ფიქსირებული განწყობის ცნება

0
377

იმის მიხედვით, რაც განწყობის შესახებ იყო ნათქვამი. უეჭველი ხდება, რომ ამ ცნებას ძირითადი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიაში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის, თუ სხვა ცოცხალი არსების, გარემოსთან ურთიერთობის პროცესში პირველ რიგში განწყობა ისახება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობაში სუბიექტი ყველაზე ადრე როგორც მთლიანი იცვლება. და რომ ეს ცვლილება ობიექტური სიტუაციის შესატყვისია. რაც შეეხება ეხლა მის განცდებსა და მოქმედებას, ყველაფერი ეს – როგორც ამგვარად შეცვლილი, ამგვარად განწყობილი სუბიექტის განცდა და მოქმედება – შეიძლება მხოლოდ მეორადი, უშუალოდ ამ განწყობის ფონზე აღმოცენებული მოვლენები იყოს.

გასაგებია, რომ განწყობის მოქმედება ნორმალურ შემთხვევებში სრულიად არ გვხვდება თვალში: იგი საერთოდ შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რამდენადაც ცხოვრების ნორმალურს მიზანშეწონილ მსვლელობას უდევს საფუძვლად.

მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მდგომარეობა იცვლება, და განწყობა შეცთომებისა და მიზანშეუწონელი ქცევის წყაროდაც იქცევა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, იგი ჩვენს საგანგებო ყურადღებას იპყრობს, და როდესაც ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში განწყობის შესახებ ლაპარაკობენ, უფრო ხშირად, თუ ყოველთვის არა, განწყობის მოქმედების სწორედ ამ შემთხვევებს გულისხმობენ. ეს, რასაკვირველია, სწორი არაა. აქ ჩვენ განწყობის მხოლოდ ერთერთს კერძო ფორმასთან გვაქვს საქმე, ფორმასთან, რომელიც, მართალია, დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ განწყობის მთელ ცნებას მაინც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჰფარავს. როგორია განწყობის ეს ფორმა?

ვთქვათ, გარკვეული სიტუაციის პირობებში გარკვეული განწყობა გამიჩნდა, და, ვთქვათ, ამ განწყობამ თავისი როლი შეასრულა _ ჩემს გარკვეულ ქცევას მიმართულება მისცა. რა ემართება ამის შემდეგ მას? იკარგება იგი სრულიად უგზოუკვლოდ, თითქოს არასდროს არ არსებულიყოს, თუ რაიმენაირად კვლავ განაგრძობს არსებობას და ჩვენს ქცევაზე კვლავ გავლენის მოხდენის უნარს ინარჩუნებს? თუ განწყობა სუბიექტის, როგორც მთელის, მოდიფიკაციას წარმოადგენს, მაშინ.

ცხადია, რომ, შეასრულებს თუ არა იგი თავის როლს, იმ წამსვე მეორე განწყობას უნდა უთმობდეს ადგილს. _ მაშასადამე, უნდა ქრებოდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ და სრულიად არარაობად უნდა იქცეოდეს. პირიქით, როდესაც სუბიექტი კვლავ იმავე სიტუაციაში ჩადგება, მაშინ მას გაცილებით უფრო ადვილად უნდა გაუჩნდეს სათანადო განწყობა, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სრულიად ახალი სიტუაციის პირობებში იმყოფება და სრულიად ახალი განწყობა უნდა შექმნას. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ერთხელ მიღებული განწყობა არ იკარგება, რომ იგი სუბიექტს რჩება, როგორც ხელახალი აქტუალიზაციის მზაობა – სათანადო პირობების განმეორების შემთხვევებში.
თავისთავად იგულისხმება, მზაობა ყოველთვის ერთნაირი არაა.

იგი უთუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რაოდენად მტკიცე იყო ის განწყობა, რომელიც ამ მზაობის სახით შერჩა სუბიექტს. მაგრამ რაზეა თვით ეს სიმტკიცე დამოკიდებული? უდაოა: რაც უფრო ხშრად ვიწვევთ ერთსადაიმავე განწყობას, მით უფრო მტკიცე ხდება იგი და მით უფრო ძლიერი აქტუალიზაციის მზაობა უჩნდება მას: განწყობის სიმტკიცეს განმეორება განსაზღვრავს.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, რომ სუბიექტზე ესათუის მოვლენა, თუ სიტუაცია, განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას სტოვებს ხოლმე. ასეთ შემთხვევებში სუბიექტს არაჩვეულებრივი მტკიცე განწყობა უჩნდება, განწყობა, რომელიც აქტუალიზაციის განსაკუთრებით ძლიერი მზაობით ხასიათდება.

ახლა საკმარისია, თუნდ მხოლოდ მსგავსმა მოვლენამ თუ სიტუაციამ იმოქმედოს სუბიექტზე, რომ მასში მყის ამავე განწყობამ იჩინოს თავი და სუბიექტის ქცევა თავი და შესატყვისად წარმართოს. მაშასადმე, ასეთ შემთხვევაში სუბიექტი სიტუაციის ადეკვატურ ასახვას ვერ ახერხებს. ნაცვლად შესატყვისი განწყობისა, იგი წინანდელი განწყობის ნიადაგზე აღიქვამს მოცემულ სიტუაციას და, ცხადია, ილუზიის მსხვერპლი ხდება.

ამრიგად, ხშირი განმეორების თუ დიდი პიროვნული წონის გამო რომელიმე გარკვეული განწყობა შეიძლება იმდენად ადვილად აგზნებადი. იმდენად ჩვეული გახდეს, რომ იგი არა შესატყვისი გამღიზიანებლის ზემოქმედების შემთხვევაშიც ადვილად აქტუალდებოდეს და ამით ადეკვატურ განწყობას გამოვლენის შესაძლებლობას ართმევდეს.
ასეთს განწყობას შეიძლება ფიქსირებული განწყობა ვუწოდოთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი