მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

0
221

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შესაბამისი კომისიის წარდგინებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მინისტრმა ლადო აფხაზავს პირადად ამცნო, როდესაც გლობალური ჯილდოს ფინალისტს საკუთარ სოფელ ჩიბათში ესტუმრა.

მინისტრმა პედაგოგს საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატება მიულოცა და მასწავლებლის პროფესიის ასეთი პოპულარიზაციისთვის და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სკოლაც დაათვალიერა და  საგაკვეთილო პროცესსაც დაესწრო.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ლადო აფხაზავს მიღწევა მთელი საქართველოსთვის უდიდესი გამარჯვებაა და რეფორმის განხორციელების პროცესში, სწორედ მსგავს აქტივობებზე და სააზროვნო უნარების გავითარებაზე გაკეთდება აქცენტი.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ  რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედობითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი – მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ  ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ “-განაცხადა მინისტრმა.

სოფელ ჩაბათში მინისტრის ჩასვლას თავად ლადო აფხაზავა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მისთვის სასიხარულოა, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასდება.

„ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს საქართველოს, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების გამარჯვებაა. აუცილებლად ვეტყვი მსოფლიოს ქართველი მასწავლებლების გაკეთებულ საქმეებს, რათა  მსოფლიომ გაიცნოს ისინი“- განაცხადა ლადო აფხაზავამ.

მინისტრმა დასაფასებელი და მისაბაძი უწოდა ლადო აფხაზავას პროფესიონალიზს, რომელიც 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია და ცდილობს მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად, თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებად აღზარდოს, რათა მათ აზრის თავისუფლად გამოხატვა, იდეების გენერირება და ინიციატივების განხორციელება შეძლონ. ამის მისაღწევად კი ლადო აფხაზავა, მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით აძლევს ამის მაგალითს.

 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი