პიროვნების განვითარების ფსიქოანალიტური ხედვა

0
375

ინდივიდუაცია და გმირის ძიება

გავიხსენოთ, რომ ფროიდისთვის ადამიანის ცხოვრების ისტორია პიროვნებათშორისი დამოკიდებულების ადრეულ (ორალურ) ეტაპზე იწყება და განვითარების სტადიების გავლასთან ერთად ინდივიდი უფრო და უფრო დამოუკიდებელი და ავტონომიური ხდება.

ადრეული განვითარების უმაღლესი წერტილს ოიდიპოსის კომპლექსის დრამა წარმოადგენს, რომლის წარმატებით გადაწყვეტა ცხოვრების ციკლში სოციალიზაციის ყველაზე მნიშვენლოვან გამოცდილებაზე მიგვითითებს. ბავშვს, რომელიც ოიდიპოსის დრამას გაივლის, უკვე აქვს საკუთარი პიროვნული ლიმიტების ცოდნა და ეფექტური და თანამშრომლობითი სოციალური ცხოვრების მოთხოვნილებისადმი მორალური მგრძნობელობა.

გვიანი ბავშვობის ხანას სოციალიზაციის ბევრი მნიშვენლოვანი გამოცდილება მოაქვს, ვიდრე სექსუალობა არ დაიწყებს განვითარებას და ბავშვი გენიტალურ სტადიაზე არ გადავა. მოზარდობისა და მოზრდილობის პერიოდში კარგად ფუნქციონირებადი პიროვნება ახერხებს ეგოს დამცავი ძალისა და ადაპტაციების იმ შფოთვასთან და კონფლიქტებთან გასამკლავებლად გამოყენებას, რომელიც იდის, სუპერეგოსა და რეალური სამყაროს ძალების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნება. მოწიფული მოზრდილი მეტ-ნაკლებად ეფექტურად უმკლავდება ყოველდღიური ცხოვრებიდან მომდინარე შფოთვას და ახერხებს სხვების სიყვარულს და პროდუქტულად მუშაობას საზოგადოებაში.

განვითარების ფროიდისეული ისტორია, შესაძლოა, სრულიად დამაკმაყოფილებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, მასში განვითარება საკმაოდ სწრაფად სრულდება. ფროიდი პრაქტიკულად უპასუხოდ ტოვებს კითხვას იმის შესახებ, თუ რა ხდება ცხოვრების მოზრილ წლებში პიროვნების განვითარების თვალსაზრისით? ხდება კი რაიმე საინტერესო ცვლილება და არის თუ არა ზრდის რაიმე შესაძლებლობები გენიტალური სტადიის შემდეგ?

ფსიქოანალიტიკოსი თეორეტიკოსების დიდი ნაწილი უყურადღებოდ ტოვებს ამ შესაძლებლობას და უშვებს, რომ პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტერმინანტები ბავშვობის წლებში ყალიბდება; თუმცა, იუნგი სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს. როგორც არაცნობიერის ფროიდისეული ცნება გააფართოვა და არქეტიპების შემცველი კოლექტიური არაცნობიერი მოიცვა, ისე გააფართოვა იუნგმა პიროვნების განვითარების ფსიქოანალიტური ხედვა, ფროიდისგან დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა და პიროვნების განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე პროცესად დასახა.

იუნგი ამტკიცებს, რომ ბავშვობაში პიროვნების სხვადასხვა კომპონენტი ცალკეულ ელემენტებად ყალიბდებიან. ფსიქიკური ენერგია სიარულის, ლაპარაკისა და ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებელი სხვა უნარ-ჩვევების დასწავლაზე იხარჯება. სექსუალობა არააქტუალური თემაა ადრეულ წლებში, მაგრამ მნიშვნელოვან ძალად იქცევა პუბერტატისა და მოზარდობის მიღწევის შემდეგ. ადრეულ მოზრდილობაში პიროვნება ფსიქიკურ ენერგიას პროფესიული მისწრაფებების მიგნებაზე, ქორწინებაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებაზე წარმართავს. იდეალურ ვარიანტში, ახალგაზრდა მოზრდილი ენერგიული, კომუნიკაბელური და სოციალურ რეალობაში აქტიურად ჩართული უნდა იყოს.

დაახლოებით 40 წლის ასაკისთვის ინდივიდმა საფუძვლიანი ცვლილებები შეიძლება განიცადოს, ვინაიდან სამყაროში ვნებიანად ჩართულობიდან შინაგან სამყაროსა და მე-ს მეტად ფილოსოფიურ კვლევა-ძიებაზე ინაცვლებს. სიცოცხლის შუა წლები მატერიალიზმიდან და სექსუალობიდან მეტად სპირიტუალურ და კულტურულ ღირებულებებზე გადართვით ხასიათდება. ამასთან, მოზრდილი შეიძლება მნიშვნელოვან ძვრებს განიცდიდეს ღირებულებების, იდეალებისა და პიროვნებათშორისი ურთიერთობების მიმართლებით.

რელიგია განსაკუთრებით შეიძლება გამოიკვეთოს ადამიანის ცხოვრების მეორე ნახევარში, რადგან ის სულიერი ჰარმონიისკენ, ბალანსისა და მე-ს სრულად გამოხატვისკენ მიისწრაფვის. ადამიანის განვითარების მიზანი მე-ს სრულად განვითარება და, როგორც იუნგი უწოდებს, გაფურჩქვნაა. ის თვითგანვითარების ამ პროცესის აღსანიშნად იყენებს ტერმინს ინდივიდუაცია. ეს არის დინამიკური, კომპლექსური და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე წონასწორობის მიღწევის აქტი, რომლის მეშვეობითაც პიროვნება სხვადასხვა წინააღმდეგობრივი ნაწილების სინთეზირებასა და ერთ მთლიანში გაერთიანებას ცდილობს.

მაშასადამე, ინდივიდუაცია პიროვნების ყველა ცნობიერი და არაცნობიერი ასპექტის სრულ განვითარებას და მთლიანობაში მათ საბოლოო ინტეგრაციას მოიცავს.

იუნგის თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი იდეა ადამიანის ინდივიდუაციის დახასიათებაა. მე-ს განვითარება გმირული ძიებაა, რომლის განხორციელებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია და უნდა განახორციელოს; ეს არის საკუთარი თავის აღმოჩენის თავგადასავალი. იუნგის მიხედვით, მოზრდილ წლებში ინდივიდუაციის პროცესს ინდივიდისთვის მთლიანობა და დასრულებულობა მოაქვს.

მოწიფული მე ყველა წინააღმდეგობრივ მხარეს აერთიანებს ერთიანობის ფსიქოლოგიურ წრეში. ამ ერთიანობის ანტიკურ სიმბოლოს მანდალა წარმოადგენს. იუნგი მანდალის მსგავს ფიგურებს სხვადასხვა მითოლოგიებში, რელიგიურ რიტუალებში, სიზმრებსა და ფანტაზიებში პოულობდა. მას მიაჩნდა, რომ მანდალა ცხოვრების განმავლობაში ინდივიდუაციის პროცესის შედეგად მიღწერული მე-ს ერთიანობისა და ინტეგრირებულობის იდეალური სიმბოლოა.

ავტორი:ლილი ხეჩუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი