ერთ წევრში.

ლოგოსის ყველა წევრი სიტყვებითაა აღნიშნული, მათ დასახელება აქვთ. და აქ ერთ უცნაურ კანონს მივადგებით, რომელსაც პრუსტი არაერთხელ უბრუნდებოდა. ის დაახლოებით ასე ამბობდა… ფაქტობრივად, ამ კანონის ამსახველი მასალა უკვე წარმოვადგინე – მაგალითად, რახილის სახე; მე ვთქვი, რომ ის ერთნაირად მისაწვდომია სენ-ლუსთვისაც და მარსელისთვისაც; ორივესთვის ერთნაირად მისაწვდომია რახილის სახე, როგორც პრუსტი ამბობს, „ზოგადი აქტების“ აზრით ანუ ის, რასაც ეწოდება „ცხვირი“, „თვალები“, „ლოყები“, „ტუჩები“, „სახის გამომეტყველება“ და ა.შ., – როგორც საერთო, როგორც ის, რაც შეიძლება იყოს რახილის, ფრანსუაზას და უამრავი სხვა ადამიანის სახეებზე. მოცინარი თვალები შეიძლება ერთის სახეზეც იყოს, მეორისაზეც და მეათასისაზეც. ეს ყველაფერი ხომ თითოეული ჩვენგანისთვის გასაგებია და მას სახელს ვარქმევთ. ეს არის მისაწვდომობა ზოგადი აქტების აზრით, ანუ ისეთების, როგორიც სხვებსაც აქვთ. უკვე მოვიხმე ეს ციტატა, მაგრამ შემიძლია გავიმეორო ეს  სახეთავისი  მზერებითღიმილებითპირის მოძრაობებითმნიშვნელოვანი მომეჩვენა მხოლოდ ზოგადი აქტების აზრითყოველივე ინდივიდუალური გარეშე (აქ შემოგვეპარება ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა „ინდივიდუალური“, თუმცა, უცნაურია – ის ჩვენი მეტყველების კანონებს არღვევს, რადგან, როდესაც ვამბობთ სიტყვას „ცხვირი“, ჩვენ ზოგადსაც კი ვაინდივიდუალურებთ).

და არ შემეძლო, ინტერესი გამომეჩინა, რომ მათ მიღმა პერსონა მეძებნა“. სხვაგან პრუსტი, იგივე აზრს უარყოფითი მხრიდან, სწორედ იმ მხრიდან უყურებს, რომელიც ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ასე ამბობს: „…ჩვენი იდეების კოლექციაში („იდეები“, ამ შემთხვევაში, ვუწოდოთ, უბრალოდ, ზოგად ცნებებს, სახელებს – „ცხვირი“, „თვალები“, „სახე“ და ა.შ., ან ჩვენს წარმოდგენას სილამაზეზე, საინტერესო აზრზე და ა.შ. – ესეც იდეებია) არც ერთია ისეთი, რომელიც ინდივიდუალური შთაბეჭდილების შესაბამისი იქნებოდა“. უკვე ვთქვი, რომ არსებობს პრობლემა ორგანოსი, რომელიც წარმოქმნის – მე კი არ წარმოვქმნი, თვალი ხედავს მე კი არ ვხედავ; და ორგანოს პრობლემა – მე ასე ვიტყოდი, არის იმის ლოგოსის პრობლემა, რაც ლოგოსის გარეშე განცალებულია.

არსებობს თვალები ლოგოსში ან ცხვირი ლოგოსში, ან არსებობს სახის გამომეტყველება, ღიმილი ზოგადი აქტების გაგებით და ეს ყველაფერი ლოგოსის გარეშეა. ლოგოსი არის იმის ლოგოსი, რაც ლოგოსის გარეშე განცალებულია; ლოგოსის გარეშე ყოფნა ნიშნავს ზოგად აქტებს, რომელთა მიღმაც არ გაგვაჩნია „ცნობისმოყვარეობა პიროვნების ძიებისათვის“. ამ ყველაფერში არაფერი არ არის – ზოგად აქტებში ან სახელდებებში, – რაც ინდივიდუალური შთაბეჭდილების შესაბამისი იქნებოდა. ახლა სიცხადისთვის მოვიხმობ მაგალითს. მაგალითად – ცნობილი, უბრალო ფაქტი, რომელსაც ინტუიციის დონეზე უნდა ჩავწვდეთ: არსებობს წყალი „წყლის“ ინდივიდის გაგებით და არსებობს ის, რასაც „წყალი“ ეწოდება, ინდივიდის გარეშე (ეს საკითხი ფაქიზად დაკავშირებულია იმასთან, რასაც ორგანოს ვუწოდებ). შეგიძლიათ ოკეანიდან ან ზღვიდან წყალი აიღოთ, ჩაასხათ სინჯარაში და იტყვით, რომ მკვდარი წყალი გაქვთ. ეს სხვა წყალია. მისი ელემენტები იგივეა, რაც ზღვის წყლის, აბსოლუტურად იგივე ელემენტები აქვს, და რაღაც იდუმალი გზით წყალი სინჯარაში კვდება. მკვდარი წყალი, ელემენტების მიხედვით, იგივეა, რაც ზღვის წყალი, მაგრამ იგივე წყალი აღარ არის. მათ შორის გარკვეულ სხვაობას სიტყვა „სიცოცხლით“ მოვიხსენიებთ. ერთს ცოცხალს ვუწოდებთ, მეორეს – მკვდარს; ან: ერთს ინდივიდს ვუწოდებთ, ვინაიდან – რა არის ზღვის წყალი? ეს არის მილიონობით და მილიარდობით დეტალების შეხამება, ისეთი, რომელიც ნაკლებსავარაუდოა, რომ კიდევ ერთხელ, იმავე სახით შეესაბამონ ერთმანეთს, როგორითაც მოცემულია წყალში. ამას ეწოდება კიდეც ინდივიდუალობა. ბევრი ელემენტის, ან გარემოებების, ან, უბრალოდ, ფაქტების შეთანხმება. თუმცა, ცალკე აღებული, ისინი ისევ ის არის, რაც იყო, მაგრამ დამატებითი ფაქტია ის, რომ ისინი ერთად იყვნენ. ერთად ცხოვრობდნენ…

და იძულებული ვართ, ამ ინდივიდს სახელი ვუწოდოთ, რადგან ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს მრავლის შეთანხმება კიდევ ერთხელ განმეორდეს. მეტიც, ის არამარტო არ განმეორდება კიდევ ერთხელ (და იმიტომაც ეწოდება ინდივიდი, რადგანაც მხოლოდ ერთხელ ხდება), არამედ არსებობს კიდევ ჯამური, შეუღლებული ელემენტების განუყოფელობის ძალა. დასახელებაში არაფერია ისეთი, რომელიც შეგვამზადებს იმისთვის, რომ ინდივიდუალური შთაბეჭდილება აღვიქვათ (ამ შემთხვევაში „წყლის“). როგორც ხედავთ, საკმაოდ რთულად ვიმსჯელე, რომ თქვენთვის უბრალო ფაქტი შემეხსენებინა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი