მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბევრ ქალს ნამდვილად იზიდავენ კრიმინალები

0
263

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბევრ ქალს ნამდვილად იზიდავენ ცუდი ბიჭები. აღმოჩნდა, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები იწვევენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში ძლიერ სქესობრივ ლტოლვას, რაც არ შეინიშნება მამაკაცებში, რომლებსაც არ იზიდავენ კრიმინალი ქალები.

შემთხვევები, როდესაც ქალებს უყვარდებოდათ პირწავარდნილი არამზადები, ყველასთვის ცნობილია. ახლა კი მეცნიერებმა კანადის მონრეალის უნივერსიტეტიდან დაადასტურეს, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ნამდვილად იზიდავენ კრიმინალები. კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ ციხის გუშაგები და პენიტენციალური დაწესებულებების სხვა მუშაკები, აღმოჩნდა, რომ ქალებს ფიზიკურად უფრო მეტად იზიდავენ კრიმინალური წარსულის მქონე მამაკაცები, ხოლო მამაკაცთა შორის ასეთი მისწრაფება კანონის დამრღვევ ქალთა მიმართ არ შეინიშნება, წერს medikforum.ru.

ფსიქიატრიაში ტერმინიც კი არსებობს, ჰიბრისტოფილია, რომლითაც აღნიშნავენ დაუოკებელ ლტოლვას დანაშაულებრივი წარსულის მქონე ადამიანების მიმართ. ჰიბრისტოფილია კარგად შეინიშნება ისეთი ცნობილი კრიმინალების მაგალითზე, როგორებიც არიან ამერიკელები ჩარლზ მანსონი და ტედ ბანდი. მას შემდეგ, რაც ეს მკვლელები ციხეში აღმოჩნდნენ, მათ უამრავი სასიყვარულო წერილი მიიღეს ათობით ათასი ქალისგან.

ციხეებში მოღვაწე თანამშრომლებს შორის ჰიბრისტოფილიით დაავადებულია 4%. ეს განსაკუთრებით საშიშია ქალებისათვის, რომლებიც მუშაობენ მამაკაცთა ციხეებში. ეს ეხება არა მარტო გუშაგებს, არამედ ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, ექთნებს, პედაგოგებს და სხვა პროფესიონალებს. თუ ისინი აყვებიან თავის მოთხოვნებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ციხის თანამშრომლების სექსუალური ურთიერთობები პატიმრებთან აკრძალულია.

რაც შეეხება მამრობითი სქესის გუშაგებს, მათ სექსუალური თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებად იზიდავენ მდედრობითი სქესის პატიმრები. ამ შემთხვევაში ჰიბრიდოფილიის გამოვლინებები ძალიან იშვიათია.

რატომ უყვართ  ქალებს სერიული მკვლელები

ამ კვირაში მედია ფართოდ იხილავდა ამერიკელი კრიმინალის ჩარლზ მენსონის გარდაცვალებას, რომელმაც თავისი დღეები დაასრულა კალიფორნიის ციხეში 83 წლის ასაკში. მსჯავრდებული იხდიდა ცხრა მუდმივ პატიმრობას. ჟურნალმა „Rolling Stone“ მას უწოდა „ცოცხალთა შორის ყველაზე საშიში ადამიანი“. თუმცა, თავად მენსონს არავინ მოუკლავს.

1967 წელს მან შექმნა სექტა „ოჯახი“, რომელიც ჩადიოდა მკვლელობებს მისი ბრძანებით. 1969 წელს სექტის წევრებმა სიცოცხლეს გამოასალმეს შვიდი ადამიანი, მათ შორის, რომან პოლანსკის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტატი.

როდესაც 1971 წელს „ოჯახის“ დამფუძნებელი პასუხისგებაში იქნა მიცემული, ის მყისიერად გახდა პოპულარული მთელი ქვეყნის მასშტაბით. მენსონს თაყვანისმცემელი ქალები გაუჩნდა, რომლებიც მოხიბლა მისმა  ბრწყინვალე გარეგნობამ და პროვოკაციულმა გამონათქვამებმა. მისი პოპულარობა არ შემცირებულა ათწლეულების განმავლობაში, ხოლო სამი წლის წინ, 80 წლის მენსონი  დაქორწინებას აპირებდა ერთ-ერთ ფანატ ქალზე, 27 წლის აფტონ ელეინ ბერტონზე.

ქორწილი არ შედგა, მაგრამ ასეთმა უცნაურმა ურთიერთობებმა დისკუსიის ახალი ტალღა გამოიწვიეს. ზოგიერთმა სპეციალისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მენსონის პატარძალს ჰიბრისტოფილია აქვს – ე.წ. სექსუალური ლტოლვა კრიმინალების მიმართ. ზოგჯერ პარაფილიის ამგვარ ნაირსახეობას (სექსუალურ გადახრებს) უწოდებენ „ბონი და კლაიდის სინდრომს“, ყველაზე ცნობილი ამერიკელი მძარცველი-საყვარლების სახელით.

„ჰიბრისტოფილია სექსუალური აშლილობაა, – ამბობს ქეტრინ რამსლენდი, დესალსის უნივერსიტეტის სასამართლო ფსიქოლოგიის პროფესორი. – ადამიანს აღაგზნებს თავად აზრი იმის შესახებ, რომ მას კავშირი აქვს ისეთ ადამიანთან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მაგალითად, გაუპატიურება ან მკვლელობა“. თუმცა, რამსლენდი აღნიშნავს, რომ ქალებს იშვიათად უყვარდებათ არამზადები ჰიბრისტროფილიის გამო.  ბევრად უფრო ხშირად მათი სიყვარულის მიზეზი სხვა რამეში მდგომარეობს. „არსებობს უამრავი მოტივი, – აღნიშნავს იგი. – ზოგ ქალს სურს სახელი გაითქვას მისი რჩეულის წყალობით, სხვები კი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ „გარეული მხეცის მოთვინიერება“.

ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის, თუ როგორ ქორწინდებოდნენ ქალები ყველაზე საშიშ კრიმინალებზე. მაგალითად, ამერიკელი სერიული მკვლელი ტედ ბუნდი, რომელმაც 70-იან წლებში გააუპატიურა და სიცოცხლეს გამოასალმა 30-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი და გოგონა, ციხეში უამრავ წერილს იღებდა თაყვანისმცემელ ქალებისგან. 1980 წელს, როდესაც მისი საქმე ჯერ კიდევ გამოძიებაში იმყოფებოდა, ბანდი დაქორწინდა მასზე შეყვარებულ ერთ-ერთ ქალბატონზე, ორი შვილის ორჯერ განქორწინებულ დედაზე კეროლ ენ ბუნიზე. ორი წლის შემდეგ, ბუნის ბანდისგან ქალიშვილი შეეძინა, მაგრამ მოგვიანებით მისი რჩეული მაინც სიკვდილით დასაჯეს.

1989 წელს რიჩარდ რამირესს, ცნობილს როგორც ღამის სტალკერი, 13 მკვლელობის და 11 გაუპატიურების ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში არ იყო მოყვანილი: რამირესი 34 წლის შემდეგ საკანში გარდაიცვალა. როგორც ბანდი, მანაც ბევრი წერილი მიიღო ერთგული ფანატიკოსი ქალისგან. 1996 წელს ერთ-ერთი მათგანი, დამოუკიდებელი ჟურნალის რედაქტორი დორინ ლიოი დაქორწინდა შეუბრალებელ მკვლელზე. ლიოი თავის ქმარს უწოდებდა „კეთილ, მხიარულსა და მომხიბვლელს“.

თუმცა არ არსებობს ქალის ერთიანი ტიპი, რომელიც შეიძლება მოიხიბლოს ბოროტმოქმედით, მათ შორის მაინც არსებობს რაღაც საერთო, აღნიშნავს შეილა აისენბერგი, ავტორი წიგნისა „ქალები, რომლებსაც უყვართ მკვლელები“.
„ყველა ქალი, გამონაკლისის გარეშე, რომელსაც ვესაუბრე წიგნის დაწერის პროცესში, ბავშვობაში ჩართული იყო ურთიერთობებში, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობას, – ამბობს ის. – მათი ოჯახის წევრი, პირველი ბოიფრენდი, ქმარი ან კიდევ ვინმე, აყენებდა მათ ტკივილს, როგორც სექსის დროს, ასევე ფიზიკურად, ემოციურად“. აისენბერგის თქმით, ურთიერთობა ციხეში მყოფ კრიმინალთან ასეთ ქალებს აძლევს რაღაც ძალაუფლების მსგავს. „ეს მათთვის სიტუაციის გაკონტროლების შანსია, ხშირად მათ ცხოვრებაში პირველად, – აღნიშნავს წიგნის ავტორი. – ისინი თავად წყვეტენ, როდის უნდა მოვიდნენ, როდის წავიდნენ, მათ აქვთ თავისუფლება. ეს შეიძლება ალოგიკურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ურთიერთობას ციხეში მყოფ სასტიკ მკვლელთან ქალისთვის მოაქვს უსაფრთხოების განცდა. ბოლოს და ბოლოს, გისოსებს მიღმა ის არის და არა ქალი“.

ამ თვალსაზრისს ეთანხმება კეტრინ რამსლენდიც. გარკვეულწილად, მსჯავრდებული კრიმინალი „იდეალური ბიჭია“ ქალისთვის, რომელიც ბავშვობაში გახდა ძალადობის მსხვერპლი. „ქალმა ყოველთვის იცის, სად იმყოფება მამაკაცი. ახლა მას შეუძლია თქვას, რომ ის ვიღაცას უყვარს. ქალს არ სჭირდება ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც უმეტესად არსებობს ურთიერთობებში, – ამბობს პროფესორი. – მას შეუძლია  დარჩეს თავისი ფანტაზიების სამყაროში დიდი ხნის განმავლობაში, ამასთან არ სჭირდება საჭმლის მომზადება, დალაგება ან ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მის ქმედებებში“.
როგორც წესი, ასეთ ქალთა ფანტაზიებს წარმოადგენს რწმენა, რომ მხოლოდ მათ იციან მათი რჩეულის ნამდვილი ბუნება, ხოლო სხვა ადამიანს არ შეუძლია მისი იდუმალი სულის გაგება და მხოლოდ დამნაშავეს ხედავს მასში. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივი, რომელიც ამოძრავებს სერიული მკვლელების თაყვანისმცემლებს, აღნიშნავს რამსლენდი. ისინი უბრალოდ ეძებენ სწრაფ და იოლ დიდებას. „ეს ადამიანები მოდიან თოქშოუზე, რომ ილაპარაკონ მათი სიყვარულის შესახებ, რომ მათი რჩეული-მკვლელი უსამართლოდ არის მსჯავრდებული, ან რომ ის შეიცვალა და სრულიად სხვა გახდა, – დარწმუნებულია ფსიქოლოგი. – მათ შეუძლიათ დაგარწმუნონ, რომ შეცვალეს ის, რადგან მისი სიყვარული ყველაფერია, რაც მას სჭირდება, მთავარი „ჯადოსნური ინგრედინტი““.

მაშინაც კი, თუ მსჯავრდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, დიდების მოყვარულ ქალებს შეუძლიათ თავისი ამბის მოყოლა მას შემდეგ, რაც განაჩენი სისრულეში მოიყვანეს, აღნიშნავს რამსლენდი.

თარგმანი:ირაკლი კეკელია

http://rissina.livejournal.com/247036.html 

https://ss69100.livejournal.com/2698677.html

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი