რა ქმნის და როგორ ყალიბდება საზოგადოება

1
207

საზოგადოება შეიძლება შეიქმნას ბანქოს სათამაშო მაგიდასთან, საგამოფენო დარბაზში, სტადიონზე და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთიდაიგივე ადამიანთა ჯგუფი თამაშობდეს ბანქოს, იგივენი შეიკრიბონ საგამოფენო დარბაზსა თუ სტადიონზე, მათ მიერ შექმნილი საზოგადოება, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა თვისებებს ავლენს. 

მაშ, რა არის ის “მესამე,” რომელიც საზოგადოებას კრებს და ამ სისტემას რაღაც ფორმას ანიჭებს. “მესამე” ხან კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზით, ხან სტადიონით გამოისახება. ცხადია, აქ საქმე შენობის სპეციფიკაში როდია; გაიყვანეთ პატიმრები და ციხის ადმინისტრაცია, ორთაჭალის ციხიდან, შეიტანეთ შიგ საინტერესო წიგნები, კარი გახსენით და ეს პირქუში შენობა რა საზოგადოებას შეკრებს, იმასაც ნახავთ; ამრიგად, შენობაში, არ არის საქმე, არამედ იმ არსში, მატრიცაში, რომელიც სტრუქტურის მსგავსად, აახლოებს და კრებს ადამიანებს; და როგორც ბუნებაში ატომებისგან გარკვეული წესის სტრუქტურა ყალიბდება, ასევე ადამიანებისგან მკვეთრად განსაზღვრული თვისებების მატრიცა იქმნება. 

მთელი არსი იმ მატრიცაშია, რომელიც წესრიგის ხასიათს განსაზღვრავს და შესაბამის სტრუქტურას აყალიბებს. 

რა თავისებურებები გააჩნია საზოგადოებრივ მატრიცას, ანუ “მესამეს”?
ამის გასააზრებლად ყურადღების მოკრება გვჭირდება, არა იმიტომ, რომ ეს რთული გასაგებია და გარკვეული ცოდნაა საჭირო, არამედ, ჩვენი აზრით, ეს მეტად საინტერესო საკითხია. 

ზემოაღნიშნული მატრიცები (სტადიონი, კონსერვატორიის დარბაზი. . .) საზოგადოებას მცირე დროით კრიბავს და ”მესამის” – მატრიცის, სახე კარგად არ ჩანს, სურათი არაკონტრასტული, ბუნდოვანია, და შესაბამისად, დასკვნების გამოტანისთვის –  არახელსაყრელი.

წარმოვიდგინოთ პოეზიის მოყვარულთა, ან ჯაზის მოყვარულთა კლუბი; კამერული საზოგადოება – სიმყუდროვე, ჭიქა ყავა, კომფორტი, ამ იდილიაში ჩვენს ამოცანასთან დაკავშირებული, ადამიანთა ურთიერთობის გამომსახველობა, ყავის ორთქლისა და სიგარეტის კვამლში იბურება. 

ჩვენი პრობლემის სიცხადის მისანიჭებლად ექსტრემალურ პირობებში საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი განვიხილოთ. მაგალითად, “მესამედ” ავიღოთ ციხე, საპყრობილე. 
ციხე – მკაცრი, თუ არამკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონია, ანუ ჟარგონული ენით “ზონა”. ეს მხოლოდ შემოსაზღვრული ტერიტორია, ანუ შენობა არ არის, არამედ საპყრობილეა, ანუ შენობა, რომელიც პატიმრებისთვისაა განსაზღვრული. 
მართლაც, დავუკვირდეთ რა ანიჭებს პატიმართა საზოგადოებას, მათ ცხოვრებას, ყველგან ერთნაირ ელფერს (არა აქვს მნიშვნელობა ეს შენობა ურუგვაიშია, რუსეთში, თუ საქართველოში), რა თქმა უნდა, ციხე; ციხე, თავისი არსითა და დადგენილი წესებით; სხვა შემთხვევაში, ისინი სხვადასხვა ჯგუფის, საზოგადოების, წევრი ცალკეული დამნაშავენი, ან უდანაშაულო სუბიექტები იქნებოდნენ. 

ისინი პატიმართა საზოგადოებად მხოლოდ “ციხემ” აქცია და ამ საზოგადოების თვისებებიც, სწორედ ციხის არსიდან გამომდინარეობს. აქ ნათლად ჩანს, რომ საზოგადოების შექმნისთვის მთავარი ინდივიდთა ურთიერთობა ან ნება-სურვილი არ არის. ზონაში პატიმართა შორის ურთიერთობასაც კი ხელს უშლიან; რადგან თუ პატიმარი სხვა პატიმრებთან ურთიერთობას დაამყარებს ეს, შეიძლება, “ზონისთვის” საშიში აღმოჩნდეს და კარცერი, ანუ მარტოობის საკანიც სწორედ ამიტომ მოიგონეს. ამრიგად, სტადიონი, დარბაზი, ციხე საზოგადოებას ქმნის და არა ინდივიდთა ურთიერთობასა და კავშირებს. 
ნატურალიზმისთვის მომიტევეთ, და ეს მაგალითი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. 

საპყრობილე უსაზღვრო ტანჯვას ნიშნავს; ესაა თვეების, წლების განმავლობაში უცვლელი საგნები და შინაგანად არც თუ ისე გაბრწყინებული სახეები. 

ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის, თანამედროვე საპყრობილის კოდექსი, ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს და არა ადამიანის სულიერი თავისუფლების, ან ღირსების შეზღუდვას; და რაგინდ საოცარი უნდა იყოს, ამ ქვეყნების ციხეებში, მაინც თვისობრივად ერთნაირი საზოგადოება იქმნება და დამოკიდებულია არა პატიმართა ურთიერთობაზე, განათლებაზე, ნაციონალობაზე, ან ნება-სურვილზე, არამედ იმ “მესამეზე”, რასაც ციხე ჰქვია.

კიდევ უფრო ნათლად გააზრებისთვის, ამ საზოგადოებას ანატომიური კუთხით შევხედოთ. განვიხილოთ ციხის კლასიკური მაგალითი – ბოლშევიკური, იმპერიული ციხე.
ყოველი ციხეში მოხვედრილი, ციხის საპარიკმახეროში, თმასთან ერთად, ადამიანად ყოფნის უფლებასაც კარგავს და იწყება იმის გავლენა, რასაც “მესამე” ვუწოდეთ.

ამ ინდივიდის ცხოვრებაში იწყება ის კოშმარი, რასაც მათი ჟარგონით “პრაპისკა” ჰქვია; ესაა გააფთრებული ტერორი, ცემა, რომელიც რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე გრძელდება. ამ ტერორის მიზანი ზონის საზოგადოებაში მოხვედრილი სუბიექტის იერარქიულ კიბეზე ადგილის შერჩევაა.

ამის გარკვევა ხდება ხელებით, ფეხებით, “ტამბურებითაც” (“ტაბურეტი”). ბევრი ვერ უძლებს ამ გამოცდას და თუ, მან შეწყალება დროზე ადრე ითხოვა, იმ წუთიდან მისი წამება “წყდება”, და ძალაში მორალური გათელვა შედის, ანუ სუბიექტს აქცევენ “პარაფინად” (სიმბოლურად დაშარდვა), ან “პეტუხად” (პედერასტად მონათვლა). 

“ზონა”-ში ასეთი სუბიექტების არსებობა აუტანელია, მათთან დამოკიდებულება მხოლოდ ზიზღით შემოიფარგლება. ხშირად მათ ბარაკში ღამის სათევადაც არ უშვებენ; ხოლო ისინი, ვინც “პრაპისკისას” მხოლოდ კბილებს კარგავს, აღწევს უმარტივეს თავისუფლებას, რაც გზის არჩევაში გამოიხატება: გახდეს “მუჟიკი”, რაც სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის გამორიცხვას ნიშნავს, თუ გარდაიქმნას “პაცანად”, ანუ ორიენტაცია “შავი” სამყაროსკენ აიღოს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ “ზონის” ქურდის “წოდების” მაძიებლის ქურდობისთვის ნასამართლობა აუცილებელი არ არის. პატიმრისგან მხოლოდ მოხერხებულობა, სისატიკე, ზონის კანონებისადმი უსიტყვო მორჩილება და “სულით სიძლიერე” მოითხოვება, რათა პატიმარი ქურდად აღიარონ. ამის გარეშე იმ “ავტორიტეტთა” სამყაროში შესვლა, რომელიც ე.წ. “ზაპრავილებით” იმართება, შეუძლებელია.

ეს უკანასკნელნი, შიგა კონფლიქტებისას, ზონის წინაშე სამართლიანი მომრიგებლის როლში წარდგენას ცდილობენ. “პაცანის” შემდგომი საფეხურია “შუსტრილა”, ან “შუსტრიაკ”, რა იგულისხმება ამ სიტყვაში უკვე გასაგებია. ეს არის უკანასკნელი საფეხური, რის შემდეგადაც ავტორიტეტთა სამყარო იწყება.

ზონის იერარქია ან ეგზოტიკურ ფეოდალურ სახელმწიფოს, ან სასტიკ ბავშვურ თამაშს მოგაგონებთ. ამგვარად შექმნილი “ელიტარული” ჯგუფის ძირითადი ამოცანაა, როგორც ერთმანეთის, ასევე დანარჩენი მასის ჩაგვრა. ერთი შეხედვით, თითქოს, ამ ტანჯვა-წამების ძირითადი არსი მატერიალურია და ერთმანეთის ტანჯვა და ძარცვა ამითაა განპირობებული. 

ზონაში ყველა სახის ძალადობა გამოიყენება პიროვნულიდან დაწყებული, შიგაზონური რეკეტით დამთავრებული. შეგროვილი ფული მკაცრად კონსპირირებულ სალაროში “ობშიაკში” იყრის თავს. საინტერესო ის არის, რომ ძარცვასაც იდეა უდევს საფუძვლად. ასევე არსებობს ლოზუნგიც, რომლითაც ზონაში თავშეყრილი უღმერთო, უსასტიკესი საზოგადოება სუნთქვა. ეს ძალიან გავს ბოლშევიკურ ლოზუნგს: “ყველაფერი მშრომელებისთვის”, რომელიც, ამ შემთხვევაში, ასე ჟღერს: “ყველაფერი მკაცრი რეჟიმის ბარაკისთვის”, ანუ იმ კარცერისთვის, სადაც ყველაზე თავხედნი იმყოფებიან.

ქურდების უმრავლესობისთვის შეგროვილი ფულის მეშვეობით საკუთარი ცხოვრების შემსუბუქება, ფაქტიურად შეუძლებელია; ლოზუნგიც ყალბია და რეალურად ეს ფულიც “არამიზნობრივად” გამოიყენება, მიუხედავად ამისა, “სალაროს” შესავსებად ქურდები არც სხვის და არც საკუთარ სულსა და სისხლს არ ზოგავენ. 

ჩვენ განვიხილეთ შემთხვევა, როცა “მესამე” “ციხის” სიმბოლოა და ვაჩვენეთ, თუ როგორი საზოგადოება იქმნება იძულებით, საკუთარი ნების წინააღმდეგ თავშეყრილი ადამიანებისაგან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ არაადამიანურ დამოკიდებულებას საკუთარი “მე”-ს გადარჩენის იმპულსი და ციხის არეალი განაპირობებს და ადამიანთა გაბოროტებულ, გათიშულ, ცხოველურ, მკაცრ “საზოგადოებას” სწორედ ეს ქმნის; 
ამრიგად, გარემოს სისასტიკე, თითქოს, ყველაფერს ნათელს ჰფენს. საკითხისადმი ამ კუთხით მიდგომა, თავისთავად ითხოვს განხილვასა და ანალიზს ისეთი საზოგადოებისა, რომელიც გარეგნულად აბსოლუტურად ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ იქ სხვა “მესამე” მოქმედებს.

ესაა დესპოტური სახელმწიფოს ოპოზიციონერ პოლიტიკურ პატიმართა – დისიდენტთა “ზონა”, სადაც ურთიერთდამოკიდებულება დიამეტრალურად განსხვავებულია და მისი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ; რადგან ესეც ის საზოგადოებაა, რომელიც იძულებითაა შექმნილი; თუმცა აღვნიშნავთ, რომ იგივე სასტიკ პირობებში, ეს პატიმრები ადამიანებად რჩებიან და უფრო მეტიც, მათ საზოგადოებაში ურთიერთგატანის პრინციპი ბატონობს, რაც მათი, როგორც პიროვნებების ამაღლებასაც კი იწვევს.

ღრმად გასააზრებელია ისეთი საზოგადოების შემქმნელი “მესამე”, რომლისკენ არა თუ საკუთარი ნებით, არა ხალისით, არამედ დაუოკებელი ჟინით მიისწრაფიან. საოცარია ასეთი საზოგადოების შემქმნელი არეალი – “მესამე”, რომელიც თავისი ბუნებითა და გრანდიოზულობით, ექსტრემალური პირობების სისასტიკით, განუმეორებელია. მას დარბაზი და სტადიონი კი არა, სისასტიკით თვით ციხეც ვერ შეედრება; მასთან შედარებით ყველაზე სასტიკი ფაშისტური თუ ბოლშევიკური საკონცენტრაციო ბანაკიც კი, კომფორტული კურორტია. ეს “მესამე” ის მწვერვალებია, რომელიც ალპინისტთა საზოგადოებას აყალიბებს. 

ამ მოსაზრებას უყოყმანოდ დაეთანხმება ყველა, ვისაც ამ საზოგადოებასთან ზედაპირული შეხება მაინც ჰქონია; და თუ ვინმე ეჭვს გამოთქვამს, მას შევახსენებთ, რომ ეს ის სამყაროა, სადაც ჰაერის წნევა იმდენად დაბალია, რომ უჯანმრთელესი სისხლძარღვთა სისტემაც ვერ უძლებს; აქ ყოველი ჩასუნთვა თუ ნაბიჯი, ძალების უკიდურეს დაძაბვას მოითხოვს; ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ ადამიანი კიდურების შეგრძნების უნარს და ხშირად, თვით კიდურებსაც კარგავს; ეს არის სასტიკი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან სიბრმავე; ესაა სასტიკ პირობებში მძიმე ტვირთის თრევა. აქ ყოველი, გაუფრთხილებელი კი არა, ფრთხილი და გააზრებული ნაბიჯის უკანაც კი, წამებით სიკვდილია ჩასაფრებული; ესაა წუთიერი შესვენება უარყოფითი დახრილობის სალ კლდეზე, სადაც სახე ქარს ცივი, გაყინული სამართებლის დასმად აღიქვამს. 

მე შემხვედრია ადამიანები, რომელნიც განცვიფრებულნი არიან ამ საზოგადოებით. მათთვის აუხსნელია არა მარტო ალპინისტის, არამედ იმ სპორტსმენის უდიდესი ძალისხმევა და თავგანწირვაც კი, ვინც ერთი სანტიმეტრით შორს, ან მაღლა გადახტომას ცდილობს; მათ უკვირთ იმ მეცნიერის, რომელიც ექსპერიმენტს, 220-ზე კი არა, 22000 ვოლტზე, ან დენის, ბიოლოგიური ობიექტის ამაორთქლებელი სიმძლავრის მქონე სისტემაზე ატარებს. მათთვის წარმოუდგენელი და უცნაურია რადიაქტიურ ობიექტზე, ან მომაკვდინებელ ვირუსზე ცდის ჩატარება. 

უკვირთ და მათი გაოცება ჩვენს განცვიფრებას არ იწვევს, რადგან მათ ადამიანის ადამიანამდე ამაღლების ბრწყინვალება არასდროს განუცდიათ. მათ არ იციან, რას ნიშნავს სძლიო საკუთარ თავს, რათა ამაღლდე.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

1 გამოხმაურება

  1. ფართო საზოგადოება უნდა გაეცნოს ბატონ თამაზ ბუთხუზის ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან კონცეფციას – მატრიცული თეორიას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი