კარლ გუსტავ იუნგი – ,,მიმდინარე ფიქრები შიზოფრენიის შესახებ”

0
562

ამონარიდები კ.გ. იუნგის ნაშრომებიდან „მიმდინარე ფიქრები შიზოფრენიის შესახებ“ და „შიზოფრენიის ფსიქოგენეზის შესახებ“

შიზოფრენიის დროს (ძილის მსგავსი და ბოდვითი მდგომარეობის გარდა) მეხსიერება და საერთო ორიენტაცია ნორმალურად ფუნქციონირებს, შემცირების სიმპტომების უდავო არსებობის მიუხედავად. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ შიზოფრენიული მოვლენები არ არის გამოწვეული ყურადღების ზოგადი დასუსტებით და ცნობიერების შემცირებით, არამედ დამოკიდებულია გარკვეულ გონებრივ კომპონენტებთან დაკავშირებულ სხვა შემაშფოთებელ ფაქტორთან.

ზოგადად შეუძლებელია პროგნოზირება, თუ პაციენტის რომელი იდეა არის დარღვეული, თუმცა არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ ისინი მიეკუთვნებიან ცნობადი კომპლექსის ემოციურ სფეროს, რომლის არსებობაც თავისთავად არ წარმოადგენს სპეციფიკურ შიზოფრენიულ სიმპტომს.

ირიქით, ასეთი კომპლექსები იმ კომპლექსების იდენტურია, რომელიც შეინიშნება როგორც ნევროტიკებს, ასევე ჯანსაღ ადამიანებში. თუმცა ემოციურ კომპლექსს შეუძლია ყურადღების საერთო კონცენტრაციის დარღვევა ან შემცირება, მისი ენერგიის აბსორბირება, იგი არასოდეს ახდენს საკუთარი ფსიქიკური ელემენტების ან შინაარსის დეზინტეგრაციას იმ საშუალებებით, როგორც ამას აკეთებს შიზოფრენიული კომპლექსი. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ნევროზული და ნორმალური კომპლექსის ეს ელემენტები არა მხოლოდ კარგად განვითარებული, არამედ ჰიპერტროფირებულია მათი ენერგეტიკული წონის სიდიდის შესაბამისად. მათ გააჩნიათ თავისი ზომის გადიდების ტენდენცია გადამეტების და ფანტასტიკური მატების გზით.

ამის საპირისპიროდ, შიზოფრენიული კომპლექსი ხასიათდება საკუთარი იდეაციური შინაარსის სპეციფიკური გაუარესებით და დეზინტეგრაციით, ტოვებს ყურადღების საერთო ველს ხელშეუხებლად. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ამ კომპლექსმა საკუთარი თავი გაანადგურა მისი შინაარსისა და კომუნიკაციის საშუალებების დამახინჯებით, ანუ  გამოხატა ის კოორდინირებული აზროვნებისა და მეტყველების საშუალებით. ამავე დროს, ამ კომპლექსის ენერგია არ წარმოიშვება სხვა მენტალური პროცესების ხარჯზე, ისევე, როგორც არ სუსტდება ზოგადი ორიენტაცია ან ნებისმიერი სხვა ფუნქცია.

აქ, პირიქით, აშკარაა, რომ შიზოფრენიული კომპლექსი იყენებს, ასე ვთქვათ, საკუთარ ენერგიას, გამოჰყოფს მას საკუთარი შინაარსისგან მათი გონებრივი დონის შემცირების გზით“.  (ის ფუნქციონირებს არქეტიპურ დონეზე, რომელიც ამარაგებს მას ამოუწურავი ენერგიით, ხოლო ყველა სხვა „ცნობიერი“ ან ზედაპირულად არაცნობიერი ფენები არ ფლობენ ასეთ ძლიერ მუხტს. ის თითქოს „ნივთად“ იქცევა და წარმოქმნის საკუთარ იდეებს და წამლავს გონებას.

სწორედ არქეტიპული ენერგიები გარდაქმნიან მსგავს იდეებს უნივერსალურად, ქარიზმატულად, გადამდებად, რადგან მათ შეუძლიათ ზემოქმედება სხვა ადამიანების ფუნქციონირების და მათი ფსიქიკის უფრო სუსტ დონეებზე. (ა. მოჟაროვის შენიშვნები). შიზოფრენიული კომპლექსის თვითგანადგურება ძირითადად ვლინდება გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალებების დეზინტეგრაციაში. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი, ნაკლებად აშკარა მისი გამოვლინება, კერძოდ, არაადეკვატური ეფექტურობა.
თუმცა გარკვეული სახის ემოციური არაადეკვატურობა ასევე აღინიშნება ნევროზის (მაგალითად, გაზვიადების, აპათიის, დეპრესიის და ა.შ.) დროს, მაგრამ ეს უკანასკნელი (შიზოფრენიისგან განსხვავებით) ყოველთვის ინარჩუნებს თავის სისტემურ ხასიათს (შიდა ლოგიკას) და ნათელი ხდება მხოლოდ გამოცდილი დამკვირვებლისთვის. როდესაც ცნობილია დომინანტური ნევროზული კომპლექსის ყველა ასპექტი, მაშინ თვალსაჩინო და გასაგები ხდება ყველა მისი შეუსაბამობა.

მაგრამ შიზოფრენიაში აფექტურობა ყოველთვის არაადეკვატურია; აფექტურობის საკუთარი კომპლექსის ზონაში შეინიშნება არა მხოლოდ ნაკლებობა ან დარღვევა, არამედ მისი (აფექტურობის) არაადეკვატური გამოვლინება პაციენტის რეგულარულ (ჩვეულებრივ) ქცევაში. ხოლო კომპლექსის ფარგლებში ემოციური კომპონენტი გამოიყურება, როგორც სრულიად ალოგიკურად განაწილებული ან საერთოდ არარსებული, მნიშვნელოვნად დეზინტეგრირებული ფსიქიკური აშლილობის კომპონენტების ანალოგიურად.

მე ვგულისხმობ, რომ ნევროტული შინაარსი შეიძლება შევადაროთ ნორმალური კომპლექსების შინაარსს, ხოლო ფსიქოტური შინაარსი, განსაკუთრებით კი პარანოიის შემთხვევაში, ახლო ანალოგიას დემონსტრირებს სიზმრების იმ ტიპთან, რომელსაც პირველყოფილმა ადამიანებმა „დიდი სიზმარი“ უწოდეს. ჩვეულებრივი სიზმრებისგან განსხვავებით, ასეთი სიზმარი ძალიან შთამბეჭდავია და ნუმინოზური, მას ახასიათებს იმ მოტივების გამოყენება, რომლებიც მითოლოგიის ანალოგიური ან იდენტურიც კი არის. ასეთ სტრუქტურებს მე ვუწოდებ არქეტიპებს, რადგან მათი მოქმედება საკმაოდ ჰგავს ქცევის ინსტინქტურ პატერნებს.

მსგავს შემთხვევებში აზრი არ აქვს პირადი ხასიათის მიზეზის ძებნას, რომელსაც შეუძლია მათი სპეციფიკური არქაული ფორმის და მნიშვნელობის ახსნა. უფრო მეტიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი სტრუქტურები გარკვეულწილად არაცნობიერი ფსიქიკის თითქოსდა უნივერსალურ ელემენტებს წარმოადგენენ, რომლებიც ქმნიან, ასე ვთქვათ, კოლექტიური ხასიათის უფრო ღრმა დონეს უფრო ზედაპირულ დონეზე პიროვნულად შეძენილი შინაარსისგან ან იმისგან  განსხვავებით, რასაც შეიძლება ეწოდოს პირადი არაცნობიერი. მე განვიხილავ ამ არქეტიპურ პატერნებს, როგორც მატრიცას, ან ყველა მითოლოგიური სიუჟეტის ან ფორმულირებების საფუძველს. ისინი არა მხოლოდ გაჯერებულ ემოციურ ატმოსფეროში გამოჩნდებიან, არამედ, როგორც ჩანს, ისინი ძალიან ხშირად არიან ამის მიზეზი.

შეცდომა იქნებოდა მათი, როგორც მემკვიდრეობით მიღებული იდეების განხილვა, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მხოლოდ პირობებს რეპრეზენტაციების შესაქმნელად, ზუსტად ისევე, როგორც ინსტინქტები წარმოადგენენ დინამიურ პირობებს სხვადასხვა ფორმის ქცევისთვის. შესაძლებელია კიდეც, რომ არქეტიპები წარმოადგენენ ინსტინქტის ფსიქიკურ გამოხატულებებს ან გამოვლინებებს.

არქაული ქცევის და შესაბამისი აზრთა ფორმების საკითხი, ალბათ, ვერ მოგვარდება მხოლოდ პერსონალისტური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. კვლევამ ამ სფეროში დახმარებისთვის უნდა მიმართოს ადამიანის გონების უფრო ზოგად გამოვლინებებს, ვიდრე მათ, რომელიც შეინიშნება პირად ბიოგრაფიაში. ღრმა შეღწევადობის ნებისმიერ მცდელობას აუცილებლად მივყავართ ადამიანის გონების პრობლემასთან მთლიანობაში (in toto). ინდივიდუალური გონების გაგება ვერ მოხდება მხოლოდ საკუთარი თავის გზით.

ნევროტიკების ასოცირებული ტესტების შესწავლისას შეიძლება იმის დანახვა, რომ მათი ნორმალური ასოციაციები დარღვეულია კომპლექსური შინაარსის სპონტანური ინტერვენციებით, რომელიც დამახასიათებელია მენტალური დონის დასაქვეითებლად. დისოციაცია შეიძლება ისე შორს წავიდეს, რომ გამოჩნდება ერთი ან ორი მეორადი პიროვნება, რომელთაგან თითოეულს თავისი ცალკე ცნობიერება ექნება. მაგრამ ფუნდამენტური განსხვავება ნევროზსა და შიზოფრენიას შორის პიროვნების პოტენციური ერთიანობის შენარჩუნებაშია.

შიზოფრენიკის ასოციაციური ტესტის საერთო სურათი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ნევროტიკის მსგავს სურათს, მაგრამ დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება, რომ შიზოფრენიკ პაციენტს თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს კავშირი ეგოსა და ზოგიერთ კომპლექსს შორის. დანაწევრება არ არის შეფარდებითი, ის აბსოლუტურია.

ისტერიკულმა პაციენტმა შეიძლება განიცადოს დევნის მანია, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილ პარანოიას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში ჰალუცინაციები შეიძლება ცნობიერების კონტროლს დაექვემდებაროს, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია პარანოიის შემთხვევაში.

მართლაც, ნევროზს ახასიათებს კომპლექსების შედარებითი ავტონომია, მაგრამ შიზოფრენიის დროს კომპლექსები გადაიქცევა ცალკეულ და ავტონომიურ ფრაგმენტებად, რომლებიც ან არ ახდენენ  ერთიან ფსიქიკურ მთელში რეინტეგრირებას, ან, რემისიის შემთხვევაში, მპულოდნელად ერთიანდებიან, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
დისოციაცია შიზოფრენიის შემთხვევაში არა მხოლოდ უფრო სერიოზულია, არამედ ხშირად შეუქცევადიც.

დისოციაცია უკვე აღარ ხასიათდება დენადობით და ცვალებადობით, როგორც ნევროზის დროს, ის უფრო წვრილ ნამსხვრევებად დამტვრეულ სარკეს ჰგავს. ერთიანი პიროვნება, რომელიც ისტერიის შემთხვევაში იძლევა ადამიანურად გასაგებ ხასიათს მისი მეორადი პიროვნებებისთვის, ნამდვილად დაშლილია ცალკე ფრაგმენტებად. მრავალჯერადად ისტერიულ  პიროვნებაში ხდება ელასტიური, ტაქტიანი თანამშრომლობა სულაც ცალკე  პიროვნებებს შორის, რომლებიც ასრულებენ თავის როლს და, თუ ეს შესაძლებელია, არ აწუხებენ ერთმანეთს. იგრძნობა უხილავი „ხელმძღვანელი სულის“ (spiritus rector), ცენტრალური მმართველის ყოფნა, რომელიც თითქმის გონივრული გზით აწყობს სცენას სხვადასხვა ფიგურებისთვის, ხშირად მეტ-ნაკლებად სენტიმენტალური დრამის სახით.

ყველა ფიგურას აქვს გააზრებული სახელი და მისაღები ხასიათი. ისინი ისევე ისტერიული და სენტიმენტალურები არიან, როგორც პაციენტის საკუთარი ცნობიერება. პიროვნების დისოციაციის სრულიად სხვა სურათია წარმოდგენილი შიზოფრენიის დროს. გამიჯნული ფიგურები იღებენ ბანალურ, გროტესკულ ან აშკარად გაზვიადებულ სახელებს და ხასიათებს; ხშირად მათ აქვთ დიდწილად აუტანელი თვისებები. უფრო მეტიც, ისინი არ თანამშრომლებენ პაციენტის ცნობიერებასთან, არ გამოირჩევიან ტაქტით, მათ არ აქვთ პატივისცემის გრძნობა სენტიმენტალური ღირებულებების მიმართ. პირიქით, ისინი ირევიან და ქმნიან დაბნეულობას ნებისმიერ დროს, ასობით საშუალების გამოყენებით ისინი ტანჯავენ ეგოს; ყველა ამაზრზენია და შიშს ჰგვრის ან ხმაურიანი და თავხედური ქცევით, ან გროტესკული სისასტიკით ან უსინდისობით.

შეინიშნება არამკაფიო ხილვების, ხმების და ხასიათების ქაოსი, ამასთან ყველას აქვს უცნაური და გაუგებარი თვისებები. თუ არსებობს დრამა, ის პაციენტის გაგების უნარის მიღმაა. უმეტეს შემთხვევაში, ის კიდევ უფრო მეტად სცილდება ექიმის გაგების ფარგლებს, ასე რომ მას გააჩნია ნებისმიერ ადამიანში სულიერი ჯანმრთელობის არარსებობაში დაეჭვების მიდრეკილება, რადგან ჭკუაზე შემცდარი ადამიანის შფოთვაში ის ხედავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალო სიგიჟეს.

ავტონომიური ფიგურები იმდენად არიან გამოსული ეგოს კონტროლიდან, რომ გამქრალია მათი თავდაპირველი მონაწილეობა პაციენტის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში. მენტალობის შემცირებამ ისეთ დაბალ დონეს მიაღწია, რომლის წარმოდგენა ნევროზის სფეროში შეუძლებელია. ისტერიული დისოციაციის შემთხვევაში ადგილი აქვს გაერთიანებას პიროვნების ერთიანობის მეშვეობით, რომელიც განაგრძობს ფუნქციონირებას, მაშინ როცა შიზოფრენიის დროს ნადგურდება პიროვნების საყრდენი.

„მენტალიტეტის დონის შემცირება“:

1) იწვევს ნორმალურ მდგომარეობაში კონტროლირებული შინაარსის მთელი რეგიონის დაკარგვას.

2) ახდენს პიროვნების ჩამოშორებული ფრაგმენტების პროდუცირებას.

3) ხელს უშლის აზრის ნორმალურ მსვლელობას და მის დასრულებას.

4) ამცირებს ეგოს პასუხისმგებლობას და ადეკვატურ რეაგირებას.

5) იწვევს არასრულ რეალიზაციას და არასაკმარისი და არაადეკვატური ემოციური რეაქციების აგზნებას.

6) ამცირებს ცნობიერების ზღურბლს, რითაც საშუალებას აძლევს ნორმალურ მდგომარეობაში აკრძალულ  არაცნობიერის შინაარსს შეაღწიოს ცნობიერებაში ავტონომიური ინვაზიების სახით.

მენტალური დონის შემცირების ასეთი შედეგები შეინიშნება, როგორც ნევროზის, ასევე  შიზოფრენიის დროს. თუმცა, ნევროზის დროს, ყოველ შემთხვევაში, არსებობს პიროვნების ერთიანობის შენარჩუნების შესაძლებლობა, მაშინ როცა შიზოფრენიის დროს ის თითქმის სამუდამოდ იკარგება. ასეთი ძლიერი დაზიანების გამო, კავშირის გაწყვეტა დისოცირებულ ფსიქიკურ ელემენტებს შორის აღწევს ადრე არსებული კავშირების განადგურებას.

ნევროზი კრიტიკული წერტილის ერთ მხარესაა, შიზოფრენია – მეორე მხარეს. ეჭვი არ გვეპარება, რომ ფსიქოლოგიურ მოტივებს შეუძლია მენტალური დონის შემცირების გამოწვევა, რაც იწვევს ნევროზის დაწყებას. ნევროზი უახლოვდება სახიფათო ნიშნულს, მაგრამ მაინც როგორღაც არ გადაკვეთს მას. მას რომ გადაეკვეთა ეს ხაზი, ნევროზი აღარ იქნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვართ კი იმაში, რომ ნევროზი არასდროს არ გადაკვეთს ამ სახიფათო ხაზს?

თქვენთვის ცნობილია შემთხვევები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ნევროზებად იყო მიჩნეული, ხოლო შემდეგ პაციენტი მოულოდნელად გადაკვეთდა გამყოფ ხაზს და სრული სიცხადით გარდაიქმნებოდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად.
რა შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში?

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს ადრეც ფსიქოზად იყო მიჩნეული, მაგრამ „ლატენტური ფორმით“, დამალული ან შენიღბული წარმოსახვითი ნევროზის სახით. რა მოხდა სინამდვილეში? წლების განმავლობაში პაციენტი იბრძოდა თავის დასაცავად, პირველობისა და კონტროლისათვის, მისი პიროვნების მთლიანობისთვის. მაგრამ საბოლოოდ დანებდა, დაემორჩილა  დამპყრობელს, ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა. ის მხოლოდ შეპყრობილი კი არ არის ძლიერი ემოციებით, არამედ დამორჩილებულია დაუძლეველი ძალებით და აზრობრივი ფორმებით, რომლებიც სცილდებიან ჩვეულებრივ ემოციებს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ისინი. ეს გაუცნობიერებელი ძალები ან შინაარსები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ, და მრავალი წლის განმავლობაში ის წარმატებით ებრძოდა მათ.

რა თქმა უნდა, უცნაური შინაარსი არ არის მხოლოდ ამ პაციენტის კუთვნილება, ისინი ნორმალური ადამიანების არაცნობიერშიც არიან, რომლებსაც იმდენად გაუმართლა, რომ მათ არ იციან მათი არსებობის შესახებ. ეს ძალები ჩვენს პაციენტს თავისთავად არ გაუჩნდებოდა. ისინი არ არიან ტვინის მოწამლული უჯრედების მიერ შექმნილი; ეს ჩვენი ფსიქიკის არაცნობიერი კომპონენტების ნორმალური ელემენტებია.

იმავე ან მსგავსი ფორმით ისინი ჩნდებიან უამრავ სიზმრებში, როცა ცხოვრებაში ყველაფერი, თითქოს, წესრიგში იყო. ისინი ჩნდებიან ნორმალური ადამიანების სიზმრებში, რომლებიც არ განიცდიან რაიმე ფსიქიკურ დაავადებებს. მაგრამ თუ ნორმალურ ადამიანს შეენიშნება მენტალური დონის საშიში შემცირება, სიზმრებმა შეიძლება მყისიერად შეიპყრონ ის და აიძულონ იფიქროს, იგრძნოს და მოიქცეს იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც ჭკუიდან შეიშალა. (წაიკითხეთ ანდრეევი)

ოხდა ისე, რომ ჩვენი პაციენტი აჰყვა მოულოდნელ სისუსტეს – ცხოვრებაში ეს შეიძლება იყოს უეცარი პანიკა, – მან იმედი დაკარგა ან სასოწარკვეთაში ჩავარდა, და მაშინ ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში ახშობდა, ამოტივტივდა მისი სულის სიღრმიდან და მთლიანად დაიპყრო ის. ჩემი თითქმის ორმოცწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ბევრი შემთხვევის მომსწრე ვყოფილვარ, როდესაც ნევროტული მდგომარეობის შემდეგ დგება ფსიქოზის პერიოდი ან ფსიქოზის ხანგრძლივი მდგომარეობა.

დავუშვათ, რომ ასეთ ადამიანებს მართლაც ჰქონდათ ლატენტური ფსიქოზი, რომელიც იმალებოდა ნევროზის საფარქვეშ. რას წარმოადგენს ამ შემთხვევაში ლატენტური ფსიქოზი? ცხადია, ეს მხოლოდ ალბათობაა იმისა, რომ ინდივიდს შეუძლია მისი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში დაკარგოს მენტალური წონასწორობა. უცნაური არაცნობიერი მასალების არსებობა არაფერს არ ადასტურებს. იგივე მასალები ჩვენ გვხვდება ნევროტიკებში, თანამედროვე მხატვრებსა და პოეტებში, ასევე პრაქტიკულად ნორმალურ ადამიანებში, რომელთა სიზმრები საგულდაგულო ანალიზს ექვემდებარება.

უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ ძალიან მსგავს შემთხვევებს ყველა დროისა და ხალხების მითოლოგიასა და სიმბოლიკაში. მომავალში ფსიქოზის არსებობის შესაძლებლობას არაფერი აქვს საერთო არაცნობიერის შინაარსის თავისებურებებთან. თუმცა, ეს დიდწილად დამოკიდებულია ინდივიდის უნარზე დაუპირისპირდეს მოულოდნელ პანიკას ან საკუთარ თავთან მებრძოლი ფსიქიკის ქრონიკულ დაძაბულობას. ძალიან ხშირად ეს მხოლოდ წვეთის პრობლემაა, რომელმაც პირამდე აავსო ფინჯანი, ან ნაპერწკლისა, რომელიც თივის ზვინში ჩავარდა.

მენტალური დონის ძლიერი შემცირების გავლენის ქვეშ, ერთიანი ფსიქიკა კომპლექსებად იშლება, ეგოს კომპლექსი კი მათ შორის აღარ თამაშობს დომინანტურ როლს. ის უბრალოდ გარდაიქმნება რამდენიმე კომპლექსიდან ერთში, რომელთაგან თითოეული ერთნაირად მნიშვნელოვანი ან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეგო. ყველა კომპლექსი იძენს პიროვნების ხასიათს, და ამავე დროს ფრაგმენტებად რჩება. შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მოულოდნელი პანიკის გავლენის ქვეშ ან ქრონიკული დაძაბულობის შემთხვევაში იმედებისა და მოლოდინის დაკარგვის შედეგად, ადამიანებს მოიცავს პანიკა, ისინი სრულიად დემორალიზებულები არიან.

ასევე გასაგებია, რომ შეიძლება შესუსტდეს მათი ნებისყოფა, რომ ისინი დაკარგავენ თვითკონტროლს, ძალაუფლებას მათ ირგვლივ არსებულ პირობებზე, თავის განწყობასა და აზრებზე. ამ პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ პაციენტის ფსიქიკის რომელიმე უკონტროლო კომპონენტი მიიღებს გარკვეულ დამოუკიდებლობას.

ჩვენ აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ თავის ძირითად სტრუქტურაში ადამიანის ფსიქიკა ისევე ნაკლებად პიროვნულია, როგორც სხეული. გაცილებით უფრო მეტად, ეს არის რაღაც მემკვიდრეობით მიღებული და უნივერსალური. ინტელექტის ლოგიკას, გულის გონებას (raison du coeur), ემოციებს, ინსტინქტებს, წარმოსახვის ძირითად სახეებს და ფორმებს გარკვეულწილად აქვთ დიდი მსგავსება კანტის აპრიორული კატეგორიების ცხრილთან  ან პლატონის „იდეებთან“, ვიდრე ჩვენი პირადი გონების ახირებასთან, წვრილმანებთან, კაპრიზებთან და  ხრიკებთან.

კერძოდ, შიზოფრენია მდიდარია კოლექტიური სიმბოლოებით,  ნევროზებს ეს ნაკლებად ახასიათებს, რადგან, იშვიათი გამონაკლისით, მათ ახასიათებს პირადი ფსიქოლოგიის სიჭარბე. ის ფაქტი, რომ შიზოფრენია ანგრევს ფსიქიკის საფუძვლებს, მიუთითებს კოლექტიური სიმბოლოების სიმრავლეზე, ვინაიდან სწორედ ამ მასალისგან შედგება პიროვნების ძირითადი სტრუქტურები.

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ გონების შიზოფრენიულ მდგომარეობას (იმდენად, რამდენადაც ის ქმნის არქაულ მასალას) აქვს  „დიდი ძილის“ ყველა თვისება.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხასიათდება იმავე „ნუმინოზური“ თვისებებით, რომლებიც პრიმიტიულ კულტურებში ენიჭება მაგიურ  რიტუალს.

სინამდვილეში, შეშლილი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ადამიანი, რომელიც სულებით არის შეპყრობილი ან მას დევნის დემონი. სხვათა შორის, ეს არის მისი ფსიქიკური მდგომარეობის სავსებით სწორი ინტერპრეტაცია, ან ის შეპყრობილია ავტონომიური ფიგურებით და აზრობრივი ფორმებით. შეშლილობის პრიმიტიული შეფასება, პირველ რიგში, ითვალისწინებს შემდეგ თავისებურებას, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება:  პიროვნება, ინიციატივა, ნებისყოფითი პრინციპი მიეწერება არაცნობიერს, რაც  ნათელი ფაქტების სწორი ინტერპრეტაციაა.

პრიმიტიული ადამიანის თვალსაზრისით სრულიად ცხადია, რომ არაცნობიერმა საკუთარი ნებით მოიპოვა ძალაუფლება ეგოზე. ამ თვალსაზრისით, ეგო არ არის დასუსტებული; პირიქით, დემონის წყალობით გააქტიურდა არაცნობიერი.  ამრიგად, პრიმიტიული ადამიანი არ ეძებს შეშლილობას ცნობიერების სისუსტეში, პირიქით, ის მას ხედავს არაცნობიერის უჩვეულო ძალაში.

უნდა ვაღიარო, რომ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რაშია საქმე,  ძალიან ძნელია – პირველად სისუსტეში და ცნობიერების შესაბამის გაუცხოებაში, თუ არაცნობიერის პირველად ძალაში.  ბოლო ალბათობის ადვილად უარყოფა არ შეიძლება, რადგან შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ შიზოფრენიის დროს ვრცელი არქაული მასალა ასახავს ინფანტილური და, შესაბამისად, პრიმიტიული მენტალობის არსებობას. ალბათ, ეს ატავიზმის საკითხია. მე სერიოზულად განვიხილავ ე.წ. „შეფერხებული განვითარების“ ალბათობას, რომლის დროსაც შენარჩუნებულია პრიმიტიული ფსიქოლოგიის უფრო დიდი, ვიდრე ადრე, მოცულობა, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს.

ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ფსიქიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ეწევა ცნობიერების ნორმალურ განვითარებას. გადის წლები და მანძილი არაცნობიერსა და ცნობიერებას შორის იზრდება და წარმოქმნის კონფლიქტს, რომელიც თავდაპირველად ლატენტურ მდგომარეობაში რჩება. მაგრამ კონფლიქტი გამოვლინდება მაშინ, როცა საჭირო გახდება განსაკუთრებული ძალისხმევა ადაპტაციისათვის, როდესაც ცნობიერებას დასჭირდება არაცნობიერისა და ინსტინქტურის რესურსები; მანამდე ლატენტურ მდგომარეობაში მყოფი პრიმიტიული გონება მოულოდნელად ამოაფრქვევს შინაარსს, რომლის უცნაური და ბუნდოვანი ხასიათიდან გამომდინარე ასიმილაცია შეუძლებელია. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ მომენტში იწყება ფსიქიკური დაავადება.

არ არის გამორიცხული, რომ შიზოფრენიის დროს ნორმალურ ცნობიერებას უპირისპირდება უჩვეულოდ ძლიერი არაცნობიერი; ისიც შესაძლებელია, რომ პაციენტს აქვს სუსტი ცნობიერება, და მას არ შეუძლია შეაჩეროს არაცნობიერი მასალის ზეწოლა. პრაქტიკულად, მე დასაშვებად მიმაჩნია ორი ტიპის შიზოფრენიის არსებობა: შიზოფრენიისა, რომელსაც აქვს სუსტი ცნობიერება, და მეორე ტიპის შიზოფრენია, რომელსაც აქვს ძლიერი არაცნობიერი.

აქ შეინიშნება გარკვეული ანალოგია ნევროზებთან, რომლის დროსაც პაციენტთა დიდ ნაწილში სუსტი ცნობიერება სუსტი ნებასთან არის შერწყმული, მაგრამ არსებობს ძლიერი ენერგიის მქონე პაციენტების მეორე ჯგუფი, რომლებიც ექვემდებარებიან არაცნობიერის თითქმის უძლეველ ზემოქმედებას. ასეთია საქმის ვითარება, კერძოდ, როდესაც შემოქმედებითი იმპულსი (სამსახიობო ან სხვა) უკავშირდება არაცნობიერ შეუთავსებადობას.

შიზოფრენიკს, როგორც დავრწმუნდი, ისეთივე დამოკიდებულება აქვს მკურნალობის მიმართ, როგორც ნევროტიკს. მას იგივე კომპლექსები აქვს, იგივე გაგება და მოთხოვნილებები, მაგრამ არ გააჩნია იგივე გულდაჯერებულობა და სტაბილურობა საკუთარ საყრდენთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც ნევროტიკს შეუძლია ინსტინქტურად დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ მისი პიროვნება დააყოფის შედეგად არასოდეს დაკარგავს თავის სისტემურ ხასიათს და შენარჩუნდება მისი შინაგანი მთლიანობა, ლატენტური შიზოფრენიკი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს უკონტროლო დაშლის შესაძლებლობას. მისმა შეხედულებებმა და ცნებებმა შეიძლება დაკარგოს კომპაქტურობა, სხვა ასოციაციებთან კავშირი და თანაზომიერება, რის შედეგადაც მას შიშს ჰგვრის შემთხვევითობების დაუძლეველი ქაოსი. ის დგას მერყევ ნიადაგზე და იცის ამის შესახებ.

საფრთხე ხშირად გამოიხატება კოსმოსური კატასტროფების, სამყაროს დაღუპვის ტკივილის მომგვრელ სიზმრებში და ა.შ. ან მყარი ადგილი, რომელზეც ის დგას, იწყებს რყევას, კედლები იღუნება ან მოძრაობს, მიწა წყლად გადაიქცევა, ქარიშხალი იტაცებს მას ჰაერში, ყველა მისი ნათესავი დაღუპულია და ა.შ. ეს სახეები აღწერენ ურთიერთობების ფუნდამენტურ დარღვევებს – პაციენტის რაპორტის (კავშირის) დარღვევას გარემოსთან, და ვიზუალურად ასახავს იმ იზოლაციას, რომელიც ემუქრება.

ასეთი დარღვევის უშუალო მიზეზია ძლიერი აფექტი, რაც იწვევს ნევროტიკში ანალოგიურ გაუცხოებას ან იზოლაციას, რომელიც სწრაფად გაივლის. ფანტაზიებს, რომლებიც ასახავენ დარღვევებს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მსგავსება შიზოიდური ფანტაზიის პროდუქტებთან, მაგრამ ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელი მუქარის გამომხატველი და შემაძრწუნებელი ხასიათის გარეშე; ეს სახეები მეტად დრამატული და გაზვიადებულია. ამიტომ მკურნალობის დროს შეიძლება მათი იგნორირება ყოველგვარი ზიანის გარეშე. მაგრამ სრულიად განსხვავებულად უნდა შეფასდეს იზოლაციის სიმპტომები ლატენტური ფსიქოზის შემთხვევაში.

აქ მათ აქვთ თავზარდამცემი წინასწარმეტყველების მნიშვნელობა, რომელთა საშიშროების ამოცნობა ადრევეა შესაძლებელი. ისინი საჭიროებენ გადაუდებელ ღონისძიებებს- მკურნალობის  შეწყვეტას, პირადი კავშირების (რაპორტის) საგულდაგულო აღდგენას, გარემოს შეცვლას, სხვა თერაპევტის შერჩევას, მკაცრ უარს  არაცნობიერში ჩაღრმავებისგან,  კერძოდ, სიზმრების ანალიზისა და ბევრი სხვა რამისგან. (საღებავებით ხატვა უფრო ეფექტურია, რადგან საღებავების საშუალებით სურათში გრძნობაც აისახება). ამის წყალობით ეს მიუწვდომელი და შეუჩერებელი ქაოსი ობიექტივირებული და ვიზუალიზირებულია და შეიძლება დისტანციურად განიხილებოდეს ცნობიერი გონებით – მოხერხდეს მისი ანალიზი და ინტერპრეტაცია.

ამ მეთოდის ეფექტი, ალბათ, მდგომარეობს იმაში, რომ პირველადი ქაოტური და საზარელი შთაბეჭდილება შეიცვლება სურათით, რომელიც გარკვეულწილად გადაფარავს მას. სურათი „შეულოცავს“ შიშს, მოაშინაურებს მას და გახდის უფრო ბანალურს, გაუქარწყლებს თავდაპირველად შიშის განცდის მოგონებას. ასეთი პროცესის კარგ მაგალითს იძლევა კლაუსის ძმის ხილვა, რომელმაც ხანგრძლივი მედიტაციის დროს გამოიყენა ბავარიელი მისტიკოსის დიაგრამები და გარდაქმნა შიშის მომგვრელი ღმერთის სახე სამების იმ ხატად, რომელიც ახლა ზაქსელნის  მრევლის ეკლესიაშია.

შიზოიდური მიდრეკილება ხასიათდება აფექტებით, იგი გამომდინარეობს  ჩვეულებრივი კომპლექსებიდან, რომლებსაც აქვთ უფრო ღრმა გამანადგურებელი შედეგები, ვიდრე აფექტებს ნევროზის დროს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, კომპლექსის აფექტური თანმხლები გარემოებები შიზოფრენიის სიმპტომურ სპეციფიკას წარმოადგენენ. როგორც უკვე აღინიშნა, ისინი არ არის სისტემური, გარეგნულად ქაოტური და შემთხვევითია. გარდა ამისა, ხასიათდებიან ანალოგიით ზოგიერთ სიზმართან პრიმიტიული ან არქაული ასოციაციებით, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება მითოლოგიური მოტივებისა და იდეების კომპლექსებს. მსგავსი არქაიზმები გვხვდება ნევროტიკებსა და ჯანმრთელ ადამიანებში, მაგრამ ძალიან იშვიათად.

შიზოფრენიული კომპენსაცია, ანუ აფექტურ კომპლექსთა გამოხატულება, რომ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ არქაული ან მითოლოგიური ფორმულირებით, მაშინ ასოციაციური გამოსახულება შეიძლება გაგებული იყოს როგორც პოეტური უთავბოლო ლაპარაკი და ალეგორია (poetic circumlocutions). თუმცა, ეს, როგორც წესი, ასე არ არის, ისევე, როგორც ნორმალურ სიზმრებში; ასოციაციები უსისტემოა,  უთავბოლო, გროტესკული, აბსურდული და, რა თქმა უნდა, თითქმის გაუგებარი ან სრულიად გაუგებარი.  ანუ, შიზოფრენიული კომპენსაციის პროდუქტები არა მხოლოდ არქაულია, არამედ დამახინჯებული ქაოტური შემთხვევითობით.

მძიმე შემთხვევებისთვის ფსიქოთერაპია შედარებით ვიწრო ჩარჩოებით შემოიფარგლება. შეცდომა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ მკურნალობის უფრო მეტად შესაფერისი მეთოდები არსებობს. ამ თვალსაზრისით, თეორიული წინაპირობები პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. და საერთოდ, აუცილებელია შევწყვიტოთ მეთოდების შესახებ საუბარი. პირველ რიგში მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ექიმის პირადი ჩართულობა, სერიოზული განზრახვა და ძალისხმევა, თუნდაც თავგანწირვა.

მე ვნახე რამდენიმე ჭეშმარიტად სასწაულებრივი განკურნება, როცა ყურადღებიანმა მომვლელებმა და არაპროფესიონალებმა შეძლეს პირადი გამბედაობით, მოთმინებით და ერთგულებით პაციენტთან ფსიქიკური კავშირის აღდგენა და საოცარი სამკურნალო ეფექტის მიღწევა. რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე ექიმს ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე ასეთი რთული ამოცანა.

თუმცა, მართლაც, შესაძლებელია ფსიქიკური მეთოდებით მწვავე შიზოფრენიის მნიშვნელოვნად შემსუბუქება და განკურნებაც კი, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას „იძლევა საკუთარო კონსტიტუცია“. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მკურნალობა არა მხოლოდ უჩვეულო ძალისხმევას მოითხოვს, არამედ მან შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ თერაპევტში ფსიქიკური ინფექციები (რომელსაც ამის მიდრეკილება აქვს). ჩემს გამოცდილებაში ამ სახის მკურნალობისას ინდუცირებული ფსიქოზის არანაკლებ სამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

ზოგადად კი პაციენტის ინტელექტსა და განათლების დონეს დიდი მნიშვნელობა აქვს თერაპიული პროგნოზისთვის. მწვავე პერიოდსა ან ადრეულ ეტაპებზე სიმპტომებზე მსჯელობას, კერძოდ, ფსიქოტური შინაარსის შესახებ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან არქეტიპული შინაარსით გატაცება ძალიან საშიშია, მათი ზოგადი უპიროვნო მნიშვნელობის განმარტება განსაკუთრებით სასარგებლოდ არის მიჩნეული, პირად კომპლექსების განხილვისგან განსხვავებით.

ეს უკანასკნელი არქაული რეაქციების და კომპენსაციების ძირითადი მიზეზებია; მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს კვლავ გამოიწვიონ იგივე შედეგები. ამიტომ პაციენტს, თუნდაც დროებით, სჭირდება დახმარება, რომ გადაიტანოს ყურადღება გაღიზიანების პირადი წყაროებიდან და შეძლოს ორიენტირება თავის აფორიაქებულ მდგომარეობაში. ამიტომაც, მე წესად მივიჩნიე მივცე ჭკვიან პაციენტებს რაც შეიძლება მეტი ფსიქოლოგიური ცოდნა. რაც უფრო მეტი იცის მან, მით უკეთესი იქნება მისი პროგნოზი. ის აუცილებელი ცოდნით იქნება შეიარაღებული და შეძლებს გაიგოს არაცნობიერის განმეორებითი გარღვევა, უკეთესაც შეძლებს უცხო შინაარსის ასიმილირებას და ცნობიერებაში მათ ინტეგრირებას. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ, იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ახსოვს მისი ფსიქოზის შინაარსი, მე დეტალურად განვიხილავ მას პაციენტთან, რათა მაქსიმალურად გასაგები გახდეს მისთვის.

ჩნდება დილემა: რა არის ამის პირველმიზეზი – ეგო-პიროვნების სისუსტე, თუ  ძლიერი აფექტი? ვფიქრობ, რომ უკანასკნელი უფრო პერსპექტიულია შემდეგი მიზეზების გამო. ეგო-ცნობიერების საყოველთაოდ ცნობილი სისუსტე ძილის მდგომარეობაში პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს სიზმრის შინაარსის ფსიქოლოგიური გააზრებისთვის. მაგრამ გრძნობით  შეფერილი კომპლექსი, როგორც დინამიურად, ისე მნიშვნელობით, გადამწყვეტ გავლენას ახდენს სიზმრის მნიშვნელობაზე. ეს დასკვნა შეიძლება გამოყენებულ იქნას შიზოფრენიის მიმართაც, რადგან ამ დაავადების მთელი ფენომენოლოგია კონცენტრირებულია პათოგენურ კომპლექსში.

ახსნის მცდელობისას უკეთესი იქნება აქედან ამოსვლა და ეგო-პიროვნების სისუსტის განხილვა, როგორც გრძნობით შეფერილი კომპლექსის მეორადი და დესტრუქციული  შედეგი, რომელიც წარმოიშვა ნორმალურის სფეროში, მაგრამ შემდგომ გაანადგურა პიროვნების ერთიანობა თავისი ინტენსიობით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი