ნონა ხიდეშელი:,,ნებისმიერი რამ, რაც  ჩვენს ცხოვრებაში მომხდარა, თავისი როლი და ფუნქცია შეასრულა და დასრულდა”.

0
1952

საუბედუროდ ჩვენ, ადამიანები, ჩვენი შეზღუდული   და ვიწრო აზროვნების  წყალობით, ბედნიერებად მხოლოდ იმ მოვლენებს მივიჩნევთ, სადაც ჩვენი ეგო და ამბიცია დაკმაყოფილებულია.

ამიტომაც თუ ჩვენი შეფასებით, სასიამოვნო მომენტები დასრულდა, თავს ვგრძნობთ უბედურად, უიღბლოდ, სასოწარკვეთილად.  ყველაფერს იმ ადამიანს და იმ პერიოდს ვადარებთ სადაც ეს განვიცადეთ, ნიმუში შექმნილია და ყველგან და ყველაფერში მის გამეორებას ვესწრაფვით. რამდენი ადამიანი  არსებობს,  ოდესღაც რომ  ვიღაც ჰყვარებია და ახლაც ყველგან და ყველა ადამიანში მას ეძებს, ამბობს რომ ის იყო უნიკალური და განუმეორებელი, ის იყო ერთადერთი ბედნიერება მის ცხოვრებაში და ა.შ. მაშასადამე, პრობლემის არსი ისევ ჩვენი არასწორი აზროვნებაა, რამდენადაც ჩვენი თვალსაწიერი ჩვენივე სურვილების იქით ვერ იშლება, იმდენად ცუდად ვგრძნობთ თავს.

რეალობა კი სრულიად სხვაა, გაცილებით მარტივი და მუდმივად სიახლით აღსავსეა. ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, ვსწავლობთ, ვმოგზაურობთ, ვხვდებით უამრავ ადამიანს, ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას, ხშირად ვწუხდებით კიდეც და მადლობა ღმერთს ამის გამო. ადამიანი თუ არ შეწუხდა და თუ არ შეიზღუდა გარეგნულად, იგი არასოდეს დაიწყებს საკუთარი თავის შეცნობას და ინსტიქტების დაკმაყოფილების იქით ვერ წავა. სწორედ შეწუხების გამო ვცდილობთ გავიგოთ და გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი სულიერი თუ ფიზიკური არსებობა, რა არის არსი და შინაარსი ჩვენი ცხოვრების.

ჩვენ კარგად ვიცით, რა ემართება ადამიანს, რომელსაც განუზომელი ძალაუფლება და სიამოვნების მიღების შესაძლებლობები აქვს, პრაქტიკულად ასეთი ადამიანი მთლიანად დეგრადირდება, ჰგონია რომ ყველაფერი იცის და ყველაფერს სწორად აკეთებს, ხდება მოძალადე, ავადმყოფურად ეგოისტი, ჰგონია რომ რაღაც უნივერსალური მოვლენაა  და სამყარო მის იქით აღარ არსებობს, თავისდაუნებურად ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს, აფერხებს განვითარებას როგორც საკუთარ თავში, ისე ირგვლივ, სადამდეც ხელი მიუწვდება.

გერმანელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და ჰუმანისტი ერიხ ფრომი აღნიშნავდა, რომ  კაცობრიობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მტარვალი ან სადისტი, არამედ  ადამიანი, რომელსაც მინიჭებული აქვს განუზომელი ძალაუფლება, ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ ცხოვრებაში შესაძლებელია უფრო მიდრეკილნი იყვნენ სიკეთისადმი, ვიდრე ბოროტებისადმი, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოდიან და მბრძანებლობენ მილიონობით ადამიანზე შეუზღუდავი ძალაუფლებით, უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლიათ.

ადამიანს  თვითკონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტი აქვს და როდესაც საზოგადოებასთან ერთად იწყებს თანაარსებობას, ხვდება, რომ იზოლაციაში ვერ იარსებებს და საჭიროა ჰარმონია  დანარჩენ სამყაროსთან, რათა უამრავი არასასიამოვნო პროცესი აიცილოს თავიდან. ჩვენ მუდამ ერთმანეთს ვაფხიზლებთ და ვახსენებთ, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება იქ იზღუდება, სადაც მეორის იწყება, თუ ჰარმონია არ იარსებებს ჩვენს შორის, სიმშვიდე ვერასოდეს დაისადგურებს, ესაა ჩვენი ცხოვრების კანონზომიერება.  საკუთარ გამოცდილებებზე რომ ვისწავლოთ და გავიზარდოთ, ამისათვის კიდეც უნდა გვეტკინოს და კიდეც უნდა შევწუხდეთ, ეს გარდაუვალი რეალობაა  და იარსებებს მანამ, სანამ ადამიანი სრულყოფილებას არ მიაღწევს. მთავარია,  შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტები გვერდზე გადავდოთ და ყოველი მოვლენა მივიღოთ, როგორც აუცილებელი და გარდაუვალი კანონზომიერება ჩვენი ცნობიერების ზრდისთვის.

ნებისმიერი რამ, რაც  ჩვენს ცხოვრებაში მომხდარა, თავისი როლი და ფუნქცია შეასრულა და დასრულდა. საჭიროა გონება გავათავისუფლოთ წარსულის ემოციური გავლენისგან და შევხედოთ ახლა, ამჟამად რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. მთელი არსებით განვიცადოთ და შევიგრძნოთ აწმყო, არა ცალმხრივად, არა ფრაგმენტულად, არამედ მთლიანად, გონებითაც და გრძნობითაც. მივიღოთ ყოველი ახალი დღე როგორც ღვთის უდიდესი წყალობა და მშვიდად დაველოდოთ რას მოგვიტანს იგი. თუ შევძლებთ  ემოციისა და გრძნობის გარეშე ვიფიქროთ წარსულზე, ბევრ რამეს გავაანალიზებთ და ბევრსაც ალბათ ვისწავლით, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ ემოციური მიჯაჭვულობისგან  თავის დაღწევას, მუდამ ერთი და იგივე შეცდომებს დავუშვებთ, ისევ დავიწყებთ ნაცნობი განცდების, ადამიანების, მოვლენებისა და სიუჟეტების ძიებას და ისედაც შეზღუდულ გონებას, ჩიხში მოვაქცევთ, თუ მუდამ იმას იფიქრებ, რომ ცა გუშინ განსაკუთრებით ლურჯი და ლამაზი იყო და მისი ხატება გექნება,  ვერასოდეს შეძლებ იგივე ცის ყოველდღიური მშვენიერების აღქმას.

სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ყოველი მოვლენა და ყოველი ადამიანი თავისებურად საინტერესო, მიმზიდველი და განუმეორებელია. ის რაც გუშინ მოხდა, გუშინ უნდა მომხდარიყო, მან თავისი ფუნქცია შეასრულა და ამოიწურა. როდესაც რაიმე კარგ წიგნს კითხულობ, ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე მომენტი, მუდმივად იმეორო მარტო იმიტომ, რომ ის მოგწონს, ეს ხომ არაფერს შეგძენს და ბოლოს და ბოლოს მოგბეზრდება.

წარსულის სწორი გააზრება გაგათავისუფლებს ასევე შინაგანი  ნეგატიური  ემოციებისგან, რასაც რელიგიის ენაზე, ბოროტის ხსოვნა ჰქვია. რაც არ უნდა არწმუნო შენი თავი ან გარშემომყოფები, რომ ყველას ყველაფერი მიუტევე და აღარაფერი აღარ გაწუხებს, თუ ეს არ აისახა ყოველდღიურ ურთიერთობებში და შინაგანი სიმშვიდე არ მოგიტანა რეალურად, ჩათვალე რომ მორიგი კეთილშობილური ილუზიის მსხვერპლი ხარ და მეტი არაფერი.

ამრიგად, თუ კარგად დავაკვირდებით, შევისწავლით და გამოვიკვლევთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს გამოცდილებებს, დამოკიდებულებებს, ურთიერთობებს, ფიქრებსა და ქმედებებს, ბევრ რამეს გადავაფასებთ ცხოვრებაში, მთავარია გავაცნობიეროთ, რომ წარსული არც კარგია და არც ცუდი, ის უბრალოდ ერთი გარკვეული მონაკვეთია ჩვენს უსასრულო არსებობაში, რომელმაც ჩვენს აწმყოს ბიძგი და გარკვეული მიმართულება მისცა, გაგვზარდა და ბევრი რამ შეგვძინა.  ამის გააზრება ბევრი შემაწუხებელი განცდისა და ფიქრისგან გაგვათავისუფლებს, რაც თავისთავად მოიტანს, ჯერ შინაგან, შემდგომ კი გარეგნულ ტრანსფორმაციას.

ასეთივე სერიოზული დაბრკოლება ადამიანის გონებისთვის არის ე.წ. მომავალი, უფრო ზუსტად, ჩვენი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და მიჯაჭვა მასზე, მთელი თავისი ოცნებებით, წარმოსახვებითა და სურვილებით. მოდით დავფიქრდეთ, რა არის მომავალი რეალურად _ ეს არის დროის  რაღაც აბსტრაქტული მონაკვეთი, რომელიც ჯერ არ დამდგარა, ანუ უცნობი და გაურკვეველია, არავინ იცის რა და როგორ იქნება თუნდაც ერთი დღის მერე. ახლა კი გავარკვიოთ რა არის ეს მომავალი პირადად ჩვენთვის, ანუ კონკრეტული ადამიანისთვის.

მე ვარ ესა და ეს პიროვნება და მაქვს რაღაც გარკვეული მდგომარეობა და ადგილი საზოგადოებაში, რომელიც არ მაკმაყოფილებს, მაქვს უამრავი სურვილი, ოცნება, კონკრეტული მიზნები და მისწრაფებები, მინდა ვიყო მდიდარი და წარმატებული, ვიპოვო სიყვარული, მოვიპოვო ადამიანების პატივისცემა, სახელი და ა. შ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მთელი ეს ადამიანური სურვილები, ანუ თუ დღეს ჩემი ამბიცია დაუკმაყოფილებელია, მომავალში ამას აუცილებლად მივაღწევ, მაშასადამე მომავალს უკავშირდება მთელი ჩემი სურვილები, ოცნებები, მიზნები, ამბიციები, ყველაფერი რისთვისაც მე დღეს ვცხოვრობ და ვიბრძვი. თუ დღეს ბრიყვი ვარ, ხვალ წიგნს წავიკითხავ და გონიერი გავხდები, თუ ხარბი და ანგარებიანი ვარ, მომავალში კეთილშობილი ვიქნები, რომელიმე ორშაბათიდან სიგარეტს თავს დავანებებ _ რაც ასე პოპულარულია ჩვენს ირგვლივ. მაშასადამე დღეს, მოცემულ მომენტში ჩემი ცხოვრება არ მომწონს და არ მაკმაყოფილებს, მაგრამ მომავალში ყველაფერი სხვანაირად იქნება.

მაშასადამე პრობლემა მომავალი კი არ არის, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მასთან. თუ შევძელით და წარსულს დავაღწიეთ თავი, გონება მომენტალურად იწყებს მომავლის დაპროექტებას. (რა თქმა უნდა   არ იგულისხმება მომავლისადმი პრაქტიკული მიდგომა და დაგეგმვა, მაგალითად, თუ სადმე ვაპირებ ხვალ წასვლას, თადარიგი დღეს უნდა დავიჭიროთ, ან თუ გამოცდებს ვაბარებთ, დღეს უნდა ვისწავლოთ და მოვემზადოთ ამისათვის. ეს პრაქტიკული და გონივრული დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი და გონებას ვერ დაამძიმებს, ლაპარაკია ჩვენს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე მომავლისადმი.)

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი