მერაბ მამარდაშვილი:„არასდროს უნდა შეუშინდე ძალიან შორს წასვლას, იმიტომ, რომ ჭეშმარიტება კიდევ უფრო შორსაა“

0
1700

მინდა ერთგვარი გაფრთხილებით დავიწყო. უპირველესად, ეს სტილს ეხება – არა ჩემი ლექციების, არამედ ქცევის და აზროვნების სტილს, რომლის გამოკვეთასაც ვცდილობ. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ჩემი ამოცანაა არა ლიტერატურული სამშვენისების აღწერა, არამედ ადამიანის აზროვნების სტილის გამოვლენა, იმ ადამიანის, რომელმაც ჩაატარა ცდა. მისი შეგრძნება, თავისი ბუნებით, არ განსხვავდება იმისგან, რისი შეგრძნებაც ჩვენ შეგვიძლია.

უბრალოდ, ჩვენ შეიძლება განვიცადოთ და ვერ გავიგოთ, სხვა ადამიანმა კი გაიგო და ჩაინიშნა. ამიტომაც, საინტერესოა, მას მივმართოთ. ამ გამოცდილების წიაღში მოქმედებს აზროვნების გარკვეული მეთოდი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. აზროვნების ამგვარი მეთოდი იმის ნაწილია, რა ფიგურას, რა ნახატს ან რა კონტურსაც იღებს ადამიანის ცხოვრება, რომელიც ამ ხედვას ეზიარა. თვით ეს ხედვა გარკვეულ წილად ცვლის ცხოვრებას, ბედისწერას. მოგვიანებით იმაზეც ვისაუბრებთ, რომ თვით ბედისწერის შეგრძნება და ბედისწერის წარმოდგენა ჩვენი ცნობიერი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია.

დასაწყისისთვის ასე ვიტყვი, ძალიან უხეშად, რომ სწორედ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც ბედისწერის შვილები ვართ. ანუ, თუკი ბედისწერაში ვცხოვრობთ, მაშინ – ადამიანები ვართ და, თუკი ბედისწერის მიღმა ვცხოვრობთ, და ხშირ შემთხვევაში ეს ასეც არის, მაშინ – ნახევრად ცხოველები ვართ; ან, როგორც პრუსტი ამბობდა, demi esprits, ანუ ნახევრად სულიერები ვართ.

ყველაფერი გვაქვს – აზროვნებაც, გრძნობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ნაწილობრივ გაგვაჩნია. მაშასადამე, როდესაც აზროვნების ასეთ სტილზე ვსაუბრობ, ვცდილობ, ამ სტილის ძირითადი ღერძი გაგრძნობინოთ. კერძოდ: სამყაროს, მასში მიმდინარე მოვლენების ისეთი ხედვა, რომ საგნები თვითკმარ დეტალებად კი არ აღვიქვათ (რასაც პრუსტი დეტალებს უწოდებს), არამედ დავინახოთ ის, რასაც ფიგურის ან კანონზომიერების ელემენტად აღვიქვამთ; ელემენტი, რომელიც ტელესკოპს მოითხოვს.

შემთხვევით არ დამისახელებია მაგალითი ჩემს თანაკურსელზე: ის ვერ ხედავდა უპოვარ ბიჭს, – ეს, მართალია, უმნიშვნელო ფაქტია, – რომელსაც ყველანი ვხედავთ. პრობლემა ისაა, რომ ამ ფაქტის მიღმა არსებითი კანონზომიერება დავინახოთ. არა მხოლოდ შემთხვევითობა – აღვიქვი – არ აღმიქვამს, ასეთი შემთხვევა ათასობით, მილიონობითაა…

ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ დეტალებს, წვრილმანებს მიღმა არის რაღაც და თვით დეტალიც არ არის თვითკმარი, თავისთავადი საგანი – სახის გამომეტყველება, ცისფერი, არამედ რაღაცის ელემენტია. და დეტალის მიღმა სხვა რამის დანახვა არის კიდეც ის, რასაც პრუსტი ტელესკოპს უწოდებდა. არა მიკროსკოპით დათვალიერება, რასაც, როგორც წესი, მიაწერდნენ პრუსტს, არამედ ტელესკოპით იმის მოახლოვება, რაც სინამდვილეში დიდია, მაგრამ, უბრალოდ, ჩვენი სულიერი დაშორების გამო, – იმიტომ, რომ ფიზიკური მანძილის გარდა (და ამაშია პრუსტის სიღრმისეული შეგრძნების უნარი), არსებობს სულიერი მანძილიც, და ეს მანძილები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, პრუსტის თქმით, შეიძლება შეყვარებულს ეხუტებოდე და ამავე დროს, მისგან ისე შორს გრძნობდე თავს, თითქოს ის ყველაზე შორეულ ვარსკვლავზე – სირიუსზე იყოს. და საგნები ჩვენს წინაშე წარმოჩნდება არა ფიზიკურ, არამედ სულიერ, ან სამშვინველისეულ მანძილზე.

დიდ მანძილზე – ის, რაც მცირე გვეჩვენება, სინამდვილეში შეიძლება ერთი დიდი ვარსკვლავი, თანავარსკვლავედი ან ფიგურა იყოს. ანუ ეს დეტალები ფიგურების ელემენტებია, ფიგურა კი შეიძლება იყოს უზარმაზარი; მოგვიანებით შევეცდები გაჩვენოთ, რომ ეს ფიგურები, საერთოდ, სრულიად სხვა სივრცესა და სხვა დროშია, რომლებიც ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრების სივრცესა და დროს არ ემთხვევა და ბევრად აღემატება მათ (ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრება კი ბედისწერის ხაზების მიხედვით მოძრაობს, სწორედ იმ ხაზების მიხედვით, რომლებიც ამ სივრცეების და დროის ხაზებია). და ამის შემდეგ მათ კონფიგურაციულ სივრცეებს, ანუ ფიგურების სივრცეებს ვუწოდებ. და ამიტომაც, როცა ვამბობ „ფიგურა“, იგულისხმება – სახე, მეტყველების ნაწილი, უბრალოდ, მნიშვნელობის განსამარტავად. მაგრამ, მეორე მხრივ, მას, როგორც ტერმინს, ან პროფესიონალების სიტყვით რომ ვთქვათ, როგორც ცნებას, ჩემთვის გარკვეული შინაარსის მქონე მნიშვნელობა აქვს.

სიტყვა „ცნებამ“ არ შეგაშინოთ, ამაში საშიში არაფერია. მართალია, ვაზროვნებთ, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ ფიქრში გამოცდილი ადამიანები, – მაგალითად, გოეთე, რომლის ციტირებაც მინდა, ამბობდა, რომ ნებისმიერი აზროვნება ვერ წაადგება აზროვნებას, ანუ აზროვნება რაღაც სხვა გზით ხდება და ამიტომაც ნებისმიერ აზროვნებას არ შეუძლია წაადგეს აზროვნებას. კიდევ სხვაგვარი აზროვნებაც უნდა არსებობდეს. და ცხოვრებაში თვით ცხოვრების მიერ დაკანონებული ამ განსხვავებული აზროვნების გაგებას შევეცდებით.

ასე, მაგალითად, მინდოდა გამეფრთხილებინეთ: როდესაც რომელიმე მოვლენას, რომელიმე დეტალს ვასახელებ – არა თავისთავადი თვისების, არამედ ფიგურების ელემენტების სახით, – ამ დროს გარკვეული მაგალითებით ვსარგებლობ. ხელმისაწვდომი მაგალითები უნდა გამოვიყენო, ანუ არა სირთულის მიხედვით ხელმისაწვდომი, არამედ უბრალოდ ისეთები, რომლებიც იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ახლობელია. და ამაში არის კანონზომიერება.
მე უნდა მოვიხმო მაგალითები, ვინაიდან ასეა აგებული ჩვენი ენა და ის გვაიძულებს, რომ გარკვეული გზით ვიაროთ. თუკი ადამიანს რაიმე საქმიანის თქმა უნდა, მაგალითების მოხმობაა საჭირო, რადგანაც ფიგურები ელემენტების, დეტალების გარეშე არ არსებობს. ეს, ასე ვთქვათ, ადამიანური ენის კანონია. სიტყვა „ადამიანურს“, ასევე, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა გაგებით? მოგეხსენებათ, როცა ადამიანურ ენაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია, მოვიტყუო, არ შემიძლია, მინიშნებებით ვილაპარაკო. სწორედ ამას ეხება ჩემი გაფრთხილება. ვიმეორებ, ჩვენს ენას აქვს კანონები.
მაგალითად, ჩვენს ენაში ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნის. ყველაფერი, რაც ადამიანის შექმნილია, ჩვენი საკუთრებაა და თუკი პასტერნაკის სიტყვებს ვიყენებ, არა იმიტომ, რომ უკანონო ქმედების ჩადენა მინდა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ენა მაიძულებს. სხვაგვარად გამოხატვა შეუძლებელია, – თუკი ენის, ადამიანური ენის კანონებს იცავ. ყველაფერი, რაც სამყაროში შექმნილა, ჩვენ გვეკუთვნის და შეგვიძლია ყველა მათგანი გამოვიყენოთ. ამიტომაც, ამის საპირისპიროდ, თუკი რაიმე მაგალითს მოვიხმობ, ნუ იფიქრებთ, რომ ამით რაიმე ანტიმილიციურ აქტს ჩავდივარ.
თავის დროზე, იმის გასარკვევად, თუ რა არის ადამიანური ენა, მე-19 საუკუნის საკმაოდ ცნობილმა პუბლიცისტმა ვარფოლომეი ზაიცევმა (მცირერიცხოვან რუს ემიგრანტთაგანი გახლდათ, რომელიც დაახლოებით 80-იან წლებში ჟენევაში გამოსცემდა გაზეთს, აღარ მახსოვს, რა ერქვა. ჰოდა, ძალიან მწარე პამფლეტებს წერდა; როგორც პამფლეტისტი, მართლაც, ნამდვილად გესლიანი ვინმე იყო) შესანიშნავი პამფლეტი დაწერა, სახელწოდებით „ძაღლის კუდის გამო, ანუ რუსული პრესის ხასიათის შესახებ“.
ზაიცევი ამბობს, სეისმოგრაფის (სეისმოგრაფიული ჩანაწერის) საშუალებით რომ აღვრიცხოთ პატრონის წინაშე ძაღლის კუდის ქიცინი, მიღებული დიაგრამა აბსოლუტურად ემსგავსება იმ ენას, რომელსაც რუსული პრესა იყენებს. მაგრამ ამისგან განსხვავებით, ჩვენ ვცდილობთ, ადამიანურ ენაზე ვისაუბროთ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთია კულტურის ბუნება, ასეთია კულტურის კანონი. და ვინაიდან ასეთია კანონი, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კულტურის ნაყოფი ვინმეს გასახარად ან გულგასატეხად მწიფდება.
ის თავისი კანონების მიხედვით მწიფდება. შესაბამისად, ვიმეორებ, აქედან ნუ დაასკვნით, რომ, თითქოს, საგანგებოდ გადავწყვიტე ქუჩაში მოძრაობის წესების ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან ჯიბიდან ვიღერებ მუშტს. უბრალოდ, მეტყველების კანონებს ვემორჩილები, იმ კანონებს, რომელთა მიხედვითაც იგება კულტურა. და აქ კიდევ ერთი არსებითი საკითხია (რომელიც პრუსტთან დაკავშირებით გვჭირდება). საქმე ისაა, რომ, როდესაც რაიმე გარეგანის შესახებ ვსაუბრობთ, – ვთქვათ, ვამბობ „ძაღლის ენა“ და მე-19-მე-20 საუკუნეების რუსულ პრესას ვგულისხმობ, – ისევ და ისევ უნდა გაიგოთ, რომ ეს ფიგურის ელემენტებია.
ფიგურის ელემენტების, ანუ ისეთი რამის დასანახავად, რაც უბრალოდ კარგი ან საზიანო კი არ არის, არამედ ფიგურის ელემენტებია, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ. ასე ყალიბდება ადამიანის მეტყველება, რამეთუ ჩვენ მარადიულნი ვართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუკი საკუთარ თავში არ ვიყურებით, ჩვენს არსებაში მარადიულად იქნება ყოველგვარი ნაგავი, ვინაიდან ის ჩვენი გრძნობების მატერიით იკვებება, ჩვენგან მომდინარეობს. შემდეგ ის ჩანაცვლდება. დღეს ერთი უმსგავსობა იქნება, ხვალ – მეორე.
ამიტომაც თავისთავად უმსგავსობას მნიშვნელობა არ აქვს. თუკი მას გონებაში „გვიჭედავენ“ და საკუთარ თავში არ ვიყურებით, სხვა უმსგავსობებიც წარმოიქმნება. ისინი თავისთავად არა საინტერესოა. სხვების გაკიცხვა არ არის საჭირო, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ, და ისევ და ისევ – ეს ყველაფერი ენის კანონების შესაბამისად უნდა გავაკეთოთ, რომელსაც ეფუძნება ნებისმიერი კულტურული აქტი, ნებისმიერი აქტი კულტურაში. ეს იმასაც ნიშნავს (რასაც ახლა ვიტყვი, პრუსტისეული თემაა), როგორც წინათ გითხარით, რომ სიმამაცეა საჭირო (ოღონდ არა მილიციის წინაშე. არ უნდა გვეშინოდეს მილიციის, რადგან მასზე საშიში რამეებიც არსებობს – დღეს მილიციაა, ხვალ პოლიცია, ზეგ კიდევ სხვა სახელი დაერქმევა; ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ წარმოიქმნება, განმეორდება, თავისთავად ეს ყველაფერი არასაინტერესოა), – საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ სიმამაცე, ჩვენ ხომ სიმართლის დანახვა გვაშინებს.
პრუსტი ამბობს: მე დეტალებს კი არ განვიხილავ, რადიოგრაფიით ვარ დაკავებული (მაპატიეთ, რუსულ მეტყველებაში გალიციზმი დავუშვი, უნდა მეთქვა – რენტგენოსკოპიით ვარ დაკავებული). მაგალითად, ვხედავ გლუვ, ხავერდოვან ქალის მუცელს, მაგრამ, თუკი ვიცი, რომ ეს ქალი კიბოთია დაავადებული და ამ მუცელში კიბოს სიმსივნე იმალება (გლუვი ზედაპირის ქვეშ), ვერაფერს ვიზამ: კიბოს სიმსივნეს ვხედავ. პრუსტი ამბობს, რომ ამ გაგებით რენტგენოსკოპია მაქვსო. საკმაოდ რთული საქმიანობაა; პირობითად მას „სისასტიკის ფილოსოფიას“ ვუწოდებ.

პრუსტს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც ინტენსიური სულიერი ცხოვრება განვლო, აქვს ფილოსოფია და ამ ფილოსოფიას შეგვიძლია სისასტიკის ფილოსოფია ვუწოდოთ. ერთ მაგალითს მოვიხმობ, რომელიც თავისი შინაარსით, შესაძლოა, თქვენთვის უფრო ახლოს იყოს, ვინაიდან ის თეატრის სფეროს განეკუთვნება, თუმცა, ავტორი ნაკლებად ცნობილია და მისი სპექტაკლები არ იდგმებოდა (მგონი, თვით ფრანგებისთვისაც მაინცდამაინც ცნობილი არ არის); ფრანგ მსახიობს, რეჟისორს და თეატრის თეორეტიკოს ანტონენ არტოს ვგულისხმობ, რომელმაც თავის თეატრს „სისასტიკის თეატრი“ უწოდა. სწორედ ამასთან ანალოგიით შეგიძლიათ გაიგოთ სიტყვათშეთანხმება „სისასტიკის ფილოსოფია“. ეს დაახლოებით ასე ჟღერს (პრუსტისეული ვერსია ერთ-ერთი ყველაზე უწყინარია, იმიტომ, რომ არსებობს გაცილებით უფრო სასტიკი ვერსიები): საკუთარი შიშის და რისკის ფასად, შთაბეჭდილებებიდან უნდა გამოვიტანოთ ჭეშმარიტება, ანუ გამოვიტანოთ ფიგურა; ჩვენს ენაზე გადატანისთვის უნდა ვიქონიოთ სიმამაცე და ფრაზის: „ის ძალიან სასიამოვნო ქალია“ ნაცვლად, უნდა ვთქვათ: „იმ ქალის კოცნამ სიამოვნება მომანიჭა“.

ყველაზე ხშირად სწორედ ასეა. ის ქალი კი არ არის სასიამოვნო, არამედ, უბრალოდ, მისმა კოცნამ მომანიჭა სიამოვნება. ესაა და ეს. რამდენად ხშირად შეგვიძლია ამის თქმა საკუთარი თავისთვის? მართალია, ხშირ შემთხვევაში ასეა, მაგრამ ყველაზე იშვიათად ვბედავთ საკუთარი თავისთვის ამის გამხელას, ვინაიდან საკუთარ წარმოსახვაში ამ სასიამოვნო ქალთან მთელ რომანს ვაგებთ. ამ პასაჟს უბრალო ციტატით დავასრულებ. ისე მოხდა, რომ პრუსტი ერთ-ერთ ლიტერატურის კრიტიკოსს – კურციუსს სწერდა (კურციუსი პრუსტის შემოქმედებას იკვლევდა და მის ანალიზს ცდილობდა): „…პოლიტიკა არაფერში გვარგებს“. მართლაც, ეს ფრაზა, პრუსტისავე სიტყვებით, უკვე ტექსტობრივად ამტკიცებს, რასაც აქამდე ვამბობდი, ვინაიდან მთელი ჩემი გაფრთხილება იქამდე დაიყვანებოდა, რომ პოლიტიკა არაფერში გვარგებს, იმ გაგებით, რომ არსებობს თვით პოლიტიკაზე უფრო სერიოზული რამეები, რომლებსაც დიდი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

ჩვენ ლიტერატურას ვიხილავთ. პრუსტი პირდაპირ წერს: „პოლიტიკაზე მსჯელობა არაფერს მოგვიტანს“. ანუ აქ თავისთავად უაზრო და მარად განმეორებადი დეტალები ან სიმახინჯეები იგულისხმება. ჩვენი საქმეა ლიტერატურა. „ლიტერატურა“ ამ შემთხვევაში სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ლიტერატურა – ეს არის საქმიანობა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი წიგნებს წერს. პრუსტთან ლიტერატურა, ანუ ლიტერატურული აქტი, სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბების ნაწილია; იმის გაგების აქტის ჩამოყალიბების ნაწილი, რაც ამ ქ ვეყნად ხდება და რაც ამ ქ ვეყნად ადამიანის თავს ხდება. პრუსტი ამბობს: „ჩვენი საქმე ლიტერატურაა“, და შემდეგ: „…მართალია, ბევრს შეუძლია გაგვკიცხოს, რომ morbo litterario-თი (ავადმყოფური სწრაფვით, ავადმყოფური გრაფომანიით, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ ვთარგმნო) დაავადებული, – არა, – ამბობს პრუსტი, – ცუდი ლიტერატურა გვამდაბლებს, დიდი ლიტერატურა კი ყოველთვის გადაგვიხსნის ხოლმე ჩვენი სულის უცნობ ნაწილს“. და აი, ეს ფრაგმენტი გავიხსენე იმის გამო, რომ, შემდეგ ბრწყინვალე ფრაზა მოსდევს: „..არ უნდა შეუშინდე ძალიან შორს წასვლას“. მაგალითად, გვეშინია ვთქვათ „კიბო“; ყოველთვის არსებობს რაღაც წვრილმანი, გარკვეული მიზეზი, რასაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, რომ თავიდან ავიცილოთ იმის გაცნობიერება, რომ ეს კიბოა. პრუსტი კი ამბობს: „არასდროს უნდა შეუშინდე ძალიან შორს წასვლას, იმიტომ, რომ ჭეშმარიტება კიდევ უფრო შორსაა“. მართლაც, დაფიქრდით, ვერასდროს მოვახერხებთ ძალიან შორს წასვლას, ვინაიდან ჭეშმარიტება მაინც კიდევ უფრო შორს იქნება.

ასე რომ, მე ამასწინათ შემდეგი აზრი ჩამოვაყალიბე: როდესაც სიყვარულის ილუზიას განვიცდით, ამ განცდის დროს ყველაზე არსებითია იმის გაცნობიერება, თუ სინამდვილეში როგორაა საქმე, რა ხდება; ანუ ის, რაც ჩვენი განცდისგან განსხვავდება, ყველაზე ხშირად ილუზიაა – ნაყოფიერი, მაგრამ მაინც ილუზია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი