ქრისტეს პიროვნება

0
412

ალექსანდრე მენი

ისტორიამ იცის დიდი ადამიანები, რომლებიც მოგვითხრობენ თავის მისტიკურ გამოცდილებაზე. მათ შორის უდიდესნი – მუჰამედი, ბუდა, ზარატუსტრა და ასე შემდეგ, რელიგიის დამფუძნებლები იყვნენ. 

ვიცით, რომ მრავალი საუკუნეების გასვლის შემდეგ ამ დიდ ადამიანთა გონი და აზრი მართავს მილიონობით ადამიანს, ანაყოფიერებს კულტურას, შთააგონებს სხვადასხვა ხალხებს. ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ვერწმუნოთ ამ ადამიანების გამოცდილებას. როდესაც ინდოელი გაუტამას შვილი – უფლისწული ბუდა ამბობს, რომ ის განთავისუფლდა წარმავალისგან და გაითქვიფა სრულ სინამდვილეში ანუ მდუმარებაში, ნირვანის მიუწვდომლობაში, ჩვენ სრული უფლება და საფუძველი გვაქვს ვენდოთ ამ ნათქვამს.

როდესაც ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი მრავალი ფიქრის, ცხოვრებისეული პერიპეტიების, ტრაგედიებისა და ღრმა გონებით ჭვრეტის შემდეგ უმაღლესზე – ღმერთზე ლაპარაკობს, როგორც უმაღლეს სიკეთეზე, ჩვენ ასევე გვაქვს უფლება ვენდოთ მას. ასევე ვერწმუნებით მის სიტყვასაც: „ძნელია ყოველივეს საფუძვლის მიღწევა“. ეს დიადი სიტყვაა, სადაც ღვთაებრივი ჭეშმარიტებაა მიღწეული.

როდესაც მუჰამადი ლაპარაკობს, რომ მას გამოეცხადა სამყაროს შემქმნელი – სწორედ ის ღმერთი, რომელიც ესაუბრებოდა აბრაამს, ჩვენ გვჯერა მისი, როგორც სჯერათ მისი მილიონობითა და ასეული მილიონობით მუსლიმს.

როდესაც ესაია წინასწარმეტყველი ლაპარაკობს ღმერთზე, როდესაც გამოეცხადა მას და წარგზავნა, რათა მისი სიტყვა ემცნო კაცობრიობისთვის, ასევე გვჯერა მისი.

და აი მოდის იესო ნაზარეველი, რომელიც, აგრეთვე, გვაუწყებს რაღაცას. მაგრამ როგორც ბუდა ის არ ლაპარაკობს, რომ მიაღწია რაღაც ვარჯიშითა და გარკვეული პირობით; ის არ ლაპარაკობს მუჰამადის მსგავსად, რომ არარაობაა ყოვლად სრული ალაჰის წინაშე; ის არ ლაპარაკობს მსგავსად პლატონისა, რომ ძნელია ყოველივეს საფუძვლის (ღმერთის) მიღწევა. ის არ ლაპარაკობს მსგავსად წინასწარმეტყველისა, რომელიც თავისთავს განიცდის ღვთაებრივი ნების გამტარებელ ცოდვილ ადამიანად. ის ლაპარაკობს თავის თავზე, ისე როგორც ლაპარაკობდა თავის თავზე სამყაროსა და ბედისწერის გამგებელი. იესო ადამიანს გადაუშლის წმიდა წერილს და ასე მიმართავს მათ: „თქვენ გითხრეს“, „მე გეუბნები თქვენ“. ესე იგი ის თავის სიტყვას წმიდა წერილის გვერდით აყენებს. ის როდი ამბობს: თქვენ მოგცემთ მოძღვრებას; ის როდი ამბობს: აი ასეა ნათქვამი ბიბლიაში. ის ამბობს: მოდი ჩემთან და მე დაგაწყნარებ…

ქრისტეში ჩვენ ვერ ვჰპოვებთ ყველა დროის წმინდანებისა და მისტიკოსებისთვის ასე დამახასიათებელ შინაგანი ბრძოლებისა და ცოდვილობის აღიარებას. ასევე ვერ ვჰპოვებთ მასში ეგზალტაციას და, აგრეთვე, იმას, რაც არის რელიგიის ყველა დამფუძნებელთან: ის ნათელი და უბრალოა და როგორც ამას იოანე მახარობელთან ვკითხულობთ, ამბობს: „ვინც მე მიხილა, მან იხილა მამა (ღმერთი)“.

ის საიდუმლო, მრისხანე და გრანდიოზული უსაზღვრო სიცოცხლე, რომელიც ქმნის სამყაროს და რომელშიც ჩვენ ეთიკური საწყისის გარკვევაც კი არ ძალგვიძს, მოულოდნელად ჩვენსკენ მოაპყრობს ეთიკურ მზერას: თავის სიყვარულს. ასეთი რამ კი შესაძლებელია მხოლოდ ადამიანური პიროვნების მეშვეობით: არა რაღაც აბსტრაქტული აზრის ან გამოცხადების მეშვეობით, რომლებიც ანგრევენ პიროვნებას, არამედ ცოცხალი სახის მეშვეობით.

ძველად, ზოგიერთს ეგონა, რომ ქრისტე აჩრდილია, ისაა ღვთაებრივი ხედვა, რომელიც მიწაზე ჩამოვიდა. მაგრამ ეკლესია და სახარების შემქმნელნი მართებულად აღნიშნავდნენ, რომ ის იყო ადამიანი – ადამიანი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქრისტე არა მარტო ღვთაებრივ სიყვარულის შესახებ გვამცნობს, არამედ საკუთრივ ადამიანის სიდიადესაც, სიდიადეს არა თავისი ბუნებით, არამედ მარადიულბის ამსახველი არსების სიდიადეს. ეს ქრისტიანული ჰუმანიზმის საფუძველია.

ქრისტიანული ჰუმანიზმი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით: ადამიანი წმიდათაწმიდაა, რადგანაც ის მარადიული და სულიერი წმიდათაწმიდის ანარეკლია. ამიტომაც ქრისტეს მოვლინება ღმერთის განკაცებაა, ჩვენს ჩვეულებრივ ცხოვრებაში მისი შემოსვლაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქრისტე ყველაზე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის სულაც არ ყოფილა სადღაც მთაზე მცხოვრები განდეგილი ან ვთქვათ იკვებებოდა კვირაში ერთხელ, ან კიდევ დღე-ღამის განმავლობაში სუნთქავდა ათჯერ. არა, ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი და ამავე დროს ღვთაებრივი ადამიანი.

ესაა ჩვენთვის მიუღწეველი უსასრულო, აბსოლუტური სულიერი კოსმოსის, ღვთაებრივი გონის ადამიანური სახე. იმისთვის რომ ისაუბროს ჩვენთან, ის საკუთარ ენას იძენს, იმოსება საკუთარი სახით იესო ნაზარეველის ფორმაში, რომელიც კვერთხით ხელში მინდვრებით, გორაკებზე თუ ტბის ნაპირებით დააბიჯებს მსოფლიოს გზაზე. ის იტანჯება კაცობრიობასთან ერთად, ჯვარს ეცვა და რომელიც წარმოადგენს სულის გამარჯვებას თავის მკვდრეთით აღდგომისა და ამ სამყაროში თავის უხილავ ყოფნაში.

აი რას ნიშნავს ქრისტეს განკაცება და განხორციელება!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი