დიმიტრი უზნაძე – განწყობის ცნების მცთარი გამოყენება

0
264

განწყობის ცნების მცთარი გამოყენების ნიმუშად განვიხილოთ ერთი განსაკუთრებით ცნობილი დაკვირვება, რომელშიც, ჩვეულებრივ, განწყობის მოქმედებას გულისხმობენ, და ვნახოთ, რამდენად მართებულია აქ განწყობის შესახებ ლაპარაკი.

ერთი ფსიქოლოგი, რადოსლავლევიჩი, შემდეგ საინტერესო დაკვირვებას მოგვითხრობს: ერთერთს თავის ცდისპირს მან ისე ამეორებინა დასამახსოვოებელი მასალა, რომ თურმე ამან არც კი იცოდა, რომ ეს მასალა უნდა დაემახსოვრებინა. 46 განმეორების შემდეგ ექსპერიმენტატორმა ჰკითხა ცდისპირს, შეუძლია თუ არა მას ამ მასალის ზეპირად განმეორება.,,როგორ? განა ზეპირად უნდა დამესწავლაო!“ იკითხა გაკვირვებით ცდისპირმა; და ამის შემდეგ ექვსიოდე განმეორებაც კი საკმარისი აღმოჩნდა და ცდისპირმა უკვე მთელი მასალა ზეპირად იცოდა.

პირველ შემთხვევაში, განმეორების მიუხედავად, ცდისპირს თითქმის არაფერი ახსოვდა; ხოლო მეორე შემთხვევაში ექვსი განმეორებაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა მას მთელი მასალა ზეპირად დაესწავლა.

როგორ უნდა აიხსნას ეს საკვირველი ფაქტი? გავრცელებული პასუხი ასეთია: პირველ შემთხვევაში ცდისპირს დამახსოვრების განწყობა არ ჰქონია; მეორეში მას ეს განწყობა ჰქონდა. და დამახსოვრების არსებითს პირობად სწორედ ეს უნდა ჩაითვალოსო. ამრიგად აქ იგულისხმება, რომ დამახსოვრების განზრახვა და დამახსოვრების განწყობა ერთიდაიგივეა.
მაგრამ ამ დაკვირვების უფრო სწორი ანალიზი ალბად ასეთი იქნებოდა: როცა ცდისპირს გააგებინეს, რომ მას ზეპირად უნდა დაესწავლა მასალა. უეჭველია, ამას პირველ რიგში დამახსოვრების განწყობა კი არა, დამახსოვრების მოთხოვნილება უნდა გამოეწვია მასში:

მან მიწოდებული მასალა ზეპირად არ იცოდა, და მას ამ `დანაკლისის~ შევსების ტენდენცია უნდა გაღვძებოდა. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ უდაოა, რომ აქ განწყობასთან კი არა, ჯერ მხოლოდ ამ უკანასკნელის სუბიექტურ ფაქტორთან _ მოთხოვნილებასთან _ გვაქვს საქმე. როდესაც ეხლა დამახსოვრების მოთხოვნილების მქონე სუბიექტის წინაშე დასამახსოვრებელი მასალა ჩნდება, ეს უკანასკნელი, როგორც ობიექტური ფაქტორი, სპეციფიკურ ცვლილებას _ გარკვეულ განწყობას _ იწვევს მასში, და მიწოდებული მასალის ადვილი დამახსოვრება ამის ნიადაგზე ხდება.

მაშასადამე, შეცთომაა, როდესაც ფიქრობენ, თითქოს დამახსოვრების განზრახვა დამახსოვრების განწყობას წარმოადგენდეს. იგი მხოლოდ ერთერთი ფაქტორია, რომელსაც მეორეც უნდა დაემატოს, რათა სუბიექტს მართლა ნამდვილი განწყობა გაუჩნდეს. ამიტომ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საზოგადოდ არაა სწორი, როდესაც განწყობაზე ლაპარაკობენ იქ, სადაც საქმე მხოლოდ მოთხოვნილებას თან გვაქვს – როგორიც უნდა იყოს ეს მოთხოვნილება, სულერთია ბიოლოგიური, თუ სოციალური.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი