ერიხ მარია რემარკი:”ვიდრე ცოცხალი ხარ, არაფერია საბოლოოდ დასრულებული.”

0
593
მარიამ ბედუკაძე – გერმანული ენის ცოდნამ საშუალება მომცა ერიხ მარია რემარკის შემოქმედებას იმ ენაზე გავცნობოდი, რომელზეც მწერალი წერდა და ფიქრობდა. რა თქმა უნდა ემოციები, შთაბეჭდილებები უფრო მძაფრი და ღრმა იყო. რადგან, როცა ორიგინალს კითხულობ, თითქოს შენსა და მწერალს შორის უხილავი კავშირი მყარდება.

რემარკის წიგნები ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, მათ ტრაგედიებზე, ტკივილზე, ბედნიერებაზე, ენა მარტივი და სადაა, მაგრამ ძალიან ღრმადაა გადმოცემული თითოელი პერსონაჟის განცდა. რემარკის გმირებს ერთი საერთო აქვთ, ისინი არასოდეს ნებდებიან, მომავლის იმედი აქვთ ანუ როგორც რემარკი იტყოდა “ვიდრე ცოცხალი ხარ, არაფერია საბოლოოდ დასრულებული.” (“ტრიუმფალური თაღი”)

ერიხ პაულ რემარკი (Erich Paul Remark, 1921 წლიდან Erich Maria Remarque) ოსნაბრიუკში 1898წლის 22ივნისს დაიბადა. მამა პეტერ ფრანც რემარკი წიგნების მბეჭდავ-მკაზმავი, დედა ანა მარია შტალკნეხტი რემარკი დიასახლისი იყო. (რემარკის დედა 1917წელს გარდაიცვალა, მამა კი ორი წლის შემდეგ მეორედ დაქორწინდა მარია ანა ჰენრიკა ბალმანზე.) რემარკებს ოთხი შვილი ჰყავდათ – უფროსი ვაჟი თეოდორ არტური, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერიხი და ორი ქალიშვილი ერნა და ელფრიდა, რომელიც 1943წელს ნაცისტებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

1912წელს, სახალხო სკოლის დასრულების შემდეგ, მომავალი მწერალი კათოლიკური სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელ კურსებზე ჩაირიცხა. 1915წლიდან კი კათოლიკური სამეფო სამასწავლებლო სემინარიის, რომელიც სახალხო სკოლის მასწავლებლებს ამზადებდა, სტუდენტი გახდა. ამავე წელს ის ახალგაზრდულ წრეს “სიზმრების მანსარდას”  შეუერთდა.

1916 წლის 21 ნოემბერს მომავალი მწერალი ომში გაიწვიეს. 1917წლის 31 ივლისს ბომბის აფეთქების შედეგად დაჭრილი რემარკი დუისბურგის ლაზარეთში გადაიყვანეს. სწორედ პირველ მსოფლიო  ომში ნანახი და განცდილი დაედო საფუძვლად მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”-“Im Westen nicht Neues”. რომანი ჯერ 1928წელს “Vossischen Zeitung” გამოქვეყნდა, წიგნად კი 1929წელს გამოიცა. რომანი ბესტსელერად იქცა, ითარგმნა რამდენიმე ენაზე. ამ რომანით რემარკმა მთელი იმ დაკარგული თაობის სათქმელი თქვა, რომელსაც ჯერ ცხოვრება არ ჰქონდა დაწყებული, რომ უკვე სიკვდილს პირისპირ შეეჯახა. წიგნში ომის მთელი საშინელებაა წარმოდგენილი. რომანმა გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ პაციფისტები მიესალმნენ ომის წინააღმდეგ მიმართულ წიგნს, სამხედროებმა ფრონტის ჯარისკაცების ცხოვრების ასახვა პირად შეურაცხყოფად და ღალატად მიიღეს. იგივე აზრს იზიარებდნენ ნაცისტები. მათივე ბრძანებით 1933წელს რემარკის წიგნები საჯაროდ დაწვეს. 1931წელს რემარკმა რომან “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” გაგრძელება “გზაშინისკენ”- “Der Weg zurück” გამოსცა, სადაც აღწერილია ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ცხოვრება.
1918წლის 15 ნოემბერს რემარკს პირველი კლასის საპატიო ჯვარი გადაეცა. ომიდან დაბრუნების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა და 1919 წელს მასწავლებლის გამოცდაც ჩააბარა. მაგრამ მისი, როგორც მასწავლებლის კარიერა დიდხანს არ გაგრძელდა. მას მასწავლებლად წელზე მეტი არ უმუშავია, თან სამჯერ შეიცვალა სამუშაო ადგილი. მას შემდეგ, რაც მასწავლებლობას თავი დაანება, ის სხვადასხვა პროფესიით ირჩენდა თავს. იყო გამყიდველი, ბუღალტერი, ორღანისტი ერთ-ერთი საგიჟეთის კაპელაში, პიანინოს მასწავლებელი, ჰყიდდა სასაფლაოს ქვებს. ბერლინში ავტოსაბურავების კომპანიაში მძღოლ-გამომცდელად მუშაობდა. ამის პარალელურად რემარკი აგრძელებდა თავის  ლიტერატურულ საქმიანობას. 1920წელს გამოსცა რომანი “სიზმრების მანსარდა”-“Traumbude”.1929/30წლებში მან წიგნის ყველა ეგზემპლარი შეიძინა და გაანადგურა.
რემარკი ასევე მუშაობდა ჟურნალებშიც-“Osnabrücker Tageszeitung”-ში თეატრის კრიტიკოსი იყო, 1922წლიდან ჰანოვერში ჟურნალ “Echo Continental” (რომლისთვის თავდაპირველად რეკლამებს წერდა), ხოლო 1925წლიდან ბერლინში ჟურნალ “Sport im Bild”  რედაქტორი იყო. სწორედ ამ ჟურნალში 1927წლიდან იბეჭდებოდა რემარკის ნაწარმოები “სადგური ჰორიზონტზე”-“Station am Horizont”, რომელიც წიგნად მხოლოდ 1998წელს გამოიცა.
   
1925წლის 14ოქტომბერს ერიხ მარია რემარკმა ცოლად შეირთო მოცეკვავე და მსახიობი ილზა ჯინ ცამბიზე, რომელიც 1923წელს გაიცნო. მათმა ქორწინებამ მხოლოდ 5წელს გასტანა და 1930წლის იანვარში განქორწინებით დასრულდა. გაყრამდე სამი წლით ადრე, კერძოდ 1927წელს რემარკი და მისი ცოლი კათოლიკური ეკლესიიდან გამოვიდნენ. ზუსტად 8 წლის (1938წელი 22 იანვარი) შემდეგ რემარკმა და ილზემ მეორედ იქორწინეს, რათა ილზეს შვეიცარიაში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. მაგრამ ამ ქორწინებას არცერთი მხარისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ღალატი (ორივე მხრიდან), სკანდალები მათი ოჯახის ყოველდღიურობა იყო.
         
1930წლიდან რემარკი რუტ ალბუს (მსახიობი) რჩევით ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას იწყებს, რისი საშუალებაც რომან “დასავლეთის ფრონტის უცვლელია” ფინანსურმა წარმატებამ მისცა. 1942წელს ლოს ანჯელესის, ხოლო 1943წელს ნიუ ორკის გალერიებში გამოიფინა რემარკის კერძო კოლექციაში დაცული ექსპონატები.
     
1930წლის 4 დეკემბერს გერმანიაში “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” კინოპრემიერას (რეჟისორი ლუის მაისლტოუნი) ნაციონალ-სოციალისტების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც ფილმის ჩვენების აკრძალვით დასრულდა. 1931წელს იგეგმებოდა რემარკის ნობელის მშვიდობის  პრემიაზე რომანისთვის “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” წარდგენა, რის წინააღმდეგაც გერმანელ ოფიცერთა კავშირი წავიდა. მათ მწერლის წიგნი გერმანელი სამხედროების ღალატად მონათლეს.
     

ნაცისტები რემარკის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდნენ. დაიწყო ხმების გავრცელება, რომ რემარკი ებრაელი იყო და მისი ნამდვილი გვარი რემარკი კი არა, არამედ კრამერი იყო (Remark- Kramer-რემარკი უკუღმა იკითხება როგორც კრამერი). ეს კამპანია 1938წელს  რემარკისთვის გერმანიის მოქალაქეობის ჩამორთმევით დასრულდა.

მწერალმა გერმანია 1932წელს დატოვა და შვეიცარიაში (ვილაში, რომელიც ასევე რუტ ალბუს რჩევით შეიძინა) გადავიდა საცხოვრებლად. ის ბევრს მოგზაურობდა, ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში. 

1932წელს რემარკმა მუშაობა დაიწყო რომანზე “პატი”-“Pat”, რომელიც 1936წელს კოპენჰაგენში, 1937წელს ლონდონში, ხოლო 1938წელს  ამსტერდამში გერმანულ ენაზე სათაურით “სამი მეგობარი”-“Drei Kameraden”გამოიცა. რომანის მთავარი გმირის პროტოტიპად მწერლის პირველი ცოლი ილზე იქცა. წიგნის მიხედვით რეჟისორმა ფრენკ ბორზეიგმა ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც 1938წლის 20მაისს შედგა. ერთი წლით ადრე კი, 1937წლის 19 იანვარს რემარკის კიდევ ერთი რომანის “გზა შინისკენ” (რეჟისორი ჯეიმს უილი) კინო-პრემიერა გაიმართა. 1937წელს რემარკს და მის პირველ ცოლს  ილზა ცამბიზეს პანამის რესპუბლიკამ პასპორტები გადასცა.

ერიხ მარია რემარკი და მარლენ დიტრიხი  2001 წელს ლიტერატურის კრიტიკოსმა ვერნერ ფულდმა და ოსნაბრიუკის უნივერსიტეტის ერიხ მარია რემარკის ცენტრის ხელმძღვანელმა თომას შნაიდერმა ერთ წიგნად გააერთიანა და გამოსცა რემარკისა და მარლენ დიტრიხის მიმოწერა სათაურით “მითხარი, რომ გიყვარვარ”. მწერალმა ჰოლივუდის ვარსკვლავს 300 წერილი გაუგზავნა, დიტრიხის წერილებიდან კი მხოლოდ 20 შემორჩენილი, დანარჩენი რემარკის მესამე ცოლმა პოლეტა გოდარდმა გაანადგურა.

მარლენისა და რემარკის პირველი შეხვედრა 1930 წელს ბერლინში შედგა. ამ დროს ორივენი პოპულარობის ზენიტში იყვნენ. რემარკს წიგნმა  “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”  შემოსავალი და დიდება მოუტანა, მარლენი კი ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი იყო. მათი რომანი მხოლოდ 7 წლის მერე დაიწყო, ანუ ეს იყო სიყვარული მეორე ნახვით. 1937 წელს რემარკი ვენეციაში მეორედ შეხვდა მარლენ დიტრიხს.  ამ დროს ორივე კრიზისში იყო. დიტრიხი 35 წლის იყო, მისი კარიერა ისეთი წარმატებული აღარ იყო, როგორც ადრე, მას არც პირადი ცხოვრება  ჰქონდა მოწესრიგებული. რემარკიც შემოქმედებით კრიზისში იყო.
მისმა მომდევნო წიგნებმა ვერ შეძლეს, გაემეორებინათ ის წარმატება რაც წიგნს  “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”  ხვდა წილად. რემარკი ბევრს სვამდა, ხშირად ესწრებოდა მისთვის საძულველ ჰოლივუდურ წვეულებებს, რათა თავი დაეღწია დეპრესიისათვის.  პრობლემები ჰქონდა ასევე პირად ცხოვრებაშიც. მაგრამ არც მარლენ დიტრიხთან ურთიერთობამ, რომელსაც ის “პუმას” ეძახდა, მოუტანა მწერალს  ნანატრი ბედნიერება.
     
1937წელი, 7 სექტემბერი მარლენ დიტრიხი და იოზეფ შტერნბერგი (ამერიკელი რეჟისორი) ლიდოში-ვენეციაში სადილობდნენ, მოგვიანებით მათ რემარკი შემოუერთდა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო გერმანელი ემიგრანტი მწერლისა და ცნობილი მსახიობის რომანი.  მათ გათენებამდე ისაუბრეს. რემარკმა მარლენი სასტუმრომდე მიაცილა, სწორედ ამ დროს უთხრა, რომ ის იმპოტენტია, მარლენი არ გაბრაზდა, პირიქით გაუხარდა კიდეც. რემარკს ამ ურთიერთობამ ბედნიერებაზე მეტად, ტკივილი მოუტანა. მარლენი და ერიხი იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მათი ურთიერთობა ძირითადად წერილებით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა მწერალი იძულებული იყო მარლენის სხვა მამაკაცებთან ურთიერთობა აეტანა.  მათი რომანი 1940 წელს დასრულდა. დაშორების შემდეგ ისინი რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პარიზსა და ნიუ ორკში. 1942 წელს რემარკმა მარლენს წერილების დაბრუნება სთხოვა, მაგრამ მალე უკანვე დაუბრუნა.
1941წელს გაყიდვაში გამოვიდა რემარკის მორიგი წიგნი “Liebe Deinen Nächsten-გიყვარდეს მოყვასი შენი”,  რომლის მიხედვითაც მოგვიანებით რეჟისორმა ჯონ კრომველმა ფილმი გადაიღო.
მწერლის რიგით მეორე ბესტსელერად იქცა 1946 წელს გამოქვეყნებული რომანი “Arc of Triump-ტრიუმფალური თაღი”, რომელზეც ის 8 წელი მუშაობდა. რომანს საფუძვლად დაედო რემარკისა და დიტრიხის ტრაგიკული, მაგრამ ამასთანავე სკანდალური სიყვარული. 1948 წლის 16თებერვალს ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის (რეჟისორი  ლუის მაისლტოუნი) კინოპრემიერა გაიმართა. 1984 წელს წიგნის მორიგი ეკრანიზაცია გამოვიდა, რეჟისორი ამჯერად უორის ჰუსეინი იყო.
ერიხ მარია რემარკი და პოლეტა გოდარდი 1949/1950წელს ნიუ ორკში თეატრის პროდიუსერის გილბერტ მილერის საახალწლო წვეულებაზე  დაპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ერიხ მარია რემარკი და ჰოლივუდის ვარსკვლავი პოლეტა გოდარდი. იმ საღამოს მათ ერთმანეთისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პოლეტას სამი უიღბლო ქორწინების გამოცდილება ჰქონდა უკვე მიღებული 1927-1932 წლებში ის ბროდვეის სცენარისტის ედგარ ჯეიმსის ცოლი იყო. 1936 წელს ის ცოლად გაჰყვა ჩარლი ჩაპლინს, მათი ქორწინება 1942 წელს დასრულდა. ხოლო 1944-1949 წლებში ის მსახიობ მერედიტ ბერჯესის ცოლი იყო.
რემარკის პირად ცხოვრებაში ამ დროს კი ნამდვილი ქაოსი სუფევდა. ყველა მისი ურთიერთობა – მწერალს რომანი ჰქონდა მსახიობ მარლენ დიტრიხთან, გრეტა გარბოსთან, რუსი წარმოშობის მოდელთან ნატალია პალეისთან, (რომელიც რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მეორე რომანოვის შვილიშვილი იყო) კრახით დასრულდა და მწერალს ტკივილიანი მოგონებები დაუტოვა. მისი ქორწინება ილზა ცამბიზესთან მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. გარდა ამისა ის ამერიკელ ფსიქოანალიტიკოს კარენ ჰორნეისთან თერაპიის კურსს გადიოდა.
1951წლის აპრილში ნიუ ორკის ერთ-ერთ მაღაზიაში მწერალი შემთხვევით შეხვდა პოლეტა გოდარდს და სადილად დაპატიჟა ის. სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. 53 წლის რემარკს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისზე 12 წლით ახალგაზრდა მსახიობი. რემარკი და გოდარდი ბევრს მოგზაურობდნენ. მწერალი საჩუქრებს არ აკლებდა თავის ახალ შეყვარებულს, ძირითადად ეს ბრილიანტის სამკაულები იყო, რადგან პოლეტას ძალიან უყვარდა ბრილიანტები. მათი ურთიერთობა იმით იყო გამორჩეული, რომ ისინი ერთად არასოდეს ცხოვრობდნენ, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით მდებარე ორ ბინას ან სასტუმროს ორ ნომერს ქირაობდნენ. მათ ორივეს  თავისუფალი სივრცე სჭირდებოდათ.
     

1954წელს რემარკს მამა გარდაეცვალა. მწერალი პოლეტასთან ერთად ჩავიდა ოსნაბრიუკში მამის დაკრძალვაზე.

1958 წლის 25 თებერვალს რემარკმა და პოლეტამ ოფიციალურად გააფორმეს ურთიერთობა. ერთი წლით ადრე კი მწერალი საბოლოოდ დაშორდა ილზე ცამბიზეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო –1947 წლის 7აგვისტოს რემარკს ამერიკის მოქალაქეობა მისცეს – ის ძირითადად შვეიცარიაში პორტო რონკოში ცხოვრობდა. რადგან  ექიმმა მწერალს ავადმყოფობის გამო  მოგზაურობა აუკრძალა, პოლეტას მარტო უწევდა ამერიკაში კინო-გადაღებებზე გამგზავრება. როცა პოლეტა ჰოლივუდში იყო, რემარკი კი შვეიცარიაში, ისინი ერთმანეთს სიყვარულით სავსე წერილებს სწერდნენ.
     

რემარკისთვის პოლეტასთან გატარებული წლები შემოქმედებითი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში მან დაწერა და გამოაქვეყნა: “სიცოცხლის ნაპერწკალი- Funke des Lebens” (1952წელი), “ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა- Zeit zu leben, Zeit zu sterben” (1954წელი) (ამ რომანის კონოეკრანიზაციაში დუგლას სირკის რეჟისორობით, ერთ-ერთ როლს რემარკიც ასრულებს), “შავი ობელისკი- Der schwarze Obelisk”(1956წელი), “ზეცას არ ჰყავს ფავორიტები-Der Himmel kennt keine Günstlinge-Geborgtes Land” (1961წელი), “Die Nacht von Lissabon-ლისაბონის ღამე” (1963წელი), “აღთქმული ქვეყანა-Das gelobte Land” (1970წელი).                   
1955 წელს გაიმართა ფილმ “Der Letzte Akt-უკანასკნელი აქტი”-ს პრემიერა, რეჟისორი იყო ჯორჯ ვილჰელმ პაბსტი, სცენარი კი რემარკმა მიხეილ მუსმანოს წიგნის “Ten Days to Die- ათი დღე სიკვდილამდე”-ს მიხედვით დაწერა. 1956წელს ბერლინში რენესანსის თეატრში რემარკის “Die Letzte Station-უკანასკნელი სადგური”-ს მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა შედგა.
     
ერიხ მარია რემარკი 1970 წლის 25 სექტემბერს ლოკარნოს კლინიკაში აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა. მწერალი რონკოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ რემარკის უკანასკნელი რომანი “აჩრდილები სამოთხეში-Schatten im Paradies” გამოიცა. რომანის ერთ-ერთი გმირის პროტოტიპი იყო მოდელი ნატალია პალეი, რომელთანაც მწერალს მცირეხნიანი რომანი აკავშირებდა.

    

ჯილდოები

  • 1963წელი-იუსტუს მოსერის (იურისტი, სახელმწიფო მოხელე, ლიტერატორი და ისტორიკოსი) სახელობის მედალი-ქალაქ ოსნაბრიუკის უმაღლესი ჯილდო.
  • 1967წელი-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ჯვარი.
  • 1968წელი-რონკოს საპატიო მოქალაქე.
  • 1968წელს-გერმანული ენისა და პოეზიის აკადემიის წევრად აირჩიეს.
  • 1971წელი-ოსნაბრიუკში კარლის ბეჭედს სახელი გადაერქვა და ერიხ მარია რემარკის სახელი ეწოდა.
  • 1991წლიდან ქალაქი ოსნაბრიუკი ერიხ მარია რემარკის სახელობის მშვიდობის პრემიას გასცემს.
  • 1995წელს პროფესორმა ტონი ჯატმა ნიუ ორკის უნივერსიტეტში რემარკის სახელობის ინსტიტუტი დაარსა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი