ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით III ნაწილი – ნიცშე

0
218

ყოველი ცნება წარმოიქმნება არაიგივეობრივის გაიგივებით. ისეთივე უეჭველობით, როგორითაც ერთი ფოთოლი ზუსტად ისეთივე არაა, როგორც სხვა, ასევე არის ფოთლის ცნება შედგენილი ნებისმიერ ინდივიდუალურ მრავალფეროვნებაზე უარის თქმითა და განსხვავებულობათა დავიწყებით და ახლა უკვე ისეთ წარმოდგენას აღვიძებს, თითქოს ბუნებაში გარდა ფოთლებისა, კიდევ ფოთლის პირველადი ნიმუში არსებულიყოს, რომლის მიხედვითაც ყველა ფოთოლი მოიქსოვა, მოიხაზა, შემოიფარგლა, გაფერადდა, დაიხვა, მოიხატა, ოღონდ დაუდევარი ხელებით, ისე, რომ არცერთი ეგზემპლარი პირველადი ნიმუშის სწორი და სანდოდ ზუსტი ანარეკლი არ გამოსულიყო.

ჩვენ ადამიანს ვუწოდებთ „პატიოსანს“ და ვსვამთ კითხვას: რატომ მოიქცა დღეს პატიოსნად? ჩვენი პასუხია: თავისი პატიოსნებიდან გამომდინარე. პატიოსნება – ეს ისევ იმას ნიშნავს, რომ ფოთოლი არის ფოთლების მიზეზი. ჩვენ ხომ არაფერი ვიცით იმ არსობრივი ხარისხის შესახებ, რომელსაც „პატიოსნება“ დაერქმეოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, უამრავი გაინდივიდუალურებული და, ამდენად, არაიგივეობრივი ქმედებით, რომლებსაც ჩვენ არაიგივეობათა გამოტოვებით ვაიგივებთ და ეხლა კი პატიოსან საქციელად ვაცხადებთ, საბოლოოდ მათგან ვაყალიბებთ ერთგვარ  qualitas occulta-ს, რომელსაც სახელად „პატიოსნება“ ჰქვია.

ინდივიდუალურისა და ცხადის გამოტოვება გვაძლევს ცნებას, ისევე, როგორც ფორმას. ამის საწინააღმდეგოდ კი ბუნება არც ფორმებს და არც ცნებებს, მაშასადამე, არც სახეობებს არ იცნობს, არამედ მხოლოდ ჩვენთვის მიუწვდომელ და განუსაზღვრელ X-ს. ის, რაც ინდივიდისა და სახეობის საპირისპიროდ მიგვაჩნია, არის ანთროპომორფული და ნივთების არსიდან არ გამომდინარეობს, რამდენადაც არ უნდა გვიჭირდეს იმის აღიარება, რომ იგი მას არ შეესატყვისება: ეს ხომ დოგმატური განცხადება იქნებოდა და ამდენად, ისევე შეუძლებელია იმის დამტკიცება, როგორც მისი საპირისპირო მტკიცებისა.

მაშასადამე, რა არის ჭეშმარიტება? მეტაფორების, მეტონიმიების, ანთროპომორფიზმების მოძრავი ჯარი, მოკლედ, ადამიანის რელაციათა შეჯამება, რომლის პოეტურად და რიტორიკულად აღზევება, პროექცია, მოკაზმვა მოხდა და ხალხის მიერ ხანგრძლივი ხმარების გამო თავს მყარად, კანონიკურად და სავალდებულოდაც კი წარმოაჩენს: ჭეშმარიტება ილუზიებია, რომელთა რაობაც არის ის, რომ ისინი გაცვეთილ და აზრობივად უძლურ მეტაფორებად ქცეული, ანდა მონეტებია, რომლებზეც გამოსახულება წაშლილია და ახლა არა მონეტად, არამედ მხოლოდ ლითონად აღიქმება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი