ოჯახი ვილჰემ რაიხის და ოშოს მიხედვით

0
239

ოშო რაჯნიშის აზრით ოჯახისთვის სექსის გარდა აუცილებელი კომპონენტი არის სიყვარული. ოშოს აზრები ემთხვევა ცნობილი მეცნიერის ვილჰემ რაიხის მეცნიერულ დასკვნებს. რაიხიც და ოშოც აკრიტიკებენ და გმობენ ოჯახის ინსტიტუტს, როგორც ასეთს. მათი აზრით ოჯახი წარმოადგენს ადამიანის შინაგან, ინტიმურ ცხოვრებაზე ძალით თავსმოხვეული გარეგანი წესებისა და კანონების კრებულს. ეს წესები და კანონები, მიუღებელია თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გარედანაა თავსმოხვეული და არა შინაგან კანონზომიერებებზე დამყარებული, ეს კი ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, მის ჯანმრთელობას. 

ორივე ავტორი მიიჩნევს, რომ არაბუნებრივია და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რომ ცოლ-ქმარს, რომელთა სიყვარულიც ამოიწურა, რომლებიც აღარ არიან შეყვარებულები, არ აქვთ უფლება `”გვერდზე გაიხედონ” რაიხის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები დაამყარონ, ეს კი მისი აზრით, სრულიად აუცილებელია იმისთვის, რომ ნევროტიკად არ იქცე. 

ისინი თვლიან რომ ოფიციალურად მათ აქვთ გაშორების უფლება, მაგრამ მთელი საზოგადოება თავისი მორალითა და დაუწერელი კანონებით მოქმედებს მათზე და ის ეწინააღმდეგება ამას.

ტრადიცული გაგებით ეს შეხედულება ბოროტებაა:ნებისმიერს რომ კითხოთ გეტყვიან:ასე ხომ არეულობა და ქაოსი გამეფდებაო!

დღევანდელ ადამიანს ოჯახის ინსტიტუტის შემოტანა წესრიგად ეჩვენება, ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა კი ქაოსად. ოჯახის ინსტიტუტის მომხრეთა ყველაზე სერიოზული არგუმენტი ის გახლავთ, რომ ოჯახის არასტაბილურობით ბავშვები ზარალდებიან. და მართლაც, ცნობილია, რომ დედ-მამის დაცილებას ბავშვები და მოზარდები ძალზე მტკივნეულად განიცდიან და ხშირად ფსიქოლოგიურადაც ტრამვირდებიან. 

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ბავშვს სოციუმში თვითდამკვიდრებისკენ ძლიერი სწრაფვა აქვს, ამიტომ მისთვის ძნელი გადასატანია, როცა ირგვლივ ყველა ბავშვს დედაც ჰყავს და მამაც, და `მაინცდამაინც მხოლოდ მისი მამა ან დედაა სხვაგან წასული.

დღეს ძლიერ გაბატონებულია აზრი, რომ ყველა ბავშვი ”წესიერ ოჯახში” უნდა ცხოვრობდეს, ბევრის აზრით ბავშვს იმთავითვე კოდირებული აქვს იმის მოთხოვნილება, რომ ოჯახში, დედასთან და მამასთან უნდა იცხოვროს, მაგრამ ამაზე ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ბევრი ბავშვი სწორედ იმით ტრამვირდება, რომ მშობლებს გაშორების ძალა არ ჰყოფნით, რის გამოც ოჯახში მუდმივი კონფლიქტები, ჩხუბი, ყვირილი და დაძაბულობა, ერთი სიტყვით ნევროტული, არაჯანსაღი სიტუაციაა. 

სინამდვილეში ერთადერთი რამ, რისი მოთხოვნილებაც მართლაა კოდირებული ყოველ ბავშვში, ეს ჰარმონიული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე ურთიერთობებია. სიყვარული მართლაც ყველაფრის მკურნალია და როცა ბავშვი ნევროტული გარემოდან მოსიყვარულე ადამიანებთან ხვდება, ის მშვიდდება და ნელ-ნელა ფსიქოლოგიურ ტრამვებსაც იშუშებს. თუნდაც ეს ნევროტული გარემო მისი ოჯახი იყოს, სიყვარულით სავსე გარემო კი – არა. 

ვილჰელმ რაიხიცა და ოშოც დარწმუნებულნი არიან, რომ ოდესმე კაცობრიობა მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა ადამიანები კომუნებად, თემებად იცხოვრებენ და როცა ბავშვზე ოჯახი კი არა, მთელი საზოგადოება იქნება პასუხისმგებელი. როცა უმაღლეს ფასეულობად ადამიანზე გარედან თავს მოხვეული ოჯახური თუ სხვა კანონები კი არ იქნება გამოცხადებული, არამედ თვით ადამიანი და მისი თავისუფლება, სიყვარული და მისი შინაგანი კანონზომიერებანი. ორივე ავტორი დარწმუნებულია, რომ ასეთი ცხოვრების წესი უფრო ჰარმონიული და ბედნიერების მომტანია.

შეიძლება დაუსრულებლად იკამათო, რა იქნება ქაოსი და რა არა, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია, თუ ამოსავალ წერტილად ადამიანის თავისუფლებას, მის ჰარმონიულობასა და ბედნიერებას ავიღებთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქაოსი და ანარქია სწორედ დღეს, ”თავსმოხვეული წესრიგის” პირობებში სუფევს. ასეთ მოსაზრებას ნებისმიერი ფსიქოლოგი დაადასტურებს. 

წყარო:ვილჰელმ რაიხი “სექსუალური რევოლუციის საფუძვლები” Wilhelm Reich The foundation of “sexual revolution”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი