ფატალური მიზიდულობა ძალადობის ან ჰიბრისტოფილიის მიმართ – რატომ უყვართ ქალებს სერიული მკვლელები?

0
357
„ყველაზე გავრცელებული სურვილია სხვებისგან განსხვავება“უილიამ შექსპირი
ამ დღეებში ანდრეი მალახოვის გადაცემა ვნახე სერგეი და ელენა ტკაჩის ქორწინების შესახებ. ჩემში ამ გადაცემამ ბევრი ემოცია გამოიწვია. აღნიშნული სიტუაციის ანალიზის და შეფასების სურვილი გამიჩნდა. ჩემი პატარა კვლევის შედეგები მინდა გაგაცნოთ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო.
დღესდღეობით არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება არაფერი სმენოდეს სერიული მკვლელების შესახებ. მათ მიეძღვნა ბევრი წიგნი, ფილმი, გადაცემა და მედიაში გამოქვეყნებული სტატია. ვინ არიან ისინი, სერიული მკვლელები? როგორც ჩანს, მათში ბოროტება და სიგიჟე ერთმანეთშია შერწყმული. ზოგჯერ მათი დანაშაული იმდენად მიუღებელი და მორალურად შემზარავია, რომ ეჭვი შეგვაქვს მათ შერაცხადობაში. ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავი ტედ ბუნდს (Ted Bundy) შეადაროს, რომელმაც მოკლა და გააუპატიურა 30-ზე მეტი ქალი, ან ჯეფრი დამერს (Jeffrey Dahmer), რომელიც კლავდა, სქესობრივი კავშირს ამყარებდა გვამთან და ჭამდა თავის მსხვერპლთა სხეულის ნაწილებს.

რატომ არის ამდენი ქალი სერიული მკვლელებით მოხიბლული? რატომ იღებენ მკვლელები უამრავ სასიყვარულო წერილებს და წინადადებებს ქორწინების შესახებ? როდესაც 1979 წელს ტედ ბენდი სასამართლოს წინაშე წარსდგა, მან უამრავი ასეთი წერილი მიიღო მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ამის შესახებ დეტალურად არის აღწერილი სტივენ მიშოს (Stephen Michaud) წიგნში „ტედ ბენდი: საუბრები მკვლელთან“ (Ted Bundy: Conversations with a Killer). სასამართლო პროცესს ბევრი ახალგაზრდა ქალი ესწრებოდა, რომლებიც იღებავდნენ თმას და იცმევდნენ ისევე, როგორც ბენდის მსხვერპლნი. 1980 წელს იგი დაქორწინდა ერთ-ერთ თავის თაყვანისმცემელზე. ჩადენილი დანაშაულების გამო ბანდი სიკვდილით 1989 წელს დასაჯეს.

ეს, ალბათ, ყველაზე ცნობილი მაგალითია, მაგრამ მას ისევ ჰყავს მიმდევრები. ჯეფრი დამერი, რიჩარდ რამირესი (Richard Ramirez), ანდერს ბრეივიკი (Anders Breivik), ჩარლზ მენსონი (Charles Manson), სკოტ პეტერსონი (Scott Peterson), ალექსანდრე პიჩუშკინი, და ახლა სერგეი ტკაჩი. ყველა მათგანმა ახალგაზრდა გოგონებისგან უამრავი წერილი მიიღო და წინადადება ქორწინების შესახებ, მიუხედავად მათი შემზარავი დანაშაულისა.

რა უბიძგებს ახალგაზრდა გოგონებსა და მოწიფულ ქალებს საიტებზე ეძებონ „მათი საყვარელი მტაცებლები“? რატომ შეიძლება ზოგიერთ ქალს იზიდავდეს ყველაზე საშინელი ადამიანი-მონსტრი? სწორედ ამ თემას მინდა მივუძღვნა ჩემი აზრები, სიტუაციასთან დაკავშირებული ჩემი ანალიზი. გადაცემაში ექსპერტები შეეცადნენ გარკვეულიყვნენ შემდეგ საკითხებში:

იმ უპირატესობაში, რომელსაც ანიჭებდა ზოგიერთი ქალი ასეთ მამაკაცებს;
იმ ქალთა სულიერ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებში, რომლებიც ირჩევენ ასეთ მამაკაცებს;

ამ ქალთა შესაძლებლობაში აჩვენონ სხვებს მტაცებლის „ადამიანური სახე“.
პირადად ჩემთვის ამ გადაცემაში საკმარისი არ აღმოჩნდა ექსპერტთა მიერ „ცივი გონებით“ გაკეთებული შეფასება, მაგრამ, ალბათ, ეს არც იყო გადაცემის მიზანი, ამასთან სტუდიაში ემოციები „ბობოქრობდნენ“ და ხშირად პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. მაგრამ მე მომეწონა, როგორ ლამაზად, მკაფიოდ და მრავალმხრივ იყო მოცემული ქალის პორტრეტი, რომელსაც „მტაცებელი მონსტრი“ უყვარდა, მისი ფსიქოლოგია, ასეთი ქცევის მოტივები და მიზეზები.

მაშ ასე, რატომ უყვარს ზოგიერთ ქალს სერიული მკვლელები? სექსი, ვნება – ეს თემები ყოველთვის იზიდავდა ხალხს. ამის შესახებ ენთუზიაზმით საუბრობენ, ზოგჯერ ჩურჩულით, ზოგჯერ კი ეს თემა ტაბუდადებულია. ამჟამად სექსი მეინსტრიმია, როგორც კულტურაში, ასევე პირად და სოციალურ ცხოვრებაში. მაგრამ სექსუალური „თავისუფლების“ ზოგიერთი ასპექტი მართლაც სცილდება იმას, რაც შეიძლება ჩაითვალოს „უცნაურად“.  ერთ-ერთი მათგანი ჰიბრისტოფილიაა.

ჰიბრისტოფილია კლასიფიცირებულია, როგორც სექსუალური პარაფილია ან სექსუალური დევიაცია, პათოლოგია. ეს არის სექსუალური და რომანტიკული სწრაფვა ადამიანისკენ, რომელმაც სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ტერმინი წარმოქმნილია ბერძნული სიტყვიდან „hybrizein“, რაც ნიშნავს „თავხედურ საქციელს, შეურაცხყოფას“, ენათესავება სიტყვას „hybris“, რაც ნიშნავს „თავხედობას“ ან „ძალადობას“. ხალხში და პოპულარულ კულტურაში ეს მოვლენა ასევე ცნობილია როგორც „ბონისა და კლაიდის სინდრომი“ (Bonnie and Clyde Syndrome Syndrome). აღნიშნული სინდრომი ძირითადად ქალებს ეხება. ყოველთვის, როცა ხედავთ, რომ ქალს შეუყვარდა „ცუდი ბიჭი“ ან საშიში ადამიანი, და მას  მიაჩნია, რომ შეუძლია მისი შეყვარებულის „გადარჩენა“ , ეს ჰიბრისტოფილიაა.

ტერმინი ჰიბრისტოფილია, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ინკაფსულირებს ქალის „ცუდი ბიჭისკენ“ მიდრეკილებას. და, ზოგადად, ისინი საინტერესო წყვილს წარმოადგენენ – მამაკაცი, რომელსაც აქვს ფსიქოპათიისა და ანტისოციალური ქცევისკენ მიდრეკილება, და ქალი ისტერიული პიროვნული სტრუქტურით. ჩემი აზრით, პათოლოგიური კავშირია, მით უმეტეს, რომ თეოდორ მილონის შრომებში, ჰისტეროიდული სტილი ან პიროვნების ტიპი ანტისოციალური პიროვნების ქალური ვარიანტია.

მაგრამ დავუბრუნდეთ ტერმინს. არსებობს ორი სახის ჰიბრისტოფილია – პასიური და აქტიური. პასიურ ჰიბრისტოფილებს დამნაშავეები უყვართ და სექსუალურად აიღგზნებიან, მაგრამ დანაშაულის ჩადენაში არ მონაწილეობენ. მათ ხშირად მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ასეთი ქცევის შეცვლა ან თავისი „მტაცებლის“ „გადარჩენა“ დანაშაულისგან. ისინი ამართლებენ მათ ძალადობრივი ქმედებების გამო და მიიჩნევენ, რომ პირადად მათ ასეთი ქცევა არ შეეხება. ქალები, რომლებიც წერენ და აღიარებენ დამნაშავის მიმართ სიყვარულს, პასიური ჰიბრისტოფილები არიან.

აგრესიულ ჰიბრისტოფილებს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან კრიმინალებს, იტყუებენ პოტენციურ მსხვერპლს, მალავენ ფაქტებს ან ეხმარებიან დანაშაულის ჩადენაში. მათ ხშირად არ ესმით, რომ მათი პარტნიორი ან საყვარელი, ფსიქოპათი ან ანტისოციალური პიროვნებაა, და სინამდვილეში სიყვარული არ შეუძლია, მხოლოდ მანიპულირება. მათ იზიდავთ პარტნიორი მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერი აგრესიული ბუნება აქვთ.

როგორც პასიურ, ასევე აგრესიულ ჰიბრისტოფილებს, როგორც წესი, არაჯანსაღი ან შეურაცხმყოფელი ურთიერთობები აქვთ. ზოგჯერ ჰიბრისტოფილი ქალები აქეზებენ თავის პარტნიორს ან გეგმავენ დანაშაულს, რათა სექსუალური აგზნება გამოიწვიონ.
ასევე მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართება ჰიბრისტოფილიის განვითარება.

ამ ადამიანებს ხშირად აქვთ დაბალი თვითშეფასება და, შესაძლოა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან. ამის გამო უფრო დაუცველები არიან სექსუალური გადახრების და დამნაშავეობის მიმართ. თუმცა ზოგიერთებს უბრალოდ შეუძლიათ საკუთარი დევიაციური პიროვნების გათამაშება, რომელიც, შესაძლოა, ჩახშობილი ჰქონდა.

შეილა ისენბერგი (Sheila Isenberg), ავტორი წიგნისა „ქალები, რომლებსაც უყვართ მკვლელი მამაკაცები“, ათობით ქალს ესაუბრა, რომლებსაც მკვლელებთან ჰქონდათ ურთიერთობა. მან ორი ტენდენცია შეამჩნია – პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ხედავენ მათ „ნამდვილ“ კეთილ მხარეს, ხოლო მეორე – რომ ურთიერთობას იწყებენ ამ პერსონების მიმართ გაზრდილი ყურადღების გამო. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ მათი რჩეული სინამდვილეში არ არის დამნაშავე.

სასამართლო ფსიქოლოგი მაიკ აამოდი (Mike Aamodt)  ამტკიცებს, რომ ასეთ „მტაცებლებთან“ ან „ცუდ ბიჭებთან“ კავშირი ქალს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი თავი მეამბოხედ მიიჩნიოს. მეგობრებთან საუბრისას გაკვრით თქმა იმის შესახებ, რომ სერიულ მკვლელთან აქვს ურთიერთობა, მათი შეცბუნებული და ამავე დროს დაინტერესებულ სახეების ნახვა, ნუთუ ეს არ გამოისყიდის შესაძლო გართულებებს?

კრიმინალური მწერალი დიანა ფანინგი (Diane Fanning) დარწმუნებულია: ბევრმა ქალი იცის, რომ არასოდეს მიიღებს კინოსა ან სპორტის ვარსკვლავთან პირისპირ ურთიერთობის შესაძლებლობას. მაგრამ თუ მას ურთიერთობა ექნება სერიულ მკვლელთან, ეს შეიძლება მისთვის შანსი გახდეს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ეხება ასეთ ქალთა თვითშეფასებას.

თავის ბლოგში პენსილვანიის უნივერსიტეტის (University in Pennsylvania) სასამართლო ფსიქოლოგიის პროფესორი კატრინ რამსლანდი (Katherine Ramsland) აჯამებს ზემოთ მოყვანილ აღწერილობას. მან გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა აძლევს სტიმულს ასეთ ქალთა მოტივაციას:

• ამ ქალების სიყვარულს შეუძლია გარდაქმნას (შეცვალოს) ეს „გაქნილი და სასტიკი მტაცებელი“ მზრუნველ და თანამგრძნობ მამაკაცად, ეს ხომ მხსნელი ანგელოზის ლამაზი და მომხიბლავი ილუზიაა;
• ამ „მტაცებელში“ არსებობს დაჭრილი ბავშვი, რომლის განკურნება ზრუნვით შეიძლება, და ამის გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია, თითქმის როგორც რომანტიკულ მოთხრობებში;

  • ისინი იზიარებენ მედიის ყურადღებას მკვლელის მიმართ, და ამ გზით თავისი ანონიმურობის ჩრდილს თავს აღწევენ. შეიძლება ამ  პროცესის შესახებ წიგნი დაიწეროს, ან მიეცეთ საკუთარი ისტორიის მოყოლის საშუალება ფილმის ახალი სიუჟეტისთვის (მიიღოს საკუთარი დიდების 15 წუთი);
  • ამ მამაკაცებს მიიჩნევენ „ულტრა-გაბედულ“ და სუპერაგრესიულ ადამიანებათ მათი საშინელი დანაშაულის გამო, ეს იზიდავს ქალებს, აძლევს მათ დაცვას, სტატუსს;
    ასეთი ქალები სიყვარულს ვერ პოულობენ ჩვეულებრივი გზით;

ეძებენ „რომანტიკულ“ ურთიერთობებს და არ გააჩნიათ რეალური პერსპექტივები.
წარმოვიდგინოთ შემდეგი ურთიერთობები. არსებობს ემოციური რომანტიკული კავშირი, სასიყვარულო წერილები და საიდუმლოებით და რომანტიკით სავსე შეხვედრები. ეს „საინტერესოა“, „არ არის მოსაწყენი“ და ძალიან სარისკოა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეროტიკულ სტიმულაციას (ყოველ შემთხვევაში, ფანტაზიის დონეზე). ასეთი ურთიერთობების დროს არ არის საჭირო საჭმლის მომზადება, გარეცხვა, დალაგება და პასუხისმგებლობის აღება რეალურ ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე, არ არის საჭირო ყოველდღიურად ერთად ყოფნა, რადგან მისი რჩეული გისოსებს მიღმა იმყოფება.

რა თქმა უნდა,  აბსოლუტურად ზუსტადაა ცნობილი, სადაც იმყოფება ყოველ ღამეს მათი სიყვარულის ობიექტი, რას ფიქრობს და როგორ ოცნებობს მასზე. მამაკაცი ვერ შეძლებს ქალის შეცვლას. ის მხოლოდ ქალს ეკუთვნის. მას არ შეუძლია ზიანის მიყენება და არ შეუძლია მის სახლში მოულოდნელად გაჩნდეს. ქალები აღწევენ ციხეში პაემანის უფლებას, გატაცებული არიან მათი საქმეების მასალებით, ფულს ხარჯავენ „გადაცემის“ მისატანად. ის „იდეალური ბოიფრენდია“. იქმნება განცდა, რომ ყველაფერს აკონტროლებთ, და, ალბათ, ამ გრძნობას პირველად განიცდით თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ განა შეიძლება ასეთ ურთიერთობებს და დამახინჯებულ შეხედულებებს სიყვარულზე  უწოდოთ ნორმალური და ჯანსაღი?

უმეტეს შემთხვევაში, მე ვხედავ ჰისტეროიდული ხასიათის ბიოლოგიური, სექსუალური და ფსიქოლოგიური დინამიკის გამოვლინებას. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნომოტეტური წარმოდგენაა, რადგან „ნამდვილი“ ტიპები (პროტოტიპები) ბუნებაში ძალიან იშვიათია, და პიროვნებაზე, მის სტილსა ან ტიპზე გავლენას ახდენს განცდილი ემოციური გამოცდილება, სასურველი დაცვა, ურთიერთობების აგების მეთოდები, ბიოლოგიური ასპექტები და კიდევ ბევრი სხვა რამ, ამიტომ ასე მნიშვნელოვანია პერსონიფიცირებული მიდგომა დიაგნოსტიკაში.

როგორები არიან ჰისტეროიდული (როგორც ამას უწოდებს თეოდორ მილონი) ან ისტერიული (ნენსი მაქ-უილიამსის აზრით) ან თეატრალური (DSM-ის რედაქციაში) ქალები? შევეცდები მათ აღწერას ამ სტატიის ჩარჩოებისა და დასახული ამოცანების ფარგლებში.

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს არსებობდა ისტერიის შეცნობის მცდელობა, სწორედ ასე შეიქმნა ფსიქოანალიზი. მოცემული პერიოდისთვის პიროვნების ასეთი სტრუქტურა უფრო ხშირად ქალებში შეიმჩნევა. ამ ქალებს აქვთ შფოთვის, დაძაბულობის, რეაქტიულობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ინტერპერსონალური კუთხით. ისინი ხშირად აღმოჩნდებიან სიტუაციებში, რომლებიც დაკავშირებულია პირად დრამასთან და რისკთან. გარდა ამისა, ეს ქალები ობიექტზე ორიენტირებულნი არიან, მათში დომინირებენ გენდერული საკითხები.

ისინი ადვილად ექვემდებარებიან შთაგონებას, განსაკუთრებით იდეალიზირებული, რომანტიკული ურთიერთობების კონტექსტში. დაუცველობის, უარყოფის საფრთხის გრძნობა ან სხვა სირთულეები სტიმულირებენ დანაშაულისა და შიშის ქვეცნობიერ გრძნობას. დაცვის საშუალებად ისინი იყენებენ გარე მოქმედებას (acting out), და ამ დაცვამ უნდა გადაარჩინოს ისინი სხვადასხვა ფობიებისგან. მათ სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ამავე დროს სუბიექტურად გრძნობენ, რომ სხვებზე არაფრით უკეთესნი არ არიან, უარესნი თუ არა. მათ შეუძლიათ თავისი სხეულის ღიად დემონსტრირება (ექსგიბიციონიზმი), მაგრამ ამავე დროს განიცდიან სირცხვილის გრძნობას.

ათი გაგებით, ქალები არიან რბილი და მზრუნველი, მაგრამ  სუსტი და უმწეო და, შესაბამისად, უჩნდებათ უსაფრთხოების და თვითპატივისცემის განცდის მოძებნის სურვილი მამაკაცისადმი სიყვარულის გზით, რომელიც, მისი აზრით, აბსოლუტურ ძალას წარმოადგენს. ხოლო „მამაკაცი-მტაცებელი“, სერიული მკვლელი, ყველაზე უკეთესად პასუხობს ამ მოთხოვნებს. ქალი იყენებს თავის სექსუალობას, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში სექსი მისი კონტროლის ქვეშაა, ციხეში პაემანი ხერხდება მხოლოდ ხანმოკლე შეხვედრების დროს. რადგან ამ მამაკაცის ძალა ქალს აშინებს, იგი ცდილობს გაუღვიძოს „მტაცებელს“ უფრო ნაზი გრძნობები. მაგრამ ანტისოციალურ პიროვნებას ეს არ შეიძლება დაემართოს, და არც მამაკაცის გაუფასურება არ ხდება მისი სიმამაცის  დაკარგვის თვალსაზრისით. ხოლო სექსუალური ურთიერთობების გამოცოცხლება ხერხდება გაუცნობიერებელი ფანტაზიების წყალობით, რომ სექსის დროს ქალი გარკვეული სახით ითვისებს მამაკაცის ძალას.

გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ სექსუალური მიმზიდველობა ქალის ერთადერთი პოტენციალია. ამიტომ ასეთ ქალებს აინტერესებს, როგორ გამოიყურებიან და სხვებზე მეტად ებრძვიან სიბერის ნიშნებს.

ასეთი ქალების თვითპატივისცემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს არიან ისინი სტატუსსა და ძალასთან (ამ შემთხვევაში – სახელის მოხვეჭასთან), თავის რჩეულთან. ისინი აიდეალებენ თავის „მონსტრს“, ხოლო მათი  სიმპათია იდეალიზებული ობიექტის მიმართ და, განსაკუთრებით, მასთან ერთად გამოჩენა, ქმნის „წარმოებული“ პატივისცემის მსგავსებას. თვითპატივისცემის მიღწევის კრიტერიუმი ასეთი ქალებისთვის სხვების გადარჩენის შესაძლებლობაა, რადგან მთავარი განცდა, რომელსაც განიცდიან საკუთარი თავის მიმართ ჰისტეროიდული ქალები –  ეს არის გრძნობა პატარა, შეშინებული და მოუმზადებული ბავშვისა, რომელმაც უნდა გადალახოს სირთულეები, როგორც მოახერხებს ამას ამ რთულ და საფრთხეებით სავსე სამყაროში, სადაც ძლიერები დომინირებენ.

ისინი ავლენენ ზრუნვას თავის შინაგან შეშინებულ ბავშვზე, იგივეს აკეთებენ „მტაცებელი მონსტრის“ „შინაგანი ბავშვისთვის“, რომელსაც, მათი აზრით, საფრთხე ემუქრება. ან ისინი ცდილობენ გადალახონ საკუთარი შიში მის წინაშე და დაიწყონ  იმის „შეცვლა“ ან „მკურნალობა“, ვინც მოცემულ მომენტში განასახიერებს ბავშვობის საშიშ და აღფრთოვანების გამომწვევ ობიექტს.

ეს კეთილი, გულისხმიერი ქალის ფენომენია, რომელსაც „უყვარს არა რაღაცის გამო, არამედ უბრალოდ უყვარს“ მტაცებლური და დამანგრეველი ბუნების მამაკაცი იმ იმედით, რომ შეძლებს მის „გადარჩენას“.

პატივმოყვარეობისა და ცდუნების მიდრეკილება მათთვის ნარცისული დაცვაა იმ გაგებით, რომ ეს ურთიერთობები აუცილებელია თვითპატივისცემის შესანარჩუნებლად. ისინი ცდილობენ მოხიბლონ ადამიანები, რადგან მათ ცხოვრებაში შეჭრის, ექსპლუატაციისა და უარყოფის შიში აქვთ, და თუ არ გააჩნიათ შეშფოთების მიზეზი, ისინი გამოხატავენ გულთბილობას, გულწრფელობასა და სითბოს.

ყველა მათი ქცევა მიზნად ისახავს მათი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აფასებენ მათ ქალურ თვისებებს (გაუცნობიერებული სწრაფვა). ხოლო ზედაპირულობა და აშკარა თეატრალურობა შეშფოთებითაა გამოწვეული, თუ როგორ აღიქვამენ მათ ის ადამიანები, ვისაც ძლიერად მიიჩნევენ.

ისინი აზვიადებენ საკუთარ ემოციებს იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ შფოთვის მძიმე შეგრძნებები და ამით დაარწმუნონ საკუთარი თავი და სხვები, რომ მათ აქვთ თვითგამოხატვის უფლება. ამ ქცევის მიზეზი ისაა, რომ ისინი მუდმივად განიცდიდნენ გაუფასურებას და ინფანტილურებად მიიჩნევდნენ, ამიტომ აღარ ელიან ანგარიშგასაწევ ყურადღებას თავისი გრძნობების მიმართ.

კიდევ ბევრის დაწერა შეიძლებოდა ჰისტეროიდული პიროვნების შესახებ, მაგრამ ამ სტატიისა და ამ თემის ფარგლებში დარჩენა მინდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პიროვნება, თითების ანაბეჭდივით, უნიკალური და განუმეორებელია, ის ყველაფერშია, რასაც და ვისაც შეხებიხართ ან საქმე გქონიათ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, და მისი ცხოვრებისეული გამოცდილება განუმეორებელია. ადამიანი ხომ უნიკალური, რთული და განუყოფელი პერსონაა თავისი თავისებურებებით და ნიუანსებით.

სვეტლანა ბერეზოვსკაია

სტატიაში გამოყენებულია შემდეგ ავტორთა მასალები:
Theodore Millonе, Ph.D. – თეოდორ მილონი, ფილოსოფიის დოქტორი და საპატიო დოქტორი.
Nency McWilliams, Ph.D. – ნენსი მაკ-უილიამსი, ფილოსოფიის დოქტორი, მასწავლებელი.
Leon F. Seltzer, Ph.D. – ლეონ ფ. ზელცერი, ფილოსოფიის დოქტორი.
Katherine Ramsland, Ph.D. – კეტრინ რამსლანდი, სასამართლო ფსიქოლოგიის პროფესორი.
Hugo Schwyzer – ჰიუგო ბენედიქტ შვიზერი, მწერალი, ისტორიის მასწავლებელი და გენედერული თავისებურებების მკვლევარი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი