ნონა ხიდეშელი:,,ერთად ერთი ადგილი, სადაც წარსული არსებობას განაგძობს ეს ჩვენი გონებაა”

0
1630

…ცოტას თუ შეუძლია, განიცადოს ღვთაებრივი სახე-ხატი, როგორც სულის საკუთრება. ქრისტეს ისინი გარეთ ეძებენ და არა საკუთარ სულებში. სწორედ ამიტომ მეფობს მათი სულის სიღრმეებში წარმართული წყვდიადი. გაცვეთილი საბურველით ცუდად შენიღბული წარმართობა, ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ცივილიზაციას წალეკვით ემუქრება“ – კ.გ. იუნგი

„დრო ადამიანის ფსიქოლოგიური მტერია“- ჯ. კრიშნამურტი

აწმყოში ცხოვრება, შესაძლოა ძალიან მარტივი ჰგონია ადამიანს, მაგრამ თითქმის მიუღწეველია. ადამიანის გონება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მუდამ მიჯაჭვულია წარსულსა და მომავალს. ვინმემ შესაძლოა მოახერხოს და გათავისუფლდეს წარსულის ემოციური ანაბეჭდისგან, მაგრამ იქვეა მომავალზე ფიქრი და ოცნება. არსებითად ადამიანი ვერასოდეს ახერხებს დროისგან (ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) თავის დაღწევას, არადა ბედნიერებისა და სიმშვიდის განცდა მუდამ აწმყოშია, იმ მომენტში, რომელშიც ახლა იმყოფები. როდესაც ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, რომ იშრომებს,  განავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს  და ოდესმე გათავისუფლდება ამა თუ იმ ვნების, სურვილისა ან ჩვევისგან, ეს ნიშნავს რომ უკვე დროით ხარ დაჭერილი და ვერასოდეს გათავისუფლდები მისგან. შენ უბრალოდ გადადე იგი სამომავლოდ, როგორც მუდამ აკეთებდი ამას.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის გააზრება და გამოკვლევა, თუ რატომ ვეჯაჭვებით წარსულს ან მომავალს, რას გვაძლევს მათზე ფიქრი, რას წარმოადგენენ ისინი თავისი არსით, რეალურად არსებობენ თუ უბრალოდ ჩვენს გონებაში.

წარსული არის ყველაფერი ის რაც ჩვენს ცხოვრებაში უკვე მომხდარა, ანუ ამჟამად დასრულებული ფაქტებისა და მოვლენების ნაკრები და შესაბამისად შეუძლებელია რეალურად არსებობდეს დღეს. აღარ  არსებობს ის სიუჟეტები და მოვლენები, ხშირად ის ადა¬მიანებიც კი, ვისთანაც ესა თუ ის მოვლენა გვაკავშირებდა, ამ ქვეყნადაც აღარ არიან.

აქედან გამომდინარე შეუძლებელია მათ რაიმე ფიზიკური გავლენა ქონდეს ჩვენს ამჟამინდელ ყოფაზე, თუმცა ისიც ფაქტია რომ წარსული უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მთლიანად წარსულში, ანუ დროის რაღაც მონაკვეთში არიან დარჩენილი და იმართებიან მისგან.

აქვთ გამოცდილება და სტანდარტი, ნიმუში  შექმნილია და ყველაფერს მას ადარებენ, ეძებენ ძველსა და კარგად ნაცნობს, რაც თავისთავად აწმყოს – ანუ რეალობის აცილებას ნიშნავს. მაშასადამე ერთადერთი ადგილი სადაც წარსული განაგრძობს არსებობას, ხშირად დიდი სიმძაფრითაც, ეს ადამიანის გონებაა, რომელიც მეხსიერების სახით ინახავს და აგროვებს ყველაფერს რაც კი ოდესმე მომხდარა. წარსული, როგორც რაღაც მოქმედი რეალობა,  მხოლოდ ადამიანის გონებაში არსებობს.

ვინმეს ალბათ პროტესტის გრძნობა გაუჩნდება და სამართლიანადაც შენიშნავს, რომ მეხსიერება  პიროვნების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია და წარსულის მახსოვრობის გარეშე შეუძლებელია ადამიანის ნორმალური არსებობა და განვითარება. რა თქმა უნდა წარსულის დავიწყება, როგორც ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპის, შეუძლებელია და თუ ეს მოხდა მას უკვე დარღვევის კვალიფიკაცია მიეცემა. ლაპარაკია წარსულის ემოციურ, ფსიქოლოგიურ მახსოვრობაზე, რაც იწვევს გონების მიჯაჭვას დროის გარკვეულ მონაკვეთზე და რაც შესაძლოა შემდგომში უამრავი პრობლემის მიზეზად იქცეს.

ჯიდუ კრიშნამურტი თავის ნაშრომში „სიკვდილი და სიცოცხლე“ წერდა, რომ  ყოველი გუშინდელი დღე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სრულიად უნდა დაივიწყო. რას ნიშნავს წარსულის ფსიქოლოგიური  დავიწყება? ეს ნიშნავს,  გაათავისუფლო გონება ყველანაირი შთაბეჭდილებისა და ემოციური ანა-ბეჭდისგან.

წარსული უნდა იყოს იქ, სადაც არის, მთელი თავისი სასიამოვნო თუ არასასიამოვნო მოვლენებითა და განცდებით და  აღარ უნდა ახდენდეს  ზემოქმედებას ჩვენს დღევანდელ ყოფასა და ურთიერთობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს მოვახერხებთ აღვიქვათ და დავინახოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, ან გულწრფელად მივუტევოთ ადამიანს ადრე ჩადენილი შეცდომა და აღვადგინოთ ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობები.

რამდენადაც ჩვენ  შეზღუდული ცნობიერების ადამიანები ვართ და არ შეგვიძლია მოვლენის ობიექტური ხედვა, ფაქტებს აღვიქვავთ დადებითად ან უარყოფითად, და წარმოიდგინეთ რა ხდება ადამიანის ისედაც დამძიმებულ გონებაში, სადაც ყოველი ასეთი სასიამოვნოდ თუ არასასიამოვნოდ მიღებული მოვლენა, მთელი თავისი შთაბეჭდილებებით ცოცხლობს, ან რა გასაკვირია, თუ ადამიანს აღარ აქვს უნარი აწმყო მიიღოს და აღიქვას  ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია.

მარტო ფიზიკური არსებობა აწმყოში  არაფერს ნიშნავს, მთავარია რამდენად შეგიძლია მისი რეალური დანახვა და მთელი არსებით მასში ცხოვრება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი