ბაჩანა ბრეგაძე – მხოლოდ მკვდრები არიან უკვდავნი

0
222

 თავის “ეპიტაფიაში” ის წერს:” XX საუკუნის 90-იან წლებამდე ემიგრანტი ვიყავი ჩემს სამშობლოში. 90-იანი წლების შემდეგ – ხიზანი. მადლობა ღმერთს, მალე მომისწრებს ამნისტია და ჩემს დასაბამიერ სამშობლოში გადავსახლდები” 
ამნისტიის დღეც დადგა… 

ბაჩანა ბრეგვაძე 14 თებერვალს, 80 წლის ასაკში  გარდაიცვალა.18 თებერვალს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ბაჩანა ბრეგვაძეს ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ფილოსოფიური თუ მხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის, პლატონი, არისტოტელე, სერვანტესი… იყო პოლიგლოტი და თარგმნიდა ლათინური, ძველი ბერძნული, რუსული, გერმანული, ფრანგული და სხვა ენებიდან. ბაჩანას როლი ქართველთა გამანათლებლობაში სრულიად განასაკუთებულია. მარტო პლატონი რომ ეთარგმნა ის ეყოფოდა უკვდავებისთვის. მისი თარგმანების სიას თუ გადავხედავთ, კითხვა დაგებადება ბაჩანამდე რას ვაკეთებდით, როგორ შეიძლება ამ ნაწარმოების გარეშე ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრება? ალბათ ბევრის გადათარგმნა ვერც მოასწრო.

ამ თავმდაბალი და უპრეტენზიო ადამიანის, მთარგმნელის ღვაწლი დიდი მწერლების ამაგს უტოლდება ქართულ კულტურაზე. მისი შესაბამისად დაფასება იქნება ის, რომ მომავალი თაობები წაიკითხავენ და არ დაივიწყებენ ტექსტების იმ დიდ კორპუსს, რომელთა გადმოქართულებას მან მთელი ცხოვრება შეალია… ეცადა იმ უფსკრულის ამოვსებას, რაც ჩვენსა და მსოფლიო ლიტერატურულ, ფილოსოფიურ ტრადიციას შორის არსებობს.

თავის წიგნში „ჩანაწერები“ ბაჩანა ბრეგვაძე ყველაზე მეტად თანამედროვე ყოფაზე დარდობს, კულტურის როლის დაკნინებასა და საბჭოთა წყობილების შედეგად მიღებულ ახალ ადამიანზე, რომელიც ბოლომდე ადამიანი არც არის.

მისთვის საბჭოთა კავშირის პერიოდი დაკარგული წლებია. ამავე „ჩანაწერებში“ ხშირად გამოთქვამს წუხილს, რომ არც წინა საუკუნეებში ექცეოდა კულტურას სათანადო ყურადღება, რომ ილია ჭავჭავაძის არ იყოს, ჩვენი ისტორია მეფეების და ბრძოლების ისტორიაა და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ერთი სიტყვით არ ახსენებს რუსთაველს. ამის საილუსტრაციოდ „ჩანაწერებში“ ბაჩანა ბრეგვაძე ჰყვება, როგორ გამოიკვლიეს ჩეხოსლოვაკიაში ხეები, რომლებიც ასაკით ორჯერ აღემატებოდნენ ეგვიპტის პირამიდებს:

„ანალიზის შედეგად ერთი უცნაურობა შენიშნეს: კონცენტრულ წრიულ რგოლებს აქა-იქ თითო, ზოგან კი ზედიზედ რამდენიმე რგოლი აკლდა – კანონით, უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. ბევრი ფიქრის, კირკიტისა და თავის მტვრევის შედეგად, ჩემი აზრით, ერთადერთ სწორ დასკვნამდე მივიდნენ: იმ წელს თუ იმ წლებში საშინელი კლიმატური პირობები ყოფილა და ხეს მხოლოდ იმისთვის ჰყოფნია ძალა, რომ არ მომკვდარიყო; სხვა მხრივ, ის წლები ისე ამოვარდნილიყვნენ მისი „ბიოგრაფიიდან“, რომ კვალიც კი არ დაეტოვებინათ მასში. თუ ამ ჭრილში განვიხილავთ ქართული კულტურის ისტორიას, ანალოგიური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ, მხოლოდ აქ წლები კი არა, ასწლეულებია ამოვარდნილი“.

სოკრატემდელი ფილოსოფოსები, თითქმის სრული პლატონი, არისტოტელე, პლოტინე, სახარება, მარკუს ავრელიუსი, ნეტარი ავგუსტინე, დანტე, სერვანტესი, პასკალი, შოპენჰაუერი, იბსენი, პოლ ვალერი, ანრი ბერგსონი, ორტეგა ი-გასეტი, სენტ-ეგზიუპერი, ლორკა… ეს ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი ავტორების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფილოსოფოსებიც არიან და პოეტებიც, დრამატურგებიც და დიდი პროზაიკოსებიც. ბაჩანა ბრეგვაძე ყველა ამ ავტორს თანაბარი პასუხისმგებლობით თარგმნიდა, თუმცა მისი უმთავრესი დამსახურება მაინც სხვადასხვა ფილოსოფიური დისკურსის ქართული შესატყვისის მოძებნაა, რომელსაც იგი ათწლეულების მანძილზე ხვეწდა.

ბევრმა სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის ქართულით წაიკითხა ეს მოაზროვნეები, ახლა კი ჩვენ შანსი მოგვეცა თავად ბაჩანა ბრეგვაძის ნაწერი წავიკითხოთ, ფრაგმენტული თუ გაბმული ტექსტები, რომლებიც ძალიან ზუსტად გვიხასიათებს მწერალს, მოაზროვნეს, მთარგმნელს, მის თვალსაწიერს.

ვინც მართლა სამართლიანობისათვის იბრძვის, თუ სურს ცოტა ხანს მაინც გაუძლოს მტრებს, ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს: საზოგადოებრივი ასპარეზი მისი სარბიელი არ არის…

პირადი ცხოვრება აქ ძალიან ცოტაა, აქ მოაზროვნეს ვხედავთ, რომელიც საკუთარ აზრებს საყვარელი ავტორების აზრებით კმაზავს. აქ ჩვენს თანამედროვეებსაც იშვიათად შეხვდებით. ფილოლოგი დავით პაიჭაძეც სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას:

“კონკრეტიკის მოლოდინი თუ გაქვს, ამ ჟანრის წინა ქართული წიგნებიდან გამომდინარე, შეიძლება ცოტა გაგიწბილდეს მოლოდინი, იმიტომ რომ, თუკი ავტორი აქ კონკრეტულია და კონკრეტულ სახელებს ამბობს, ეს სახელები დიდი ხნის წინათ გავიდნენ ამ სოფლიდან. იგი არ ლაპარაკობს თავის თანამედროვეებზე სახელდებით. ამ მხრივ ის ინდობს მათ, განსხვავებით, მაგალითად, გივი ალხაზიშვილისგან, რომელმაც ძალიან მწარე და ბრაზიანი წიგნი გამოსცა, მე თუ მკითხავთ, და, ალბათ, ბევრი განაწყენდა კიდეც.”დ.პ

დათო პაიჭაძემ სიტყვა ინტელიგენტურიც გამოიყენა ბაჩანა ბრეგვაძის ჩანაწერების დახასიათებისას:

“მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა ინტელიგენტი. არ მიყვარს ეს სიტყვა და ბაჩანა ბრეგვაძე სხვა არის. არ ვიტყვი მეტი ან რაღაც. ეს არ არის ინტელიგენტის ჩანაწერები. მაგრამ, აი, ეს მომენტი: არგამხელა, დანდობა, სათქმელის მორბილება, როცა საქმე ეხება მის თანამედროვეობას და თან მწვავე საკითხებსაც, ეს არის ინტელიგენტური, ამ სიტყვის სტერეოტიპული გაგებით.”დ.პ

მახსოვს, დაახლოებით 8 წლის წინ წავიკითხე ბაჩანა ბრეგვაძის ჩანაწერების პირველი პუბლიკაციები გაზეთ “ჩვენ მწერლობაში”. მაშინვე ძალიან გამიხარდა, როდესაც არაერთ პროფესიულ, ფილოლოგიურ დაკვირვებას გადავაწყდი და ახლაც ჩემთვის სწორედ ამითაა ეს წიგნი მნიშვნელოვანი, და ლიტერატურის მოყვარულებს, ასევე მათ, ვისაც მნიშვნელობათა ლაბირინთებში ძრომა უყვარს, ეს წიგნი დიდ სიამოვნებას ჰპირდება:

“ერთი სიამოვნებაა მისი ფილოლოგიური წიაღსვლების კითხვა აქ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზა სახარებიდან, რაც მთელ ჩვენს სინამდვილეს მოჰყვება შემდეგ ფრთიან ფრაზებად, არამარტო ქართულს, არამედ საერთოდ, რომ “როგორც ნემსის ყუნწში ვერ გაძვრება აქლემი, ისე ვერ შევა მდიდარი სასუფეველში”, და თურმე აქლემი კი არ არის, ბაგირია, და ლაპარაკია სქელ თოკზე და გადამწერის შეცდომის გამო მოხდა ეს. ანუ “კამილოს – ბაგირი” და “კამელოს – აქლემი” აერია გადამწერს და შექმნა ფრაზა, რომელიც გგონია, რომ არის მახარებლების დაწერილი და ამ დროს ვიღაცა უცნობი მთარგმნელის შეცდომაა. და ეს არ გასწორდება არასოდეს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ დამკვიდრებულია…”დ.პ.

წიგნში ძალიან ბევრი საინტერესო ამბავია მოთხრობილი, გაგონილიც და ამოკითხულიც, და, რაც მთავარია, ამას ახლავს ავტორის ხან იმპრესიონისტული, ხანაც ძალიან დაკვირვებული და ზედმიწევნით ანალიტიკური კომენტარები: ეს არ არის მხოლოდ კლასიკური სამყაროს ფრაგმენტების მოტანის სურვილი მკითხველთან. არა, ეს, პრინციპში, არის სევდიანი წიგნი კაცისა, რომელსაც უკვე ხნიერება შემოეპარა…

“ეს პატარა ანეკდოტები, ანეკდოტები არა სასაცილო აზრით, არამედ სწორედ ჟანრობრივად, ანუ ის, რაც არასოდეს გამოცემულა, უბრალოდ, თაობებმა შემოინახეს და ძალიან ბევრ, ჯერ კიდევ ძველბერძნულ წიგნშია თავმოყრილი, გაცოცხლებულია აქ და კი გამოიცა ახლა ელიანეს ჭრელ-ჭრელი ამბები, მაგრამ ის ელიანეა, ორიგინალიდან თარგმანია და ის სხვა საკითხია, ხოლო აქ მნიშვნელობა აქვს რატომ ცოცხლდება და ვის ხელში ცოცხლდება ეს ჩანაწერები.” დ.პ.

წიგნს, ისევე როგორც ამ ჟანრის სხვა წიგნებსაც, გარკვეული სევდიანი ინტონაცია ახასიათებს და რომ მას მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა არა აქვს. იგი არაა მხოლოდ გონების სავარჯიშო:

“ეს არ არის მხოლოდ კლასიკური სამყაროს ფრაგმენტების მოტანის სურვილი მკითხველთან. არა, ეს, პრინციპში, არის სევდიანი წიგნი კაცისა, რომელსაც უკვე ხნიერება შემოეპარა. და ეს არის პროეცირება ხან ძალიან ღრმა, ხანაც არცთუ ისე ღრმა, მისი ასაკიდან გამომდინარე, მის გარემოზე და ადამიანის არსზე. მე ვერ ვიტყვი, რომ ის თავის თავში იჩხრიკება. არა, ეს არ არის Ad Se Ipsum (იგულისხმება მარკუს ავრელიუსის “ფიქრები”), რომელიც მან ბრწყინვალედ თარგმნა და გამოსცა.”დ.პ.

სწორედ ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ბაჩანა ბრეგვაძის ის იშვიათი ავტობიოგრაფიული ფრაგმენტები და დაკვირვებები, რომლებიც წიგნშია გაფანტული:
ის ენდობა მკითხველს მთლიანად და ენდობა არა ხაზგასმით. მოკლედ, შენ წაიკითხე – როგორც გინდა, ისე გაიგე. თუ გინდა, სულ ნუ გაიგებ…

ხანდახან აცოცხლებს ხოლმე – მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც – პირდაპირ გულისამაჩუყებელ, გულწრფელად სენტიმენტალურ სიუჟეტებს და ამბებს თავისი ყოფიდან, ბავშვობიდან. ის იხსენებს ეპიზოდს თავისი ბავშვობიდან, როცა მისი სახლის წინ, რაჭის სოფელში, ზამთარში, ერთი ღარიბი ოჯახის შვილები ჩაივლიდნენ ხოლმე სკოლიდან მიმავალნი და ერთსა და იმავე ადგილას ერთი ბავშვი იწყებდა ხოლმე ტირილს სულ. და ბაჩანას, რომელიც მაშინ თავადაც ბავშვი იყო, მოზარდი, ეგონა, რომ ეს ბავშვი სიცივის გამო ტიროდა, იმიტომ რომ დახეული წინდა ჰქონდა და ფეხი უშავდებოდა. ამას ხედავდა და უკვიდრა: “ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, რაღა მაინცდამაინც აქ მორთავ ტირილს-მეთქი. მჭადი მითავდებაო, მითხრა. გული ჩამწყდა. არა, სიცივე როდი იყო ამის მიზეზი. დედის მომჭირნე ხელით მკაცრად მოზომილი ნატეხი მხოლოდ აქამდე ჰყოფნიდა, მაგრამ შიმშილს კი ვერ უკლავდა…”. მერე კი წერს ავტორი, რომ ეს ბიჭი დავაჟკაცდა, პატიოსანი კაცი გახდა და ა.შ… კი, მაგრამ, ეს ეპიზოდი არის ერთი პატარა ნოველა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ გვერდზე ეტევა, იგი არ გავიწყდება და მეტი ზემოქმედება ტექსტს რა უნდა მოსთხოვო!

ბაჩანა ბრეგვაძის ამ წიგნში ბევრ მახვილგონივრულ მიგნებას ნახავთ. მაგალითად, ერთ-ერთ ფრაგმენტში ავტორი უშვებს, რომ შესაძლოა ფარსმან II, თავისი სტუმრობის დროს ჰადრიანესა და ანტონინუს პიუსის კარზე მარკუს ავრელიუსსაც შეხვდა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელიც ანტონინუს პიუსს ჰყავდა ნაშვილები. წიგნში, ასეთი ისტორიულ-ფილოლოგიურ-დეტექტიური დაშვებების გარდა, აურება პარადოქსია მოყვანილი ფიზიკიდან, ფილოლოგიიდან, ისტორიიდან, ფილოსოფიიდან. ჰერაკლიტედან მოყოლებული, თანამედროვე პოლიტიკით დამთავრებული, ავტორი ბევრ რამეს ეხება. ერთგან ასეთი ფრაზაც გვხვდება: “პოლიტიკამ პროგრესი არ იცის”.

ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის ინტონაციაც და ავტორის ინტენციაც: წიგნი მოსაწყენი არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საინტერესო კაცია, მეორე იმიტომ, რომ მხოლოდ თავის სულში არ იყურება…

,,ის ენდობა მკითხველს მთლიანად და ენდობა არა ხაზგასმით. მოკლედ, შენ წაიკითხე – როგორც გინდა, ისე გაიგე. თუ გინდა, სულ ნუ გაიგებ… და, აი, ამ დამოკიდებულებითაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მომხიბვლელი წიგნია მკითხველისთვის. იგი არაფერს არ გახვევს თავს. წიგნი მოსაწყენი არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საინტერესო კაცია, მეორე იმიტომ, რომ მხოლოდ თავის სულში არ იყურება, და კიდევ იმიტომ, რომ შენ, როგორც მკითხველს, გაძლევს სრულ თავისუფლებას, რომ როგორც გინდა, ისე გაიგო მისი ტექსტები.“ დ.პ.

დაბოლოს, ბაჩანა ბრეგვაძის ერთი ფრაგმენტით მინდა დავამთავრო, რომელსაც “პატიოსანი კაცის კრედო” ჰქვია და სადაც ავტორი თავის მიერვე თარგმნილი ტექსტიდან იმოწმებს სოკრატეს სიტყვებს. პლატონის “აპოლოგიაში” სოკრატე ამბობს:

“ვინც მართლა სამართლიანობისათვის იბრძვის, თუ სურს ცოტა ხანს მაინც გაუძლოს მტრებს, ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს: საზოგადოებრივი ასპარეზი მისი სარბიელი არ არის.”

გამოყენებული მასალა:რადიო თავისუფლება 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი