ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით – II ნაწილი

0
277

II ნაწილი

რა არის სიტყვა? აღგზნებული ნერვების ანარეკლი ბგერებში. ნერვული აღგზნების ჩვენს გარეთ მყოფ მიზეზთან დაკავშირება კი უკვე არის საფუძვლის კანონის მცდარი და არამართებული გამოყენების შედეგი. თუკი დავუშვებთ, რომ ენის დასაბამში მხოლოდ ჭეშმარიტება იყო განსაზღვრებათა დამაჯერებლობის ათვლის წერტილი, როგორღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქვა მაგარია“, თითქოს „მაგარი“ ჩვენთვის კიდევ სხვაგვარად იყოს ცნობილი და არა მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აღგზნებით.

ჩვენ ვყოფთ ნივთებს სქესის მიხედვით: ხეს მამრობით სქესს ვანიჭებთ, მცენარეს მდედრობითს, რაოდენ თვითნებურია ასეთი გადაბრალებები! რამდენად დავშორდით დამაჯერებლობის კანონს. ჩვენ ვლაპარაკობთ გველზე, მისი განსაზღვრება კი სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ იგი იკლაკნება, რაც ასევე მატლსაც მიესადაგება. რაოდენ თვითნებურია ასეთი შეზღუდვები, რაოდენ ცალმხრივად ხდება ნივთის ცალკეული თვისებების ამორჩევა.

სხვადასხვა ენის ერთმანეთთან შეპირისპირებით ჩანს, რომ სიტყვებს არაფერი არა აქვთს საერთო არც ჭეშმარიტებასთან და არც ადექვატურ შესატყვისობასთან. „თავისთავადი ნივთი“ (ესეც უსარგებლო ჭეშმარიტების ნიმუშად გამოდგებოდა) სრულიად გაუგებარი და არაფრად ღირებულია ენის შემოქმედისათვის, რომელიც მხოლოდ ადამიანებთან ნივთების ურთიერთკავშირს აღნიშნავს და მათ გამოსახატავად საკმაოდ გაბედულ მეტაფორებს იშველიებს.

თავდაპირველად ნერვული აღგზნება გარდაიქმნება ხატად, – ესაა პირველი მეტაფორა! შემდეგ ხატი გადაფორმდება ბგერაში, რაც მეორე მეტაფორაა! და ყოველ ჯერზე სახეზეა სფეროების სრული აღრევა, ერთის ნახევრიდან მეორეზე, სრულიად ახალზე გადახტომა. შეიძლება ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელიც სრულიად ყრუა და ხმისა და მუსიკის შეგრძნება არასდროს განუცდია: როგორც ქვიშაში ქლადნის ხმოვანი ფიგურები, ისე იცქირება იგი განცვიფრებული და ჟღერის მიზეზს სიმების დაჭიმულობაში ხედავს და დარწმუნებით შეუძლია იმის მტკიცება, რომ ზუსტად იცის, რას უწოდებენ ადამიანები ხმოვანებას, – სწორედ ასეთია ყოველი ჩვენთაგანის დამოკიდებულება ენის მიმართ.

ჩვენც ასე გვგონია, რომ ნივთების აზრზე ვართ, როდესაც ხეებზე, ფერებზე, თოვლსა და ყვავილებზე ვსაუბრობთ და სინამდვილეში კი მხოლოდ ნივთების მეტაფორები გვაქვს, რომლებიც მათ თავდაპირველ არსს არანაირად არ შეესატყვისება. რა პრინციპითაც ხმა ქვიშის ფიგურის ფორმას იღებს, ასევე თავისთავადი ნივთის რომელიღაც გამოუცნობი X – ჯერ ნერვულ აღგზნებად, შემდეგ ხატებად, ბოლოს კი ბგერად წარმოისახება.

ასე რომ, ენის წარმოშობა არანაირად ლოგიკურად არ მიმდინარეობს და მთელი ის მასალა, როელზედაც და რომლითაც მოგვიანებით ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი, მეცნიერი თუ ფილოსოფოსი მუშაობს და აშენებს, ღრუბლებიდან თუ არა, ყოველ შემთხვევაში ნივთების არსიდანაც არ მომდინარეობს.

განსაკუთრებით იმაზე დავფიქრდეთ, როგორ ხდება ცნებების შედგენა. ყოველი სიტყვა იმის მეშვეობით გადაიქცევა ცნებად, რომ იგი შეესაბამება არა როგორც მხოლოდ და მხოლოდ გაინდივიდუალურებულ განცდას, რომელსაც გაჩენას უმადლის და გასახსენებლადაც უნდა იხმარებოდეს, არამედ იმით, რომ იგი ერთდროულად უთვალავ, მეტნაკლებად მსგავს, ანუ, მკაცრად რომ ვთქვად, არასდროს იგივეობრივ, ამდენად არაიდენტურ შემთხვევებს უნდა შეესაბამოს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი