კოკო შანელი:თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასოდეს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია

0
359

ახალი ფილმი „ომი № 5“ კოკო შანელის ანტისემიტურ წარსულს მიეძღვნა. გარდა იმისა, რომ მთელი ომის განმავლობაში ის ცხოვრობდა სასტუმრო „რიცში“  ნაცისტების გარემოცვაში, და ერთ-ერთ მათგანთან რომანიც კი ჰქონდა, ის ებრაელებს აღიქვამდა, როგორც საფრთხეს ევროპისთვის. შანელი თავს არიელად ასაღებდა და ცდილობდა ბიზნესის წართმევას თავისი პარტნიორისთვის,  პოლ ვერტჰაიმერისთვის. არ გამოუვიდა – სავაჭრო სახლი „Chanel“-ი დღესაც წინდახედული ებრაელის ოჯახს ეკუთვნის.

უკვე ასაკში მყოფმა კოკო შანელმა, ფრანგ კორესპონდენტთან  აღიარა, რომ ცოტა ხნის წინ, პირველად თავის შესახებ სიმართლე ექიმთან ვიზიტის დროს თქვა და დაამატა: „ეს გავაკეთე მე, ვისაც არასოდეს უთქვამს სიმართლე, თავისი მღვდლისთვისაც კი!“ 

გულდახურულობა კოკოს ბუნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. თავისი ცხოვრების ცალკეული ფრაგმენტების გადასწორება მან უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მის ბიოგრაფიაში ის ფაქტები გაჩნდებოდა, რომლებიც დამალვას საჭიროებდა. ის მალავდა თავის დაბადების წელს – ჟურნალისტები იძულებული იყვნენ დალოდებოდნენ მის გარდაცვალებას, რომ უშიშრად დაეწერათ: „კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს“. ახალგაზრდობაში შანელმა შეთხზა ამბავი მისი მამის შესახებ, რომელიც თითქოს მილიონერი იყო და ამერიკაში მემკვიდრეობის მისაღებად გაემგზავრა. მას უსმენდნენ და თავს უქნევდნენ. მისი წარმატება, ავტორიტეტი და ნარცისიზმი  ,,ფაქტჩეკერებს“ ნებისყოფას აკარგვინებდა.

მაგრამ რეალობა ბევრად უფრო პროზაული იყო. ბავშვობა ღარიბ ოჯახში გაატარა,  ოჯახი ცხოვრობდა დაბინძურებულ ბინაში. დედა, საქველმოქმედო საავადმყოფოში, ფრანგულ სომიურში, ლუარას მარცხენა სანაპიროზე მრეცხავად მუშაობდა. მამა დადიოდა მთელ  საფრანგეთში, ყიდდა სამუშაო ტანსაცმელსა და საცვლებს.

დედა გარდაიცვალა, როდესაც გოგონა 12 წლის იყო. მას სამი და და ორი ძმა ჰყავდა. მამამ ვაჟები მოჯამაგირედ გაუშვა, ქალიშვილები კი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ობაზინის მონასტერში, სადაც ბავშვთა თავშესაფარი იყო. დარჩენილი ბავშვობის წლები გაბრიელამ – ეს კოკო შანელის ნამდვილი სახელია – მკაცრ რელიგიურ გარემოში გაატარა, მოკრძალებასა და სიმკაცრეში, რომლითაც მონაზვნები ეპყრობოდნენ მათ  სამეურვეო ბავშვებს.

მან კერვა მონასტერში ისწავლა, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ესმოდა,  რამდენად სასარგებლო იქნებოდა ეს მისთვის. 18 წლის ასაკში იგი გადაიყვანეს გოგონათა პანსიონში ქალაქ მულენში. მონასტერში ზოგიერთი გოგონას მატერიალურად უზრუნველყოფდნენ მათი ნათესავები. ეს საშუალებას აძლევდა გოგონებს არ ემუშავათ და უფრო კომფორტულ პირობებში ეცხოვრათ. სწორედ მაშინ გააკეთა ახალგაზრდა შანელმა დასკვნა, რომ ფული ცხოვრებას ალაზათიანებს.

მონასტრის დატოვების შემდეგ, გოგონა, ერთი ვერსიით, სამუშაოდ მოეწყო მაღაზიაში, სადაც საპატარძლო კაბებს ყიდდნენ. მეორე ვერსიით – სამკერვალო სახელოსნოში. აქ მისი ბიოგრაფია ისევ ორად არის გაყოფილი, მაგრამ თანხმდებიან ერთ რამეში – საღამოობით გაბრიელა ართობდა ხალხს ვარსკვლავების გამოსვლებს შორის „La Rotonde“-ში. ყველა ფილმში, სადაც მსახიობები თამაშობდნენ ახალგაზრდა კოკო შანელის როლს, ისინი ასრულებენ სიმღერას Ko Ko Ri Ko. ამბობენ, რომ სწორედ ეს დაედო საფუძვლად გოგონას ახალ სახელს. თავად შანელი კი ირწმუნებოდა, რომ ეს მეტსახელი მამამ შეარქვა, მაგრამ მისი მეგობრები და ბიოგრაფები დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს კიდევ მისივე გამოგონილი ლეგენდაა.

ამბიციური პროვინციელი ქალის ოქროს ოცნება გაქცეულიყო პარიზში – ახდა. მან გაიცნო ყოფილი კავალერისტი და საფეიქრო მრეწველობის მდიდარი მემკვიდრე ეტიენ ბალსანი, და მისი ცხოვრება ნელ-ნელა აეწყო ისე, როგორც ის ოცნებობდა. მდიდარი მამაკაცები, ეფექტური ნაცნობობა, ქუდების სალონი, რომელიც თანდათან გადაიზარდა ტანსაცმლის მაღაზიაში და საბოლოოდ იქცა მოდის სახლად „შანელი“. მას მოჰყვა ძვირადღირებული აპარტამენტები, ნანატრი დამოუკიდებლობა და მეგობრებისთვის ლამაზი ჟესტის გაკეთების შესაძლებლობა – ყველაფერი ეს მართლაც იყო შანელის ცხოვრებაში.

მას, რა თქმა უნდა, შეიძლება ეწოდოს ქალი, რომელმაც თავად შექმნა თავისი თავი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან ეს იმ მამაკაცების დახმარებით შეძლო, რომლებსაც უყვარდათ ის. ეს უპატივცემულობა იქნებოდა ამ უკანასკნელთა მიმართ. თუმცა, მან ყველა ვალი გაისტუმრა, და როდესაც გამოემშვიდობა ხარჭას სტატუსს, ახლა უკვე მას უწევდა ხშირად მამაკაცების რჩენა.

სახელგანთქმული მადმუაზელ შანელი თავს წარმოაჩენდა თავისუფალ ადამიანად, მაგრამ იყო თუ არა ასეთი სინამდვილეში, ამის თქმა ძალიან ძნელია. მისი ბიოგრაფიის პოპულარული გამოცემების ავტორები დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინეთ უვლიდნენ გვერდს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. მან, ვითომდა, დახურა მაღაზიები და სამკერვალოები და საცხოვრებლად გადავიდა პარიზის ცნობილ სასტუმროში „რიცში“, სადაც რომანი ჰქონდა გერმანელ მხედართმთავართან, და ომის შემდეგ შვეიცარიაში გაემგზავრა.

მალე მისი საყვარელი ჰანს გიუნტერ ფონ დინკლაგი გაქრა, თავად კი დაბრუნება მხოლოდ 1954 წელს შეძლო. ის სასწაულებრივად გადაურჩა დაპატიმრებას გერმანელ დამნაშავესთან კავშირის გამო. ამ აბზაცში ბევრად უფრო მეტი ინფორმაციაა, ვიდრე რიგით ჩანაწერებში შანელის შესახებ, სადაც აღწერილია მისი ცხოვრების ეპიზოდი.

კოკო შანელის მხილება 2010 წლიდან დაიწყო. აშშ საგარეო საქმეთა სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა ჰელ ვონმა, რომელიც მოგვიანებით გახდა დოკუმენტალისტი, 2011 წელს გამოაქვეყნა წიგნი „საწოლში მტერთან ერთად: კოკო შანელის საიდუმლო ომი“. სავარაუდოა ტექსტი, ფრანგული და გერმანული დაზვერვის მასალების საფუძველზე დაიწერა, რომელსაც გრიფით საიდუმლო მოეხსნა.

2014 წელს გამოვიდა ისტორიკოსის ფრანკ ფერანის დოკუმენტური სერიალის „L’Ombre d’un Doute” ეპიზოდი „ეჭვის ჩრდილი“, რომელიც ასევე მიეძღვნა შანელის რომანს ჰანს გიუნტერ ფონ დინკლაგთან. ფერანი ამტკიცებდა, რომ შანელი ნაცისტების სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გასული წლის ბოლოს გამოვიდა ფრანგი რეჟისორის სტეფან ბენჰამის დოკუმენტური ფილმი „ომი № 5“, რომელიც მოგვითხრობს კოკო შანელისა და ვიშის რეჟიმის მჭიდრო ურთიერთობების შესახებ. სულ ახლახანს ის იერუსალიმში ებრაელთა კინოფესტივალზე აჩვენეს.

ყველა ჩამოთვლილი ავტორი ამტკიცებს, რომ შანელს გაჩნდა ფენომენალური შრომისუნარიანობა, ნიჭი, წარმატების მიღწევის კარგი ალღო და შესანიშნავი გემოვნება. მაგალითად, ვონის აზრით, მაღაზიების და სამკერვალოების დახურვა იმის გამო მოხდა, რომ 1936 წელს მისი თანამშრომლები, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობდნენ მანიფესტაციებში ხელფასების გაზრდისა და სამუშაო საათების შემცირების მოთხოვნით.

მან ისარგებლა ომის დაწყებით, როგორც შურისძიების შესაძლებლობით. მასთან სამსახური დაკარგა დაახლოებით 4000 ადამიანმა. თავის ინტერვიუებში შანელი დემონსტრირებდა უბრალო ადამიანებისადმი თბილ დამოკიდებულებას, მაგრამ ისინი, ვინც მას იცნობდა, ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში საკუთარ მსახურებსაც კი ქედმაღლურად ექცეოდა.

ფილმში „ომი № 5“ სტეფან ბენჰამუ, ისევე როგორც შანელის კრიტიკოსები, ადასტურებს, რომ კოკო მისივე წრეში არ მალავდა თავის ანტისემიტიზმს და უწოდებდა ებრაელებს საფრთხეს ევროპისთვის. რეჟისორი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სასტუმრო „რიცში“, სადაც შანელი დიდი ხნის მანძილზე ქირაობდა აპარტამენტებს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ძირითადად გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნები და მისი მეგობარი ჰანს გიუნტერ ფონ დინკლაგი ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ბენჰამუ დარწმუნებულია, რომ ნაცისტების შემოჭრამ საფრანგეთში  შანელს იმედი მისცა, რომ ის შეძლებდა ძმები ვერტჰაიმერებისთვის კომპანიის „Les Parfums Chanel“ წართმევას, რომელიც აწარმოებდა და ვაჭრობდა ყველაზე მომგებიანი პროდუქციით – სუნამო შანელი №5-ით.

მსხვილი ბიზნესმენი პიერ ვერტჰაიმერი კოკო შანელს გააცნო პარიზის უნივერმაღის დამფუძნებელმა თეოფილე ბადერმა. ეს მოხდა 1923 წელს დოღზე ყოფნის დროს. შანელი ოცნებობდა ამ შეხვედრაზე: მისი სუნამო Canel No.5 ისევ რჩებოდა საცალო პროდუქციის სახით მისი მაღაზიის ექსკლუზიური კლიენტებისთვის, მას კი მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა.

ძმები ვერტჰაიმერების, პიერის და პაულის ფული და კავშირები მას ძალიან დაეხმარებოდა. ყველაფერი მართლაც ასე მოხდა – 1924 წელს ბადერმა, ვერტჰაიმერებმა და შანელმა დაარსეს კომპანია „Les Parfums Chanel“. სუნამოს წარმოებისა და დისტრიბუციის ყველა ხარჯი ძმებმა ვერტჰაიმერებმა თავის თავზე აიღეს. თუმცა, მათვე ერგოთ კომპანიის აქციების 70%, და შესაბამისად,  მოგების დიდი ნაწილი. აქციების 20% გადავიდა ბადერთან, შანელს კი მხოლოდ 10% ერგო.

მომდევნო წლებში შანელი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა გამოესყიდა კომპანია პარტნიორებისგან, მაგრამ მხოლოდ ბადერი დათანხმდა მიეყიდა მისთვის თავისი აქციები. 1935 წელს შანელმა სარჩელი შეიტანა ვერტჰაიმერების წინააღმდეგ და შეეცადა მათთვის კომპანიის დანარჩენი ნაწილი ჩამოერთმია. მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
შანელმა, რომელიც თავის თავს არიელს უწოდებდა, 1941 წელს არაერთხელ მიმართა წერილობით გერმანელ მაღალჩინოსნებს ფრაზით, რომ „Les Parfums Chanel“ კვლავ რჩება ებრაელების საკუთრებაში.

1937 წელს პაული გარდაიცვალა და ომი მხოლოდ პიერ ვერტჰაიმერის წინააღმდეგ იყო მიმართული. თავის შუამდგომლობაში კოკო ხაზგასმით აღნიშნავდა:არიული კანონების საფუძველზე, ახლა მხოლოდ მას აქვს კომპანიაზე უფლება, მან ეს უფლება სიმწრით მოიპოვა 17-წლიანი თანამშრომლობის შედეგად უზურპატორ ვერტჰაიმერთან.

ასეთ წერილებს რომ გზავნიდა, კოკომ არ იცოდა, რომ წინდახედულმა ებრაელმა უკვე მოახერხა თავისი წილის გადაწერა ფრანგ მრეწველზე, ქრისტიან ფელიქს ამიოზე და ევროპა დატოვა. ამიო ნაცისტებს იარაღს აწოდებდა, ამიტომ მათ თვალები დახუჭეს პარფიუმერიის გაყოფის საქმეზე. ომის დამთავრების შემდეგ ამიომ დაუბრუნა ვერტჰაიმერს მისი საკუთრება, ის კი შანელს შეურიგდა. შანელმა უარი განაცხადა თავის პრეტენზიებზე და თავისი წილიც კი მისცა ვალდებულებების სანაცვლოდ; გადაიხადოს ყველა მისი ვალი, დააფინანსოს ახალი კოლექციები და გადაიხადოს მისი ანგარიშები მის გარდაცვალებამდე. ასე რომ,  ქალის ტვიდის კოსტუმები და ჩანთები ჯაჭვით,  ებრაელის ინვესტიციების წყალობით გაჩნდა.

რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის სახელმწიფო უშიშროებასთან საქმის გარჩევისათვის თავის არიდებას ოკუპაციის დროს გერმანელებთან კავშირის გამო, ერთ-ერთი ვერსიით, მას ამაში უინსტონ ჩერჩილთან მეგობრობა დაეხმარა.

1971 წელს, როდესაც შანელი გარდაიცვალა და არ დატოვა მემკვიდრეები, ვერტჰაიმერების ოჯახმა მიიღო ბიზნესის მართვის ერთპიროვნული უფლება. პიერი აღარ იყო ცოცხალი იმ დროისთვის, მისი ვაჟი ჟაკი არ იყო დაინტერესებული ბიზნესით, მაგრამ მისი შვილიშვილები ალენი და ჯერარი გრძნობდნენ, რომ მათ შესწევთ ძალა უკეთესად წარმართონ „შანელის“ მოდის სახლის საქმე, რომელიც იმ დროისთვის მაინც და მაინც კარგად არ მიდიოდა.

აფთიაქის თაროებიდან მათ სუნამო გადაიტანეს ფეშენებელური მაღაზიების ვიტრინებში და „ლუქსის“ კატეგორიაში გაიყვანეს. 1978 წელს, დიდი ხნის შეჩერების შემდეგ გამოვიდა მზა ტანსაცმლის პირველი პროდუქცია, ხოლო 1983 წელს კომპანიამ დაიქირავა კარლ ლაგერფელდმა, რომელიც დღემდე რჩებოდა სახლის კრეატიულ დირექტორად. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ლანგერფელდი შავ სათვალეებს ატარებდა მხოლოდ  საიდუმლოების შარავანდედის შესანარჩუნებლად.

დღევანდელ ძმები ვერტჰაიმერები, თანამედროვე მეწარმეებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან მედიაში, ეწევიან საკმაოდ ძველმოდური ცხოვრების წესს. ერთი ნიუ-იორკში ცხოვრობს, მეორე – ჟენევაში, ისინი აგროვებენ ხელოვნების ნიმუშებს, დაკავებული არიან ცხენების მოშენებით, აქვთ ვენახები ბორდოში, თავს არიდებენ  ფუსფუსს და ხმაურიან წვეულებებს მაღალ საზოგადოებაში. მათ ურჩევნიათ „მდუმარე მდიდართა“ საზოგადოება, როგორც მათ პრესა უწოდებს, როგორებიც არიან როტშილდები, ვილდენშტაინები, გუტფროინდები და ბიჰოვი. მაშინაც კი, როცა ესწრებიან „Chanel“-ის ჩვენებებს, ისინი ჩრდილში ყოფნას ახერხებენ.

რამდენიმე წლის წინ „უწყებებში“ ეწერა, რომ საიდუმლოება სასარგებლოც კი არის მოდის სახლისთვის.  არავინ იცის ზუსტად რამდენი ბუტიკი აქვთ ან, მაგალითად, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ბოლო კოლექცია. „ამ ბიზნესში მხოლოდ ერთი წმინდა ადამიანია. და ეს ალენ ვერტჰაიმერია’, – განაცხადა ლაგერფელდმა. – ჩვენ შეთანხმება დავდეთ, როგორც მეფისტოფელმა და ფაუსტმა. იგი მხარს მიჭერს 100%-ით მაშინაც კი, როდესაც კოლექცია არ არის ძალიან კომერციული“.  ალენ ვერტჰაიმერმა რევერანსი გაუკეთა ლაგერფელდსა და მოდის სახლის მთელს ისტორიას, და ასეთი პასუხი გასცა ლაგერფელდს: „შანელი არის კოკო, კარლ, მაგრამ არა ვერტჰაიმერები“.

თარგმნა:ირაკლი კეკელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი