მერაბ მამარდაშვილი:ფსიქოლოგიური არსებები, რომ არ ვიყოთ, ონტოროლოგიური არსებები ვიქნებოდით

0
431

და აი, აქ მივედით ძალიან რთულ პუნქტამდე, რომელიც აჯამებს იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით. საქმე ის გახლავთ, რომ ლოგოსი ნიშნავს: ასე უნდა იყოს, სამყარო ასეა მოწყობილი, თუმცა, ამას ჩვენ ვერ ვამჩნევთ. მე ვერ ვხედავ, რომ ჩემი მეგობარი ჩემი ცოლის საყვარელია. ყველაფერს, რასაც ვხედავ, აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს სხვა ახსნა.

ხაზს ვუსვამ: ყველაფერს, რასაც ვხედავ, შეიძლება სხვა ახსნა ჰქონდეს. ყველაზე ხშირად სწორედ ამ სხვა ახსნისკენ ვიხრებით. ისინი ხილულია.

ქუჩაში შევხვდი ცოლს, რომელსაც ეჩქარებოდა და აღელვებული იყო და მეც, იმის გამო, რომ, ღმერთო მიხსენი, ამ საკითხზე ბევრი არ ვიფიქრო, ვიღებ მის განმარტებას – მას მკერავთან ეჩქარება, თუმცა, მის სახეზე მღელვარების ხარისხი სულაც არ აიხსნება მკერავთან ბანალური ვიზიტით, მაგრამ ამის მისაღებად მზად ვარ. რისი თქმა მინდა ამით? უპირველესად, ასე უნდა იყოს, სამყარო ასეა მოწყობილი, ვითარება, მისი ლოგოსი ასეთია, ანუ ყველაფერი თავის ადგილას დგება, თუკი დაიჯერებ; მეორეც, – იმას, რაც დავიჯერე, ვერ ვხედავ.

ეს ხომ საგანი არ არის, ეს – ლოგოსია. ეს არ არის „ორი“ და „ორი“, არამედ არის ის, რაც „ოთხის“ თქმას მაიძულებს. მესამე და, შესაძლოა, ყველაზე მთავარი, ეს ჩვენთვის საშინელია. ჩვენს არსებაში ყველაფერი ამ ბოხებულია და წინააღმდეგობას გვიწევს, გვიჯანყდება იმის წინააღმდეგ, რომ ვთქვათ: ეს ასეა. ძალიან დიდი სიმამაცეა საჭირო, მით უფრო დიდი სიმამაცე, ვინაიდან ის უსაგნოა, მისი დასაბუთება შეუძლებელია, თუმცა, ლოგიკურად მხოლოდ ასე შეიძლება იყოს, მაგრამ ამის დამტკიცება ხომ შეუძლებელია, და ამის დაჯერებაც შეუძლებელია.

მაინც რა გაგებით? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური კანონზომიერება, რომ ტყუილის თქმის ყველაზე ეფექტური ხერხი სიმართლის თქმაა, მაგრამ ისეთ ვითარებაში, რომელშიც თითქმის გამორიცხულია (როგორც ქართველები იტყვიან, ვარიანტი არ არსებობს), რომ ის დაიჯერონ.

მოვიხმობ მაგალითს, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რისი თქმაც მინდა და იმასაც, როგორია პრუსტის და ზოგადად ფილოსოფიური შეხედულების მექანიზმი, ანუ წვრილმანის მიღმა – ტელესკოპით – კანონზომიერების დანახვა, ან დიდის დანახვა (ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს, ჩვენ კი – არა; ზოგჯერ ყურადღების მიქცევა გვშველის, უგულებელყოფა კი გვღუპავს).

ვთქვათ, ქალი სასტუმროს ოთახშია საყვარელთან ერთად და რაღაც საქმის გამო ქმარს ურეკავს. ქმარი ეკითხება: „სად ხარ?“ ცოლი პასუხობს: „საყვარელთან“. როგორია ქმრის რეაქცია? „რატომ ამბობ ხოლმე სულ ასეთ სისულელეებს…“ – ის არ დაიჯერებს. არადა, ცოლმა სიმართლე უთხრა. აი, მთელ ამ კომპლექსს, რის გამოც ქმარმა არ დაიჯერა, დავარქვათ ფსიქოლოგია, ანუ ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური არსებები ვართ.

ფსიქოლოგიური არსებები რომ არ ვიყოთ, ანუ – ფილოსოფიის ენაზე რომ ვთქვათ – ონტოლოგიური არსებები ვიქნებოდით…. როგორც ხშირად ხდებოდა პრუსტის შემთხვევაში: როცა ე.წ. უნებლიე სიმართლის ფენომენი არსებობს, მას ყოფნის სიმამაცე, დაიჯეროს, რომ სამყაროში მხოლოდ ამ სიმამაცის აქტი არსებობს. სხვა შინაარსი არაა.

ქმარს რომ დაეჯერებინა, ეს წმინდა წყლის სიმამაცის აქტი იქნებოდა, რაც ადამიანურ ფსიქოლოგიას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, იმას, რასაც პირობითად ტექსტს ვუწოდებ, ანტიფსიქოლოგიური მუხტი გააჩნია; ვიმეორებ – ის, რასაც ტექსტს ვუწოდებ, ანუ ის, რასაც იძულებით ვაგებთ, რომ მან აზრი წარმოშვას, ვინაიდან აზრს არ წარმოშობს ფსიქოლოგია.

ფსიქოლოგია სწორედაც რომ ეწინააღმდეგება ლოგოსს, არ უშვებს, რომ ჩვენ გვამოძრავებდეს ის, რაც გვაიძულებს ვთქვათ „ორჯერ ორი ოთხია“, თუმცა, როცა ადამიანი გეუბნება: „ოთახში საყვარელთან ერთად ვარ,“ – ეს არის კიდეც „ორჯერ ორი ოთხია“. პრუსტთან ასეთ სიტყვათშეთანხმებას ვხვდებით: ერთადერთი რეალობა (ჩვენ ხომ სულ რეალობაზე ვსაუბრობთ, არა? აღვნიშნეთ, რომ რეალობისკენ გზა ტექსტზე გადის). ის ასე ამბობს: ერთადერთი რეალობა არის ის, რასაც ვფიქრობთ.

გაიხსენეთ, ძალიან ხშირად ვფიქრობთ სიმართლეს, მაგრამ თავიდან ვიშორებთ, ვინაიდან გვაშინებს ის. და აი, პრუსტი, თითქოსდა, გვეუბნება, რომ სწორედ ის, რასაც ვფიქრობთ არის კიდეც სიმართლე. აქ სიტყვას „ვფიქრობთ“ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ვფიქრობთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვინაიდან ის, რასაც ვფიქრობთ, არის ის, რაც მნიშვნელობას იძენს; ის, რის გამოც ათ საგანს, ოც საგანს, ათას საგანს შეუძლია თანაარსებობა. ერთმანეთთან დაკავშირებული, ყველაფერი თავის ადგილას დგება. მაგრამ თვით „ფიქრადი“ ცალკეული საგნის სახით არ არსებობს.

პრუსტი წერს: ათასი ეჭვიანობაა და თითოეული მათგანი სიმართლეა. ეჭვიანობა, ერთი არ არის; ის იმ განცალკევებულ სივრცეშია (რომელზეც ვსაუბრობდი), სადაც ორი წერტილი ერთმანეთს გამორიცხავს, – შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს ორ წერტილში ყოფნა, შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს სენ-ლუს და მარსელის თვალით ყურება, თუკი ისეთ წერტილში მოხვდით, საიდანაც ყველაფერს სენ-ლუს თვალით უყურებ. ჩვენ ხომ ქალის მიმართ სიყვარულის არა ერთ, არამედ ათასობით სახესხვაობას განვიცდით, რომელიც ათასობით მოვლენაში, სხვადასხვა სივრცეებსა და დროებშია განფენილი. და იქვე არსებობს ათასობით ეჭვიანობები.

ასე, მაგალითად, პრუსტი ამბობს: ჩვენ ხომ ვერ ვამჩნევთ, რომ ყველა ეს ათასობით ეჭვიანობა სიმართლე იყო, ანუ პირობითად რომ ვთქვათ, ჩვენ „ცუდს“ ვვარაუდობდით. მაგრამ შეუძლებელია, რეალობა ცუდი იყოს, ის არის ის, რაც არის, – თუკი ინფანტილურები არ ვართ, რასაკვირველია. ასეთ შემთხვევაში რეალობა ან ცუდია ან კარგია.

მაშასადამე, რეალობა – ეს არის ის, რასაც ვფიქრობდით და რაც არის კიდეც სიმართლე. ერთადერთი რეალობა არის ის, რომელიც აზრად მოგვივიდა, რომელზეც ვიფიქრეთ და რომელსაც, როგორც პრუსტი ამბობს, ამსუბუქებს, მაგალითად, ყოფნა. საყვარელი ქალის ყოფნა, რომელზეც ფიქრით სიმართლე იცით, მაგრამ მისი უეჭველი, რეალური ყოფნა, თავისი მომხიბვლელობით, ამსუბუქებს სიმართლეს იცილებს და სადღაც შორს წევს.

ერთად ყოფნა ემოციური და სულიერი მონობის ერთ-ერთი მექანიზმია; ის გვეხმარება, რომ არ დავინახოთ სიმართლე. ისევე, როგორც ჩვენი შიში, მაგალითად, გვეხმარება, რომ პირდაპირ ჩვენ თვალწინ ვერ დავინახოთ რეალობა. შესაბამისად, რისი თქმა მინდა? იმის, რომ აზრით ვგებულობთ – აზრი ხომ უნდა გაჩნდეს.

გაჩვენეთ, რომ აზრს წარმოშობს არა ფსიქოლოგია, არამედ გარკვეული კონსტრუქცია; მაგრამ ის, რაც ჩნდება, არ არსებობს. არსებობს ყველაფერი დანარჩენი, რაც სხვაგვარად აიხსნება, მაგრამ ის, რასაც ვფიქრობთ, – არ არსებობს. ერთი სიტყვით, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, რომ – ასე გამოვხატავდი, – უფრო იმას უნდა ვხედავდეთ და იმის გვჯეროდეს, რაც არ არსებობს, ვიდრე იმის, რაც არსებობს და რასაც ვხედავთ.

ვიმეორებ, მთელი სირთულე ისაა, რომ უფრო ის უნდა დავინახოთ და იმის გვჯეროდეს, რაც არ არსებობს, ვიდრე იმის, რაც არსებობს. ამავე დროს, ამ დაგრეხილი ფრაზით, განვმარტე, თითქოსდა, კრისტალურად ნათელი, მაგრამ თავისისიცხადით შეცდომაში შემყვანი ფრაზა სახარებიდან: „იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძე სინათლისა“.

აქ ორი ამოსავალი წერტილია. პირველია: „იწამეთ ნათელი“. სწორედ რწმენაა საჭირო, ვინაიდან ის ხომ არ არსებობს. ის მხოლოდ ერთი წამით გაიელვებს. მაშასადამე, გვაიძულებენ გვწამდეს ის, რაც არ არსებობს და, როგორც ვთქვი, ამის უფრო მეტად უნდა გვწამდეს, ვიდრე იმის, რაც არსებობს. „რათა იყოთ ძენი ნათლისა“ – მეორე აკორდია. ანუ იყავით იმის შვილები, რასაც ვერ ხედავთ, მაგრამ რისიც გწამთ და უკვე გითხარით, რომ ტექსტის კონსტრუქციის ძალით გწამთ და არა ფსიქოლოგიის წყალობით.

მაშასადამე, იბადებით – რისგან? თქვენი ამ ფიქრებისგან? სინტაქსისგან (გაიხსენეთ „ელვის სინტაქსი“), ან ფორმისგან. ლოგოსი არის რაღაც ფორმალური. ფლობერი ამბობდა, რომ იდეა (გარკვეული შინაარსის მქონე მდგომარეობა თქვენს თავში) არის ის, რაც ფორმის წყალობით არსებობს. მიდი და გაიგე. ამას, შეიძლება, ფორმალიზმი უწოდო. მაგრამ სინამდვილეში ამაზე საუბარი არ არის და არც არავითარი ფორმალიზმია აქ.

რა თქმა უნდა, – მხოლოდ ფორმის ძალით, ვინაიდან, რასაც ვფიქრობ და რაც არ არსებობს, მხოლოდ ფორმალური შეიძლება იყოს. როდესაც ვთქვი: აზრის მინიჭება, ლოგოსის მინიჭება – ლოგიკა ხომ თავისი შინაარსით რაღაც ფორმალურია, – იმას ვგულისხმობდი, რომ შეგვიძლია ამ შინაარსის ყველა ელემენტი, როგორც ინგლისელები იტყვიან, explained away განვმარტოთ.

ანუ ჩვენს ცხოვრებაში მოქმედებს ფსიქოლოგიური კანონზომიერება: როდესაც განმარტების პროცედურას ვიყენებთ როგორც ისეთ რამეს, რომლის წყალობითაც ვთავისუფლდებით იმისგან, რისი განმარტებაც საჭირო იქნებოდა. ან როგორც რაღაცას, რისი საშუალებითაც ვახერხებთ, რომ არ დავინახოთ ის, რაც უნდა დაგვენახა (მკერავთან მიდიოდა ჩემი ცოლი. – განმარტების თავიდან აცილების მაგალითია; უფრო რთული ხასიათის თავის გამართლებებიც არსებობს.).

მოვიხმობ სოციალურ მაგალითს; ის გვიჩვენებს, როგორ მოქმედებს ჩვენი აზროვნება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს 1950 წელს ხდებოდა; როდესაც სკოლა დავამთავრე თბილისში, მოსკოვს გავემგზავრე, უნივერსიტეტში და ჩემთვის მოულოდნელ – ინტენსიური კომკავშირული ცხოვრების ვითარებაში აღმოვჩნდი, რაც თბილისის სკოლის მოსწავლისთვის რაღაც გაურკვეველი მისტიკური მოვლენა იყო; საერთოდ არ მესმოდა, რა ხდებოდა, როგორ შეიძლებოდა შეკრებებზე ჯდომა, კინოში კოლექტიური სიარული და ა.შ. სრული მისტერია და, ბუნებრივია, ხშირად ვიღებდი საყვედურებს.

მახსოვს, მოსკოვში საშინელი ზამთარი იყო, სველი და თოვლჭყაპიანი; გორკის ქუჩაზე მივდივართ და გვერდით მომყვება ჩვენი ჯგუფის კომკავშირის მდივანი. მე ქუჩაშიც კი მორიგი კომკავშირული გაკიცხვის ობიექტი აღმოვჩნდი. ჩემი ამხანაგის ამაღლებული სიტყვების დროს, ჩვენთან ათიოდე წლის უპოვარი ბიჭი მოვიდა და დახმარება გვთხოვა. ნორმალური ადამიანი, უპოვრის დანახვაზე არ და იწყებს ფიქრს, რომ ის სინამდვილეში შენზე გაცილებით მდიდარია, შენ ხედავ რეალობას.

მაგრამ ჩემმა ამხანაგმა ეს ბიჭი ვერ აღიქვა, ვინაიდან იგი მისი სივრცისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ გახლდათ. რატომ? ერთი მარტივი მიზეზის გამო: ამ ბიჭს საზოგადოების ჩემი ამხანაგისეულ თეორიულ იერარქიაში უკვე თავისი ადგილი ეჭირა. რა ადგილი? – ახლა კომუნიზმის პირველ ეტაპზე ვართ და ამ ეტაპზე ადამიანებს შორის განსხვავებაა. ერთნი უფრო ღარიბი არიან, მეორენი – უფრო მდიდარი და ვინაიდან ბიჭი მან უკვე ახსნა, უკვე შეიძლებოდა, რომ ის აღარ დაენახა.

ანუ ესაა საკუთარ ცნობიერებაში, შეგრძნების და განცდის საკუთარ უნარში იმ მოვლენის არ დაშვება, რომელიც შენს თვალწინაა (ეს ხომ ფიზიკურად ხდება, მაგრამ ვერ ხედავ). არსებობს გარკვეული მაგნიტური ველები, რომლებშიც შეგვიძლია ვიყოთ და ვხედავდეთ ან არ ვხედავდეთ იმას, რაც ამ ველს მიღმაა.

ველი ასე მართავს ჩვენს ტვინს, თუმცა, თითქოსდა, ვერ დანახვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება, ვერ დაინახო დატანჯული, გაყინული, უპოვარი, მშიერი ბიჭი? როგორც ჩანს, შეიძლება, რომ ვერ დაინახო (ახლა შეეცადეთ, ეს სტრუქტურა გაცილებით მეტ ცხოვრებისეულ შემთხვევაზე გადაიტანოთ – ჩვენს მიერ წიგნების კითხვაზე, სიყვარულზე, სიძულვილზე და ა.შ. ხომ ხედავთ, როგორ შორს მივდივართ პრუსტის განხილვისას. თითქოსდა, ვშორდები მას, მაგრამ სინამდვილეში პრუსტს თითქმის ტექსტუალურად მივყვები.).

მაშასადამე, კიდევ ერთხელ ვაყალიბებ: არის მდგომარეობანი, რომლებსაც იდეებს ვუწოდებთ და რომლებიც ფორმის ძალით არსებობენ. ფორმა კი, მოგეხსენებათ, კონსტრუქციული ბუნებისაა, ანუ ის იგება. ფორმები თავისით არ დარბიან, ფორმებს ცხოვრება ბადებს, მაგრამ მათ ადამიანებიც ქმნიან. მათ შორის ფორმებს გამოიგონებენ ხოლმე ხელოვნებაში, ლიტერატურაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი