დაფიქრდით, თქვენც პროკრასტინაციით ხომ არ იტანჯებით?

0
449

წარმოიდგინეთ თქვენი თავის იდეალური ვერსია. ალბათ, მას ნაგვის გატანა არასდროს ეზარება, ჭურჭელს სადილის დასრულებისთანავე რეცხავს და საწოლს ყოველთვის იდეალურად ასწორებს. სავარაუდოდ, თქვენც გაწუხებთ არეული სახლი ან სამუშაო მაგიდა, მაგრამ მეცნიერები უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ადამიანებს ხშირად მყისიერი კმაყოფილება (დღევანდელი კვერცხი) ურჩევნიათ გრძელვადიან კეთილდღეობას (ხვალინდელ ქათამს). რა თქმა უნდა, სუფთა სამზარეულოს ყურება სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა საყვარელი სერიალის მორიგი ეპიზოდის ჩართვა და ცოტა ხნით საქმეების დავიწყება.

რატომ ვდებთ სამომავლოდ ისეთ საქმეებს, როგორიც ჭურჭლის გარეცხვაა? პასუხი რთული არაა: ნიჟარასთან ტრიალი დროსა და ენერგიას მოითხოვს, ჯილდო კი მხოლოდ ისაა, რომ მომავალშიც შეგვეძლება თეფშების გამოყენება და დასვრა. მიუხედავად ამისა, გაუკეთებელი საქმეების გამო შფოთვა რაღაც მომენტში დარეცხვის უსიამოვნებას აჭარბებს და ჩვენც ხელებს ვიკაპიწებთ. ეს სავსებით მოსალოდნელი ციკლია, რომელშიც სხვა მხრივ სრულიად პროდუქტიული ადამიანები ხვდებიან ხოლმე. საქმე, რომელსაც სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება, შეიძლება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გვსტრესავდეს.

ყველაფერი სიზარმაცით ვერ აიხსნება. პროკრასტინაციის გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია, რასაც თუ ემოციურ-ფსიქოლოგიური მიზეზების კოქტეილს დავუმატებთ, შედეგად რამდენიმე კვირის გამოუცვლელ თეთრეულს მივიღებთ.

რატომ უჭირთ სამსახურში წარმატებულ ადამიანებს სახლში წესრიგის დამყარება? მიზეზი შეიძლება ჩვენს ფსიქოლოგიაში იმალებოდეს.

დეპოლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ჯოზეფ ფერარის თქმით, საქმეების გადადებაში ორი ტიპის ადამიანები არიან შემჩნეულნი: გადამვადებლები და ქრონიკული პროკრასტინატორები (ისინი, ვინც დავალებებს ბოლო წუთისთვის იტოვებს). მათ შორის სამეცნიერო საზღვრის გავლება რთულია და ყველაფერი სიმწვავემდე დაიყვანება. შესაძლოა, საკუთარი უმოტივაციობა ძალიან გაწუხებდეთ, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა დიაგნოზის დასასმელად. ხანდახან ადამიანებს მუშაობა უბრალოდ ეზარებათ, მაგრამ ქრონიკული პროკრასტინატორებისთვის ეს მიდგომა ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება და მათ ჯანმრთელობასა თუ პირად ურთიერთობებზე აისახება. ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც მთლიანად თავის არიდებაზეა აგებული.

ფერარის კვლევის შედეგად დგინდება, რომ ადამიანების 20% ამ პრობლემით ქრონიკულად იტანჯება. გადამვადებლები კი ბევრად მეტნი არიან. ქრონიკული პროკრასტინატორებისგან განსხვავებით, მათთვის უფრო ადვილია ახალი ჩვევების გამომუშავება.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დაყრილ ტანსაცმელს თვალი შეიძლება ავარიდოთ, ცუდად შერჩეული დროა. “სახლის საქმეების კეთებას ნებისყოფა სჭირდება, თუ იმ დღეს უკვე უამრავი არჩევანი გააკეთეთ, თვითკონტროლი ბევრად უფრო რთულდება”, – ამბობს როი ბაუმაისტერი, სოციალური ფსიქოლოგი და ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი. ბაუმაისტერი ამბობს, რომ არსებობს გადაწყვეტილებების მიღებით გამოწვეული გადაღლა, რომელიც ენერგიას გვაცლის. თუ სტრესული სამსახური გაქვთ, დიდი შანსია, რომ სახლში დაბრუნებისას თავს განტვირთვის უფლება მისცეთ, რაც არ მოხდებოდა, სამუშაო ადგილას მთელი დღის განმავლობაში მობილური თამაშები რომ გეთამაშათ.

როგორც გამოცდილმა პროკრასტინატორებმა იციან, დრამა იმით არ მთავრდება, რომ საკუთარ თავს საქმის გადადებაზე უთანხმდებით. “ასე მგონია, რომ ტვინში ჩანაწერია ჩართული, რომელიც ისევ და ისევ მეუბნება, რომ საქმე აქამდე არ უნდა მიმეყვანა. ეს თითქოს “მაშეშებს” და საკუთარ თავს გამუდმებით ვსაყვედურობ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ავდგე და მოსაგვარებელ საკითხს მივხედო’, – ამბობს გლორია ფრეიზერი, მომვლელი მასაჩუსეტსიდან.

დანაშაულის შეგრძნება და სირცხვილი პროკრასტინაციის თანმდევი მოვლენებია. ფსიქოლოგები გვირჩევენ, დიდი საქმე პატარ-პატარა პუნქტებად დავყოთ და დასკვნების გამოტანა არ ვიჩქაროთ.

“მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს იერიში საკუთარ თავზე მიაქვთ და არა საქციელზე”, – ამბობს ფერარი. თუ მტვერსასრუტისთვის ფილტრის გამოცვლას ჩვენს ხასიათთან არ დავაკავშირებთ, მეტი შანსია, რომ ეს ქმედება რაციონალურად შევაფასოთ და ცუდი ქცევების ცუდ ჩვევებში გადაზრდას ხელი შევუშალოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გასარეცხი ჭურჭლის გამო თუ საკუთარ თავს უქნარას არ ვუწოდებთ, უფრო მეტი შანსია, ძალა მოვიკრიბოთ და საქმეს შევუდგეთ.

როცა პრობლემა გასაგებია, მისი მოგვარებაც ადვილი ხდება. ბეტსი ბეროუზი, ნეირომეცნიერების მკვლევარი  დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა: “ძალიან მიჭირდა სახლის დალაგება. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ თუ სტუმრებს ველოდებოდი, საქმეები ნაკლებად მაწუხებდა”. ბეტსიმ გამოსავალი მოძებნა და ყოველთვიურ შეკრებებს ჩაუყარა საფუძველი. ეს ტრადიცია უკვე 12 წელია, გრძელდება. შეიძლება საკუთარი ღონისძიებების სერიის მოფიქრება ცოტა რთული იყოს, მაგრამ აზრი გასაგებია: პოზიტიური ელემენტის შემოტანა მოსაწყენ საქმეს აადვილებს.

საკუთარი თავის ცოდნა მართლაც პოზიტიურ გავლენას ახდენს პროკრასტინაციის პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა. 2011 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა კეროლ დვეკმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “გადაწყვეტილებების მიღებით გამოწვეული გადაღლა” განსაკუთრებით იმ ადამიანებზე მოქმედებს, რომელთაც ისედაც ჰგონიათ, რომ ცუდი ნებისყოფა აქვთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ფიქრობთ, რომ დღის ბოლოსკენ ძალა გამოგეცლებათ, ეს ასეც იქნება. შესაძლოა, პრობლემა მოგვარდეს, თუ თავისთავად მოცემულობად არ მივიღებთ იმას, რომ არაფერი გამოგვივა.

საკუთარ თავთან ვაჭრობა ადამიანის ტვინის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესასრულებელი საქმე ენერგიას მოითხოვს. ფერარის გაუჭირდა იმის თქმა, სად გადის ზღვარი გადამვადებლებსა და ქრონიკულ პროკრასტინატორებს შორის.

“უკვე 20 წელია, პროკრასტინაციის მკვლევარები ვიკრიბებით და ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანებს “გადადებასა” და პროკრასტინაციას შორის განსხვავებას ავუხსნით. ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს”, – ამბობს მეცნიერი.

შესაძლოა, პასუხი არსებობს კიდეც, თუმცა მისი გამჟღავნების დრო, ჭურჭლის გარეცხვისა არ იყოს, ჯერ არ დამდგარა.

ავტორი:ამანდა მული

ჟურნალისტი

სტატიის ორიგინალი: The Atlantic

      თარგმანი:

ანინა ტეფნაძე

    on.ge – დან

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი