სიზმრების ინტერპრეტაცია

0
403

იუნგის თეორიულ ნააზრევს ბევრი საერთო ჰქონდა ტრადიციულ ფსიქოანალიზთან არაცნობიერი პროცესებისა და ინტრაფსიქიკური დინამიკის ხედვით თვალსაზრისით. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუნგი სულიერებას სექსუალობაზე მაღლა აყენებდა და ადამიანის განვითარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე ინდივიდუაციის პროცესად მიიჩნევდა, კრიტიკულ განსხვავებებს ქმნიდა იუნგისა და ფროიდის მოდელებს შორის. ასე მაგალითად, იუნგი, ფროიდის მსგავსად, თვლიდა, რომ სიზმრები და სიმპტომები ერთზე მეტი მიზეზით განპირობებული პროდუქტია, რომელიც ფარული შინაარსით არის დატვირთული, მაგრამ თუ ფროიდისთვის სიზმარი ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი სექსუალური და აგრესიული სწრაფვებიდან მომდინარე სურვილის ასრულებას წარმოადგენდა, იუნგი მათ პიროვნებაში ბალანსის მიღწევის სიმბოლოებად, უნივერსალური მითების გამოხატულებად და სამომავლო ცხოვრებისეული პრობლემების ანტიციპაციად აღიქვამდა.

იუნგისთვის ადამიანების უნიკალობას და მომხიბვლელობას მათ მიერ სიმბოლოების გამოყენება ქმნიდა. სიმბოლო არის ტერმინი, სახელი ან ხატი, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრებიდან შეიძლება ვიცნობდეთ, მაგრამ ტრადიციულ და თვალსაჩინო მნიშვნელობასთან ერთად, დამატებით სპეფიციკური კონოტაციის მატარებელი იყოს. ის რაღაც ბუნდოვანს, უცნობსა და ჩვენგან დაფარულს განასახიერებს. სიმბოლოები განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ფენომენებისა და ცნებების გაგებისთვის, რომელთა სრულად განსაზღვრა ან წვდომა შეუძლებელია.

  • იუნგის მიხედვით, ადამიანები სიზმრების სახით ცნობიერად და სპონტანურად ქმნიან სიმბოლოებს. ფსიქოლოგი, რომელიც სიზმრების სიმბოლოების ინტერპრეტაციას ცდილობს, ფრთხილად უნდა იყოს, რომ სიზმრის მთხრობელის თავისუფალმა ასოციაციებმა არ დააბნიოს. თუ ფროიდი უნდობლობას უცხადებდა სიზმრების ხილულ შინაარსს და შორს მიმავალ ასოციაციებში ეძებდა ფარულ მნიშვნელობას, იუნგი ამტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ თავად ხილული სიზმრის ფორმასა და შინაარსს. სიზმრით გამოწვეული ასოციაციებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტერპრეტაციისას მუდმივად უნდა ვუბრუნდებოდეთ თავად სიზმარს, რადგან სწორედ მასშია მოცემული დამახასიათებელი სიმბოლოები.

როგორც ვთქვით, თუ ფროიდისთვის სიზმრები დაფარული სურვილების ასრულების საშუალება იყო, იუნგისთვის ისინი მე-ში წონასწაორობისა და ჰარმონიის აღდგენის მცდელობას წარმოადგენდა. ასევე, მას მიაჩნდა, რომ სიზმრები ზოგჯერ წინასწარ შეიძლება გვატყობინებდნენ გარკვეული სიტუაციების შესახებ, ანუ ისინი, შესაძლოა, წინასწარმეტყველურ ფუნქციას ასრულებდნენ იმით, რომ ცნობიერება ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდეთ იმ საშიშროებისკენ, რომლის შესახებაც პიროვნებამ წინასწარ შეიძლება არაფერი იცოდეს.

სიზმრების იუნგიანული ანალიზისთვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი მათში არქეტიპული თემებისა და უნივერსალური მითების იდენტიფიკაციაა. ამასთან, იუნგს ცალკეული სიზმრების გარდა, სიზმრების სერიები აინტერესებს. ის თვლიდა, რომ სიზმრების სერიებში პერმანენტულად განმეორებადი თემების გამოვლენით და ყურადღებით შესწავლით ბევრი რამის გაგება შეიძლება პიროვნების არქეტიპების, არაცნობიერი პროცესებისა და მოტივების შესახებ

ავტორი:ლილი ხეჩუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი