ქცევა, როგორც ტექსტი და შეთანხმება

0
218
global communication concept on blackboard

ინტერპრეტაციის პრინციპები

ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის გააზრებისას ორი მეტაფორა შეგვიძლია გამოვიყენოთ (McAdams, D. P., 2006): ადამიანის ქცევა (და, შესაბამისად, მისი მონათხრობი ქცევის შესახებ), როგორც ტექსტი და როგორც პოლიტიკური შეთანხმება.

ფროიდისთვის ადამიანის ქცევა ტექსტს ჰგავს. როგორც ტექსტის გაგებაა სხვადასხვაგვარად შესაძლებელი და არ არსებობს დაწერილის, იქნება ეს მხატვრული ნაწარმოები, კონკრეტული ადამიანის ცხოვრებისეული ისტორია, მითი თუ იგავი, ერთი უნივერსალური მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია, ისე ადამიანის ქცევასა და გამოცდილებას უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული, ზოგჯერ ერთმანეთის გამომრიცხავი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს.

როგორც ავთანდილის ანდერძის ინტერპრეტირება შეიძლება მრავალგვარად და სკოლაში ყველას დაგვიწერია თემა ამის შესახებ, ისე ადამიანის ერთსა და იმავე ქცევაში სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა შინაარსი შეიძლება ჩადოს.

ფროიდი თვლიდა, რომ არაფერს აქვს ერთადერთი, ყოვლისმომცველი და ამომწურავი ინტერპრეტაცია, ერთი კონკრეტული პასუხი. პირიქით, ადამიანის ქცევას მრავალი მნიშვნელობა აქვს და, ტექსტის მსგავსად, ისიც მრავალ დონეზე შეიძლება ინტერპრეტირდეს.

მას მიაჩნია, რომ ჩვენი ქცევისა და გამოცდილების დიდ ნაწილს არაცნობიერად თავადვე ვქმნით და ისეთ ფორმას ვაძლევთ, როგორიცაა, მაგალითად, სიზმრები, სიმპტომები და სხვა ადამიანებთან ურთიერთობები და მათი ინტერპრეტირება ერთზე მეტ დონეზეა
შესაძლებელი. მაშასადამე, ფსიქოანალიტიკოსი დახელოვნებული უნდა იყოს მრავალმნიშვნელობიანი ტექსტების ინტერპრეტაციაში (Bakan, 1958, წყაროში McAdams, 2006).

მეორე მეტაფორა, როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიკური შეთანხმებაა. ეს არის კონფლიქტში მყოფ ძალებს შორის მიღწეული კომპრომისის მდგომარეობა. როდესაც ორი ქვეყანა გადაწყვეტს, ბოლო მოუღოს მათ შორის მტრულობას და მშვიდობა დაამყაროს, ისინი პოლიტიკურ შეთანხმებას დებენ, რის საფუძველზეც ინარჩუნებენ მშვიდობას. ფროიდი თვლის, რომ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი ქცევისა და გამოცდილების შესახებ. იმის უდიდესი ნაწილი, რასაც ვაკეთებთ, ვამბობთ და განვიცდით, შინაგან კონფლიქტურ ძალებს შორის კომპრომისის შედეგია.

ამ შინაგან ძალებს უსასრულო რაოდენობის ფორმა აქვთ, სექსუალობასა და აგრესიულობასთან დაკავშირებული ღრმად განდევნილი სურვილებიდან დაწყებული, ცნობიერი ინტერესებითა და ავერსიებით დასრულებული. დროის ნებისმიერ მომენტში
უამრავი ასეთი, უმეტესად არაცნობიერი, ხმა ბობოქრობს ჩვენში და საკუთარ კონფლიქტურ მოთხოვნებს აყენებს. ჩვენ იმგვარად ვიქცევით და განვიცდით, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ასეთი ხმა დავაშოშმინოთ და ეს, ძირითადად, არაცნობიერად ხდება. (McAdams, D. P., 2006)

ავტორი:ლილი ხეჩუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი