აბრაამ მასლოუს რჩევა მასწავლებლებს

0
746

აბრაამ მასლოუ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ე.წ. “ადამიანის მოთხოვნილებათა პირამიდის” შექმნით, მასწავლებლებს ურჩევს: მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი; გულწრფელობა და ნამდვილობა ხელს უწყობს სწავლებას; დაფასება, კეთილგანწყობა, პატივისცემა და ნდობა ასევე უწყობს ხელს სწავლების პროცესს; მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე; ემპათია ხელს უწყობს სწავლებას. ჩამოთვლილი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას. თუ სწავლის სურვილი გაუღვივდა, მოსწავლე თავად წარმართავს სწავლის პროცესს. მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი სამართლიანია და რომ შეცდომის შემთხვევაში მას არ დასცინებენ.

მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, განსაზღვროს, რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. ამის შედეგად შესაძლებელია სწავლის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება და სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა. სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება, და მიუღებელი და საშიში, თუ იგი საფრთხეს უქმნის მის მეს (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია, მოსწავლის შიში და შფოთვა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

სწავლაში მოსწავლის მიერ გამოჩენილ ინიციატივას ხანგრძლივი და მყარი ეფექტი აქვს. მასწავლებელს მოქნილი შეხედულებები და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. საგნის სწავლებასთან ერთად მიაქციეთ ყურადღება მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებას, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობას; იყავით ღია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი უკუკავშირის მისაღებად, საკუთარი თავისა და ქცევის გასაანალიზებლად.
აბრაჰამ მასლოუმ “პირამიდაში” საფეხურებად დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. ქვედა საფეხურზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია მოთავსებული, რომელთა გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია. მათ მოსდევს სხვა მოთხოვნილებები, სოციალურიდან პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.

მასლოუს თანახმად, “პირამიდა” აჩვენებს, საშუალოდ როგორი თანამიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს. მას მიაჩნდა, რომ პირველი დონის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის. მათ რიცხვში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება). უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა დონის მოთხოვნილებათა განსაზღვრული ნაწილი. ანუ უსაფრთხოებისა და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც ადამიანი დაიკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა არანაკლებ 85 პროცენტს.

სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობისა, პატივისცემისა, აღიარებისა, სიყვარულისა) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70 პროცენტი.

იმისთვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც განსაზღვრულ სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებლობადე მიღწევას გულისხმობს, სოციალური მოთხოვნილებები 70 პროცენტამდე უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

თავმოყვარეობის 60 პროცენტის დაკმაყოფილებისას ადამიანს უჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება. ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40 პროცენტის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს. თუმცა ამ დონეს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1-4 პროცენტი თუ აღწევს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი