ფსიქოლოგია და ცრურწმენა

0
371

ფსიქოლოგია და ცრურწმენა  ი.ვ. საენკო

დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი ცრურწმენას უკავია. ცრურწმენის თემა ფსიქოლოგიაში არასაკმარისად არის შესწავლილი. ცრურწმენა ბუნების კანონებით აუხსნელ ძალთა მოქმედებაში რწმენაა,  რომლებსაც აქვთ სასიკეთო ან მავნე ზემოქმედება ადამიანებისა და შინაური ცხოველების ცხოვრებაზე, და ასევე განსაზღვრავენ ბუნების ცნობილ მოვლენებს (ამინდს, ზრდას, დაბადებას, სიკვდილს). შესაძლებელია ცრურწმენათა, როგორც ფსიქიკური მოვლენების, ანალიზის რამდენიმე მიდგომის გამოყოფა.

კოგნიტური მიდგომა. ამ შემთხვევაში, ცრურწმენები განიხილება როგორც წარმოდგენა, როგორც გამოუცნობის და უცნობის გაგების მცდელობა. ლ. ლევი-ბრული ცრურწმენას განიხილავს, როგორც კოლექტიური შეხედულებების ნაირსახეობას, რომლებიც წარმოიქმნება თაობიდან თაობაში გადაცემის გზით შთაგონების, გატაცების და მიბაძვის მექანიზმების მოქმედების შედეგად. ცრურწმენაში ერთმანეთში არეულია კოგნიტური ელემენტები და გარე სამყაროს მოვლენებით გამოწვეული ემოციური განცდები. ა. ლემანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაგიური ოპერაციების დახმარებით კაცობრიობა ყოველთვის ცდილობდა ფაქტების შესწავლას, რომლებიც ჩვეულებრივი გამოცდილების ფარგლებს მიღმაა და რომელთა ახსნა საზოგადოდ მიღებული საშუალებებით შეუძლებელია; ცდილობდა გარე სამყაროზე ძალაუფლების მოპოვებას, რომლის მიღწევა ჩვეულებრივი საშუალებებით შეუძლებელია. პ.პ. ბლონსკის აზრით, ცრურწმენა დიდ როლს ასრულებს „პირველყოფილ მეცნიერებაში“, იგი სამუდამოდ უკვდავყოფს რომელიმე პრეცედენტს და იძლევა მომავლის პროგნოზირების საშუალებას. ანუ, ცრურწმენები შეიძლება ჩაითვალოს მეხსიერების და წარმოსახვის ელემენტარულ საშუალებებად.

პ. გალპერინი მიუთითებს ცრურწმენის ისეთ ფუნქციაზე, როგორიცაა გარე სამყაროსგან მიღებული შთაბეჭდილებების კლასიფიკაცია და განზოგადება, მაგრამ იქვე აღნიშნავს,  რომ ეს ხდება ვიზუალური, უშუალოდ აღქმული და სიტუაციასთან დაკავშირებული მახასიათებლების საფუძველზე, რის შედეგადაც საგნების ძირითადი თვისებები არასწორადაა გაგებული. ცრურწმენისას სუბიექტი კარგად ვერ გამოჰყოფს თავის შეხედულებებს მის გამომწვევ ობიექტისგან. კ. ლევი-სტროსის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირველყოფილი კლასიფიკაციები დაფუძნებულია გრძნობებით აღქმულ მსგავსებასა და განსხვავებაზე, ისინი ემსახურებიან გარე სამყაროს მოწესრიგებას და ორგანიზაციას, ქაოსის დაძლევას.

ი.რ. გაბდულინი იმ აზრისაა, რომ ცრურწმენა წინასწარი აპრიორული მსჯელობის როლს ასრულებს: ყოველდღიური საზრუნავით მცხოვრები ადამიანი პრაქტიკულ მოსაზრებებს იზიარებს, საგნებს კლასებად დაჰყოფს უხეში (და არა არსებითი) მახასიათებლების მიხედვით, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე,  რადგან უმეცრება რომელიმე საკითხში ხელს უშლის მის ეფექტურობას. ცრურწმენა ზეგანზოგადებული და ზეკატეგორიული მახასიათებელია, გამოიხატება არა მარტო შემეცნებით ქმედებაში, არამედ ემოციურ განცდაში, რომელიც ახშობს რაციონალურ არგუმენტაციას.

ვ. მეზენცევის აზრით, ცრურწმენა ეფუძნება სასწაულის, ზებუნებრივის რწმენას, რომელიც წარმოიქმნება ცოდნის ნაკლებობის გამო. როგორც ზებუნებრივი აღიქმება ყველაფერი, რაც ყოველდღიური გამოცდილების ფარგლებს სცილდება და არ თავსდება ჩვეულ მოსაზრებებში. გ.გ. პოჩეპცოვის აზრით, ცრურწმენა გამოიხატება იმაში, რომ ინდივიდი რეალობად აღიქვამს უხილავ ძალებს, რომლებსაც მოვლენების წინასწარმეტყველება შეუძლიათ, და მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მათზე გავლენის მოხდენა. ცრურწმენა გულისხმობს იმის დაშვებას, რომ ამ ძალებისგან შეიძლება დაზმარების მიღება ან მათთან კომპრომისში შესვლა. ცრურწმენის სტაბილურობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მათი დადასტურების შემთხვევები დამაჯერებლად ფიქსირდება, ხოლო შემცდარობის ფაქტები განიდევნება. ცრურწმენების შენარჩუნებას და გავრცელებას ხელს უწყობს უახლოესი მომავლის გაგების და მწვავე სიტუაციების თავიდან აცილების სურვილი. ცრურწმენები უფრო ფართოდ ექსტრემალურ გარემოებებში ვრცელდება.

ი. ძიალოშინსკი მიიჩნევს, რომ ცრურწმენა სამყაროს აღქმისა და აღწერის სისტემაა, რომელსაც ზნეობრივი რეალიზმის ხასიათი აქვს – სამყარო გააზრებულია, როგორც კეთილი და ბოროტი ძალების ერთმნიშვნელოვანი დაპირისპირება.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ცრურწმენა მოუქნელი ცოდნაა, რომელიც ძნელად ან საერთოდ არ იცვლება, შეზღუდულია და გამოიყენება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, არ არის დაკავშირებული გონებრივ შრომასთან. ცრურწმენები შეიძლება განიხილოს, როგორც გარე და შინაგანი სამყაროს ფსიქიკური ასახვის ფორმა, რომელიც არ საჭიროებს ლოგიკურ მტკიცებულებებს და კმაყოფილდება ნებისმიერი შემოთავაზებული გადაწყვეტილებით წარმოქმნილი შემეცნებითი მოთხოვნილების საპასუხოდ. ცრურწმენა იძლევა ცოდნის განხორციელების საშუალებას გამარტივებული, თვალსაჩინო ფორმით აბსტრაქტულ სამეცნიერო ცნებებზე დაყრდნობის გარეშე.

კიდევ ერთ მიდგომად ცრურწმენის გააზრებაში შეიძლება ჩაითვალოს აფექტურ-სამოტივაციო მიდგომა, რომლის პოზიციიდან ცრურწმენა განიხილება, როგორც აფექტურად გაჯერებული ფსიქიკური მოვლენა, რომელიც ასრულებს ემოციური სფეროს დაცვით ფუნქციას. ეს მიდგომა ლ. ლევი-ბრულის მიერ იყო შემოთავაზებული.

ბ. რასელი ირაციონალიზმს განიხილავდა, როგორც ობიექტური მეთოდებით მოპოვებული ობიექტური  ფაქტების რწმენის უქონლობას, როგორც ადამიანის მიერ თავისი უშუალო გაუცნობიერებული სურვილებისადა ემოციების წაქეზებას. რეალობის რწმენა, რომელიც განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელზეც მიგვანიშნებენ გრძნობის ორგანოები, წარმოიქმნებაემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში.

ზოგიერთი ავტორის აზრით, ცრურწმენა ფსიქოთერაპიულ ფუნქციას ასრულებს: იძლევა უკვდავების იმედს, ათავისუფლება სიკვდილის შიშისგან, აძლევა თავის არსებობაში რწმენას, ამშვიდებს, განსაკუთრებით რთულ, სარისკო სიტუაციებში.

უძლურების გრძნობა საიდუმლოსა და შეუცნობელის წინაშე აიძულებს ადამიანს უგულებელყოს უშუალო გამოცდილების წინააღმდეგობები და ერთმანეთს დაუკავშიროს მოვლენები, რომლებიც რეალურად არავითარი ურთიერთობებით არ არის დაკავშირებული, ანუ აიძულებს პირველყოფილ დონეზე აზროვნებას. ვ. ი. ლებედევი ცრურწმენის ფსიქოლოგიურ ფაქტორად ასახელებს სიკვდილის, მარტოობის შიშს, უძლურობის, მწუხარების განცდას, რომელიც ძლიერდება ეკონომიკური რეცესიის, ინფლაციის, უმუშევრობის, კულტურის დაცემის ექსტრემალურ პირობებში. ფსიქიკური მოღვაწეობის დეზორგანიზაციის, შფოთვის, აფექტის მდგომარეობაში მატულობს შთაგონება, რომელიც საფუძვლად უდევს მისტიციზმს.

ი.დ. იალომი მიიჩნევს, რომ მაგიური რწმენის ფუნქციაა ადამიანების დაცვა სიბერის და სიკვდილის შიშისგან, რეალობის წინაშე შიშისგან. ილუზიური რწმენა იწვევს მგრძნობელობის შესუსტებას არსებობის ტკივილის მიმართ: დანაკლისის, მწუხარების, მარტოობის, ცალმხრივი სიყვარულის, დეპრესიის, ცხოვრების აზრის ნაკლებობის, გარდაუვალი სიკვდილის. ისინი ხალისს ჰმატებენ ადამიანს, არ აძლევენ საკუთარი გრძნობების, აზრების და სურვილების შეცნობის საშუალებას. სინამდვილეში, სიკვდილის ნათელი გაცნობიერება მისი უარყოფის მითიური მეთოდებისგან განსხვავებით, ინდივიდს უფრო მეტ სიბრძნეს აძლევს და ამდიდრებს მის ცხოვრებას. ამავე ავტორის აზრით, სამყაროზე ირაციონალურ შეხედულებას ასევე მჭიდროდ უკავშირდება შიში თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის წინაშე. თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება შფოთვას, რადგან მოითხოვს, რომ ადამიანი თვითონ იყოს პასუხისმგებელი მის გადაწყვეტილებებზე, ქმედებებზე, სირთულეებზე, გამოიყენოს ნებისყოფილი ძალისხმევა საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი ცხოვრებისეული ჩანაფიქრის ავტორობას. ადამიანები კი, როგორც წესი, ეწინააღმდეგებიან პასუხისმგებლობის აღებას და საკუთარი თავის, როგორც თავისი პრობლემებისა და ცხოვრების სირთულეების შემქმნელის, გაცნობიერებას.

დ.ვ. ოლშანსკი აღნიშნავს, რომ ცრურწმენა ფსიქოლოგიური დაცვის, თვითდახმარების მექანიზმია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან მუდმივ მღელვარებას, რთულად იტანენ გაურკვეველ მდგომარეობას, ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური კონტროლი, ცდილობენ ყველაფერი დაინახონ შავ- თეთრ ფერში.

ა. მასლოუს თეორიის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ცრურწმენა, როგორც პრობლემების გადაჭრის სტერეოტიპული, ჩვეული გზა, საშუალებას აძლევს ადამიანს გაუმკლავდეს თავის შიშს უცოდინარობისა და გაურკვევლობის წინაშე და ამით ხელს უწყობს მის სტატიკურ და განმეორებად მოვლენებთან ადაპტაციას. ამავდროულად, ცრურწმენები ხელს უშლის გარე სამყაროს გარდაქმნას და განვითარებას, კრეატიულობას და მოსაზრებულობას. შედეგად, ცრურწმენა, როგორც ეფექტური მოვლენა, ხელს უშლის ინდივიდის შემეცნებითი და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზაციას,  ამავე დროს უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, დაცვას, ჩვეულებრიობას; შემოქმედებითი აზროვნება ათავისუფლებს ადამიანს უცნობის მიმართ შფოთვისაგან, წარსულის, წეს-ჩვეულებების და პირობითობის გავლენისგან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავამტკიცოთ, რომ ცრურწმენა ათავისუფლებს ადამიანს უცნობის მიმართ შიშისგან, ჰბადებს „მომავლის რწმენას“. კრიზისულ სიტუაციებში სათანადო ნდობის ნაკლებობა აძლიერებს ინდივიდის მოთხოვნილებას იხელმძღვანელოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში დადგენილი უძველესი ტრადიციებითა და რიტუალებით, რომელთა რიცხვს შეიძლება ცრურწმენაც მიეკუთვნოს.ცრურწმენას საფუძვლად უდევს სხვადასხვა სახის შიში, ხშირად ირაციონალური, აუხსნელი; ადამიანის ცრუმორწმუნე ქცევას თან ახლავს სურვილი გათავისუფლდეს ტვირთად დაწოლილი აფექტური განცდებისგან. ცრურწმენის ნიშნებიდან გამომდინარე, ადამიანი ცდილობს დაიცვას საკუთარი თვითშეგნება და ემოციური სფერო დისკომფორტიდან მომდინარე გრძნობებისგან. ავტორთა უმრავლესობა თანხმდება იმ მოსაზრებაზე, რომ ცრურწმენა აძლევს ადამიანს, რომელიც განიცდის შიშს ან შფოთვას, უსაფრთხოების და დაცულობის განცდას.

ზემოხსენებულს მჭიდროდ უკავშირდება ფსიქოანალიტიკური მიდგომა. ზ. ფროიდი ცრურწმენას პროექციის შედეგად მიიჩნევდა, ანუ ადამიანის მიერ მისი ქცევის გაუცნობიერებული მოტივების გარეთ გატანას. ცრუმორწმუნე ადამიანი, რომელიც ბუნდოვნად გრძნობს თავისი ქმედებების შინაგან განპირობებას, მაგრამ ვერ პოულობს  დამაკმაყოფილებელ ახსნას მათთვის, პარანოიკის მსგავსად, იწყებს ცრურწმენების წყაროს გარე სამყაროში განთავსებას. ცრურწმენების კომპენსატორულ როლზე ასევე მიუთითებდნენ ლ. დემოზი და ე. ბლეილერი.

ე. ბერნის აზრით, ბევრი ცრურწმენა ეფუძნება აზრებისა და გრძნობების ყოვლისშემძლეობის იდეას, მათ გადაჭარბებულ შეფასებას, რომელიც ამახინჯებს რეალური სამყაროს აღქმას. გარდა ამისა, გარე სამყაროს გამოსახულებები დამახინჯებულია ცრურწმენით გამოწვეული ემოციებით (დაძაბულობით, შფოთვით და ა.შ.) ზედმეტი გაჯერებულობით, რაც არღვევს რეალობისადმი რაციონალურ დამოკიდებულებას. მაგიას, ისევე როგორც ობიექტურ ცოდნას, მოთხოვნილებების სწრაფი და ნაკლებად სახიფათო დაკმაყოფილებისათვის იყენებენ, მაგრამ მეცნიერული ცოდნისგან განსხვავებით, – ობიექტური მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინების, რეალობის ზუსტი წარმოდგენის გარეშე, საკუთარი თავის, სხვებისა და ბუნების არასაკმარისი კონტროლით, ანუ რეალობის პრინციპი ეწირება სიამოვნების პრინციპს.

ე. ფრომის თეორიაზე დაყრდნობით, ცრურწმენა შეიძლება ჩაითვალოს სუბიექტის (ხშირად გაუცნობიერებულ) დამოკიდებულებად გარკვეულ გარე ძალაზე, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი ქმედებების შედეგების დაცვას, ზრუნვას და პასუხისმგებლობას. ე. ფრომი ამ გარე ძალას ჯადოსნურ დამხმარეს უწოდებს. ჯადოსნური დამხმარე, რომელიც ცრურწმენებში პერსონიფიცირებულია ღვთაების, ჯადოქრების, ექიმბაშების და სხვა პირთა სახით და რომლებსაც გააჩნიათ ჯადოსნური, ზებუნებრივი შესაძლებლობები, მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანს დაიკმაყოფილოს თავისი აქტუალური მოთხოვნილებები საკუთარი ძალისხმევის გარეშე. ცრუმორწმუნე ადამიანის საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიმართულია ჯადოსნური დამხმარეს მანიპულირებაზე, რათა აიძულოს ის შეასრულოს მისი სურვილები.

ამრიგად, ფსიქოანალიტიკური მიდგომის თანახმად, ცრურწმენა ენაცვლება არასაკმარის ცოდნას და ავსებს არარეალიზებულ მოთხოვნილებებს გარემოებით და ობიექტურ ატრიბუციაზე დაყრდნობით.

ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, ცრურწმენა წარმოადგენს გაშლილ ან რედუცირებულ ქცევას. ბიჰევიორისტები ცრურწმენას განიხილავენ, როგორც უუნარობის ბუნებრივ შედეგს ჩაწვდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების არსებობას (არარსებობას) საკუთარ ქცევასა და მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს შორის. ცრურწმენითი ქცევა ჩნდება და შენარჩუნებულია შემთხვევითი გაძლიერების შედეგად, რომელიც ფაქტიურად მას არ შეეთანხმება.

სოციალურ-ზნეობრივი მიდგომის შესაბამისად, ცრურწმენა შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი ურთიერთობების, ჯგუფში ქცევის მარეგულირებელად, მორალის მატარებლად. კერძოდ, ბ. რასელი ცრურწმენას განიხილავს, როგორც მორალის საყრდენს. ე.ა. გრუშკოსა და ი.უ. მედვედევის თვალსაზრისით, ცრურწმენა წინა თაობების ბუნებასთან ურთიერთობების კონცენტრირებული გამოცდილებაა, რომელიც განსაზღვრავს გადარჩენის პირობებს და ტაბუს ადებს გარე სამყაროს. აღნიშნული ავტორები ცრურწმენის აღორძინებას განიხილავენ, როგორც ხალხურ სიბრძნესა და კულტურასთან დაბრუნებას, რადგან ის ეხმარება თავის დაცვაში ყოველდღიური და მორალური უბედურებებისგან. ცრურწმენა არეგულირებს ადამიანების ქცევას სოციალური და მორალური ნორმების პერსონიფიკაციის გზით. ცრურწმენაში წახალისებულია სოციალურად სასარგებლო ქცევა და ხასიათის თვისებები – შრომისმოყვარეობა, კეთილმოსურნეობა, არაკონფლიქტურობა, მორჩილება. ცრურწმენები გარკვეული სახით ასევე ტაბუს სხვადასხვა სახის საქმიანობას ადებენ.

ცრურწმენის წყალობით შენარჩუნებულია და ვრცელდება ქცევის სოციალური ფასეულობები და ნორმები. ცრურწმენითი ქცევა არის ჯგუფზე კონტროლის ეფექტური გზა მორალური ნორმებისა და აკრძალვების სისტემასთან იმპერატიული ზიარების საშუალებით. წარსულისგან ნასესხები ქცევა წარმოადგენს ეტალონს, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ ინოვაციას, ხოლო ეტალონიდან გადახრა იწვევს ნეგატიურ სანქციებს. ცრურწმენაში დამკვიდრებულ ქცევის ნორმას ახასიათებს საყოველთაო აღიარება საზოგადოებაში ან ჯგუფში. ასეთი სახის ნებართვები და აკრძალვები არ საჭიროებს ახლებურად გააზრებას ან გამართლებას: აკრძალვის საკითხი და საიდან მომდინარეობს ის საერთოდ არ დგას ინდივიდის წინაშე.

ევოლუციონისტური მიდგომის ფარგლებში, ცრურწმენები გაიაზრება, როგორც რელიგიური ტრადიციების გადმონაშთი, რომლებიც არსებობდნენ პირველყოფილ და უძველეს კულტურებში; როგორც ქცევა, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ შემდეგ დაკარგა ის. მაგალითად, კ.კ. პლატონოვი ცრურწმენას უწოდებს წარსული რელიგიების რუდიმენტულ ფრაგმენტს. ბ.ფ. პორშნევის თვალსაზრისით, ცრურწმენა,  როგორც პრეისტორიული ცნობიერების გამოვლინება, წარმოადგენს თავისუფლების ნაკლებობის პროდუქტს, რომელიც ახასიათებს გვაროვნულ-ტომობრივ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს. მ. მიულერის მტკიცებით, თავდაპირველად მათი წარმოშობის მომენტში ცრურწმენას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, რომელსაც, შესაძლოა, სიტუაციური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ უსაფუძვლოდ განზოგადებული. მოგვიანებით, თაობიდან თაობაში გადაცემის შედეგად, ეს გადმოცემა სულ უფრო მეტად კარგავდა თავის მნიშვნელობას, ანუ, თავდაპირველთან კავშირს. ვ.ი. პროპი ცრურწმენას განიხილავს გრძნეულობასთან და მაგიასთან ერთად, როგორც განდევნილ წეს-ჩვეულებას ან რიტუალს, რომელიც სრულდება საიდუმლოთ და არ შეესაბამება ხალხურობის სამეურნეო და სოციალურ სტრუქტურას მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე.

ჩვენი აზრით, ყველაზე პროდუქტიულია ცრურწმენისადმი აფექტურ-მოტივაციური მიდგომა, რადგან ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ცრურწმენა, პირველ რიგში ასრულებს აფექტურ-დამცავ ფუნქციას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი