ნიჰილიზმი და ეროვნული საკითხი – მერაბ მამარდაშვილი

0
383

ნიჰილისტი – ესაა კაცი, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი „სახე“, განსჯისა და მოქმედების უნარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა ადამიანი, რომელიც აღიარებს რაღაც თვითმოქმედი მექანიზმის (ბედნიერების, სოციალური მოწყობის, ბედისწერის და ა.შ. მექანიზმის) არსებობას. ეს მექანიზმი, მისი აზრით, რაიმე ფორმით, მაგრამ აუცილებლობით განსაზღვრავს ან „ერევა“ მის ცხოვრებაში. ამის საპირისპიროდ, ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს სამყაროში თავის ადგილსა და პირად ღირსებაზე, ეყრდნობა დებულებას იმის შესახებ, რომ ყოველთვის არსებობს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ეს პორცესი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, დამოკიდებულია მის შრომასა და სულიერ ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია მისი პიროვნების განთავისუფლებისა და განვითარებისკენ. ეს იმიტომ, – ფიქრობს ის, – რომ მხოლოდ ადამიანურ სულს აქვს უნარი მიიღოს და აღმოაცენოს „უმაღლესი“ თესლი, ამაღლდეს თავისთავზე და გარემოებებზე, რის გამოც ყველაფერი, რაც ხდება ირგვლივ, აღმოჩნდება არაშეუქცევადი, არ იქნება მოცემული მთლიანად და სრული სახით, ან მარტივად თუ ვიტყვით, არ მოგვისპობს იმედს.

თუ ეს ასე არ ხდება, ანუ თუკი გარემოებები ხელახლა არ დგინდება, მაშინ ყველაფერი გარდუვლად ივსება ნიჰილიზმით.

ვფიქრობ, ნათქვამს პირდაპირი კავშირი აქვს ეროვნულ პრობლემასთან.

უპირველესად, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენში ჯერ კიდევ ძალზე ცოტანი არიან ა. სახაროვის მსგავსი ადამიანები, რომლებსაც ნიჰილიზმის მატარებელი რადიკალური დემოკრატებისგან, და აგრეთვე, მონარქიის აღორძინების ერთგული მომხრეებისგან განსხვავებით, ეგრეთ წოდებული შუალედური პოზიცია უკავიათ. ისინი ხელისუფლებას აიძულებენ რაღაც გააკეთოს; აღიარებენ თანდათანობით ქმნას; და თუ ხელისუფლება აკეთებს რაიმეს, ეს მიღებულია როგორც სწორედ ქმნის ელემენტი; ამავე დროს არ ხდება თვალის დახუჭვა ხელისუფლების ბუნებაზე, ხასიათსა და ინტერესებზე.

თუმცა აქვე მსურდა შემენიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ მოძრაობას სულაც არ ვთვლი ნაციონალისტურად, უფრო მეტიც, მზადა ვარ დავამტკიცო, რომ საბჭოთა კავშირში არაა ნაციონალისტური მოძრაობა. ეს მე, მაგალითად, როგორც ქართვლმა, ქართული მოძრაობის შიგნით შემიძლია ვინმეს, მის მონაწილეთაგან ვუწოდო ნაციონალისტი, რამდენადაც მას მაქსიმალური, შოვინისტური, უკიდურესი პოზიცია უკავია. მაგრამ თვით მოძრაობა არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ უწოდოს მას ნაციონალისტური. რატომ? იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ფორმაა, რომელშიც იბადება სამოქალაქო საზოგადოება, წყდება მოქალაქეობრივი თავისუფლების პრობლემები, ანუ როგორც რომაელები იტყოდნენ, -res pyblic – ის საერთო საქმის პრობლემა. ეს საზოგადოებრივი ცხოვრების შინაგანი ელემენტია.

ისტორიულად დიდი ხანია აღიარებული, რომ კერძო საკუთრება გაუცხოებადია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს. მე კი შევატრიალებდი ამ არგუ-მენტს, რათა ვთქვა შემდეგი: თუკი მილიონი გაქვს, ეს შენი კერძო საქმეა, ხოლო პოლიტიკური საქმე -respyblic-ის დონეზეა, ანუ საერთო საქმის, საერთო ძალისხმევის, მაგრამ არა მილიონის ექსპროპრიაციის დონეზე. მაშასადამე, პოლიტიკა როგორც ძალაუფლება და საკუთრება განცალკევებულ უნდა იქნენ. საბჭოთა სისტემა კი, იმ სახით, რა სახითაც ჩამოყალიბდა, წარმოადგენს ერთისა და მეორის უკიდურესი აღრევის ფორმას, ერთის მეორეთი შთანთქმას და ყოველგვარი მცდელობა ამ კავშირის დარღვევვისა, ბუნებრივია, მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ფენომენის აღორძინებისკენ. სიცოცხლის ნებისმიერი გამოვლინება გენიალური კერძოობაა, ასეთია ერის სიცოცხლეც, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციური პროცესის პროდუქტს. ასეთია საქმის არსი. ამიტომაც ეროვნული მოძრაობის შიგნით შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც დგანან კონსტიტუციურ პოზიციებზე, ესმით, რომ ის, რასაც ეწოდება ერი, არის არა ეთნოსი, არამედ ეთნოსის სხეულში კონსტიტუციის მუშაობის შედეგი; რომ ეთნოსი ერის წარმოშობის მხოლოდ ბუნებრივი წინაპირობაა. სხვებს შეუძლიათ არ გაიზიარონ ეს თვალსაზრისი და აღმოჩნდნენ მაქსიმალურ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ნიჰილისტურ პოზიციებზე. ეს უფსკრულია, რომელიც შეიძლება ძალიან ადვილად ჩავარდეს, მით უმეტეს, ჯერ კიდევ არსებული ტოტალიტარული წყობის პირობებში. კავკასიისთვის კერძოდ, ეს იქნებოდა მისი გარდაუვალი „ლიბანიზაცია“. ეს ირაციონალური უფსკრულია, სადაც ყველა მართალია.

ნებისმიერი ტოტალური სახელმწიფო მონონაციონალისტურია, მასში შეიძლება სხვადასხვა ეთნოსი შედიოდეს, მაგრამ ის მონონაციონალისტურია განსაზღვრებით.

მაგალითად, თვალში საცემია ასეთი გარემოება: რუს დემოკრატებს ძალზე გამახვილებული აქვთ მგრძნობელობა ადამიანის უფლებათა დარღვევისადმი; და იმდენად, რამდენადაც „ეროვნულობა“ წარმოადგენს ერთ-ერთ ამ უფლებათაგანს, შედის მათ რიცხვში და ამ უფლების დარღვევა მათი მხრიდან, ბუნებრივია, იწვევს რეაქციას. მაგრამ დღეს ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე სიტუაციებთან, როდესაც ადამიანის უფლებათა გაგება საჭიროებს ეროვნული რეალობების ინტუიციას.

მე მხედველობაში მაქვს რუსი ხალხისა და რუსული ინტელიგენციის კულტურულ-პოლიტიკური ტრადიციები. მაგალითად, მოჰყავთ ასეთი არგუმენტები: ლიტვა, – მართალია, მასთან არავითარი ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული – მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით ის დაიპყრეს, მაგრამ ჩვენ ხომ ამდენი წლები ერთად ვიცხოვრეთ და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. ეს „ანგარიშგაწევა“ იგულისხმება არა უბრალოდ პრაგმატული თვალსაზრისით, სიტყვის პოლიტიკური მნიშვნელობით, არამედ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობდით ერთად, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, გვესმის თქვენი. სიყვარულსა და გაგებაზე ეს პრეტენზია ხშირად აქვთ ხოლმე ყველაზე დემოკრატიულ ადამიანებს, თითქოსდა არსებობდეს უფლება, რომელიც მომდინარეობს სიყვარულისა და გაგებისგან.

„ამგვარი უფლება“ კი არსებითად იგივე ნიჰილიზმის გამოვლინებაა. ჩვენთვის ხომ ცხადია, რომ ჩვენ გვიყვარს და ამიტომაც გვაქვს უფლება, მსგავსად ცნობილი მოთხრობის – „მოსკოვი-პეტრუშკი“ – ის გმირისა, განვსაჯოთ კითხვა: პირინეის რომელ მხარეს უფრო სცემენ პატივს რუს ადამიანს – აქეთა მხარეს თუ იქითა მხარეს?

რეალური საფრთხე და ტენდენციები, რომლებიც დაფარულია ეროვნულ მოძრაობებში, ისეთებია, რომ რუს დემოკრატებსაც კი შეუძლიათ ამით „ნაციონალები“ ჩამოაშორონ პოლიტიკურ კავშირებს, რომლისკენაც ისედაც ნაკლებად არიან მიდრეკილნი ისინი თავიანთი გაუნათლებლობის გამო, რაც წარმოადგენს წინამავალი ცხოვრების, ტოტალიტარიზმის მთელი ატმოსფერული ნალექის ბუნებრივ ნაყოფს. ბევრი მათგანი, რომელზეც მწარე გამოციდლება აქვთ, ხშირად რუსეთის დემოკრატიულ ძალებში ვერ ხედავენ თავიანთ მოკავშირეს. ამის მიუხედევად, პილიტიკური კავშირისა და თანამშრომლობის იდეა, ჩემი აზრით, საჭიროა განვავითაროთ მაქსიმალურად. ის კონსტრუქციულიცაა და რეალისტურიც. ყველა ბრძოლაში ხომ მოკავშირეა საჭირო. ეროვნულ მოძრაობაში კი ბუნებრივი მოკავშირე, რა თქმა უნდა, რუსი დემოკრატები არიან, მით უმეტეს, რომ ბევრი რამ სწორედ მათზეა დამოკიდებული. თუ რუსი ხალხი შეძლებს თავისი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას – ამით სხვა ხალხების ბედიც იქნება გადაწყვეტილი.

რაც შეეხება სახაროვის პოზიციას, ის, ვფიქრობ, ნაციონალურ საკითხებშიც უმწიკვლოდ დემოკრატიული იყო. არის მხოლოდ ერთი მომენტი, რომელშიც შეიძლება ვერ დავეთანხმო. ამასთან, ჩემი პრეტენზიების ხარისხი არ აღემატება ჩვეულებრივ აზრთა უთანხმოების ხარისხს, ვიტყვი ასე, პოლიტიკური პროგრამის კერძო პუნქტზე, რომლებიც ექვემდებარება პოლიტიკურ დისკუსიებსა და საუბრებზე განხილვას. საკითხი ეხება მის დამოკიდებულებას საქართველოსთან.

ანალიტიკურად საეჭვოს წარმოადგენს პრინციპი, რომელსაც მე დავარქმევდი „რუსული მატრიოშკის“ პრინციპს. პრინციპი მარტივია. არსებობს სიტუაცია, როდესაც შეგიძლია ადამიანის უფლებათა და ერის უფლებათა პრობლემა გადაწყვიტო იმის საშუალებით, რომ დიდის მიერ მოცემულ მცირეს ანიჭებ დიდის სიმბოლოებს ან ნიშნებს. მაგალითად, თუ ოლქს გადააქცევ რესპუბლიკად და დიდის სიმბოლიკას მცირეზე გაავრცელებ. ეს შეიძლება დასაშვები იყოს რუსეთის ფედერაციის პირობებში, სადაც ზოგიერთი ნაციონალური ტერიტორია რუსეთის ისტორიის პროდუქტია და ეთნიკური უმცირესობანი რუსული მოსახლეობით არიან გარშემორტყმულნი. ეს თავისი დემოკრატიული ორიენტაციით სრულიად გონივრული პოზიციაა.

მაგრამ მე ვთვლი, რომ „მატრიოშკის“ ეს პრინციპი არ გამოდგება საქართველოს პირობებში. კავკასია – ესაა სამყარო, რომელიც ცხოვრობს დიდი ხნის წინათ გამომუშავებულ შინაგან საძირკვლებზე. აქ არც ერთი რესპუბლიკა (ნახიჭევანსა და ყარაბაღთან დაკავშირებული განსაკუთრებული შემთხვევების გამო) არ შეიცავს ტერიტორიას, რომელიც დიდი ხალხის დაპყრობის პროდუქტია. იფიქრო სხვანაირად, ეს იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში მოხვიდე კავკასიელი ხალხების თანაცხოვრებასა და იმ ომების პოლიტიკურ გამოცდილებასთან, რომლებსაც ისინი აწარმოებდნენ თავისი ისტორიის მანძილზე. ომი კი, როგორც ცნობილია, ყოველთვის რიტუალიზირებულია, მას თავისი წესები აქვს. პოლიტიკისა და თანაცხოვრების ყველა ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული წესი და შემუშავებული სქემა და მექანიზმი ეწინააღმდეგება დასახელებულ პრინციპს, რომელიც კავკასიის პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ შენელებული მოქმედების ნაღმი. ზოგჯერ ზოგადად სწორ დებულებას, თუკი მას არ ემატება შინაგანი რეალობის ინტუიციური გაგება, ამ რეალობის შინაგან შეგრძნებას, შეუძლია მხოლოდ ქიმერების გაჩენა. ასეთი ქიმერები კი საბჭოთა წყობილებამ არც თუ ისე ცოტა წარმოშვა. ასე მაგალითად, როდესაც ჩვენ დღეს ვეხებით აფხაზეთის რესპუბლიკის ავტომონიის პრობლემას, ის, რომ ვხმარობთ „ავტონომიის“ ტერმინს, ქიმერული, ფსევდომორფული შინაარსიდან მოწყვეტით და ვვარაუდობთ მასში რეალურ შინაარსს, ჩვენ გარდუვალად ვვარდებით გადაუწყვეტელ წინააღმდეგობაში. გადაუწყვეტელ თუნდაც იმის გამო, რომ აქ ამოქმედებულია, პირველ ყოვლისა, მგრძნობელობა ქართველი ხალხისა, რომელსაც ახსოვს თავისი ისტორია და ამოქმედებულია მარტივად, – მე ახლა გვერდზე ვტოვებ ტერიტორიულ უფლებებს და სხვა საკითხებს; – მე ვიღებ იმას, რაც სინამდვილეში მუშაობს ისტორიაში, ეს იგი ვნებათა დონეს. ვნებათა დონე კი ისტორიულ სიმბოლოთა დონეა. ამ დონეზე სიტყვა „აფხაზეთი“ სიტყვა „საქართველოს“ სინონიმია. ეს სინონიმია, ვიმეორებ, იმ სიმბოლიკის ჩარჩოებში, როდესაც წარმოიშვა სახელმწიფოებრიობა და როდესაც მთელი რიგი ისტორიული მიზეზების გამო ის, ვინც თავის უწოდებდა აფხაზს, იყო ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის – ამასთან, ქართულენოვანი მონაწილე. აფხაზური ეთნოსის პოლიტიკურად აქტიური ნაწილი მონაწილეობდა ქართული სახემწიფოებრიობისა და ქართული კულტურის შექმნაში. და ეს შეუქცევადია. ამიტომაც უთხრა ქართველს, რომ აფხაზეთი შეიძლება გამოეყოს საქართველოსო (მე ვნების სტრუქტურის ახსნას ვიძლევი და არა რეალობისა), – დაახლოებით იმის თქმას ნიშნავს, რომ საქართველო გამოეყოს თავის თავს; ანუ უფრო მკვეთრად ვიტყვი: ეს იგივეა, რომ ხარს წითელი მოსასხამი აჩვენო, შემდეგ კი გაიკვირვო, ხარი რომ ასეთი არადემოკრატიულია.

მეორეც: ხომ ცნობილია, რომ ავტონომიები იქმნებოდა საბჭოთა წყობილების მიერ საკუთარი პრობლემის გადასაწყვეტად. ანუ მის უკან პირველ რიგში დგას სოციალური პრობლემა, რომელიც სწორედ იგივე აფხაზეთში მშვენივრადაა გაცნობიერებული, განსაკუთრებით კი იმათ მიერ, რომლებიც კვლავ ხელს უწყობენ სამოქალაქო უმეცრებას, რომლის საფუძველზეც განიხილავენ საკუთარ თავს აფხაზები. ამ უმეცრების დონე არაფრით არაა უფრო მაღალი, ვიდრე ქართველების სამოქალაქო და პოლიტიკური უმეცრების დონე და ამიტომაც, როდესაც ამ სიტუაციაში ადამიანი ფიქრობს ავტონომიას ვიცავო, ის ცდება. სინამდვილეში კი მას მართავს საბჭოთა წყობილება.

ვაღიარებ, ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვენ ვხედავთ უბრალოდ ადამიანს, უმალ სოციალურ საკითხებს ვაყენებთ და მზად ვართ განვსაჯოთ მისი სოციალური მდგომარეობა. ხოლო როგორც კი ჩვენს წინაშე აღმოჩნდება რომელიმე ეროვნების ადამიანი, ვივიწყებთ სოციალურ და უფლებრივ პრობლემებს და მაშინვე ვიწყებთ საუბარს რაღაც სხვაზე, თითქოს ეს პრობლემები გაქრა. ისინი არ გამქრალა. ჩემთვის საქართველოს პრობლემა უპირველესად შესაძლებელ დემოკრატიულ წყობასთან საზოგადოების შესაძლო დემოკრატიული სტრუქტურასთან კორპორაციულ წყობილების შეჯახების და ბრძოლის პრობლემაა.

რა თქმა უნდა, ქართული ეროვნული მოძრაობის ლოზუნგი დაახლოებით ასე უნდა გამოითქმებოდეს: „ძმებო, მოდით ხელი ხელს ჩავკიდოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა თავი დავაღწიოთ ჩვენთვის საერთო წყვდიადს. ჩვენ ყველანი ნეხვში ვართ – თქვენც, ჩვენც, ეს ნეხვი ყარს და გვარეტიანებს. ნუ დავივიწყებთ ამას“.

თითქოს და ცხადია ყველაფერი და ნორმალურმა პოლიტიკოსმა სწორედ ასე უნდა ილაპარაკოს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში ასეთი პოლიტიკოსები პრაქტიკულად არ არიან. არის მხოლოდ ბრმა ამბიციების შეჯახება, ბრძოლა უმეცრებისა, უმეცრებისა თავისი თავის მიმართ, მოძრაობის მიზნის მიმართ და ა.შ. რეალური პრობლემა კი – და ეს ცხადია, – მდგომარეობს ნიჰილიზმისა და ტოტალიტარიზმის აღმოფხვრასა და გადალახვაში, რაზედაც ორიენტირებული უნდა იყოს ეროვნული მოძრაობანი, რამდენადაც თავისი ბუნებით ისინი წარმოადგენენ, ვიმეორებთ, სხვას არაფერს, თუ არა სამოქალაქო საზოგადოების დაბადების თანმხლებ ტკივილებს.

ჟურნალი „ალგეთი“, 1991, №1

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი