ფეოდორ დოსტოევსკი “ჩანაწერები ცოლის გარდაცვალების დღეს”

0
457

ფეოდორ დოსტოევსკი “ჩანაწერები ცოლის გარდაცვალების დღეს”

რუსულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ირაკლი ბრაჭულმა

მაშა მაგიდაზე წევს. შევხვდებით კი ოდესმე მე და მაშა ისევ ერთმანეთს? ქრისტეს მცნებით შეიყვარო ადამიანი, ვითარცა თავი თვისი, შეუძლებელია. პიროვნულობის კანონი მიწას აჯაჭვებს. მე წინააღმდეგობას უწევს. ეს მხოლოდ ერთს, ქრისტეს შეეძლო, მაგრამ ქრისტე მარადმყოფი იყო და დასაბამიერი იდეალი, რომელისკენაც მიისწრაფვის და უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი. ამასთან, ქრისტეს, როგორც ადამიანის განხორციელებული იდეალის, გამოცხადების შემდეგ დღესავით ნათელი გახდა: პიროვნების უმაღლესი და საბოლოო განვითარება სწორედ იქამდე უნდა მივიდეს, რომ (განვითარების თვით უკანასკნელ ზღურბლზე, მიღწეული მიზნის თვით უმწვერვალეს პუნქტში) ადამიანმა აღმოაჩინოს, გააცნობიეროს და მთელი თავისი ბუნების ძალით ირწმუნოს: ყველაზე უზენაესი, რასაც ადამიანმა საკუთარი პიროვნულობა, თვისი მეს-ს განვითარების სისრულე უნდა მოახმაროს, არის საკუთარი მე-ს განადგურება. მან რაღაცნაირად უნდა გაანადგუროს იგი, განუყოფლად და თავდავიწყებით გასცეს მთლიანად თითოეულისა და ყველასათვის. აი, ეს არის ქრისტეს სამოთხე. მთელი ისტორია, როგორც კაცობრიობის, ასევე თითოეული, ცალკეული ადამიანისაც, სხვა არაფერია, თუ არა განვითარება, ბრძოლა, სწრაფვა მიზნებისკენ და მათი მიღწევა.

მაგრამ თუკი ეს მიზანი კაცობრიობისთვის ბოლოვადია (რომლის მიღწევის შემდეგ მას უკვე აღარ სჭირდება განვითარება, ანუ რაიმეს მიღწევა, ბრძოლა, მთელი ადამიანური ცოდვით დაცემების მიუხედავად, იდეალისკენ სწრაფვა, მაშასადამე, სიცოცხლე აღარ იქნება საჭირო), მაშასადამე, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანი არის მხოლოდ განვითარებადი არსება, ამდენად ის არ არის დასრულებული, არამედ გარდამავალია.

მაგრამ ასეთი დიადი მიზნის მიღწევას, ვფიქრობ, არავითარი აზრი არა აქვს, თუ მიზნის მიღწევისთანავე ყოველივე ქრება და უჩინარდება. ანუ თუ მიზნის მიღწევის შემდეგაც ადამიანი არ განაგრძობს სიცოცხლეს.

მაშასადამე, არსებობს მომავალი, სამოთხისეული ცხოვრება.

როგორია ის, სად არის ის, რომელ პლანეტაზე, რომელ ცენტრში, ანუ საყოველთაო სინთეზის წიაღში, ანუ ღმერთში? — ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენი მომავალი არსების მხოლოდ ერთი ნიშანი თუ ვიცით, და იმ ნიშნის მიხედვით საკითხავია, შეიძლება თუ არა მას ისევ ეწოდოს ადამიანი? (შესაბამისად, წარმოდგენაც კი არა გვაქვს იმის შესახებ, როგორი არსებანი ვიქნებით). ეს ნიშანი ნაწინასწარმეტყველებია ქრისტეს მიერ — იგი წინასწარ გვეუწყა მთელი კაცობრიობის განვითარების დიადი და საბოლოო მიზნის მიერ, რომელიც ჩვენი ისტორიული არსებობის კანონის მიხედვით ხორციელად მოგვევლინა. აი ეს უწყება: “აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან და არცა განქორწინდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა” (მათე, 22, 30).

ღრმად ნიშანდობლივი შეტყობინებაა:

1. არც ცოლს ირთავენ და არც სარეცელს იყოფენ, რადგანაც თანამეცხედრე არაფერში აღარ არის საჭირო; განვითარება, მიზნების მიღწევა თაობათა ცვლის საშუალებით უკვე აღარ ხდება;

2. ქორწინება და დედაკაცთან სარეცლის გაზიარება ჰუმანიზმიდან უდიდესი გადახვევა გამოდის, წყვილის საფუძვლიანი გამოყოფა ყველასაგან (ძალიან ცოტაღა რჩება ყველასათვის), ოჯახი, ანუ ბუნების კანონი, და მაინც, არანორმალური, ეგოისტური ადამიანური მდგომარეობა, ამ სიტყვის სრული აზრით. ოჯახი — ეს არის ადამიანის უდიდესი სიწმინდე დედამიწაზე, რამეთუ ბუნების ამ კანონის გზით აღწევს იგი განვითარებას (ანუ თაობათა მონაცვლეობას), მიზნებს. მაგრამ ამავე დროს ადამიანი, იმავე ბუნების კანონით, თავის მიზნების საბოლოო იდეალის სახელით მუდმივად უნდა უარყოფდეს მას (გაორება).

ანტიქრისტეები ცდებიან, როცა ქრისტიანობის უარყოფას შემდეგ არგუმენტზე დაყრდნობით ცდილობენ: თუ ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა, მაშინ რატომ არ დამკვიდრდა მისი სასუფეველი დედამიწაზე; დღემდე რატომ იტანჯება ადამიანი, რატომ არ ხდებიან ადამიანები ერთმანეთისთვის ძმები?

სრულიად გასაგებია, თუ რატომაც: იმიტომ, რომ ის არის ადამიანის მომავალი საბოლოო ცხოვრების იდეალი, ხოლო მიწიერ ცხოვრებაში ადამიანი გარდამავალ მდგომარეობაში იმყოფება. ის დამდეგი ცხოვრება კი იქნება, ოღონდ იქნება მიზნის მიღწევის შემდეგ, როცა ადამიანი, ბუნების კანონების მიხედვით, საბოლოოდ გარდაისახება სხვა არსებად, რომელიც უკვე არც ქორწინდება და არც სარეცელს გაიყოფს;

3. თვით ქრისტე თავის მოძღვრებას ქადაგებდა როგორც იდეალს, თვითონ იწინასწარმეტყველებდა, რომ სამყაროს დასასრულამდე იქნება ბრძოლა და განვითარება, ხოლო იქ — სრულყოფილი ყოფიერება, სინთეზური, ნეტარი და სრული, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, `დრო აღარ იქნება.

ეს შერწყმა სრული მე-სი, ანუ ცოდნისა და სინთეზისა ყველაფერთან — “შეიყვარე ყოველივე როგორც საკუთარი თავი” — შეუძლებელია დედამიწაზე, რადგან ეწინააღმდეგება პიროვნების განვითარებისა და საბოლოო მიზნების კანონს, რომლითაც შეკრულია ადამიანი. შესაბამისად, ეს არ არის იდეალური კანონი, როგორც ანტიქრისტეები ამბობენ, არამედ ჩვენი იდეალის კანონია.

ამრიგად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე: მიღებულია თუ არა ქრისტე დედამიწაზე საბოლოო იდეალად, ანუ ქრისტიანულ რწმენაზე. რაკი ქრისტესი გწამს, მაშ გწამს, რომ საუკუნოდ იცოცხლებ.

ასეთ შემთხვევაში მომავალი ცხოვრება ყველა მე-სთვისაც თუ არსებობს? ამბობენ, ადამიანი ირღვევა და კვდება სრულად. ჩვენ კი ვიცით, სრული სიკვდილი არ არსებობს, – თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ფიზიკური მშობელი გადასცემს საკუთარი პიროვნების ნაწილს თავის ნაშობ შვილს, ასევე ზნეობრივადაც ადამიანებს უტოვებს თავის ხსოვნას (პანაშვიდებზე მარადიული ხსოვნის ხსენება ნიშანდობლივია), ანუ თავისი წარსული, მიწაზე ნაცხოვრები პიროვნების ნაწილით შედის კაცობრიობის მომავალ განვითარებაში. ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ, რომ ადამიანის დიადი განმავითარებლების ხსოვნა ცოცხლობს კაცთა შორის (ზუსტად ისევე, როგორც ცოცხლობს ამ განვითარების ბოროტმზრახველთა ხსოვნა) და მათთან მიმსგავსება უდიდესი ბედნიერებაა თვითონ ადამიანისთვისაც. მაშასადამე, ამ არსებათა ნაწილი სხეულებრივადაც და გასულიერებული სახითაც შედის სხვა ადამიანებში.
ქრისტე სრულად შევიდა კაცობრიობაში და ადამიანიც მიისწრაფვის ქრისტეს მე-დ, როგორც თავის იდეალად, გარდასახვისაკენ.

ვინც ამას შეძლებს, ის ცხადად დაინახავს, რომ, ვინც მიწაზე მიაღწია ამ მიზანს, ყველა შევიდა მისი საბოლოო ბუნების შემადგენლობაში, ანუ ქრისტეში (ქრისტეს სინთეზური ბუნება საოცარია. ეს ხომ ღმერთის ბუნებაა, მაშასადამე, ქრისტე ღმერთის გამოსახულებაა (отражение) დედამიწაზე). როგორ აღსდგება მაშინ თითოეული მე — საერთო სინთეზში – ძნელი წარმოსადგენია.

მაგრამ ყოველი ცოცხალი, თვით მიზნის მიღწევამდე არ მომკვდარი და საბოლოო იდეალში ასახული უნდა გაცოცხლდეს საბოლოო, სინთეზურ, უსასრულო ცხოვრებაში. ისე, რომ არ შევწყვეტთ ყოველივესთან შერწყმულად ყოფნას, ჩვენ ვიქნებით პირნი, რომლებიც არც ცოლს ირთავენ, არც სარეცელს იყოფენ, და ვიქნებით სხვადასხვა ხარისხში (მამაჩემის სახლში მრავალი სავანეა).

მაშინ ყოველივე თავის თავს შეიგრძნობს და შეიცნობს. სამარადჟამოდ. მაგრამ როგორ მოხდება ეს, რა ფორმით, როგორი ბუნებით — მისი საბოლოო სახის წარმოადგენაც კი ძნელია ადამიანისათვის.

ასე რომ, ადამიანი დედამიწაზე მიისწრაფვის თვით მისივე ბუნების საპირისპირო იდეალისაკენ. როცა ადამიანს არ შეუსრულებია იდეალისკენ სწრაფვის კანონი, ანუ თავისი მე სიყვარულით მსხვერპლად არ შეუწირავს ადამიანებისათვის ან სხვა არსებისადმი (მე და მაშა), ის განიცდის ტანჯვას და ეწოდა ამ მდგომარეობას ცოდვა. ასე რომ, ადამიანი უწყვეტად უნდა განიცდიდეს ტანჯვას, რომელიც უტოლდება აღსრულებული კანონის სამოთხისებურ ნეტარებას, ანუ მსხვერპლს. აი, აქაა მიწიერი საპირისწონე. ეს რომ არა, დედამიწაზე სიცოცხლე უაზრობა იქნებოდა (ჰა?)

მატერიალისტების მოძღვრება — საყოველთაო უსიცოცხლობა (косность) და ნივთიერების მექანიზმი, მაშასადამე, სიკვდილი.

ჭეშმარიტი ფილოსოფიის მოძღვრება — უსიცოცხლობის დაძლევა, ანუ ცენტრი და სინთეზი სამყაროსი და მისი გარე გამოვლენის ფორმა — ნივთიერება ანუ ღმერთი, ანუ ცხოვრება დაუსრულებელი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი