თვითკონტროლი

0
367

ადამიანის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესია თვითრეგულაციის უნარი, რადგან ის წარმოადგენს სასიცოცხლო ადამიანურ ძალას. მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შესაძლებლობაზე, რომ ეფექტური და მუდმივი მაკონტროლებელი გავლენა შეინარჩუნო არასასურველ რეაქციებზე და შეცვალო ისინი მისაღები საპასუხო მოქმედებებით.

წარუმატებელი თვითრეგულაციის შემთხვევები განაპირობებს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, სარისკო სექსუალურ გამოცდილებას, არაჯანსაღ კვებასა და დიეტას, ბავშვების შეურაცხჰყოფას, მიჯაჭვულობის ყველა გამოვლინებას. ბოლო ათწლეულებში დიდი მნიშვნელობის გახდა იმის გარკვევა, თუ როგორ, რატომ და რომელი პირობების შემთხვევაში არ შეუძლიათ ადამიანებს თვითკონტროლის განხორციელება.

განსაზღვრებები და კონცეპტუალური მსჯელობები

ტერმინი თვითკონტროლი გამოიყენება იმ ინტენსიური და ცნობიერი პროცესის აღსანიშნავად, რომელიც აფერხებს ან ახშობს მოქმედებებსა და რეაქციებს. თვითკონტროლის ცნების ქვეშ შემუშავდა თვითდისციპლინის ტერმინი. ამ ტერმინით აღინიშნება ადამიანის ის მოქმედებები, რომლებიც ემსახურება დასახული მიზნების მიღწევას და თვითგაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ისეთი ტერმინები, როგორებიცაა თვითკონტროლი და თვითრეგულაცია.

თვითრეგულაცია არის ფართო მნიშვნელობის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი ავტომატური თუ ცნობიერი რეაქციების მოდიფიკაციასა და მართვას. მოცემული მოხსენების მთავარი თემაა თვითკონტროლი, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ განხილული ყველა თემა შეიძლება განიხილებოდეს თვითრეგულაციის კვლევად, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი თუ ეხება თვითდისციპლინის საკითხს.

თვითკონტროლის პროცესის მოდელები

კიბერნეტიკული მოდელი

ჩარლზ კარვერმა და მაიკლ შაიერმა განავითარეს თვითკონტროლის კიბერნეტიკული მოდელი; ამ მოდელის მიხედვით თვითკონტროლი ხორცილედება შემდეგი ჯაჭვის ფარგლებში: შემოწმება-მოქმედება-შემოწმება-გამოსვლა. ადამიანები შედიან Tote-ის (test-operate-test-exit)  ჯაჭვის ფარგლებში მაშინ, როდესაც ისინი დაისახავენ მიზანს. პირველი ქმედება – შემოწმება ემსახურება მიმდინარე და სამიზნე მდგომარეობის შედარებას. ჩვეულებრივ, მიმდინარე და სასურველ მდგომარეობას შორის არის განსვლა, ისინი დაშორებული არიან ერთმანეთისაგან და პიროვნება ასრულებს მოდელის ოპერატიულ ფუნქციას იმ მხრივ, რომ მის მიერ განხორციელებული მოქმედებები ემსახურება მიმდინარე და სამიზნე მდგომარეობის დაახლოებას. პიროვნება კიდევ ერთხელ მიმართავს შემოწმებას. ეს შემოწმება საჭიროა იმისათვის, რომ გაირკვეს, მიზნის მისაღწევად კიდევაა საჭირო სამუშაოს შესრულება – მოქმედებები თუ მიზანი მიღწეულია და პიროვნებას შეუძლია პროცესის ჯაჭვიდან გასვლა.

კარვერისა და შაიერის ეს მოდელი გულისხმობს ერთ მნიშვნელოვან აზრს იმის შესახებ, რომ ემოციები მიზნის მისაღწევად პროგრესულად მოქმედებენ: პოზიტიური აფექტი ხშირად მიანიშნებს ადამიანს, რომ მიზანთან ახლოსაა, სწორად მოძრაობს მიზნის მიღწევისაკენ სავალ გზაზე, ხოლო ნეგატიური აფექტი სასიგნალო ფუნქციას ასრულებს იმ მხრივ, რომ ადამიანს ატყობინებს სამიზნე მდგომარეობისაგან დაშორებულობის შესახებ.

რეგულატორული რესურსის მოდელი

რეგულატორული რესურსის მოდელი აღნიშნავს, რომ თვითკონტროლის უნარი იმართება შეზღუდული რესურსით, რომელიც ნაწილდება თვითკონტროლის ყველა ტიპს შორის (ალბათ, მკითხველმა შენიშნა, რომ რესურსის მოდელი tote მოდელში ასრულებს ოპერატულ/სამოქმედო ფუნქციას). თვითკონტროლის ნებისმიერი აქტი განაპირობებს იმას, რომ თვითკონტროლის შემდგომი აქტი იქნება ნაკლებ წარმატებული, რადგან მისთვის ცოტა რესურსიღა იქნება დარჩენილი. ეს მდგომარეობა ცნობილია ეგოს გამოფიტვის სახელწოდებით; ამ პირობაში ძნელია თვითკონტროლის განხორციელება, რადგან პიროვნებას არ შუეძლია საკმარისი რეგულატორული რესურსებისათვის თავის მოყრა. კეტლინ ვოსი, როი ბაუმაისტერი და მათი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს რესურსი გამოიყენება ყველა რეაქციაში – ემოციურ რეგულაციაში, მენტალურ კონტროლში, იმპულსურ ინტერვენციასა თუ ქცევით მართვაში. ეს კი განაპირობებს იმას, რომ თვითკონტროლის თითოეული აქტისათვის საჭირო რესურსების დონე იკლებს.

რესურსების მოდელის ირგვლივ ჩატარებულია კვლევები. ამ კვლევებში მონაწილეების ერთ ჯგუფს აძლევდნენ ინსტრუქციას, რომ ეკონტროლებინათ თავიანთი ქცევის ზოგიერთი ასპექტი ( ყურადღების მიქცევა ან ემოციური რეაციები). ამის მიზანი იყო, რომ მონიწელეების რეგულატორული რესურსები დახარჯულიყო. კვლევის მონაწილეების მეორე ჯგუფს თვითკონტროლი არ მოეთხოვებოდათ. ფასდებოდა ისეთი ქცევები, როგორებიცაა ნაყინის შეჭმა და დაუგეგმავი ყიდვის პატერნები. იმ პირებს ნაკლებად შეეძლოთ თავის გაკონტროლება ჭამასა თუ იმპულსურ ხარჯვაში, როლმებსაც წინა ეტაპზე თვითმაკონტროლებელი მექანიზმების გამოყენება მოეთხოვებოდათ.

სიამოვნების მიღებისაგან თავის შეკავების პარადიგმა

თვითკონტროლის მესამე მოდელი ცენტრირებულია სიამოვების მიღებისაგან თავის შეკავების უნარზე. 40 წელზე მეტხნიანი კვლევების შედეგად უოლტერ მიშელმა და მისმა კოლეგბმა გამოავლინეს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ფრუსტრაციისაგან თავის არიდება, არასასურველი რეაქციების ჩახშობა, მიზნის მიღწევა, ფსიქოლოგიური ზრდა და კეთილდღეობა. სიამოვნების მიღებისაგან თავის შეკავების ტიპური კვლევები ფოკუსირებულია დაახლოებით 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ისინი სხედან მაგიდასთან და მათ წინ მოთავსებულია გემრიელი საკვები. ბავშვებს ეუბნებიან, რომ თუ არ შეჭამენ მათ წინ მოთავსებულ საკვებს, შემდეგ უფრო მეტ გემრიელ ულუფას მიიღებენ. სიამოვნების მიღებისაგან თავის შეკავება იზომება იმით, თუ რამდენ ხანს შეძლებს ბავშვი დალოდებას და არ შეჭამს საკვებს.

4-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავლენენ სიამოვნების მიღებისაგან თავის შეკავების უკეთეს უნარებს, უფრო ეფექტურად ურთიერთობენ სხვებთან და უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სტრესორებს. ეს მონაცემები ნათელყოფს, თუ რაოდენ სასარგებლოა თვითკონტროლისა და თავშეკავების უნარ-ჩვევები.

თვითკონტროლის სფეროები

მენტალური კონტროლი

საკმაოდ რთულია არასასურველი ფიქრებისაგან თავის დაღწევა, გარკვეული აზრების ჩახშობა. მენტალურ კონტროლზე ჩატარებულმა კვლევებმაც გამოავლინა ამ საკითხთთან დაკავშირებული აშკარა სირთულეები. ფსიქოლოგმა დანიელ ვეგნერმა ააგო მნიშვნელოვან კვლევათა რიგი, სთხოვდა რა ადამიანებს, შეეწყვიტათ თეთრ დათვზე ფიქრი. ადამიანებს ძალიან უჭირდათ ამ დავალების შესრულება; უფრო მეტიც, ისინი დავალების შესრულების შემდეგაც განიცდიდნენ თეთრ დათვზე აზრების მოზღვავებას. ეს ეფექტი გამოვლინდა სხვა კვლევებშიც, რომლებიც ეხებოდა ფიქრის შეწყვეტას სექსზე, საიდუმლო რომანტიულ ურთიერთობებზე, დეპრესიულ აზრებზე.

ემოციების კონტროლი

ემოციების რეგულაციის დაახლოებით ექვსი სხვადასხვა კატეგორია არსებობს: პოზიტიური და ნეგატიური ემოციების გაჩენა, მათგან თავის არიდება ან მათი შენარჩუნება. თუმცა, აფექტის კონტროლის მცდელობების უმრავლესობა მიმართულია ერთ ამ კატეგორიაზე – ესაა ნეგატიური ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება. მკვლევარი ჯეიმს გროსი ემოციურ რეგულაციაში განიხილავს პრე და პოსტ ემოციურ სტიმულაციას. სიტუაციის არჩევა გულისხმობს ემოციური მდგომარეობის შეცვლას ადამიანების გარკვეული ტიპების, ადგილებისა და ობიექტების შერჩევით. სიტუაციის მოდიფიკაციის სტრატეგიები გულისხმობს მცდელობებს იმისას, რომ სიტუაციის გადაკეთებით შეიცვალოს მისი ემოციონალური ეფექტებიც/გავლენებიც. რეაქციების მოდულაცია გულისხმობს ემოციური რეაქციების კონტროლს მას მერე, რაც ისინი აღმოცენდებიან.

ბიჰევიორალური ცვლილება

ბიჰევიორალური თვითკონტროლის ახალი მოდელები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ბიჰევიორალური ცვლილების დაწყება და ამ ცვლილების შენარჩუნება. ფსიქოლოგი ალექსანდერ როტმანი თვლის, რომ ქცევითი ცვლილების პროგრამის მთავარი მიზანი ამ ცვლილების მიღწევასთან ერთად არის მისი შენარჩუნების შესაძლებლობა. ეს უკანსაკნელი განსაზღვრავს პროგრესით კმაყოფილებას. დიეტის დამწყები პიროვნება გათვლის, თუ როგორ გამოიყურება საცურაო კოსტუმში დიეტის დასრულებისას. თუ ეს მოლოდინი პოზიტიურია, პიროვნება დიდი ალბათობით დაიწყებს დიეტას. თუმცა, დაწყების შემდეგ პროგრამის განხორციელება გაგრძელდება, თუ პიროვნება კმაყოფილი იქნება აღქმული პროგრესით. ბიჰევიორალური ცვლილების ასეთი ანალიზი მნიშვნელოვანი იარაღია იმ მკვლევარებისა და კლინიცისტებისათვის, რომლებსაც განზრახული აქვთ ადამიანების მოტივირება თვითცვლილების პროგრამების დასაწყებად და მათ შესანარჩუნებლად.

მორალური წესებისადმი ერთგულება

კულტურული წესებისა და საზოგადოების ღირებულებებისადმი ერთგულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ასევე საჭიროებს თვითკონტროლს, კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ სიარულის დამწყები ასაკის ბავშვებს აქვთ ნაკლები თვითკონტროლი და ის დაახლოებით 5-10 წლის ასაკში აღმოცენდება, როგორც დასჯის შიშიდან გამომდინარე რეაქცია. Grazyna Kochanska-მ და მისმა კოლეგებმა გამოავლინეს, რომ სიარულის დამწყებ და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში თვითკონტროლის დონე შემდგომ განსაზღვრავს მათს მორალურ ქცევას, აზროვნებას, მორალურ იდენტობასა და მე-კონცეფციას. 20 წლის ასაკისათვის ადამიანების მიერ მორალური თვითკონტროლის გამოვლენა განპირობებულია ინტერნალიზებული კულტურული ღირებულებებით.

ინდივიდუალური განსხვავებები

ამ ქვეთავში განხილულია თვითკონტროლის პიროვნული ნიშნების სკალები, რომლებიც სხვადსხვა ტიპის თვითკონტროლის გაზომვის შესაძლებლობას ქმნის.

უძველესია კალიფორნიის ფსიქოლოგიური კითხვარის თვითკონტროლის ქვესკალა. 38-პუნქტიანი სკალა თავდაპირველად შეიქმნა იმისათვის, რომ გაეზომა თავდაჭერილობის უგულებელყოფის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი ზედმეტად მხიარულობს, მაგალითად, კარნავალზე. Harrison Gough-მა და მისმა კოლეგებმა განიზრახეს გაეზომათ სისწრაფე, გულფიცხობა, კაპრიზულობა და აქედან დაიბადა კალიფორნიის პიროვნული კითხვარის თვითკონტროლის ქვესკალა. ეს სკალა გამოიყენებოდა 1960-1970-იან წლებში, მაგრამ დიდი პოპურალობით არ უსარგებლია გარკვეული ფსიქომეტრული პრობლემების გამო. კალიფორნიის ფსიქოლოგიური კითხვარის თვითკონტროლის ქვესკალის ბევრი პუნქტი ძალიან ფართო და ჰეტეროგენულია და ამასთანავე დაბალი ვალიდობის. უფრო მეტიც, ამ სკალის გამოყენების ჰორიზონტი საკმოად მცირეა.

კალიფორნიის ფსიქოლოგიური კითხვარის სოციალიზაციის ქვესკალა ასევე ფართოდ გამოიყენება თვითკონტროლის საკვლევად. ის შედგება 46 პუნქტისაგან და ზომავს თავდაჭერილობას, პიროვნების სანდოობას/საიმედოობას, ბეჯითობას, სოცილაურობას, წესებისადმი დამყოლობას.

პაულ კოსტასა და რობერტ მაკკრაის პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელიც გამოიყენება თვითმაკონტროლებელი მოქმედებების წინასწარმეტყველებისათვის. პატიოსნების პიროვნული განზომილება შეიცავს თვიტკონტროლის ქვესკალას, თუმცა, ექსტრავერსიაც აჩვენებს გარკვეულ პრედიქტულ შესაძლებლობას. პატიოსნების  განზომილებაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ განახორციელონ ხანგრძლივი გეგმები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ უკეთესი თვითკონტროლი; განსაკუთრებიღ ეს ეხება თვითკონტროლის პრაქტიკულ ასპექტებს ( მაგ: დაგეგმვას, საიმედოობას და ორგანიზებულობას).

Michael Gottredson-ისა და travis Hirsch-ის წიგნში ,,კრიმინალის ზოგადი თეორია” გადმოცემულია Harold Grasmick-ისა და მისი კოლეგების აზრები იმის შესახებ, რომ აგრესია და კრიმინალობა არის დაბალი თვითკონტროლის შედეგი. დაბალი თვითკონტროლის სკალა კრიმინოლოგებმა გამოიყენეს დანაშაულის, აგრესიისა და დელიქვენტურობის საკვლევად და გამოვლინდა, რომ დაბალი თვითკონტროლის ადამიანებს დიდი ალბათობით აქვთ კანონის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.

დაბალი თვითკონტროლის სკალა შედგება 24 პუნქტისაგან და შეიცავს ისეთ განცხადებებს, როგორებიცაა:

• ვთვლი, რომ ბევრ ჩემს თანატოლთან შედარებით მეტ ენერგიასა და ფიზიკური საქმიანობით დაკავების საჭიროების ვგრძნობ;

• შევეცდები, რომ მივაღწიო სასურველ მიზანს მაშინაც კი, თუ ვიცი, რომ ეს პრობლემბს შეუქმნის სხვა ადამიანებს;

• როდესაც რაიმეს გაკეთებას ვასრულებ, ვმშვიდდები;

• მირჩევნია ვიმოქმედო, ვიდრე ვიკითხო ან რაიმე მოვიფქრო;

• დიდად არ თანავუგრძნობ ადამიანებს, როდესაც მათ აქვთ პრობლემები;

• ხშირად ვარიდებ თავს ისეთ პროექტებს, რომლებიც რთულია;

• მე უფრო მაწუხებს, თუ რა შემემთხვევა ახლო მომავალში, ვიდრე დიდი დროის გასვლის შემდეგ;

მონაწილეებს სთხოვონ, რომ აღნიშნონ, თუ რამდენად ეთანხმებიან ამ განცხადებებს საკუთარ თავთან მიმართებით-რამდენად აღწერენ ისინი მათს პიროვნებას. ეს სკალა არის უნიგანზომილებიანი კონსტრუქტი.

უკანასკნელი თვითკონტროლის სკალა შეიქმნა june tanghy-სა და Roy Baumeister-ის მიერ. მათი სკალა შეიქმნა იმისათვის, რომ გაეზომა თვითკონტროლის სხვადსხვა უნარი ისეთ ფსიქოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა თვითდისციპლინა თუ ცდუნებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ამ სკალის გრძელი ვარიანტი შედგება 36 პუნქტისაგან, ხოლო მოკლე ფორმა – 10 პუნქტისაგან. გრძელ ვარიანტს აქვს 5 ქვესკალა: თვითდისციპლინა, განზრახული მოქმედება, ჯანსაღი ჩვევები, სამუშაო ეთიკა და სანდოობა.

თვითკონტროლის სკალა შეიცავს 36 პუნქტს, რომელთაგან თითოეულს პიროვნებამ უნდა მიანიჭოს ნომერი 1-დან 5-მდე ( 1 – არ შემესაბამება, 5- სავსებით შემესაბამება). წარმოდგენილი პუნქტები შეიცავს:

• მაქვს მავნე ჩვევები;

• ზარმაცი ვარ;

• ვამბობ ხოლმე შეუსაბამო რამეს;

• არასდროს ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ დავკარგო კონტროლი;

• ვასრულებ ჩემთვის ზიანის მომტან მოქმედებას, თუ ის სასიამოვნოა;

ამ სკალაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე პიროვნებებს აქვთ უკეთესი ნიშნები კოლეჯში, აღენიშნებათ ნაკლები ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებები, აქვთ მაღალი თვითშეფასება, უკეთესი ურთიერთობა ოჯახსა და მეგობრებთან და ნაკლებად განიცდიან ნეგატიურ ემოციონალურ რეაქციებს.

ავტორი:ნაზი ფარსადანიშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი