ნონა ხიდეშელი – ადამიანი ცვალებადი სამყაროს პირისპირ

0
741

ჩვენ ვიცით და შეგუებული ვართ იმ ფაქტს, რომ ადამიანი მოკვდავია და ეს კანონზომიერად მიგვაჩნია, აგრეთვე ისიც, რომ ზამთარს გაზაფხული ცვლის და ზაფხულს შემოდგომა, ვიცით რომ ბავშვი როდესაც დაიბადება, ნელ-ნელა იზრდება, ვითარდება და შესაბამისად იცვლება ფიზიკურად თუ სულიერად, მთელი ეს ფაქტები და კიდევ სხვა მრავალი,  ჩვენთვის კანონზომიერია და არავითარ შინაგან წინააღმდეგობას არ იწვევს.

კარგად გვესმის რომ სამყაროში ყველაფერი ცვალებადობას ექვემდებარება და ჩვენ ამის საპირისპიროდ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მაშინ საინტერესოა, რა ხდება ჩვენს პიროვნულ ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებში, რატომ გვიჭირს ამ ცვლილებების მარტივად მიღება და გათავისება.

რატომ მივტირით ასე  ხშირად წარსულში მომხდარ მოვლენებს, მდგომარეობას, რაც ოდესღაც გვქონდა და ახლა აღარ გვაქვს, ან იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში რაღაც როლი ითამაშეს და ახლა ჩვენს გვერდით აღარ არიან. თუ სამყაროში ყველაფერი ცვალებადია, ჩვენც ხომ ამ სამყაროს ნაწილი ვართ და შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც და ურთიერთობებიც ამ კანონზომიერებას უნდა დაემორჩილოს.

იმ მომენტიდან, როცა ადამიანი ცნობიერ ასაკში  გადადის და იწყება მისი ინტეგრაცია საზოგადოებაში, დაწყებული ოჯახის წევრებიდან, ურთიერთობების წრე მუდმივად იზრდება და იცვლება, მაშასადამე, შეუძლებელია მუდმივად ერთი და იგივე ადამიანების გარემოცვაში ვიყოთ და ერთნაირი მოვლენები ხდებოდეს ირგვლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის არსებობა ყოველგვარ აზრს დაკარგავდა, არც ევოლუცია იქნებოდა და არც პროგრესი.

ადამიანის ფიზიკური არსებობა რომ არ სრულდებოდეს, არც  ადამიანის დაბადებას აღარ  ექნებოდა აზრი, ანუ თუ ჩვენი სურვილისამებრ, რომელიმე მომენტი, თუნდაც ყველაზე სასიამოვნო, მუდმივად გაგრძელდება, ადამიანი დაჩლუნგდება და ყოველგვარი შინაგანი თუ გარეგანი განვითარება შეწყდება.

შეუძლებელია სამყარო ერთმა თუნდაც ყველაზე სრულყოფილმა ადამიანმა ან თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანმა მოვლენამ დაიტიოს. სამყარო უსასრულო და უკიდეგანოა, ადამიანები მიდიან და მოდიან, რელიგიები, ნაციები, წესები, ტრადიციები იდეალები და იდეოლოგიები მუდამ ცვალებადია, მაგრამ ადამიანის არსებობა და განვითარება გრძელდება, უცვლელი მხოლოდ ღმერთი, ჭეშმარიტება და სიყვარულია, რომელთა განჭვრეტაც დროში მოხეტიალე ადამიანს არ ძალუძს.

მთავარია კარგად ჩავუფიქრდეთ ამ საკითხს და მივხვდებით რომ პრობლემა გაცილებით მარტივია.  საჭიროა მხოლოდ საფუძვლიანად ჩავიხედოთ ჩვენი სულის სიღრმეებში და კარგად დავაკვირდეთ იქ მიმდინარე პროცესებს, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, კანონზომიერად უნდა მივიღოთ და ამისათვის აუცილებელია ჩვენი ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების კარგად შესწავლა, არა ცალმხრივად, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ, არამედ სრულად, მთლიანად, დამოკიდებულებები ადამიანებთან, ბუნებასთან, კულტურასთან,  რელიგიასთან, ჩვენს ოცნებებთან, ამბიციებთან და ა.შ. ავიღოთ რომელიმე ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებიდან და ყურადღებით დავაკვირდეთ მას, განსჯისა და ემოციის გარეშე. დავუშვათ ოდესღაც მყავდა უახლოესი მეგობარი, გნებავთ ქმარი ან ცოლი, მასწავლებელი, მოძღვარი ან სულ ერთია ვინ, მთავარია რომ ეს პიროვნება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი, მასთან მქონდა მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება. შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდა რაიმე მიზეზის გამო და რა ხდება ახლა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ამ ერთი კონკრეტული შემთხვევისადმი? გონება თითქმის სრულიად მოცულია ამ მოგონებებით, შთაბეჭდილებები ისევ ცოცხალი და მძაფრია, მაგარამ იმის გამო რომ ეს ეპიზოდი ფიზიკურად დასრულდა, ახლა ვიტანჯები. რა იწვევს ტანჯვას? ის ფაქტი  რომ ეს მოვლენა დასრულდა, თუ ჩემი დამოკიდებულება მისადმი, ანუ მაშინ მე ვიყავი სრულიად კმაყოფილი, ჩემი სურვილები,  ინტერესები  და ამბიციები იმ ადამიანის მხრიდან თითქმის ყოველთვის კმაყოფილდებოდა,  მუდამ ვიყავი ყურადღების ცენტრში, ვიღაც ჩემზე ზრუნავდა, სიამოვნებას მანიჭებდა, თავად წყვეტდა იმ უამრავ პრობლემას, რის პირისპირაც ახლა დავრჩი და შესაბამისად შევწუხდი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი