ცნებებით მანიპულირება

0
410

დავუბრუნდეთ კითხვას: რაში დასჭირდათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცნებების – კონფორმიზმის, ნონკონფორმიზმის დამკვიდრება და ამ სიტყვებით მანიპულირება?
ცნება კონფორმიზმის დეფინიციის ბუნდოვანება საკითხისადმი უფრო მკაცრ მიდგომას მოითხოვს.

მართლაც, კონფორმიზმის ცნებიდან გამომდინარე, გაუგებარია, ჩავთვალოთ თუ არა კონფორმისტად ადამიანი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, არ ეწინააღმდეგება ჩვეულებებს, ტრადიციებს, ადათს.
რა ვუყოთ ზრდილობას, ქცევის გაბატონებულ წესებს?
რა ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც ვერ ეწინააღმდეგება მოდას და იმავდროულად თავს არაკონფორმისტად თვლის?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას სხეულზე ორიგინალური ტატუირება, ბრჭყვიალა რგოლები და პანკობაც ვერ უშველის, რადგან ესეც მოდაა.
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაექცევა ცხოვრებისთვის, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ცნებას, რასაც სტანდარტიზაციას უწოდებენ.
რათა კონფორმისტი არ გვიწოდონ, ცხოვრებაზე უარი ხომ არ უნდა ვთქვათ?
გამოდის, რომ მეტ-ნაკლებად ყველანი კონფორმისტები ვართ.
თუ ყველა კონფორმისტია, მაშინ მისი საწინააღმდეგო ცნება – ინდივიდუალისტი – არ უნდა არსებობდეს.
თუ ეს უკანასკნელი დასკვნა თქვენთვის მიუღებელია და ამასთან კონფორმიზმის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, მაშინ იმის უფლება მაინც მოგვეცით, რომ ვიმსჯელოთ კონფორმიზმის ხარისხზე. კონფორმიზმის ხარისხში ალბათ ის უნდა ვიგულისხმოთ, თუ რა დონით ემორჩილება ინდივიდი ჯგუფის, სოციუმის სტანდარტებს და მოთხოვნებს. ის შეიძლება ემორჩილებოდეს მთლიანად, სამი მეოთხედით, ან ნახევრად და ასეთი ჩავთვალოთ კონფორმისტად ან არაკონფორმისტად – ინდივიდუალისტად. ეს იგივეა, რომ ნახევრად არაკონფორმისტი ნახევრად ორსულს შევადაროთ.
ნახევარი ჭიქა წყალი პესიმისტისთვის ნახევრად ცარიელია, ოპტიმისტისთვის – ნახევრად სავსე.
თუ ესეც მიუღებელია თქვენთვის, მაშინ მივდივართ კონფორმისტის არსის ცვლილების აუცილებლობასთან, ეს იგივეა, რაც სპექტაკლში სცენის დეკორაციის ცვლილება.

სცენა I
ინდივიდი არ იცვლის შეხედულებებს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ გამოთქვამს. ის წინააღმდეგობაში არ შედის სოციუმში გაბატონებულ აზრთან, რომელსაც მხოლოდ გარეგნულად ეთანხმება. მიდის მიტინგზე, საარჩევნო ურნასთან, მარჯვენა ხელით აძლევს ხმას, მარცხენა ხელით კი ჯიბეში ბრანწს აკეთებს, მაგრამ თუ გარედან წნეხი შემცირდა, ან გაქრა (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო), მაშინ მედგარი გმირი, ანტიკონფორმისტი ხდება, რადგან თავის დროზე ჯიბეში ბრანწი გააკეთა.

სცენა II
იგივენი და გამოსვლა სხვა.
ინდივიდი აზრს იცვლის არა იმიტომ, რომ არგუმენტაციას ვერ გაუძლო, არამედ იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევის ეშინია. არც ეს არის კონფორმისტი, რადგან მისი აზრით, ტრადიციას, ადათ-ჩევევებს ვერ ღალატობს. მას იცავს ტრადიციული ლოზუნგი, ფარი წარწერით – ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო” ან ,,ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო”.

სცენა III
იგივენი და გამოსვლა სხვა.
ინდივიდი არაკომპეტენტურად თვლის თავს. უბრალოდ ვერ ერკვევა პრობლემაში, ვერ ხვდება საიდან განიცდის ზეწოლას, თორემ მოძალადეს კუდით ქვას ასროლინებდა. და თუ თავის გამოშტერება მაინცდამაინც არ ეხალისება, ამისთვის მრავალფეროვანი არსენალია მის განკარგულებაში – არ მცალია, დავიღალე, არ მჯერა, დავბერდი, მე ჩემი გავაკეთე, დაიწყე და მოვდივარ,… ასეთი სულაც არ თვლის თავს კონფორმისტად.

სცენა IV
იგივენი და გამოსვლა სხვა.
მის გარდა დამნაშავეა ყველა, რადგან აჩქარდნენ, პრობლემის არსში ვერ გაერკვნენ. ,,მე ხომ ვამბობდი…”, ,,სხვა გზით უნდა წასულიყვნენ”, ,,ამ ხალხს, ინტუიციის სახით, რაციონალურობა აკლია”… სხვა სიტყვებით, თქვენ წინაშე სულაც არ დგას კონფორმისტი. თქვენ წინაშეა ინტუიციით აღჭურვილი რაციონალური მეძავი.

სცენა V
იგივენი და გამოსვლა სხვა.
ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ საკუთარსა და სოციუმში გაბატონებულ აზრს შორის. შესაბამისად, არავითარ კონფორმიზმს ჩემი მხრიდან ადგილი არა აქვს.
აქ შეიძლება გაჩნდეს ერთი, არც ისე გასაკვირი ფენომენი, როცა ინდივიდი გრძნობს, რომ შიშისგან უბრალოდ ჩასვრილია, ის საკუთარი არაკონფორმიზმის, ინდივიდუალიზმის გამოსავლენად იმ ჯგუფს კი არ უწევს წინააღმდეგობას, ვისი პრესის ქვეშაც იმყოფება, არამედ მზადაა, გაანადგუროს, მისი აზრით, სუსტი ჯგუფი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის მიმართ საწინააღმდეგო არგუმენტები არ გააჩნია.

კიდევ მრავალი სხვა სცენის გახსენებაა შესაძლებელი, მაგრამ ესეც საკმარისია, დასკვნის გამოსატანად – ცნება კონფორმიზმსაც ღრმა გააზრება სჭირდება.
ამრიგად, საჭიროების მიხედვით ან კონფორმისტად გამოგაცხადებენ, ან  ინდივიდუალისტად. ყოველივე ეს ჩვენ მიერ კონფორმიზმისა და ინდივიდუალიზმის ილუზორულ გააზრებაზე მიგვანიშნებს.

ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა, კონფორმიზმი და თანამშრომლობა (კონფორმიზმის კერძო შემთხვევა), თითქმის სინონიმებია და თუ ეს ასეა, მაშინ ამას უცილობლად მივყავართ ალტერნატივასთან – ,,ინდივიდუალიზმი თუ კონფორმიზმი”, ,,დამოუკიდებლობა თუ თანამშრომლობა” და დგება პრობლემა – თანამშრომლობა ვისთან, მცოხნავებთან თუ სისხლისმსმელებთან?

უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, მივედით მე-სა და ჩვენ-ს შორის ურთულეს დამოკიდებულებასთან, რომლის ამოუხსნელობა ყოფნა-არყოფნის ზღვართან უცილობლივ მიგვიყვანს. დავფიქრდეთ, დამოუკიდებლობაში ალბათ იძულებისგან თავის დაღწევა იგულისხმება. სწრაფვა იმისკენ, რომ იცხოვრო ისე, როგორც შენ გეჩვენება მართებულად, შეგეძლოს დაიცვა საკუთარი თავი, აზრი, იდეა.
მეორე მხრივ, ინდივიდუალური ავტონომიის რეალიზაცია გულისხმობს ინდივიდის ჩართვას რაღაც სოციალურ ჯგუფში, სხვა სიტყვებით, ადაპტირებას სოციალურ სისტემასთან.
მართლაც, ამის გარეშე გაგიჭირდებათ, მაგ., ჯგუფის, გუნდის გარეშე ფეხბურთის თამაში. პარტნიორის, მწვრთნელის, დამხმარე ჯგუფის გარეშე ინდივიდუალური განვითარება, მოჭადრაკის ან მევიოლინეს პროფესიული ზრდა უბრალოდ შეუძლებელია.
ჯგუფთან ადაპტირების გარეშე, მისი იგნორირების შემთხვევაში, იკარგება თვითკონტროლი, რაციონალურობა და ადვილად მკვიდრდება ირაციონალური იმპულსები.
შედეგი – დამარცხება, დაჩოქება, განადგურება.
დეინდივიდუალიზაციას, ყველაფრის დავიწყებას და მათ შორის საკუთარი მე-ს დავიწყებას, დიდი ალბათობით, მივყავართ აგრესიულობასთან, არამოტივირებულ სისასტიკესთან, ვანდალიზმთან ან პიროვნულ ფსიქოლოგიურ დეგრადირება-განადგურებასთან.
ზემოაღნიშნულ მსჯელობას უცილობლად მივყავართ მე-სა და სხვა მე-ს შორის, ჩვენსა და ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთდაპირისპირების რეგულირების კანონზომიერების გააზრების აუცილებლობასთან.
მე-ს არარსებობა, ესაა საკუთარი აზრის არარსებობა.
პრიმიტიულ ადამიანს ისე არაფერი აწყნარებს, როგორც საკუთარი აზრის აბსოლუტური არქონა.
ეს არა მარტო ყველაფრის ღალატი, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავის ღალატია.
დაყრდნობა მხოლოდ იმაზე შეიძლება, რასაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

სწორედ ამიტომ გვჭირდება ახალი ხედვა, ახალი აზროვნების დონე, ისეთი ფილოსოფია, რომელიც გაგვათავისუფლებს ამ უსახური აზროვნებისგან და ეს თავისუფლება ჩვენი ყოფის სიმახინჯეს გაანადგურებს.
ამიტომაა საჭირო, ისეთი მთავარი ქვესისტემის შექმნა, სადაც ცნებები დამოუკიდებლობა და თანამშრომლობა ჰარმონიული და შეთავსებადი იქნება.

ადამიანისთვის, როგორც სოციალური არსებისთვის, დამახასიათებელია მის გარემომცველ ჯგუფში დამკვიდრებული ქცევების მიმბაძველობა ადაპტაციის მიზნით.
სწორედ ეს თვისება უკვე მოიცავს კონფორმიზმის საფუძველს. ხშირად ადაპტირების აუცილებლობა ადამიანს კონფლიქტის შემცირება-აცილების მიზნით შეგნებულ უკან დახევას აიძულებს. ეს მიმბაძველობა ბადებს იმ ფენომენს, რაც ჩვენთვის აზრობრივ ზეგავლენას, მისთვის კი მიუღებელ აზრზე დათანხმებას ნიშნავს.
ამ დროს ხშირად კონფორმისტი ვერც კი ამჩნევს, როგორ შეიცვალა აზრი და ეს ხდება თავისთავად, გულწრფელად. მას სწამს, რომ ჯგუფი მართალია. საინტერესოა, რომ ამ ახალ აზრს ის ავითარებს მაშინაც, როცა ჯგუფის ზეწოლა, ზეგავლენა აღარაა.
მაგ., თუ სუბიექტი აღიარებს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას და ზედაპირული წარმოდგენაც კი არა აქვს ამ თეორიაზე, შეიძლება მას მკვეთრად გამოხატული კონფორმისტი ვუწოდოთ?
ცხადია, არც ისაა სადისკუსიო, რომ აუცილებელია, მსგავს შემთხვევებში კომპეტენტურთა მოსაზრებას და მსჯელობას ვენდოთ. თუმცა, თვით პიროვნების კომპეტენტურობაც ღრმა დაფიქრებას მოითხოვს.
ნდობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ უმრავლესობაში ნდობა გულუბრყვილობასა და მიამიტობაში გადადის. ასეთები მარტივად ექცევიან აზრობრივი ზეგავლენის, შთაგონების ქვეშ.
ფაქტობრივად, პოლიტიკური და არაპოლიტიკური შულერები მათთვის სასურველი აზრის სოციუმისთვის თავსმოხვევის მიზნით ადამიანთა ამ თვისებას წარმატებით იყენებენ.
შედეგი – პიროვნების და სოციუმის პერმანენტული გამოთაყვანება.
მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაგვანახა, რომ შთაგონებისადმი, ზეგავლენისადმი და კონფორმიზმისადმი მიდრეკილება ადამიანს ბავშვობიდანვე ახასიათებს და მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: _ უმრავლეს შემთხვევაში, ჯგუფში გათქვეფილი ადამიანისგან არ უნდა ველოდოთ ორიგინალურ, განვითარებად აზრს.
ცხადია, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში უსახურ ჯგუფში გათქვეფა და შემოქმედებით ჯგუფში ამაღლებული დიალექტიკა.
ხშირ შემთხვევაში, კონფორმიზმის საფუძველი ეყრდნობა ილუზორულ ლოზუნგს – უმრავლესობა არ ცდება.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას და ეს უბიძგებს მას უსაფუძვლო, გაუაზრებელი ნდობისკენ.
აქ უნებლიედ გახსენდება კონ ფუ ძის სიტყვები:
,,ყველაფერი ამაზრზენი, რაც ხდება ცისქვეშეთში, გაუნათლებლობის ბრალია”.
და ეს გაუნათლებლობა ჩვენს ყოფიერებაზე ისახება.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი