კარლ გუსტავ იუნგი – მითი და სიმბოლო

0
432

კოლექტიური არაცნობიერი

ფროიდისთვის თითოეული პიროვნების სულის საიდუმლოები მის არაცნობიერშია დამარხული. მოსალოდნელია, რომ ეს საიდულმოები ყველა ჩვენგანისთვის სექსუალურ და აგრესიულ თემებს უკავშირდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ვინაიდან ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება განსხვავდება თქვენისგან, ჩემი და თქვენი არაცნობიერიც განსხვავებული იქნება. ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ფსიქოანალიტური ტრადიციის ფარგლებში არსებობს გავლენიანი პოზიცია, რომელიც აღწერს, თუ რა საერთო აქვთ სხვადასხვა ადამიანის არაცნობიერებს ერთმანეთთან და ეს პოზიცია კარლ იუნგს ეკუთვნის.

იუნგი ფროიდის ერთ-ერთი პირველი თანამოაზრე იყო. მან ფროიდთან უთანხმოების შემდეგ პიროვნების საკუთარი თეორია შექმნა, რომელიც ბევრად განსხვავდებოდა ფროიდისეული ფსიქოანალიზისგან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათ უთანხმოებას დაედო საფუძვლად, ის იყო, რომ ფროიდი ექსკლუზიურად სექსუალურ და აგრესიულ ინსტინქტებზე ფოკუსირდებოდა, იუნგი კი ამტკიცებდა, რომ ადამიანების მოტივაციას მთელი რიგი არაცნობიერი ძალები და ფაქტორები ქმნიან, რომელთა შორისაა შინაგანი სწრაფვები და ხატები ერთიანობის, სიკვდილის, ანდროგენურობის, სიბრძნის, უნამკოებისა და, რა თქმა უნდა, სექსისა და აგრესიის შესახებ და ეს ყველაფერი ჩვენი საერთო ევოლუციური მემკვიდრეობის შედეგია (Stevens, 1983, წყაროში McAdams, 2006).

ჩვენი ყოველდღიური ქცევის ამ უამრავი წყაროს უშრეტ საბადოს წარმოადგენს ის, რასაც იუნგი კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებს. კოლექტიური არაცნობიერი კაცობრიობის ევოლუციური წარსულის არქაული ნარჩენების საცავია. ეს არის ჩვენი თანდაყოლილი რასობრივი მეცნიერება, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით, რადგან ადამიანთა რასის მეხსიერების ნაწილია და თითოეული ჩვენგანის ფსიქიკის

კოლექტიური ანუ ტრანსპერსონალური არაცნობიერის ცნება ერთ-ერთი ორიგინალური და საკამათო თემაა იუნგის პიროვნების თეორიაში. ეს არის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ფსიქიკური სისტემა, რომელიც პათოლოგიის შემთხვევებში ფარავს ეგოსა და პიროვნულ არაცნობიერს (Jung, C. G., 1936/1971). კოლექტიური არაცნობიერი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული დაფარული მოგონებების საცავია; ეს მემკვიდრეობით მიღებული წარსული მოიცავს არა მარტო ადამიანთა, როგორც განსაკუთრებული ბიოლოგიური სახეობის, რასობრივ ისტორიას, არამედ ადამიანამდელი ცხოველური წინაპრების გამოცდილებასაც. კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს ადამიანის ევოლუციური განვითარების მემკვიდრეობას, რომელიც მრავალი თაობის განმეორებადი განცდებისაგან წარმოიქმნა. ის თითქმის მთლიანად ემიჯნება პიროვნულს ადამიანის ცხოვრებაში და, როგორც ჩანს, უნივერსალურია (ანუ საერთოა ყველა ეროვნებისა და რასის ადამიანებისთვის). კოლექტიური არაცნობიერის უნივერსალურობას იუნგი ყველა რასის ადამიანთა ტვინის სტრუქტურის მსგავსებით ხსნის, ეს უკანასკნელი კი ევოლუციის პროცესის მსგავსებით იხსნება. მემკვიდრეობით არ მიიღება რასობრივი მოგონებები ან რეპრეზენტაციები, როგორც ასეთი; მემკვიდრეობით გვეძლევა წინა თაობების გამოცდილების განმეორებით განცდის შესაძლებლობა. ისინი გვეძლევა, როგორც წინასწარი მზაობები, რომელიც გვაიძულებს გარე სამყაროზე ამა თუ იმ გზით რეაგირებას. ეს წინასწარი მზაობები პროეცირდება

კოლექტიური არაცნობიერი პიროვნების მთელი სტრუქტურის თანდაყოლილი, რასობრივი საფუძველია. მასზე წარმოიქმნება ეგო, პიროვნული არაცნობიერი და სხვა ინდივიდუალური შენაძენები. ის, რასაც ადამიანი საკუთარი გამოცდილების შედეგად მიიჩნევს, რეალურად კოლექტიური არაცნობიერით არის განპირობებული, რომელიც ქცევაზე წამყვან და სელექტიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების დასაწყისიდანვე. გარე სამყაროს აღქმის დიდი ნაწილი ფორმირდება კოლექტიური არაცნობიერით, მაგრამ მხოლოდ ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ვარიაციები და განვითარება (Jung, C. G., 2003).

ყველაზე ღრმა და მიუწვდომელ შრეში ინახება. იუნგს მიაჩნდა, რომ კოლექტიური არაცნობიერი ადამიანის ჭეშმარიტი ბუნებას წარმოადგენს. ჩვენი, როგორც სახეობის, ევოლუციის შედეგად ის მდიდარი ტექსტური მქონე არაცნობიერია, რომლითაც ვიბადებით თითოეული ჩვენგანი და მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება.

კოლექტიური არაცნობიერის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტები არქეტიპებია (Jung, C. G., 2003). არქეტიპები უნივერსალური პატერნი ან პრედისპოზიციაა, რომელიც სტრუქტურას სძენს იმას, თუ როგორ ადაპტირდებიან (ცნობიერად და არაცნობიერად) ადამიანები საკუთარ სამყაროსთან.

როგორც ადამიანის ბუნების ძირითადი კომპონენტები, არქეტიპები თანდაყოლილი, მაგრამ მოქნილი მოცემულობებია და ადამიანის გამოცდილების ყალიბს წამოადგენენ. ეს არ არის ხატი ან ქცევა, როგორც ასეთ, არამედ უნივერსალური ხატების შექმნისადმი და უნივერსალური ქცევით მიმდევრობის განხორციელებისკენ წინასწარმზაობა (Jung, C. G., 2003).

იუნგი ამტკიცებდა, რომ თითოეული მათგანის არსებობის მტკიცებულება ანტიკურ მითებში, სიზმრებსა და უნივერსალურ სიმბოლოებშია მოცემული. ასე მაგალითად, დედის ხატი აზრის უნივერსალური ფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ისტორიებში, ლეგენდებში, ხელოვნების ნიმუშებში, რიტუალებში, ადათ-წესებსა და ფანტაზიებში შეგვიძლია ვნახოთ.

დედები საუკუნეების განმავლობაში ისე იქცეოდნენ, როგორც ამას თანდაყოლილი, კოლექტიურ არაცნობიერში შენახული არქეტიპული შაბლონი ან ყალიბი კარნახობდათ დედის რაობის შესახებ. ამრიგად, დედის ხატის პროდუცირებას დედის არქეტიპი ახდენს, რომელიც შედგომში რეალურ დედასთან იდენტიფიცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი მემკვიდრეობით იღებს გენეტიკური დედის წინასწარ ფორმირებულ კონცეფციას, რაც ნაწილობრივ განაპირობებს იმას, როგორც აღიქვამს იგი მომავალში საკუთარ დედას.

ბავშვის მიერ დედის აღქმაზე მოქმედებს, ასევე ის, თუ რას წარმოადგენს დედა თავად და ბავშვის ახალშობილობის პერიოდის განცდები. ამგვარად, ბავშვის გამოცდილება არის გარკვეული გზით სამყაროსა და თავად ამ სამყაროს რეალური სახის აღქმის შინაგანი წინასწარი მზაობის ერთიანი პროდუქტი; მისი განცდები ბევრად ჰგავს იმას, რასაც განიცდის ნებისმიერი ეპოქის ინდივიდი ნებისმიერ ქვეყანაში (Jung, C. G., 2003).

დედის არქეტიპი შეიძლება „გამონთავისუფლდეს“ და გამოიხატოს აზრებსა და ხატებში, რომლებიც ინდივიდის რეალური დედის, დედამთილის, ბებიის, კოლექტიური არაცნობიერის სტრუქტურულ კომპონენტებს ლიტერატურაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ: არქეტიპები, დომინანტები, პირველსაწყისი ხატები, იმაგო, მითოლოგიური ხატები, ქცევითი პატერნები (Jung, C. G., 2003). არქეტიპი უნივერსალური სააზროვნო ფორმაა (იდეაა), რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ემოციურ ელემენტს.

ეს სააზროვნო ფორმა ქმნის ხატებს ანუ ხილვებს, რომელიც ჩვეულებრივ ღვიძილის მდგომარეობაში შეესაბამება ცნობიერი სიტუაციის ზოგიერთ ასპექტს. როგორ იბადება არქეტიპი? ეს არის მრავალი თაობის მანძილზე სტაბილურად განმეორებადი განცდის მუდმივი „დანალექი“. მაგალითად, ურიცხვი თაობა ადევნებდა თვალს მზის მოძრაობას ზეცის ერთი მხარიდან მეორისკენ. ამ განცდის განმეორება საბოლოოდ გაფიქსირდა კოლექტიურ არაცნობიერში, როგორც მზის ღმერთის, სინათლის მფრქვეველი ციური სხეულის სიძლიერის ხატი, რომელსაც ადამიანები აღმერთებდნენ და თაყვანს სცემდნენ. უმაღლესი ღვთაების შესახებ გარკვეული წარმოდგენები მზის არქეტიპს ეფუძნება (Фрейджер, Р. Фейдимен Дж., 2001).

არ არის აუცილებელი, რომ არქეტიპები ერთმანეთისგან იზოლირებლად არსებობდნენ კოლექტიურ არაცნობიერში. ისინი მსჭვალავენ ერთმანეთს და ირევიან ერთმანეთში. ასე მაგალითად, შეიძლება გვქონდეს გმირისა და ბრძენი მოხუცის არქეტიპთა კომბინაცია, რაც „ფილოსოფოსი-მეფის“ ხატს მოგვცემს, რომელსაც აღტაცებითა და პატივისცემით ეპყრობიან, როგორც გმირ ბელადსა და ბრძენ წინასწარმეტყველს. ზოგჯერ, როგორც ეს, მაგალითად, ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა, წარმოიქმნება დემონისა და გმირის არქეტიპთა შერევა, რაც შედეგად სატანურ ლიდერს გვაძლევს.

არქეტიპი შეიძლება კომპლექსის განცდების მიმზიდველი ბირთვი გახდეს. მაშინ არქეტიპი შეიძლება ასოციაციური განცდების მეშვეობით შეიჭრას ადამიანის ცნობიერებაში. მითები, სიზმრები, ხილვები, რიტუალები, ნევროტული და ფსიქოტური სიმპტომები, ხელოვნების ნიმუშები არქეტიპული მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს და არქეტიპთა შესახებ ცოდნის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს.

ზოგიერთი არქეტიპი იუნგის მიხედვით

დედა ზრუნვისა და ნაყოფიერების განხორციელება, რომელიც რეალური დედების, ბებიების, მეუღლეებისა და სხვა მზრუნველი ფიგურების საპასუხოდ შეიძლება იქნეს ამოტანილი. მოიცავს დადებით (სითბო, ზრუნვა, მხარდაჭერა) და უარყოფით (უარყოფა, დამუქრება, საფრთხე) მახასიათებლებს

პროეცირებული სიმბოლოები – დედა-მიწა ანტიკურ მითოლოგიაში, ქალწული მარიამი, ალმა მატერი, ეკლესია, ფერია ნათლია, ალქაჯები და დრაკონები.

ბავშვი-ღმერთი

უბრალოებისა და მომავალი გამოცდილების განსახიერება, რომელიც მომავალ მოვლენებსა და ზრდის პოტენციას წარმოადგენს. ხშირად აქვს ღვთაებრივი და მისტიკური ძალა.
პროეცირებული სიმბოლოები – ბავშვი იესო, ელფები, ჯუჯები, პატარა მოცარტი, ვუნდერკინდი ბავშვი.

გმირი

გმირის მითის კლასიკური და უნივერსალური პროტაგონისტი: სასწაულებრივ, ზებუნებრივ, მაგრამ უხმაურო დაბადებას ზეადამიანური ძალის ადრეულ ასაკში გამოვლენა მოჰყვება თან, სწრაფად მატულობს ცნობადობა, ტრიუმფით ებრძვის ბოროტს, მიდრეკილია სიამაყის „ცოდვისადმი“ და საბოლოოდ მარცხდება ღალატის მეშვეობით ან გმირულად სწირავს თავს.

პროეცირებული სიმბოლოები – ქრისტე, ოიდიპოსი, მერე ართური, აქილევსი, აბრაამ ლინკოლნი, მარტიკ ლუთერ კინგი უმცროსი.

მატყუარა

გმირის არქეტიპის ადრეული ფორმა, რომელიც ცბიერი ხუმრობებით, მავნე ცელქობებით გამოირჩევა და მაგიურ ძალას ფლობს. 

პროეცირებული სიმბოლოები – ჰერმესი, ბიბლიური დემონები, ჰარი ჰუდინი

ბრძენი მოხუცი

მოწიფულობისა და სიბრძნის განსახიერება, რომელსაც მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია.

პროეცირებული სიმბოლოები – ოიდიპოსი მოზრდილ წლებში, ტირეასი, მამაღმერთის გარკვეული ვერსიები, წინასწარმეტყველები, მაჰათმა განდი.

ანიმა

დაფარული ქალური საწყისი მამაკაცში.
პროეცირებული სიმბოლოები – ქალების იდეალიზებული სხვადასხვა ხატი, რომელსაც მამაკაცები თაყვანს სცემენ, როგორიცაა კლეოპატრა, ელენა ტროელი, ქალწული მარიამი, მონა ლიზა; ქალი, როგორც მაცდუნებელი, დედა, მეგობარი, შუამავალი; ქალი, როგორც ალქაჯი და ძუკნა; მანქანები, გემები.

ანიმუსი

დაფარული მამაკაცური საწყისი ქალში.                                                                          პროეცირებული სიმბოლოები – მამაკაცის იდეალიზირებული სხვადასხვა ქალი, რომელსაც ქალები თაყვანს სცემენ, როგორიცაა ოიდიპოსი, დონ ჟუანი, ქრისტე; მამაკაცი, როგორც შემაცდენელი, მონადირე, სახელმწიო მოღვაწე, მენტორი; მამაკაცი, როგორ მეკობრე, მოძალადე და კანონდამრღვევი.

ჩრდილი

მიუღებელი, ცხოველური სურვილებისა და იმპულსების განსახიერება; პიროვნების „ბნელი მხარე“. 

პროეცირებული სიმბოლოები – სატანა, ეშმაკები, უცხოები, მტრები, ველური მცეხები, ჰიტლერი, მუსოლინი.

პერსონა

პროეცირებული სიმბოლოები – მსახიობი ქალები და მამაკაცები.

კოლექტიურ არაცნობიერში დალექილი სამი განსაკუთრებით ცნობილი არქეტიპია ანიმა, ანიმუსი და ჩრდილი.

ანიმა მამაკაცებში არაცნობიერად წარმოდგენილი ქალური საწყისია. ეფუძნება რა მამაკაცების ქალებთან დროთა განმავლობაში ურთიერთობის კოლექტიურ გამოცდილებას, ანიმა ყველა მამაკაცის პიროვნების ფარული ფემინური მხარეა. ანალოგიურად არის წარმოდგენილი ყველა ქალში არაცნობიერი მამაკაცური ასპექტი, რომელსაც იუნგი ანიმუსს უწოდებს.

ანიმა და ანიმუსი სქესთა შორის რეალური ურთიერთობის საზღვრებს ადგენენ, თითოეულ სქესს ესმის მეორის არაცნობიერ დონეზე. ჩრდილის არქეტიპი სხვადასხვა მიუღებელი და სოციალურად აკრძლალული სურვილებისგან და იმპულსებისგან შედგება, რომელიც ცხოვრების უფრო დაბალი ფორმებიდან ევოლუციის შედეგად გვაქვს მემკვიდრეობით მიღებლი.

ცხოველური ჩრდილი ჩვენი პიროვნების „ბნელი მხარეა“, რომლის გაცნობიერებას და აღიარებას ერიდება ბევრი ჩვენგანი. ის მითოლოგიაში დემონების, ეშმაკების სახით გამოიხატება და, როგორც იუნგი ამბობს, ნაწილობრივ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქრისტიანებს პირველადი ცოდვის სწამთ.

როგორც ოიდიპოსის ისტორია ქმნიდა ფროიდისთვის ცხოვრების ნარატივების ინტერპრეტაციის მოდელს, ისე არქეტიპები წარმოადგენენ იუნგიანული ინტერპრეტაციის საფუძველს. თითოეული არქეტიპი ცხოვრებისეული ისტორიის პერსონაჟს ჰყაგვს.

იუნგიანული ინტერპრეტაცია, ძირითადად, არქეტიპული პატერნების იდენტიფიცირებას მოიაზრებს, რომლებიც პიროვნების ცხოვრებისეულ ისტორიაში მრავალ განსხვავებულ თემასა და ხატშია განსახიერებული.

თუმცა, თუ ფროიდი ოიდიპოსით იყო მოხიბლული და ნარატივებში ტრაგედიის ძებნისკენ იყო მიდრეკილი, იუნგი განსხვავებულ პოზიციას იკავებს და თავგადასავლისა და გმირული ძიებების ნარატიული შესაძლებლობებით ინტერესდება (McAdams, D. P., 2006).

ავტორი:ლილი ხეჩუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი