სალომე ფანჯიკიძე – ცოდნა, რომელიც ჩვენშია

0
240

ისტორიის მანძილზე ადამიანები იკვლევენ გარემოს რომელშიც ცხოვრობენ, იკვლევენ ადამიანის ორგანიზმს, ცალკეულ ემოციას. ჯერ მხოლოდ სიყვარულზე ფიქრით რამდენი ლიტერატურული შედევრი შეიქმნა. ფაქტი, რომ უძველეს ერებში საოცარი ექიმბაშები იყვნენ, მცენარეების დანიშნულებას უზუსტესად აგნებდნენ, აღტაცებას იწვევს.

მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში ზიგმუნდ ფროიდმა დაიწყო ადამიანის გონების იმ სფეროს კვლევა, რომელიც ზედაპირულად არ ჩანს. მართალია არაცნობიერის ცნება არ ეკუთვნის ფროიდს, მაგრამ მისი შინაარსის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლის ირგვლივაც განვითარდა უმარავი თეორია, მისი დამსახურებაა.

ფროიდის განმარტებით, არაცნობიერი არის საცავი, სადაც ადამიანის მიერ განდევნილია ის შინაარსები, რომელიც ძლიერ შფოთვას იწვევს მასში. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ადამიანის გონება აისბერიგივითაა, ცნობიერი ნაწილი არის აისბერგის წვერივით ზედაპირზე და მისი მთლიანი სხეული ანუ არაცნობიერი, დამალულია. არაცნობიერი არა მხოლოდ განდევნილი აზრების სკივრია, არამედ ის შეიცავს გაუცნობიერებელ ცოდნასაც სამყაროს და საკუთარი თავის შესახებ.

არსებობს მოსაზრებაც, რომ ადამიანმა თავისი სიკვდილის დღეც კი იცის. სამყაროს შესახებ არაცნობიერი ცოდნა აღწერა კარლ იუნგმა, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

ცოდნა, რომელსაც ჩვენი თავისგანვე დაფარულად ვატარებთ, მოიცავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ მხარეს, ანუ ჩვენს მთლიანობას. იმის მიუხედავად, კარგად ვიცით თუ არა ჩვენი ანატომია, ორგანოების განლაგება, ტვინის ფუნქციონირება თუ სხვა, ჩვენი ინტუიტური ცოდნა ყოველთვის გვკარნახობს, რომ რაღაც ისე ვერ არის, ან პირიქით, უკვე ყველაფერი კარგადაა, სანამ ექიმის პასუხს ველოდებით.

არსებობს მდგომარეობები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არხები დახშულია და ადამიანს უჭირს სამყაროსთან და საკუთარ თავთან კავშირის დამყარება. აქტიურდება ინტენსიური გრძნობები, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ემოციურ სფეროზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე.

ბავშვობის დროინდელი გამოცდილებები ძალიან მნშვნელოვანია, რადგან პატარა ადამიანისთვის სამყარო უზარმაზარი და საფრთხის შემცველია, მასზე ყველა და ყველაფერი ახდენს შთაბეჭდილებას. თუ დაუკვირდებით, ბავშვობისდროინდელი მოგონებების უმეტესობა ეფუძნება ემოციას – გახსოვთ ის, რაც ყველაზე მეტად გაგიხარდათ, გეწყინათ, ან შეგეშინდათ და ა.შ.

იმის მიუხედავად რომ ზრდასრულობის გადმოსახედიდან, ყველა თქვენი ბავშვობისდროინდელი შიში შეიძლება აბსურდულად გეჩვენებოდეთ, ყველა შენიშვნა რომელსაც მკაცრად იღებდით, ერთი შეხედვით აღარ არის აქტუალური თქვენს ცნობიერში, შეფასება რომელიც ხშირად მიგიღიათ, არ არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი, სინამდვილეში მას არ დაუკარგავს ძალა და ისევე მნიშვნელოვანია როგორც ბავშვობაში, რადგან თქვენს არაცნობიერში ის გაფორმდა უსუსურობის, უუნარობის და შიშის გამოცდილებად.

როდესაც მოზრდილ ასაკში თქვენ გაქვთ პანიკური შეტევა, სავარაუდოდ, უკავშირდება განცდას, თითქოს ვერ ახერხებთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, იქნება ეს სახლში თუ სამსახურში. გემართებათ პანიკური შეტევები თავშეყრის ადგილებში, გიჭირთ დათმობებზე წასვლა, რაც იწვევს თქვენში მაღალ შფოთვას, ხშირად გაქვთ შიში მოსალოდნელი უბედურების, ცუდად გახდომის – ეს არის ის შეგრძნებები, რომელიც თქვენს არაცნობიერშია დალექილი ადრეული ასაკიდან და ახდენს თქვენს ცხოვრებაზე გავლენას.

ამ ჩატეხილი ხიდების ამოშენება, ფსიქოთერაპიით არის შესაძლებელი.

პროცესი ეფუძნება თქვენს ფისიქიკაში ასოციაციების და ემოციების სწორი კავშირების შექმნას. დახშული არხების გაწმენდას, რომელმაც დაგაკარგვინათ საკუთარი თავის სწორი შეგრძნება, დაგირღვიათ წონასწორობა.

ბალანსი და ჰარმონია დამოკიდებულია იმ დაფარული ცოდნის იმპულსების გაუმრუდებლობაზე, რომელიც ჩვენშია. მთავარია, იმპულსი ზრდასრულ პასუხებს პოულობდეს დღევანდელ დღეს და ემოციური თვალსაზრისით სწორად აღიქმებოდეს ფსიქიკის მიერ.

თერაპიის პროცესში მნიშვნელოვანია გავყვეთ პანიკური შეტევის გამომწვევ იმპულსს ცხოვრების წიგნის იმ ეპიზოდამდე, სადაც კონკრეტულ მოვლენაზე რეაქცია საფრთხის შეგრძნებად ჩამოყალიბდა და ეპიზოდი გადავიკითხოთ თავიდან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი