მერაბ მამარდაშვილი – პრუსტის ლოგიკა

0
628

ახლა ცოტა შორს წავიდეთ. ჰო, მართლა, ერთი დეტალი გამომრჩა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაშასადამე, ისედაც რთული საკითხია, მაგრამ კიდევ ერთი გამართულებელი დეტალიც არის მაგნიტური ხაფანგების ან კონსტრუქციების მთელ ამ ვითარებაში, რომელშიც ვცხოვრობთ. არსებობს კონსტრუქციები, რომლებიც საშუალებას არ გვაძლევს დავინახოთ (ჩემი ამხანაგის კონსტრუქცია) და არსებობს კონსტრუქციები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ; მოდით, მათ პრუსტის კონსტრუქციები ვუწოდოთ.

ან – სეზანის მაგალითი მოგიყვანეთ – ვაშლები, რომელთა საშუალებითაც ვხედავთ. ტექსტი, რომლის საშუალებითაც ვკითხულობთ ჩვენს გამოცდილებას. და ჩვენი გამოცდილების ამ წაკითხვის დროს, რომელიც ანტიფსიქოლოგიური ხასიათისაა, ანუ ჩვენი ფსიქიკის, ჩვენი, როგორც ადამიანური არსებების, ფსიქოლოგიის ძირითადი ტენდენციების წინააღმდეგაა მიმართული, – არის კიდევ ერთი სირთულე.

უპირველესად, მოვნიშნოთ შემდეგი: ვერ ვხედავ, რადგანაც მინდა, თავი ავარიდო შიშს, ანუ გავექცე იმ აზრს, რომ მეშინია. ჭეშმარიტება კი არის ის, რისიც მეშინია, – მისი დანახვა, და მერე მავიწყდება კიდეც ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების მრავალშრიანობიდან გამომდინარე, რომ არც მინახავს ის, რადგანაც მეშინოდა; მერე კი, მომდევნო სართულებზე, იმის გაცნობიერებაც ქრება, რომ ჭეშმარიტებას შიშის გამო გავურბოდი.

იმედის ეს ფსიქოლოგიური მექანიზმები – სამყარო ხომ თავის ნებაზე დაგვატარებს, მათ შორის იმედის ფსიქოლოგიური მექანიზმის წყალობითაც: ხვალ ყველაფერი მოწესრიგდება, სასწაულის გზით შესაძლებელი გახდება სახლის, რომელიც გაიბზარა, შეკეთება, – აი, მთელი უბედურება ისაა, რომ ეს ფსიქოლოგიური მექანიზმები მშვენივრად აკომოდირდება – კი არ ასიმილირდება, არამედ აკომოდირდება, ანუ არ ეწინააღმდეგება ჩვენს ლოგიკურ ოპერაციებს, ჩვენს რაციონალურ სააზროვნო ოპერაციებს.

რაციონალური სააზროვნო ოპერაციები საკმაოდ კარგად ეგუება ფსიქოლოგიურ მექანიზმებს (შიშის, იმედის მექანიზმებს და ა.შ. განმარტების თავიდან აცილებაც მექანიზმია). და აი, ვარაუდის უნარის მქონე ჩვენი აზროვნების ყველა ოპერაცია (მოდით, მათ ლოგიკური ვუწოდოთ) – როცა ჩვენ რაღაცას ვაკვირდებით, აღვწერთ, დასკვნები გამოგვაქვს, – ეგუება ფსიქოლოგიურ მექანიზმებს და არ ეწინააღმდეგება მათ.

შეგვიძლია ვიფიქროთ, ანუ ლოგიკური ოპერაციები შევასრულოთ და ისევ იმ არარეალობაში დავრჩეთ ისე, რომ რეალობასთან არ მივიდეთ. ლოგიკა (რაციონალური აზროვნების ლოგიკური ოპერაციების გაგებით), თავისთავად, ჭეშმარიტების გზისკენ არ გვიბიძგებს, იმისკენ, რაც სინამდვილეშია. ამ გაგებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს რეალობას სიზმრის სტრუქტურა აქვს. ესეც ერთ-ერთი პრუსტისეული პრობლემაა. ის ამბობდა, რომ ის რაღაც, რასაც ცხოვრებას ვუწოდებთ, – დაგლეჯილია, უწესრიგოა, გაურკვეველ ტკივილებს, სიხარულს იწვევს და უფრო სიზმარს ჰგავს.

ჩვენი სიცოცხლე – როგორც სიზმარი. მართლაც, მას, რასაც რეალობას ვუწოდებთ, ყველაზე ხშირად სიზმრის სტრუქტურა აქვს. რა გაგებით? როგორია სიზმრის სტრუქტურა? (მართალია, გამარტივებული სახით, თავს ვერ დავდებ, რომ ეს საკითხი ნამდვილად მარტივია და ჩვენ ის გვესმის.) არსებობს სიზმრის კანონზომიერება: თავისი ხილვების შინაარსით, სიზმარი იმგვარად იგება, რომ ამ ხილვებმა გამოღვიძების საშუალება არ მოგვცენ; სიზმარს, ერთგვარად, განმარტების თავიდან აცილების სტრუქტურა აქვს.

ვთქვათ, რეკავს მაღვიძარა, არ მინდა გავიღვიძო და სულ რაღაც უმცირეს წამებში, სანამ ჯერ კიდევ რეკავს ზარი (სინამდვილეში ხანმოკლეა, სიზმარში გრძლად გვეჩვენება), სიზმარში მთელი სცენა თამაშდება, რომელიც ამ ხმას ისეთ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ეს მნიშვნელობა ამართლებს იმას, რომ არ გავიღვიძო. და ის, რასაც რეალობას ვეძახით, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმგვარი წარმოდგენებისგან, იმგვარი სახეებისგან და მდგომარეობებისგან შედგება, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, რომ ძილი გავაგრძელოთ.

ამ შემთხვევაში სიტყვა „ძილი“ რეალობის არ ცოდნას და არ დანახვას ნიშნავს. და ამ გაგებით, რეალობას აქვს ძილის სტრუქტურა. ცხოვრება სიზმარია – სიტყვის ამ მნიშვნელობით. აი, ასეთი ფსიქოლოგიური ხრიკია. მეტიც, აქ კიდევ ერთი პრობლემაა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო.

ფაქტობრივად ვთქვით, რომ ფორმა, ტექსტი არის ისეთი რამ, რაც უნდა აიგოს, რომ ჩემში კონსტრუქციულად წარმოშვას გარკვეული გაგება, იმიტომ, რომ ეს გაგება ბუნებრივი ფსიქოლოგიური გზით ვერ გაჩნდება. კერძოდ, გაგების ამგვარი მდგომარეობის წარმოქმნას ემსახურება ლიტერატურული ტექსტები, ან ცხოვრების ტექსტი.

მაგალითად, ქრისტეს სახე და ცხოვრება არის ტექსტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია (ან არ შეგვიძლია) წავიკითხოთ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. ტექსტი გარკვეულმა ლოგოსმა მოაწესრიგა, რომლის სივრცეშიც მოვლენებს გააზრებული და გამართული და არა დაბნეული და გაფანტული სახე ენიჭება (ზოგჯერ რელიგიურ მეტაფორიკას შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენი ცხოვრების და ჩვენი ცნობიერების მოწყობის კანონზომიერებებში გასარკვევად.) ამგვარად, ყველაფერი ეს, ფაქტობრივად, შემდეგს ნიშნავს: რაღაც წარმოიქმნება ჩვენში (რაღაც – ჩვენი გაგება) არა შემთხვევით ჩვენი, როგორც ფსიქოლოგიური არსებების მიერ, არამედ გარკვეული კანონზომიერების წყალობით – ფორმის წყალობით.

ვთქვათ, იდეა ფორმის წყალობით არსებობს. და აი, პრუსტი წერს სენ-ლუზე – და ახლა ყველა ეს საგანი ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ: „…ყველაფერი, რაც არ უნდა გაეგო რახილის შესახებ (ანუ მარსელს რომ მისთვის ეთქვა: მომისმინე, რახილი საროსკიპოში ვნახე, ოც ფრანკად ყიდდა სხეულს; მაგრამ მთელი ხრიკი ის არის, რომ სენ-ლუმ ეს ყველაფერი ვერ აღიქვა, ეს ცოდნა მისთვის არ არსებობდა; მთელ ამ ცნობებს – „შეიძლებოდა გაეგო“ – ცოდნა ვუწოდოთ და მინდა ახლა გაჩვენოთ, რომ ცოდნა ერთ-ერთი იმ საგანთაგანია, რომელიც ამ წერტილში, ამ სივრცეში არ აღწევს; ამიტომაც ჩვენთვის სივრცის ეს წერტილი იქნება მნიშვნელოვანი, მისი თავისებურებები უნდა აღვწეროთ, რომ საკუთარ თავს გავუგოთ), – ვერ აიძულებდა, რომ იმ გზიდან გადაეხვია, რომელზეც იდგა და რომელზეც ეს სახე (რახილის სახე) ოცნებების სახით ეცხადებოდა, ოცნებების, რომლებიც მის გონებაში იბადებოდა“.

აი, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დეტალი პრუსტის ტექსტის ჩვენეული ანალიზის მთელ მანძილზე. ჭეშმარიტება, თითქოსდა, არსებობს; პრუსტი ამბობს: მისთვის რომ ეთქვათ, ანუ თუკი მას გარკვეული ცოდნის სახით ამცნობდნენ ამას, – „იმ გზიდან აღარ გადაახვევინებდა, რომელზეც ეს სახე მის მიერვე წარმოსახული ოცნებების საბურველში გახვეული წარმოუდგებოდა“.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი