ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით – ნიცშე IV ნაწილი

0
297

ისევ არ ვიცით, საიდან ჩნდება ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, რამდენადაც აქამდე მხოლოდ იმ ვალდებულებაზე ვსაუბრობდით, რომელსაც საზოგადოება აწესებს, რათა იარსებოს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად არსებობისათვის გამოყენებითი მეტაფორები ესაჭიროება ანუ მორალურად თუ ჩამოვაყალიბებთ – ვალდებულებით მყარი კონვენციების მიხედვით ცრუობა, ჯოგური პრინციპით ყველასათვის სავალდებულო სტილში.

ადამიანი, რაღა თქმა უნდა, ივიწყებს თავის ასეთ მდგომარეობას; ამგვარად იგი არაცნობიერად და მრავალსაუკუნოვანი მიჩვევიდან გამომდინარე, იტყუება და სწორედ ამ არაცნობიერებისა და დავიწყების მეშვეობით ეუფლება ჭეშმარიტების გრძნობა. ამ გრძნობის ნიადაგზე, ის, რაც საკუთარ თავს ავალდებულებს, ერთ ნივთს წითლად, მეორეს ცივად, მესამეს კი მუნჯად აცხადებს, იღვიძებს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული მორალური ფორიაქი: მატყუარასგან განსხვავებით, ვისაც არავინ ენდობა და ყველა ზურგს აქცევს, ადამიანი ახდენს ჭეშმარიტების ღირსეულობის, სანდოობისა და სასარგებლოობის დემონსტრირებას.

ის როგორც „გონიერი“ არსება, თავის ქმედებებს აბსტრაქციებს უქვემდებარებს; მას სულაც აღარ აწუხებს უეცარი შთაბეჭდილებებითა თუ შეხედულებებით გართობა, ის თავის ამ შთაბეჭდილებებს მხოლოდ უფერულ და ცივ ცნებებად განაზოგადებს, რათა მათ საკუთარი ცხოვრებისა და ქმედების ლოკომოტივი მიაბას. ყოველივე ის, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს, დამოკიდებულია იმ უნარზე, რომ შეხედულებითი მეტაფორები სქემად გადააქციოს ანუ ხატიდან ცნება მიიღოს.

ყოველგვარი სქემატურობის სფეროში ისეთი რამ არის შესაძლებელი, რასაც შეხედულებითი პირველი შთაბეჭდილებების ქვეშ მოქცევა არასდროს არ სურს: კასტებისა და ხარისხის მიხედვით პირამიდული წესრიგის აგება, კანონების, პრივილეგიების, დაქვემდებარებულობის, საზღვრების ახალი სამყაროს შექმნა, რომელიც შეხედულებითი პირველი შთაბეჭდილებების სამყაროს უპირისპირდება, როგორც უფრო მყარი და საზოგადო, უფრო ნაცნობი, ადამიანური და, ამდენად, მარეგულირებელი და განმკარგულებელი.

თუკი ყოველი შეხედულების მეტაფორა ინდივიდუალური და უბადლოა და ამიტომაც ყველანაირი რუბრიკისაგან გაქცევა სჩვევია, ცნებების დიდი მშენებლობა რომაული კოლუმბარიუმის მყარ თანმიმდევრულობას აჩვენებს და ისეთი მკაცრი და ცივი ლოგიკით სუნთქავს, როგორიც მათემატიკისთვისაა დამახასიათებელი.

ვისაც ეს ცივი ამონასუნთქი შეეხება, გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ თავად ცნებაც კამათელივით ძვლისგანაა დამზადებული, რვაწვეროიანია და მისი გადაგდებაც შეიძლება, ერთადერთი კი, რაც მეტაფორის ნაშთად რჩება, არის ის, რომ ნერვული აღგზნების შემოქმედებითი გარდასახვა ხატად, ცნების დედა თუ არა, დედინაცვალი მაინცაა.

ცნებებით ასეთი სახის კოჭის თამაშის ფარგლებში „ჭეშმარიტება“ ყოველი კამათლის ისეთ გამოყენებას ნიშნავს, როგორადაც იგია განსაზღვრული – ზუსტი გამოთვლით, სწორი რუბრიკების შედგენით ისე, რომ არასდროს კასტურობისა და კლასობრივი რანგების თანმიმდევრულობა არ დაირღვეს.

როგორც რომაელები თუ ეტრუსკები ცას ძლიერი მათმატიკური ხაზებით აქუცმაცებდნენ და ამ მასშტაბით სამლოცველოს შემოსაზღვრულ სივრცეში ერთ-ერთ ღვთაებას ათავსებდნენ, ასევე ყოველ ერს თავს ზემოთ აქვს მათემატიკურად დანაწევრებული ცნებების ზეცა და თითოეული გაღმერთებული ცნების მის სფეროში ძებნა ჭეშმარიტების მოთხოვნა ჰგონია. აქ ადამიანი, როგორც უზომოდ გენიალური მშენებელი, მხოლოდ გაოცებას თუ იწვევს, რომელიც მოძრავ საფუძველსა და მდინარე წყალზე უსასრულოდ ჩახლართულ ცნებათა ტაძრის აღმართვას ახერხებს.

თუმცა ასეთ ფუნდამენტზე დასაყრდენი რომ იპოვოს, ეს ნაგებობა ობობას ქსელივით უნდა იყოს – ერთდროულად ნაზი, რათა ტალღამ თან წაიღოს და თანაც ისეთი ძლიერი, რომ ქარიშხალმა არ გაგლიჯოს. შენებაში გენიალურობის მასშტაბებით ადამიანი თვით ფუტკარსაც კი აღემატება: ფუტკარი აშენებს ცვილისაგან, რომელსაც იგი ბუნებაში მოიპოვებს, ადამიანი კი – ცნებათა ბევრად უფრო ნაზი მასალისგან, რომელიც მან თავად უნდა დაამზადოს.

იგი მართლაც რომ დიდ განცვიფრებას იწვევს, მაგრამ არა ნივთების წმინდა შემეცნებისათვის მისი ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის გამო. თუკი ვინმე ნივთს ბუჩქში მალავს, მერე კი იქვე ეძებს და თანაც პოულობს, ამგვარი ძებნა და პოვნა არაფრით გამორჩეული და გასაოცარი არაა, მაგრამ სწორედ ასე ხდება გონების წიაღში „ჭეშმარიტების“ ძებნაც და პოვნაც. თუკი ძუძუმწოვარი ცხოველის განსაზღვრება შემომაქვს, შემდეგ აქლემს რომ ვნახავ და განმარტებას ვიძლევი: შეხედეთ, აი, ესაა ძუძუმწოვარა ცხოველი, ამით ჭეშმარიტება კი გაცხადდება, მაგრამ მისი მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია; ამით იმის თქმა მინდა, რომ იგი ისევ და ისევ ანთროპომორფულია და, ადამიანიდან გამომდინარე, არ შეიცავს არც ერთ წერტილს, რომელიც „თავისთავად ჭეშმარიტი“, ნამდვილი და საყოველთაო იქნებოდა.

მკვლევარი, რომელიც ასეთ ჭეშმარიტებებს იკვლევს, პრინციპში ადამიანებში მხოლოდ სამყაროს მეტამორფოზებს ეძებს; მას სამყაროს, როგორც ადამიანისმაგვარი ნივთის გაგება ანაღვლებს და, უკეთეს შემთხვევაში, ასიმილაციის გრძნობის აღქმისათვის იბრძვის. ასტროლოგის მსგავსად, რომელიც ვარსკვლავებს ადამიანების სამსახურში აყენებს და მათ ბედნიერებასა და წუხილთან აკავშირებს, მკვლევარიც მთელ სამყაროს ადამიანებზე მიბმულად განიხილავს, როგორც ადამიანის პირველი სიმღერის უსასრულოდ დაწყვეტილ კვლავაჟღერებას და ადამიანის პირველხატის მრავალწახნაგოვან ანარეკლს. მისი ძიების მეთოდია ყველა ნივთის საზომად ადამიანის მიჩნევა, მაგრამ ამასთანავე, შეცდომას უშვებს, როდესაც დარწმუნებულია, რომ იგი უშუალოდ ნივთებს ხედავს. ამგვარად მას ავიწყდება, რომ ორიგინალური შეხედულებრივი მეტაფორები მხოლოდ მეტაფორებია, მას კი ისინი თავად ნივთები ჰგონია.

მხოლოდ პრიმიტიულ მეტაფორათა სამყაროს დავიწყებით, მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის უძველესი უნარიდან მდუღარე სითხედ მოდინებულ ხატებათა მასის გამყარება-გაქვავებით, მხოლოდ იმ უძლეველი რწმენით, რომ ეს მზე, ეს ფანჯარა, ეს მაგიდა – თავისთავადი ჭეშმარიტებებია, მოკლედ, მხოლოდ იმით, რომ ადამიანი საკუთარ თავს როგორც სუბიექტს, კერძოდ კი შემოქმედ ხელოვან სუბიექტს დაივიწყებს, მაშინ შეძლებს მშვიდ, უსაფრთხო და თანამიმდევრულ ცხოვრებას; მას რომ ამ რწმენის საპყრობილეს კედლებიდან ერთი წამით გადმოხედვა მაინც შეეძლოს, მაშინვე დასრულდებოდა მისი „თვითცნობიერება“.

იმისი აღიარებაც კი დიდ ჯაფად უღირს, რომ მწერი ან ფრინველი სამყაროს ადამიანისაგან განსხვავებულად აღიქვამს და კითხვის დასმა, სამყაროს რომელი აღქმაა უფრო სწორი, სრულიად უაზროა, რამდენადაც აქ სწორი აღქმის მასშტაბით ანუ არარსებული საზომით უნდა გაგვეზომა. საერთოდაც, სწორი აღქმა, რასაც სუბიექტში ობიექტის ადეკვატური ასახვა ეწოდებოდა, წინააღმდეგობებით აღსავსე სიბრიყვედ მიმაჩნია, რადგანაც ორ ისეთ სრულიად განსხვავებულ სფეროს შორის, როგორიცაა სუბიექტი და ობიექტი, არანაირი კაუზალურობა, არანაირი მართებულობა, არანაირი გამოხატვა არ არსებობს, ბევრი-ბევრი ესთეტიკური მიმართება არსებობდეს, ვგულისხმობ მინიშნებად გადატანას, მიმსგავსებულ თარგმნას სხვა ენაზე, რისთვისაც ყველა ვარიანტში თავისუფლად თხზვის, გამომგონებლობითი სფეროსა და ძალის საშუალებაა საჭირო.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი