ერიხ ფრომი:თუ ადამიანებს სამოთხის შესახებ შეეკითხებით, ისინი გიპასუხებენ, რომ ის დიდი სუპერმარკეტია

0
366

ერიხ ფრომის ინტერვიუს საარქივო ჩანაწერი, რომელშიც გერმანელი ფსიქოლოგი საუბრობს XX საუკუნის საზოგადოების დაავადებებზე, პიროვნების პრობლემებზე, რომელსაც ის აწყდება მოხმარების ეპოქაში, ადამიანთა ურთიერთობების, ჭეშმარიტი ღირებულებებისა და საფრთხის შესახებ, რომლებიც გველოდება ომებისა და პოლიტიკური მანიპულაციების ეპოქაში.

1958 წელს პოპულარულმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაიკ უოლესმა თავის გადაცემაში „The Mike Wallace Interview“ მიიწვია XX საუკუნის ცნობილი ფსიქიატრი, სოციოლოგი და მოაზროვნე ერიხ ფრომი. ეს საუბარი შედგა 1958 წელს მაგრამ, რაც ფრომმა განაცხადა ქვეყნის საზოგადოების შესახებ, ერთგვარი დიაგნოზი გახდა, რომელიც თანაბრად შეიძლება იყოს გამოყენებული ათეულობით სხვა ქვეყნებისა და საზოგადოებების, ალბათ, მთელი ეპოქის მიმართ. პროცესები, რომლებიც ერიხ ფრომის ინტერვიუში განიხილებოდა, ჩვენს ქვეყანაში დაიწყო მოგვიანებით, და დღეს ჩვენ ვხედავთ მათ აყვავებას.

ჟურნალისტი და ფსიქიატრი განიხილავენ საზოგადოების და ადამიანის ურთიერთობას.  ერიხ ფრომი თანმიმდევრულად განმარტავს, თუ რა ემართება პიროვნებას სახელმწიფოში, რომელიც მიიჩნევს ადამიანს „წარმოება-მოხმარების“ დიდი მექანიზმის ერთ-ერთ ჭანჭიკად.

როგორ კარგავენ ადამიანები ღირებულებას და იძულებულნი ხდებიან ივაჭრონ თავისი პიროვნებით და შემდეგ გადაიქცენ ნივთებად, რომლებიც არ არის საჭირო და მოთხოვნადი?

რატომ დაკარგეს ინტერესი სამუშაოს მიმართ და რატომ სძულთ ის?

რატომ ვამბობთ უარს პასუხისმგებლობაზე იმის გამო, თუ რა ხდება საზოგადოებაში (რითაც მშვენივრად იყენებენ პოლიტიკოსები საკუთარ  ინტერესებში)?

რა ემართება სახელმწიფოებს, რომელთა  მთავარი მიზანი გახდა „გადარჩენა“?

რატომ არის „საბაზრო ორიენტაცია“ სახიფათო ადამიანისთვის?

რას ნიშნავს „ჯანსაღი საზოგადოება“?

რა არის ნამდვილი ბედნიერება?

რა განსხვავებაა „თანასწორობასა“ და „იდენტურობას“ შორის?

და რა არის ყველაფერ აქედან ჩვენთვის  უფრო ახლოს? 

მაიკ უოლესი: მე მინდა გავიგო თქვენი, როგორც ფსიქოანალიტიკოსის, აზრი, შემდეგ საკითხზე: რა გვემართება ჩვენ, როგორც ინდივიდს. მაგალითად, რას იტყოდით იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს, ამერიკელს მისი საქმიანობის მიმართ?

ერიხ ფრომი: მე ვფიქრობ, რომ მისი საქმიანობა დიდწილად უაზრობას წარმოადგენს მისთვის, რადგან მას არაფერი აქვს საერთო მასთან. ის ხდება დიდი მექანიზმის – ბიუროკრატიის მიერ მართული სოციალური მექანიზმის ნაწილი. და, ჩემი აზრით, ამერიკელს ძალიან ხშირად გაუცნობიერებლად სძულს მისი საქმე, რადგან ხაფანგში, ციხეში გრძნობს თავს. ის გრძნობს, რომ თავისი ცხოვრების, თავისი ენერგიის უმეტეს ნაწილს ხარჯავს იმაზე, რასაც მისთვის არ აქვს აზრი.

მაიკ უოლესი:საქმეს მისთვის  აზრი აქვს. ის იყენებს სამუშაოს, რათა უზრუნველყოს თავისი თავი, ამიტომ ღირსეული, გონივრული და აუცილებელია.

ერიხ ფრომი: დიახ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, თუ ის რვა საათს ატარებს დღეში, რათა გააკეთოს ის, რასაც მისთვის არ აქვს აზრი და ინტერესი, გარდა ფულის შოვნისა.

მაიკ უოლესი: სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. ეს არის საინტერესო მუშაობის პროცესში. იქნებ მე ძალიან დაჟინებული ვარ, მაგრამ კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში? როდესაც ადამიანი ქარხანაში მუშაობს, მაგალითად, რეგულირებადი ქანჩით ხელში, რას შეიძლება ჰქონდეს აქ ღრმა მნიშვნელობა?

ერიხ ფრომი:არსებობს შემოქმედებითი კმაყოფილება, რომელიც გააჩნდათ ხელოსნებს შუა საუკუნეებში და კიდევ შემორჩა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა. ეს არის რაღაც კონკრეტულის შექმნით გამოწვეული კმაყოფილება. თქვენ ძალიან ცოტა კვალიფიცირებულ მუშაკს მოძებნით, რომლებიც დღემდე იღებენ ამ კმაყოფილებას. შესაძლოა, ის ცნობილია მუშისთვის ფოლადსასხმელ ქარხანაში, ან მუშისთვის, რომლის შრომა  დაკავშირებულია რთული მანქანების გამოყენებასთან: ის გრძნობს, რომ რაღაცას ქმნის. მაგრამ თუ ავიღებთ გამყიდველს, რომელიც ყიდის საქონელს ყოველგვარი სარგებელის გარეშე, მას თავი თაღლითად მიაჩნია და სძულს მისი საქონელი, ისევე როგორც რაღაც …

მაიკ უოლესი: მაგრამ თქვენ ლაპარაკობთ უსარგებლო საქონლის შესახებ. მაგრამ თუ ის ყიდის კბილის ჯაგრისებს, მანქანებს, ტელევიზორებს ან …

ერიხ ფრომი: „უსარგებლო“ – ფარდობითი ცნებაა. მაგალითად, გეგმის შესასრულებლად გამყიდველმა უნდა აიძულოს ადამიანები იყიდოს ისინი, თუმცა, ამავე დროს აცნობიერებს, რომ მათ არ უნდა იყიდონ ეს საქონელი. ამ შემთხვევაში ამ ხალხის საჭიროებების თვალსაზრისით, ისინი უსარგებლოა, თუმცა ნივთი  წესრიგშია. რას ნიშნავს „საბაზრო ორიენტაცია“ და რას იწვევს ის :

მაიკ უოლესი: თქვენს შრომებში ხშირად საუბრობთ „საბაზრო ორიენტაციის“ შესახებ. დოქტორო ფრომ, რას გულისხმობთ „საბაზრო ორიენტაციაში“?

ერიხ ფრომი:მე ვგულისხმობ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის ძირითადი გზა ისეთივეა, როგორი დამოკიდებულებაც აქვთ მათ ნივთების მიმართ ბაზარზე. ჩვენ გვინდა ჩვენი პიროვნების ან, როგორც ზოგჯერ ამბობენ, „ჩვენი პირადი ბაგაჟის“ რაღაცაზე გაცვლა. ახლა ეს არ ეხება ფიზიკურ შრომას. მუშაკმა, რომელიც ფიზიკურ შრომას ეწევა, არ უნდა გაყიდოს მისი პიროვნება. ის არ ყიდის თავის ღიმილს. მაგრამ ისინი, ვისაც ჩვენ „თეთრსაყელოიანებს“ ვუწოდებთ, ანუ ყველა ადამიანი, რომლებსაც საქმე აქვთ ციფრებთან, ქაღალდებთან, ადამიანებთან, ვინც მანიპულირებს ადამიანებით, ნიშნებით და სიტყვებით. დღეს მათ არა მხოლოდ უნდა გაყიდონ თავისი მომსახურება, არამედ, როდესაც გარიგებას იწყებენ, ისინი მეტ-ნაკლებად ყიდიან მათ პიროვნებას. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი.

მაიკ უოლესი: ამდენად, მათი საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს  გადაუხდის  მათ ბაზარი …

ერიხ ფრომი:ზუსტად! ისევე როგორც ჩანთები, რომლებიც არ გაიყიდება, რადგან არ არის საკმარისი მოთხოვნა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ისინი უსარგებლოა. და ჩანთას რომ გააჩნდეს გრძნობის უნარი, ეს იქნებოდა არასრულფასოვნობის საშინელი შეგრძნება, რადგან მას არავინ იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უსარგებლოა. ასეა ადამიანიც, რომელიც თავს ნივთად მიიჩნევს. და თუ ის არ არის იმდენად წარმატებული, რომ გაყიდოს თავი, ის გრძნობს, რომ მისი ცხოვრება წარმატებულად არ წარიმართა.
პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ჩავაბარეთ სპეციალისტებს, რომლებმაც მათზე უნდა იზრუნონ. ცალკეული მოქალაქე არ გრძნობს, რომ მას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი. არც იმას, რომ მან ეს უნდა გააკეთოს და პასუხისმგებელი იყოს ამისათვის. ვფიქრობ, რომ მთელი რიგი მოვლენების  ამტკიცებს ამას.

მაიკ უოლესი:როცა თქვენ საუბრობთ რაღაცის გაკეთების აუცილებლობაზე, იქნებ, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს ამორფულ საზოგადოებაში ძალზე ძნელია ამ გრძნობის განვითარება. ყველას უნდოდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება  ძალიან რთულია.

ერიხ ფრომი:ჩემი აზრით, თქვენ აქ მიუთითებთ ჩვენი სისტემის ერთ-ერთ მთავარ ნაკლოვანებებზე. მოქალაქეს ძალიან მცირე შანსი აქვს ჰქონდეს რაიმე გავლენა – გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარი მოსაზრების გამოხატვის. და მე ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად პოლიტიკურ ლეტალობასა და სისულელეს იწვევს. ეს მართალია, რომ ჯერ უნდა დავფიქრდეთ და შემდეგ ვიმოქმედოთ. მაგრამ ისიც მართალია, რომ თუ ადამიანს არ აქვს მოქმედების შესაძლებლობა, მისი აზროვნების უნარი იფიტება.
ღირებულებების, თანასწორობისა და ბედნიერების შესახებ:

მაიკ უოლესი: საზოგადოების სურათი, რომელსაც თქვენ წარმოგვიდგენთ, – ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ძირითადად დასავლური საზოგადოების, ამერიკული საზოგადოების შესახებ, – სურათი, რომელსაც თქვენ წარმოგვიდგენთ, ძალიან პირქუშია. რასაკვირველია, სამყაროს ამ ნაწილში ჩვენი მთავარი ამოცანაა გადარჩენა, თავისუფლებად დარჩენა და საკუთარი თავის რეალიზაცია. ყველაფერი ის, რის შესახებაც თქვენ ისაუბრეთ, როგორ ახდენს გავლენას გადარჩენის და ამ სამყაროში თავისუფლებად დარჩენის ჩვენს უნარზე, რომელიც ამჟამად კრიზისულ სიტუაციაში იმყოფება?

ერიხ ფრომი:ჩემი აზრით, თქვენ ახლა შეეხეთ ძალიან სერიოზულ საკითხს: უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ღირებულებების შესახებ …  თუ ჩვენი ყველაზე მაღალი ღირებულებაა დასავლეთის ტრადიციის განვითარება – ადამიანისა, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, ვისთვისაც სიყვარული, პატივისცემა და ღირსება არის ყველაზე მაღალი ღირებულებები, ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ: „თუ ჩვენი გადარჩენისთვის ასე არის უკეთესი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ამ ღირებულებებზე“. თუ ეს ყველაზე მაღალი ღირებულებებია, მიუხედავად იმისა, ცოცხალი ვართ თუ არა, ჩვენ არ შევცვლით მათ. მაგრამ თუ ჩვენ ვიწყებთ შემდეგის თქმას: „იქნებ რუსებს უკეთესად გავუმკლავდებოდით, თუ საკუთარ თავს ვაქცევთ მართვად საზოგადოებად, თუ ჩვენ, როგორც ვიღაცამ განაცხადა ცოტა ხნის წინ, დავიწყებთ ჩვენი ჯარისკაცების მომზადებას, რომ თურქებს დავემსგავსოთ, რომლებიც ასე მამაცად იბრძოდნენ კორეაში …“. თუ გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების მთელი გზა შეცვალოთ ე.წ. „გადარჩენისთვის“, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს გადარჩენას. რადგან ჩვენი სიცოცხლის ძალები და თითოეული ერის სიცოცხლისუნარიანობა ეფუძნება გულწრფელობას და სიღრმისეულ რწმენას იმ იდეებისა, რომელსაც იგი აცხადებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რადგან ვამბობთ ერთს, მაგრამ  ვგრძნობთ და ვმოქმედებთ სხვაგვარად.

მაიკ უოლესი: რას გულისხმობთ?

ერიხ ფრომი:მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორობის, ბედნიერების, თავისუფლებისა და რელიგიის სულიერ ფასეულობებზე, ღმერთზე, ხოლო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვმოქმედებთ იმ პრინციპების შესაბამისად, რომლებიც განსხვავდებიან და ნაწილობრივ ეწინააღმდეგებიან ამ იდეებს.

მაიკ უოლესი:კარგი, ახლა მე მინდა გკითხოთ იმაზე, რაც თქვენ ახლა ახსენეთ: თანასწორობა, ბედნიერება და თავისუფლება.

ერიხ ფრომი:შევეცდები. ერთის მხრივ, თანასწორობა შეიძლება გაგებული იყოს იმ მნიშვნელობით, რომელიც მოცემულია ბიბლიაში: რომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, რადგან შეგვქმნეს ღვთის ხატად. ან, თუ არ გამოვიყენებთ საღვთისმეტყველო  ენას: ჩვენ ყველანი თანასწორი ვართ იმ მნიშვნელობით, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს სხვა ადამიანისთვის საშუალება, მაგრამ ყოველი ადამიანი არის თვითმიზანი. დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით თანასწორობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ეს გაგებულია, როგორც თანაბრობა. ისინი ყველა თანაბარნი არიან და ეშინიათ: თუ ისინი მსგავსი არ არიან, არ არიან თანაბარი.

მაიკ უოლესი: და ბედნიერებიც.

ერიხ ფრომი:ბედნიერება მთელი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძვირფასი სიტყვაა. ვფიქრობ, დღეს თუ ადამიანებს ვკითხავთ, რა არის რეალურად ბედნიერება, მათი აზრით, ეს იქნება შეუზღუდავი მოხმარება. ასეთი რამ მისტერ ჰაქსლიმ აღწერა თავის რომანში „ო, საოცარი ახალი სამყარო“.  ვფიქრობ, თუ ჰკითხავთ ადამიანებს, რა არის სამოთხე, და თუ ისინი პატიოსანი იქნებიან, გიპასუხებენ, რომ ის ერთგვარი დიდი სუპერმარკეტია, სადაც ყოველ კვირას ახალი ნივთები მოაქვთ, და საკმარისი ფული არის იმისათვის, რომ შეიძინო ყველაფერი ახალი. ჩემი აზრით, ადამიანთა უმრავლესობისათვის ბედნიერებაა ყოველთვის იყო პატარა ბავშვი: უფრო მეტი მიიღო ის, რაც გიყვარს.

მაიკ უოლესი: და რა უნდა იყოს ბედნიერება?

ერიხ ფრომი:ბედნიერება უნდა იყოს შემოქმედებითი, ჭეშმარიტი, ღრმა კავშირების შედეგი – გაგების, ცხოვრებაში ყველაფერზე რეაგირების – ადამიანების, ბუნების მიმართ. ბედნიერება არ გამორიცხავს მწუხარებას. თუ ადამიანი რეაგირებას ახდენს ცხოვრებაზე, ის ზოგჯერ ბედნიერია, ზოგჯერ კი სევდიანი. დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე რეაგირებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი