დედა ტერეზა:რა უფრო მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ის, ვისაც ვერ ხედავ, თუ გიყვარდეს ის, ვინც შენს გვერდითაა და იტანჯება

0
193

კალკუტა ინდოეთის დედაქალაქი არაა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ის ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია; იმასაც ამბობენ, რომ მისი ათმილიონიანი მოსახლეობიდან ერთი მილიონი ტროტუარის მოქალაქეა, – ანუ ისინი, ვინც ქუჩაში იბადება და ქუჩაში კვდება…

კალკუტის ერთ-ერთ უღატაკეს უბანში, რომელსაც Lower Circular Road ეწოდება, მისგითის მახლობლად, ვიწრო ჩიხში, ერთ კარს აწერია – დედა ტერეზა, – სახელი, რომელიც დღეს პრესისა და ტელევიზიის დამსახურებით უთვალავი ადამიანისთვისაა ცნობილი. სწორედ აქაა მოთავსებული სიყვარულის მისიონერთა ცენტრი, – დედათა მონასტერი, სადაც ყოველი დღე ქალაქის გაღვიძებამდე ლოცვითა და წმიდა ზიარების მიღებით იწყება. დაახლოებით 7 საათისათვის ამ სახლის ბინადარნი ქუჩებში გამოდიან, რათა ემსახურონ ღატაკთა შორის ყველაზე ღატაკთ, უპატრონოთა შორის ყველაზე უპატრონოთ, – სამონაზვნო წესის მიღებისას მათ ამგვარი აღთქმა აქვთ დადებული.

სიყვარულის მისიონერთა ორდენის ფუძემდებელი დედა ტერეზა დღევანდელი მაკედონიის დედაქალაქში, სკოპიეში, ალბანურ ოჯახში დაიბადა 1910 წლის 27 აგვისტოს. წარმატებული სამშენებლო ფირმის მეპატრონის ქალიშვილს მაშინ აგნეს გონქსა ბეიაქსიუ ერქვა.

როგორც თავად აცხადებს, მან ჯერ კიდევ თორმეტი წლისამ შეიცნო, რომ მოწოდებული იყო ღატაკთა სამსახურად და გიმნაზიის დამთავრებისთანავე შორეულ ქვეყანაში მისიონერად გამგზავრება გადაწყვიტა. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა ლორეტას ორდენის დებს ირლანდიაში, რომლებიც, სხვათა შორის, კალკუტაშიც მოღვაწეობდნენ.

1928 წელს იგი გაემგზავრა ინდოეთში და კალკუტის ერთ კათოლიკურ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლობას შეუდგა. მალე იგი ამ სასწავლებლის დირექტორი გახდა. სკოლაში ძირითადად მდიდარი მშობლების შვილები სწავლობდნენ, მაგრამ მისი კედლების მიღმა ჭუჭყისა და ავადმყოფობის საუფლო იწყებოდა, ხშირად მომწავლელი სუნი შენობაშიც კი აღწევდა. დედა ტერეზა ხშირად გადიოდა ქუჩაში ავადმყოფების საპატრონოდ, რაშიც მას ხანდახან მისი მოწაფეებიც ეხმარებოდნენ. მაგრამ როცა იგი შესანიშნავად მოწყობილ და გაკრიალებულ მონასტერში ბრუნდებოდა, მისი სიტყვებით, მას სინდისი ქენჯნიდა და გრძნობდა, რომ ღმერთი მისგან მეტს მოითხოვდა.

ერთ ღამით, 1946 წლის სექტემბერში, როცა იგი მატარებლით მიემგზავრებოდა, მან საკუთარ თავში მოწოდების ხმა იგრძნო, რომელიც მოუხმობდა, ყველაფერი მიეტოვებინა და უპატრონოთა საპატრონოდ იესოს გაჰყოლოდა. ამის შემდეგ მან რომის პაპს, პიუს XII-ს, მიმართა, ნება დაერთო მისთვის, ლორეტას დედათა სამონაზვნო ორდენიდან გასულიყო, რათა სრულიად მარტოს თავისი ახალი საქმე წამოეწყო, თავისი მოწოდება აღესრულებინა. 21 წლის იყო, როცა მონაზონი გახდა. სახელად ტერეზა აირჩია წმინდა ტერეზა ლიზიელის პატივსაცემად. ეს წმინდანი მისიონერების მფარველად ითვლება.

რამდენიმე დღის შემდეგ მან კალკუტაში ერთი ქოხი დაიქირავა, სადაც ღატაკ ბავშვებს ასწავლიდა და ავადმყოფებს უვლიდა. თავიდან ყველაფერი ისე მძიმე და უიმედო ჩანდა, რომ ხშირად იგი სასოწარკვეთილების ზღვარზე იდგა. როგორც თავად იხსენებს, მან არც კი იცის, შეძლებდა თუ არა იგი ბოლომდე გაძლებას, პირველი დები რომ არ გამოჩენილიყვნენ, რომლებიც თანდათანობით მოდიოდნენ და მის გვერდით დგებოდნენ.

სასიხარულო და მოულოდნელი იყო, რომ პირველები მისი ყოფილი მოწაფეები აღმოჩნდნენ, რომლებიც თავიანთი მასწავლებლის მაგალითს მოჰყვებოდნენ. მათ მოაკითხეს ქარიზმით აღბეჭდილ მომცრო ტანის ქალს, რომელსაც ისინი მთელ თავიანთ მონაგარს აბარებდნენ, მისგან კი სანაცვლოდ იღებდნენ სამ ცალ ლურჯზოლებიან თეთრ სარის, სანდლების ერთ წყვილს, ჭილოფსა და ჯვარს. მაგრამ ამ მკაცრად შეზღუდულმა ყოფითმა სიდუხჭირემაც ვერ შეაშინა მისი მიმდევრები, რომლებიც უკვე სხვადასხვა კუთხეებიდან და მხარეებიდან აკითხავდნენ მას.

უბედურებასა და გაჭირვებას კალკუტაში მრავალგვარი სახე აქვს, მონაზვნები ქუჩებში პოულობენ მომაკვდავებსა და დამშეულებს, სანაგვე ყუთებიდან ამოჰყავთ მიტოვებული ძუძუთა ბავშვები, პატრონობენ უძლურებსა და ღატაკებს. „ჩვენთვის მთავარია ცალკეული ადამიანი“, – ამბობს დედა ტერეზა და ეს სიტყვები, სადაც კიდევ ერთხელაა გაცხადებული ქრისტიანული მოძღვრების ღრმა არსი, არცთუ ჩვეულად ისმის საუკუნეში, როცა რასების, კლასების, ეროვნებების, მასობრივი საზოგადოების საწნახელში პიროვნება უმთავრესად დავიწყებული და გათელილია.

თეთრ სარიში ჩაცმული ჩია მონაზონი კი იმეორებს: „ყველაზე მძიმე უბედურება არის არა შიმშილი და ჭლექი, არამედ განცდა იმისა, რომ ადამიანი ზედმეტია და მას არავითარი ფასი არა აქვს“. სწორედ ამიტომ სიღატაკე და მიუსაფრობა მას მეტად ფართოდ ესმის, ამიტომ კონგრეგაციის განყოფილებები მოთავსებულია არა მარტო ვენესუელაში, ეთიოპიაში, პერუში, მექსიკაში, არამედ ლონდონში, ნიუ-იორკსა და პარიზშიც. „არ არსებობს დედამიწაზე ადგილი, სადაც არ არსებობდეს სიღატაკე და უსამართლობა“, – ამბობს სიყვარულის მისიონერთა ხელმძღვანელი.

1950 წელს, მოღვაწეობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, რომიდან სასურველი ცნობა მოდის: პაპმა დაამტკიცა ახალი კონგრეგაცია – სიყვარულის მისიონერები და მას სათავეში დედა ტერეზა ჩაუყენა. წმ. ბენედიქტესა და წმ. დომინიკეს, წმ. ფრანჩესკო ასიზელისა და წმ. ეგნატე ლოიოლას, წმ. ტერეზა ავილელისა და წმ. ჯოვანი ბოსკოს მსგავსად, დედა ტერეზა კათოლიკურ სამყაროს კიდევ ერთ ორდენს შეჰმატებს, მოღვაწეობის კიდევ ერთ მიმართულებას მიანიშნებს. ორგანიზაციის საქმიანობა მალე გასცდა ინდოეთის ფარგლებს და მსოფლიოსთვის დედა ტერეზა სილეთის სიმბოლოდ იქცა.

თავად დედა ტერეზა ასე განსაზღვრავს თავისი ორდენის არსს: „ხალხის თვალში, მართალია, საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მჭვრეტელობითი ორდენი გვაქვს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფლის შუაგულში ვცხოვრობთ, უშუალოდ ვეხებით ქრისტეს სხეულს. 24 საათის განმავლობაში მისი შემსწრენი ვართ. ჩვენ მისიონერები ვართ, რომელთაც მიზნად გვაქვს ქრისტეს სიყვარული შევიტანოთ დღევანდელ სამყაროში“. ამ სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას მაშინ შევიცნობთ, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს, რომ ყოველი მშიერი, მწყურვალი, უსახლკარო და პატიმარი თავად ღმერთია და რომ მათი სამსახურით ადამიანი ღმერთს ემსახურება. დედა ტერეზასა და მის დებს სჯერათ, რომ ყოველ ტანჯულთან შეხება ქრისტესთან მისტიკური შეხვედრაა.

ამ მომცრო ტანის მისიონერი მონაზვნის ცხოვრებისეული მაგალითი, დღესაც კი უფრო ძლიერია, ვიდრე პრეზიდენტები ან პარლამენტები, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სისტემები. დედა ტერეზა განუწყვეტლივ მოგვიწოდებდა: „მოდით, გავაკეთოთ რამე კარგი ღმრთისათვის!“ მომავალი თაობები, ალბათ, იტყვიან, რომ ამ ქალმა არაერთი სირცხვილი მოსწმინდა XX საუკუნეს.

დედა ტერეზას საოცარი პიროვნული მიმზიდველობისა და მისი უძლიერესი შთამაგონებელი ძალის შესახებ ბევრი რამ დაწერილა და ამაში დარწმუნება თბილისელებმაც შეძლეს, როცა იგი 1989 წელს ჩვენს დედაქალაქს ეწვია. ერთი მხრივ, იგი არის უმაგალითოდ პრაქტიკული და შეუპოვარი ქალი, რომელიც ორივე ფეხით მყარად დგას მიწაზე და, მეორე მხრივ, ესაა მისტიკოსი, რომელიც, სადაც უნდა იყოს და რასაც უნდა აკეთებდეს, ყველგან და ყველაფერში ეძებს ღმერთს, ეძებს განუწყვეტელ კავშირს ქრისტესთან.

მას ჰყოფნის სითამამე განაცხადოს ის, რაც უმრავლესობისათვის დღეს მიუღებელია, შეუძლია თქვას, რომ ,,სამყაროს სიმშვიდეს ახლა ემუქრება უდანაშაულო დაუბადებელი ბავშვის ყვირილი, ხოლო ხალხი, რომელიც აბორტის ლეგალიზაციას მოახდენს, ყველაზე ღატაკი ხალხია”. ამასთანავე, ცნობილია მისი ამოუწურავი სიხალისე და მახვილგონიერება, – როცა ერთ ამერიკელ ჟურნალისტს დაუნახავს, თუ როგორ წმენდდა იგი მყრალ, დაჩირქებულ ჭრილობებს, მას ასე უთქვამს: „მილიონი დოლარიც რომ მომცენ, ამას ვერ გავაკეთებო”, დედა ტერეზას კი მისთვის ჩვეული ღიმილით უპასუხია:„მილიონი დოლარისათვის ამას არც მე გავაკეთებდიო“.

დედა ტერეზას მემკვიდრეობა და გაკვეთილები ქრისტიანული სამყაროს, ქრისტიანული ეკლესიის მარადიულ და წარუვალ ფასეულობებს შეერწყა და თავად ადასტურებს მათს მარადიულობას, წარუვალობასა და დაუსრულებელ სიახლეს, მაგრამ ძნელია გაბედულების პოვნა და იმის თქმა, რომ დედა ტერეზა ჩვენი საუკუნის ადამიანისათვის მაგალითად იქცა, – იმ მაგალითად, რომლის მიბაძვა, მიდევნება, განმეორება შესაძლებლად და ადვილად მისაღწევად ეჩვენება ადამიანს, – დედა ტერეზა უფრო ჰორიზონტია, რომელიც შორს, მაგრამ აშკარად და თვალხილულად ციმციმებს, იმგვარი სულიერი ჰორიზონტი და სულიერი საზომი, რომელიც ერთ წამსაც არ მისცემს გონიერ თუ სულიერ ადამიანს თვითდამშვიდების, თვითკმაყოფილების საშუალებას.

რა თქმა უნდა, როგორც ჭემშარიტი ქრისტიანი, დედა ტერეზაც განიცდიდა სხვადასხვა ჯურის ქრისტესმოძულეთა ზიზღს, შურს, გაგულისებას, დაუფარავ გაღიზიანებას. თუნდაც იმიტომ, რომ მისი გაცისკროვნებული ცხოვრების გვერდით განსაკუთრებით ძნელი ხდება საკუთარი ცხოვრების სტილის, – ანგარებით, შურისძიებითა და მოხვეჭის სურვილით აღსავსე მიზანსწრაფვათა მორალური გამართლება… დღევანდელ მომხმარებლურ საზოგადოებაში, სადაც მიზანი მოპოვებაა და არა გაცემა, დედა ტერეზა თავისი ქმედებითა და ცხოვრებით აშკარად მიანიშნებდა, რომ არსებობს სხვა ფასეულობებიც, – თანამედროვე ადამიანისთვის ძნელი, თითქმის შეუძლებელი, თითქმის მიუღწეველი, – ცხოვრების ორიენტირება იმგვარად, რომ მთავარი ხდება არა მიიღო, არამედ გასცე, არა მოიმსახურო, არამედ მოემსახურო, არა მოიპოვო, არამედ გაიღო მსხვერპლი.

დედა ტერეზას ცხოვრებაში არაერთი ისეთი განცხადება გაუკეთებია, რაც, წესით, მკრეხელობად უნდა მონათლულიყო. მაგალითად, ერთხელ წმინდა იოანეს სიტყვების თავისუფალ ინტერპრეტაციას მიმართა:„რა უფრო მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ის, ვისაც ვერ ხედავ, თუ გიყვარდეს ის, ვინც შენს გვერდითაა და იტანჯება… რა უფრო მნიშვნელოვანია, ქრისტეს სიყვარული თუ მოყვასის სიყვარული?“ – და თვითონვე უპასუხა ამ კითხვას: რა თქმა უნდა, მოყვასის, ცოცხალი და ტანჯული ადამიანის სიყვარულიო. ეს თქვა, მაგრამ მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, იმდენად უყვარდა იგი ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონია, რომ არათუ პროტესტი გამოთქვა ვინმემ, პირიქით…

„დუმილის ნაყოფია ლოცვა, ლოცვის ნაყოფია რწმენა, რწმენის ნაყოფია სიყვარული, სიყვარულის ნაყოფია სამსახური, სამსახურის ნაყოფია მშვიდობა“, – ამბობდა თეთრ სარში ჩაცმული ეს ჩია ქალი, რომლის სახელი, ალბათ, სულ მალე აღიბეჭდება დიდ ქრისტიან წმიდანთა შორის.

დედა ტერეზას სიტყვების ზემოქმედების ძალაზე მსოფლიოში ლეგენდები დადიოდა:„დღეს ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს უფლებები… მაგრამ ვხედავთ ღარიბებს, დაავადებულ ახალგაზრდებს. ისინი არავის სჭირდება, არავის უყვარს საზოგადოებაში. ჩვენ მათ გვერდით ვართ გულისხმიერებით და თანაგრძნობით და ვიზიარებთ მათ საზარელ ხვედრს, საზარელ მარტოობას“, – აღნიშნა ერთხელ დედა ტერეზამ.

1989 წელს დედა ტერეზა თბილისში ჩამოვიდა და თავისი ორდენი საქართველოშიც გახსნა. დედა ტერეზას თბილისში ჩამოყვანაში დიდი როლი მიუძღვის მოსკოვში მცხოვრებ ქართველ რეჟისორსა და კრიტიკოსს თამარ დულარიძეს. ქალბატონი თამარი ასე იგონებს დედა ტერეზასთან შეხვედრას:„ძალიან პატარა იყო. ძლივს მწვდებოდა მხრებამდე – დიდი სახე ჰქონდა, მსხვილი თვალები, ცხვირი, ყურები…იყო ძალიან მხიარული – აი, ისეთი, რომ ამბობენ, ბერ-მონაზვნური მხიარულება სულისო.”

ასეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო იგი სიცოცხლის ბოლომდე. სიცოცხლის სიყვარულით და სიხარულით მკურნალობდა… თუმცა თავისი წიგნი – „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული“ – დედა ტერეზამ საკმაოდ უცნაურად დაიწყო… დაიწყო ფრაზით: „მე ვფიქრობ, არავის ისე არ სჭირდება ღმერთის დახმარება და წყალობა, როგორც მე. ხშირად თავს ისე უსუსურად და უძლურად ვგრძნობ…“

87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ, ოდესმე ან უქმეებზა თუ დაგისვენოათო, რაზეც უპასუხია:,,ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია”. მსოფლიო პრესამ მას ,,თანამედროვე წმინდანი” უწოდა. მისიონერი ქალბატონი 1997 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა.

2003 წლის 19 ქტომბერს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დედა ტერეზა ნეტარად შერაცხა.

დედა ტერეზას ცნობილი გამონათქვამები:

თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვიყვარდეს, უნდა ვისწავლოთ პატიება.
თუ არ შეგიძლია, დააპურო ასი ადამიანი, ერთი მაინც გამოკვებე.
თუ განსჯი ადამიანებს აღარ დაგრჩება დრო მათი სიყვარულისთვის.
ჩვენ ყველა ვართ ფანქრები უფლის ხელში.
ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან. არაუშავს შეუნდეთ მათ.

დიახ, დიახ, არსად არაფერი არ ელოდება არავის, სადაც წახვალ და შეხვალ ყველგან უნდა შეიტანო ღიმილი, ფერადი განწყობა, ბედნიერება და ცოტათი მაინც შეაყვარო ადამიანებს თავი, ერთხელ ვიბადებით და ისე უნდა ვიცხოვროთ ყველას ბედნიერება მივანიჭოთ, ვისთანაც მიგვიწვდება ხელი.

რაც ყველაზე მთავარია ღიმილი ვისწავლოთ, წრფელი და სუფთა ღიმილი გულიდან უნდა მოდიოდეს და სულს წვდებოდეს.

ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწინებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი ათი კილოს დაკლებას. ნუ უცდი პარასკევ საღამოს, ან კვირა დილას. ნუ უცდი როდის მოვა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ან ზამთარი.

ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. გახსოვდეს კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცეიან, მაგრამ ის რაც უმთავრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი.

ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე. წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი.

ადამიანები ხშირად უგუნურნი, არალოგიკურნი და ეგოისტურნი არიან. ამისდა მიუხედავად აპატიეთ მათ!

თუკი თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს შეუძლიათ დაგადანაშაულონ ეგოისტურ მისწრაფებებში. ამისდა მიუხედავად, იყავით კეთილი!

თუკი თქვენ წარმატებულები ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამისდა მიუხედავად, იყავით წარმატებულები!

თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ. ამისდა მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები!

ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. ამისდა მიუხედავად, აშენეთ!

თუ თქვენ სიმშვიდესა და ბედნიერებას მიაღწევთ, ადამიანებს შეშურდებათ. ამისდა მიუხედავად, იყავით ბედნიერები!

იმ სიკეთეს, რასაც დღეს აკეთებთ, ხშირად ივიწყებენ მეორე დღესვე. ამისდა მიუხედავად, აკეთეთ სიკეთე!

მიეცით სამაყაროს საუკეთესო, რაც კი გაგაჩნიათ, თუნდაც ეს არ იყოს საკმარისი, ამისდა მიუხედავად, მიეცით!

თუ თქვენ განსჯით სხვას, მაშინ არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ გიყვარდეთ იგი! გიყვარდეთ! ყველაფრის მიუხედავად!

გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არ იქნება არასდროს საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ.
საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება; ყველაფრის მიუხედავად, ეს არასდროს ყოფილა ადამიანებსა და თქვენ შორის.

წყარო:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი