ხელოვანის ზნეობრივი მისია

0
304

ვლადიმერ სოლოვიოვი

დოსტოევსკის სახით, რუსეთის საზოგადოებამ დაკარგა არა მხოლოდ პოეტი და მწერალი, არამედ თავისი სულიერი წინამძღოლი.

სანამ საზოგადოების განვითარების ისტორიული პროცესი მიმდინარეობს, გარდაუვალად წარმოიშობა ბოროტება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის ორი გზა არსებობს: საერო და სულიერი. საერო ბოროტ საწყისს ბოროტებითვე ზღუდავს, ებრძვის მას დასჯითა და ძალის გამოყენებით. ამ გზით იგი საზოგადოებაში მხოლოდ გარეგან წესრიგს ამყარებს. მეორე – სულიერი გზა სულაც არ ცნობს ამ გარეგან წესრიგს უდავო სიმართლის გამოხატულებად და ამ უკანასკნელის განხორციელებისკენ მიისწრაფვის შინაგანი სულიერი ძალის მეშვეობით ისე, რომ ბოროტება არა მხოლოდ გარეგანი წესრიგით იყოს შეზღუდული, არამედ სრულად იქნეს ძლეული კეთილი საწყისით. ისე როგორც უმაღლესი საერო ხელისუფლება ასე თუ ისე ერთ პიროვნებაში – სახელმწიფოს წარმომადგენელშია თავმოყრილი, ზუსტად ასევე უმაღლესი სულიერი ძალაუფლებაც ყოველ ეპოქაში, ჩვეულებრივ, ეკუთვნის ერთ პიროვნებას, რომელიც ყველაზე უკეთ შეიცნობს კაცობრიობის სულიერ იდეალებს.

სანამ საზოგადოების ფაქტობრივი მდგომარეობა ეფუძნება უსამართლობასა და ბოროტებას, სანამ სიკეთე და სამართლიანობა მხოლოდ თავისთავში განხორციელებისკენ მიისწრაფვიან, მანამ ასეთი ადამიანების მდგომარეობა არის არა თავისი სამეფოების მფლობელ-მეფეთა მდგომარეობის მსგავსი, არამედ მოგვაგონებს წინასწარმეტყველთა მდგომარეობას, რომელთაც ხშირად არ ცნობენ. მათი ცხოვრება ბრძოლა და წვალებაა. ასეთი იყო დოსტოევსკის ცხოვრებაც.

სულიერი წინამძღოლისა და წინასწარმეტყველის წოდებაზე დოსტოევსკისადმი მინიჭებული უფლება რომ დავასაბუთოთ, მივმართოთ ფაქტებს მისი ცხოვრებიდან. ამ წოდებაზე უფლების პირველი პირობა იმ უსამართლობის შეგნება და ცოცხლად შეგრძნებაა, რომელიც ბატონობს საზოგადოების გულში. მის შემდეგ კი გადაწყვიტო, რომ შენი ცხოვრება მიუძღვნა ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას; წინასწარმეტყველი არაა ის, ვინც ურიგდება და ეგუება ამ უსამართლობას: ის, ვინც ვერ ამაღლდება მატერიალურ ცხოვრებაზე, სულიერი საუფლოს გზაზე არა მხოლოდ სხვების წინამძღოლი, არამედ ამ საუფლოს წევრიც ვერ იქნება.

დოსტოევსკი ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა საზოგადოებრივი უსამართლობის ცოცხალი და ორიგინალურად გამომხატველი მოთხრობით – „საბრალო ადამიანები“, რომელიც ადამიანის შინაგან ღირსებასა და მის ყველა გარეგან მიმართებებს შორის არსებული წინააღმდეგობის გამოხატულებაა. მაგრამ ის არ ჩერდება უსამართლობის მხოლოდ ამ ასახვაზე, როგორც ამას წმინდა მხატვარი მოიმოქმედებდა. მან, როგორც წინასწარმეტყველმა, არა მხოლოდ შეიცნო სხვებზე უფრო ნათლად საზოგადოებაში არსებული უსამართლობა, არამედ თავისთავზე აიღო სინამდვილეში სამართლიანობის განხორციელების ამოცანა. ესაა წინამძღოლისა და წინასწარმეტყველისთვის მეორე აუცილებელი პირობა. ახალგაზრდობაში ის მოხვდა ადამიანების წრეში, რომელიც თავისი ზნეობრივი იდეალების სინამდვილეში გატარებას ესწრაფოდა. ცნობილია ის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ფიქრობდნენ ისინი თავიანთი მიზნის მიღწევას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათ რაიმე პრაქტიკულ შედეგს ვერ მიაღწიეს. მაგრამ ისინი საშიშად იქნენ მიჩნეული, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და მხოლოდ დასჯის დღეს შეეცვალათ მათ სასიკვდილო განაჩენი კატორღით. მათთან ერთად ციმბირში, კატორღაში გააგზავნეს დოსტოევსკიც. აქ გამომჟღავნდა მისი ახალი თვისება, რომელიც მას რუსი ხალხის სულიერი წინამძღოლის წოდებაზე ახალ უფლებას ანიჭებდა: დოსტოევსკი მის მიმართ გამოჩენილ ძალადობას არ გაუბოროტებია და ამით მან გამოამჟღავნა სულის ზნეობრივი ძალა, რომელიც ყოველგვარ გარეგან ძალაზე ძლიერია.

დოსტოევსკი პირადი სიბოროტისა და სიძულვილის გარეშე დაბრუნდა ციმბირიდან, მაგრამ საზოგადოებრივი უსამართლობისადმი იგივე გრძნობით და მის წინააღმდეგ ზნეობრივი ბრძოლის იგივე მისწრაფებით. „მკვდარი სახლის ჩანაწერებში“ ეს უსამართლობა კიდევ უფრო მწვავედაა წარმოდგენილი, ვიდრე მის ადრინდელ მოთხრობებში. ის მუდამ ერთგული იყო იმ აზრისა, რომ მკვდარი სახლის გმირები – კანონს გარეშე მდგომი ეს გარიყული ადამიანები, რომელთაც საზოგადოება უარს ეუბნება თავის წევრობაზე, წარმოადგენენ – და რა თქმა უნდა არა მხოლოდ დოსტოევსკის მიხედვით, არამედ სინამდვილეშიც, – საზოგადოების სრულუფლებიან და პრივილეგირებულ წევრთა უმრავლესობასთან ზნეობრივად თანასწორსა და ზოგჯერ მათზე უსასრულოდ უკეთესსაც.

დოსტოევსკის შემდგომ ნაწარმოებებში მისი შემოქმედების ძირითადი იდეები უფრო ღრმავდება. აქ იგი აჩვენებს არა საზოგადოების ზნეობრივ მოთხოვნილებებსა და მდგომარეობას შორის გარეგან წინააღმდეგობას, არამედ ადამიანის შინაგან სულიერ ძალასა და მისი სულის ფაქტობრივ მდგომარეობას შორის წინააღმდეგობას. დოსტოევსკი აქაც გვევლინება იმ რწმენის მქადაგებლად, რომ ვერავითარი ზნეობრივი სიმდაბლე და სისაძაგლე ვერ ჩაახშობს ადამიანის სულიერ ძალებს.

იმის მიუხედავად, რომ დასაწყისში, უსამართლობისადმი პროტესტის გამო, დოსტოევსკი დაზარალდა, მას ამ პროტესტზე არასოდეს უთქვამს უარი. მაგრამ ამასთან, მისი გულწრფელი რწმენა იყო ის, რომ ბოროტება ძალადობით არ ამოიძირკვება, რომ უხეში ძალის წინააღმდეგ ასეთივე ძალით კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ სიყვარულის უსასრულო ძალით. ბევრი მას საყვედურობდა, აგრეთვე, შინაგანი თვითსრულყოფის ქადაგებას, იმის ნაცვლად, რომ საქმით შეეწყო ხელი სიკეთის განხორციელებისთვის. მას საყვედურობდნენ, აგრეთვე, ასკეტიზმს. ეს უსამართლობაა. დოსტოევსკი ასკეტი არ ყოფილა, ეს მას არ სჭირდებოდა. წამებული გმირობა მას თავისი ნების გარეშე დაეკისრა და რომ ყველაფერი ეს მან სიბოროტისა და სიძულვილის გარეშე გადაიტანა, რაც ცხადად აჩვენებს ყოველგვარ ასკეტიზმზე მის მაღლა დგომას.

დოსტოევსკი ასკეტიზმს კი არ ქადაგებდა, არამედ ადამიანებისა და საზოგადოების სულიერ აღორძინებას უსასრულო და ყოვლისმომცველი სიყვარულის ძალით, დედამიწაზე საყოველთაო სიმართლის განსახორციელებლად. ამას ის ქადაგებდა უფრო ძლიერად, ცოცხლად და განუხრელად, ვიდრე რომელიმე თანამედროვეთაგანი და ამისთვისაც უნდა ვაღიაროთ ის რუსი ხალხის სულიერ წინამძღოლად და ღვთის წინასწარმეტყველად.

1881 წლის 30 იანვარს წარმოთქმული სიტყვა თევდორე დოსტოევსკის გარდაცვალების გამო.

გაზეთი – „ლიტერატურულ საქართველო“, 1993.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი